Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-392(კ-24) 12 ნოემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ს.ვ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 იანვრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 9 თებერვალს ს.ვ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი წლებია მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. ბოლოს მუშაობდა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ...ის რაიონული სამმართველოს ... განყოფილების (...) უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 21 იანვრის №168960 ბრძანებით ,,დისციპლინური წესით დასჯისა და სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ პოლიციის კაპიტანი ს.ვ-ი გათავისუფლდა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ...ის რაიონული სამმართველოს ... განყოფილების (...) უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობიდან 2021 წლის 29 ნოემბრიდან. გათავისუფლების საფუძვლად ბრძანებაში მითითებულია გენერალური ინსპექციის დასკვნა.

მოსარჩელის განმარტებით, იგი კეთილსინდისიერად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. სამსახურიდან გათავისუფლების ერთადერთ მიზეზად ხელმძღვანელობამ დაასახელა მისი არარსებული კავშირი ერთ-ერთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიასთან. სწორედ ამ მოტივით მას აიძულებდნენ აღარ გამოცხადებულიყო სამსახურში, ხოლო სამსახურში მისულს არ აძლევდნენ დავალებებს და არ ანაწილებდნენ საქმეზე, აღნიშნულის გამო მოსარჩელემ დროებით შეწყვიტა სამსახურში სიარული იმის შიშით, რომ მის მიმართ არ განხორციელებულიყო დაპირებული უკანონო ქმედება. თუმცა ერთი კვირის შემდეგ კვლავ გადაწყვიტა სამსახურში დაბრუნება. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანების საფუძველია თვითნებურად სამსახურის მიტოვება, მაშინ როდესაც იგი იძულებული გახადეს ასე მოქცეულიყო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ს.ვ-ის დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 21 იანვრის MIA 92200168960 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის სამსახურიდან გათავისუფლებამდე დაკავებულ ან მის ტოლფას თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენა. ასევე, იძულებითი განაცდურის სახით ყოველთვიურად თანამდებობრივი სარგოს 1282 ლარის ანაზღაურება, 2022 წლის 22 იანვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით ს.ვ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს.ვ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 იანვრის განჩინებით ს.ვ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ საქმეზე აპელანტი სადავოდ ხდიდა მისი ნების ნამდვილობას ზედიზედ 5 სამორიგეო დღის გაცდენასთან დაკავშირებით და აცხადებდა, რომ მას განზრახ შეუქმნეს სამსახურში იმგვარი პირობები, რომ შეშინებოდა სამსახურში გამოცხადება. მოგვიანებით, აზრი შეიცვალა და დეკემბერში სამსახურში დაბრუნდა, რაც იმას ადასტურებდა, რომ მას არ ჰქონია სამსახურის დატოვების განზრახვა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქმეში არ მოიპოვება არავითარი მტკიცებულება რაიმე ზეწოლის ან ს.ვ-ის დევნის ფაქტის დასადასტურებლად. მხარის მიერ დაფიქსირებული პოზიცია და მოვლენათა განვითარება არ წარმოშობს ეჭვს მოსარჩელის მიმართ განსხვავებული მოპყრობის თაობაზე. პალატამ მიიჩნია, რომ ამ თვალსაზრისით მართებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასება, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ ადგილი ჰქონდა ხელმძღვანელი პირების მხრიდან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ( ს.ვ-ის იძულებას არ გამოცხადებულიყო სამსახურში), ს.ვ-ის შეეძლო, თავად შეეფასებინა გარემოებები და მიეღო გადაწყვეტილება აღნიშნული ქმედებების აღსაკვეთად, რასაც მოსარჩელის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ამასთან, მოსარჩელეს შეეძლო შეეფასებინა ის შედეგები, რაც მის ქმედებას მოჰყვებოდა. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მითითებული გარემოებები, რომ მისი ქმედება იყო იძულების/ზეწოლის შედეგი, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა.

სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ს.ვ-ი 2021 წლის 27-28 ნოემბერს, ასევე, 1-2 დეკემბერს და 5-6 დეკემბერს არასაპატიო მიზეზით სამსახურში არ გამოცხადდა, რაც ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის" (დამტკიცებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით) 41-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, მოსამსახურის სამსახურიდან უპირობო დათხოვნის საფუძველს წარმოადგენდა.

სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ მისი შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა არ მოუთხოვიათ სამსახურში და არავინ დაინტერესებულა სამუშაოზე გამოუცხადებლობის რეალური მიზეზით და განმარტა, რომ საკუთარი პოზიციის მტკიცებულებით გამყარება პროცესის მონაწილე მხარის ვალდებულებას წარმოადგენს. ადმინისტრაციულ პროცესში, შეჯიბრებითობის და ინკვიზიციურობის პრინციპთა თანაარსებობასთან ერთად, არ გამოირიცხება მხარის ვალდებულება - უზრუნველყოს მტკიცებულებების მოძიება და წარმოდგენა. განსახილველ შემთხვევაში, ს.ვ-ი არ იყო შეზღუდული მისი შვილების ჯანმრთელობის შესახებ ცნობები საკუთარი ინიციატივით წარედგინა ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე, ან წარმოედგინა ისინი სასამართლო განხილვის დროს, რაც მისი მხრიდან არ განხორციელებულა.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რაც მოცემულ დავაზე განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს.ვ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სამსახურიდან გათავისუფლების ერთადერთ მიზეზად დაუსახელეს მისი არარსებული კავშირი ერთ-ერთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიასთან, თუმცა მისთვის არ უთქვამთ რა სახის კავშირს ედავებოდნენ. იგი სამსახურში არ ცხადდებოდა ხელმძღვანელობის მხრიდან იძულების გამო, ასევე შეეშინდა მის მიმართ რაიმე უკანონო ქმედება არ განხორციელებულიყო. სამსახურში გამოუცხადებლობის დროს ის არც ერთხელ მოუკითხავთ სამსახურიდან, ასევე მოკვლევა დაიწყეს მას შემდეგ, რაც გავიდა 5 სამორიგეო დღე. ასევე ს.ვ-ისთვის არ მოუთხოვიათ შესაბამისი ცნობები, შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. არავინ დაინტერესებულა ოჯახში ერთადერთმა დამსაქმებელმა, რატომ გადაწყვიტა არ გამოცხადებულიყო სამსახურში და მიეტოვებინა სამსახური.

კასატორის განმარტებით, გენერალური ინსპექციისთვის მიცემული ახსნა-განმარტება დაწერილია ზეწოლით და კარნახით. ასევე სასამართლოებმა არ მიაქციეს ყურადღება იმ ფაქტს, რომ უშუალო ხელმძღვანელის პატაკები წინა დღეებით არის დათარიღებული, მაგალითად 1 დეკემბრის პატაკით ხელმძღვანელი ატყობინებს ზემდგომებს, რომ ს.ვ-ი არ გამოცხადდა სამსახურში 1 და 2 დეკემბერს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ს.ვ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს.ვ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; ...an de Hurk .... Netherlands, par.61, Garcia Ruiz .... Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble ... France (dec.); Perez ... France [GC], par. 81).

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 21 იანვრის MIA 92200168960 ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება წარმოადგენს. სარჩელის საფუძვლად მოსარჩელე უთითებს მის მიმართ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო დამოკიდებულებაზე, რის გამოც იძულებული იყო დაეწერა განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე.

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პოლიცია არის სამინისტროს სისტემაში შემავალი, აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სამართალდამცავი დაწესებულებების სისტემა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად. ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი. კანონი ასევე განსაზღვრას პოლიციელის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, კერძოდ, პოლიციელი თავის საქმიანობაში განუხრელად იცავს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპებს („პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლი).

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 35-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა ნიშნავს სამინისტროს მოსამსახურის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას და მასთან სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინურ წესდებაზე“, რომელიც განსაზღვრავს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საფუძვლებს, სახდელებისა და წახალისების სახეებს, საქმისწარმოებისა და მოსამსახურეთათვის დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და მოხსნის წესს. აღნიშნული წესდების მე-2 მუხლით გათვალისწინებულია დისციპლინური გადაცდომის სახეები, კერძოდ, დისციპლინური გადაცდომის სახეებია: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა; ა1) სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება; ბ) სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება; გ) ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; დ) ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ; ე) თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა; ვ) მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს; ზ) ფიცის გატეხა; თ) შრომის დისციპლინის წესის დარღვევა; ი) ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა. ამავე წესის მე-3 მუხლში კი ჩამოთვლილია დისციპლინური სახდელის სახეები, კერძოდ, დისციპლინური სახდელის სახეებია: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ვ) სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ზ) სამსახურიდან დათხოვნა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ს.ვ-ი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა 2008 წლის 23 დეკემბრიდან, ამასთან, 2021 წლის 29 ნოემბრამდე დასაქმებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ...ის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-... განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. ასევე დადგენილია, რომ ს.ვ-ი 2021 წლის 27-28 ნოემბერს, 1-2 დეკემბერს და 5-6 დეკემბერს არ გამოცხადდა სამსახურში, ოჯახური პირობების - შვილების ავადმყოფობის გამო, რის თაობაზეც არ აცნობა ხელმძღვანელობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 41-ე მუხლის 11 პუნქტის (სამინისტროს მოსამსახურე, რომელიც თვითნებურად მიატოვებს სამსახურს 5 სამუშაო დღეზე მეტი ხნით, სამსახურიდან დათხოვნილად ჩაითვლება თვითნებურად მიტოვების მეორე სამუშაო დღიდან) საფუძველზე გენერალურმა ინსპექციამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ს.ვ-ს შეფარდებოდა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის სამართლებრივი საფუძველი გახდა მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არსებითია, შეფასებულ იქნეს ის გარემოება, თუ რამდენად კანონშესაბამისად გათავისუფლდა მოსარჩელე და ზოგადად, ჩადენილია თუ არა დისციპლინური გადაცდომა ს.ვ-ის მიერ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტი განსაზღვრავს სამინისტროს მოსამსახურის ვალდებულებებს, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია: ა) დროულად და კეთილსინდისიერად შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, ამ წესითა და სამსახურებრივი რეგლამენტით/ინსტრუქციებით, მინისტრის ან უფლებამოსილი პირის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით, მითითებებით და სხვა სამართლებრივი აქტებით; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განუხრელად შეასრულოს ხელმძღვანელობის (ასევე უშუალო უფროსის) დავალებები, გარდა ისეთი დავალებებისა, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას; გ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დროულად განიხილოს მიმართვები, საჩივრები და განცხადებები; დ) დაიცვას სამინისტროში სამსახურებრივი ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებული ინსტრუქციები; ე) შეინარჩუნოს და აიმაღლოს კვალიფიკაციის დონე, რომელიც საჭიროა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას; ვ) როგორც სამსახურებრივი ურთიერთობისას, ასევე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ არ გაავრცელოს და დაიცვას სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოებები, პერსონალური მონაცემები, აგრეთვე სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის სამსახურებრივ მოვალეობათა განხორციელებისას. აკრძალულია სამსახურებრივი საქმიანობისას მოპოვებული კონფიდენციალური ინფორმაციის კერძო ინტერესებისათვის გამოყენება; ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სახელმწიფო სამსახურის ინტერესებთან პირადი ინტერესების დაპირისპირებისას, თავიდან აიცილოს ინტერესთა კონფლიქტი.

ამავე „წესის“ 62-ე მუხლის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურეებისათვის დადგენილია არანორმირებული სამუშაო დღე. სამინისტროს მოსამსახურეთა სამუშაო დროის ხანგრძლივობა განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით ან შესაბამისი სამართლებრივი აქტებით. სამინისტროს მოსამსახურეთა სამუშაოს დაწყების, დასრულებისა და შესვენების დრო, ასევე დასვენების დღეები განისაზღვრება შესაბამისი სამართლებრივი აქტით/შინაგანაწესით. ცვლაში მომუშავე მოსამსახურეების სამუშაო დრო ასევე განისაზღვრება ცვლიანობის განრიგით ან სხვა აქტებით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამინისტროს მოსამსახურის დღე-ღამის ნებისმიერ დროს გამოძახებისთანავე გამოცხადებისათვის მის მუდმივ მზადყოფნას ითვალისწინებს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 69-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის საფუძველზე დადგენილია სამსახურის გავლის პირობები განსაკუთრებული რეჟიმის, საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს, რომლის მიხედვით, სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამინისტროს მოსამსახურე მუდმივ მზადყოფნაში უნდა იყოს დღე-ღამის ნებისმიერ დროს გამოძახებისთანავე გამოცხადებისათვის, ხოლო სამინისტროს სისტემაში ან მის ცალკეულ სტრუქტურულ ერთეულში, განსაკუთრებულ შემთხვევებში, მინისტრის სამართლებრივი აქტით, განსაზღვრული ვადით, შეიძლება გამოცხადდეს მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი. განსაკუთრებული რეჟიმის დროს სამინისტროს მოსამსახურეები იმყოფებიან მათთვის გათვალისწინებულ, სამსახურებრივი ფუნქციის განხორციელების ადგილას. სამუშაო ადგილის დატოვება შეიძლება მხოლოდ უშუალო უფროსის ნებართვის საფუძველზე. ამავე წესის 41-ე მუხლის 11 პუნქტის თანახმად, კი სამინისტროს მოსამსახურე, რომელიც თვითნებურად მიატოვებს სამსახურს 5 სამუშაო დღეზე მეტი ხნით, სამსახურიდან დათხოვნილად ჩაითვლება თვითნებური მიტოვების მეორე სამუშაო დღიდან.

საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ ს.ვ-ი 2021 წლის 27-28 ნოემბერს, ასევე, 1-2 დეკემბერს და 5-6 დეკემბერს არასაპატიო მიზეზით სამსახურში არ გამოცხადდა. აღნიშნული ასევე დადასტურებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში 2021 წლის 24 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ...ის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-... განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის - პოლიციის კაპიტნის ს.ვ-ის ახსნა-განმარტებითაც, რომლის თანახმად, იგი რამდენიმე თვეა მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ...ის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-... განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. სამსახურებრივ მოვალეობებს ასრულებს წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით, რომლის მიხედვითაც მას უწევდა მორიგეობა 2021 წლის 27-28 ნოემბერს, 1-2 დეკემბერს და 5-6 დეკემბერს, თუმცა ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად ოჯახური პირობების - შვილების ავადმყოფობის გამო არ გამოცხადდა სამსახურში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ ს.ვ-ის მხრიდან ჩადენილი ქმედებები იწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 41-ე მუხლის 11 პუნქტის საფუძველზე.

რაც შეეხება მოსარჩელის (კასატორის) განმარტებას, რომ მას აიძულებდნენ აღარ გამოცხადებულიყო სამსახურში, იმ მიზეზით, რომ თითქოს კავშირი ჰქონდა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიასთან, არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დისკრიმინაცია, როგორც გამორჩევა, შეზღუდვა ან უპირატესობის მინიჭება თანაბარი უფლებებისა და მათი დაცვის უარყოფის მიზნით, არის თანასწორობის პრინციპის შელახვა და ადამიანის ღირსების ხელყოფა. დისკრიმინაციულ მოპყრობას შეიძლება დაექვემდებაროს პირი რასობრივი კუთვნილების, ეროვნების, სარწმუნოების პოლიტიკური მრწამსისა და სხვა ამგვარი ნიშნებითა თუ მოტივით. დისკრიმინაცია რა ფორმითაც უნდა იყოს იგი გამოხატული, ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპებს და აკრძალულია როგორც შიდასახელმწიფოებრივი, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმებით.

„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია; პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. ამავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდება საჯარო დაწესებულებების, ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე ყველა სფეროში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედებები არ რეგულირდება სხვა სამართლებრივი აქტით, რომელიც შეესაბამება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებს.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-14 მუხლზე, რომლის თანახმად, ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნისა. მითითებული მე-14 მუხლისაგან განსხვავებით, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციას მხოლოდ კონვენციით გარანტირებულ უფლებებთან მიმართებით, კონვენციის მე-12 ოქმის პირველი მუხლის თანახმად, კანონით დადგენილი, ნებისმიერი უფლებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონების, დაბადების ან სხვა ნიშნისა; დაუშვებელია საჯარო ხელისუფლების მხრიდან ვინმეს დისკრიმინაცია პირველ პუნქტში აღნიშნული რომელიმე საფუძვლით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტები კრძალავს ყველა სახის განსხვავებულ მოპყრობას, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფომ, მოხელის სახით, ვინმეს მიმართ განახორციელა განსხვავებული მოპყრობა, მაშინ ამ განსხვავებულ მოპყრობას თან უნდა სდევდეს ,,ობიექტური და გონივრული გამართლება“. ხოლო იმისათვის, რომ განსხვავებული მოპყრობა გამართლებულად ჩაითვალოს, პირველ რიგში იგი უნდა ემსახურებოდეს კანონიერი მიზნის მიღწევის ინტერესებს და დაცული უნდა იყოს გონივრული პროპორციულობა მისაღწევ მიზანსა და გამოყენებულ საშუალებებს შორის, ანუ მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალებები უნდა იყოს აუცილებელი და შესაფერისი (სუსგ №ბს-663-659(კ-17), 11.01.2018წ.).

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რომ დადასტურებულად იქნეს მიჩნეული ს.ვ-ის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა ან ისეთი პირობების შექმნა, რომელიც მას კონსტიტუციით და კანონით მინიჭებული შრომის თავისუფლების უფლებით სარგებლობისას, არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით, უნდა დადგინდეს ადგილი ჰქონდა თუ არა რაიმე სახის მოთხოვნას, მოწოდებას, იძულებას ან მუქარას მისი მისამართით, სამსახურის დატოვების თაობაზე, რამდენად რეალური იყო ასეთი მოთხოვნა და ადგილი ჰქონდა თუ არა შრომის უფლებაში ჩარევას, მისი ნების საწინააღმდეგოდ. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ თავად ს.ვ-მა მიუთითა ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, როგორც სამსახურში გამოუცხადებლობის შესაძლო მიზეზზე, რაც ეწინააღმდეგება მოსარჩელის განმარტებას მისი პოლიტიკური ნიშნით შევიწროების გამო სამსახურში გამოუცხადებლობაზე. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ საქმეში არ მოიპოვება არავითარი მტკიცებულება რაიმე სახის ზეწოლის ან ს.ვ-ის დევნის ფაქტის დასადასტურებლად. მოსარჩელე მხარის მიერ დაფიქსირებული პოზიცია, რომელიც ეწინააღმდეგება საქმეში წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებს არ წარმოშობს ეჭვს მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის თაობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს.ვ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე