№ბს-227(კ-23) 29 ნოემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ.კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ფ.დ-ი, მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ფ.დ-მა სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 21 ნოემბრის №... გადაწყვეტილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ მარნეულის ადმინისტრაციულ ერთეულში, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 05.11.19წ. №00085 ოქმი და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 18.11.19წ. №03/1304 წერილი; გ) დაევალოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ფ.დ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, უძრავ ქონებაზე, მდებარე მარნეული, ...ის ქუჩა ს/კ ....
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 28 მაისის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაბმულ იქნა მ.კ-ი.
2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით ფ.დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 21 ნოემბრის №... გადაწყვეტილება, ქალაქ მარნეულის ადმინისტრაციულ ერთეულში, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2019 წლის 5 ნოემბრის №00085 ოქმი და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 18 ნოემბრის №03/13034 წერილი. დაევალა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ.კ-ის მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით მ.კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა მ.კ-ის მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არავითარი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას. სასამართლომ მხოლოდ მოსარჩელის მიერ გამოთქმულ ვარაუდზე დაყრდნობით დაადგინა, რომ მ.კ-ის სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაცია მოხდა უკანონოდ. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ფ.დ-ის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტზე მითითებული მეზობლები არ ესაზღვრებიან მ.კ-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონებას. შესაბამისად, სადაო რეგისტრაციით მოსარჩელის არავითარი უფლება შელახული არ ყოფილა. ამასთან, მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი აზომვითი ნახაზი არ შესაბამება რეალურ ვითარებას. სასამართლოს მითითებით, მოწმეებმა თითქოს განმარტეს, რომ მესამე პირი 20 წელი სარგებლობდა სადავო მიწის ნაკვეთით, ხოლო მოსარჩელეს ამ მიწის ნაკვეთით არასოდეს უსარგებლია. რეალურად მოწმეებმა განმარტეს სხვაგვარად, კერძოდ, მოწმეთა განმარტებით დაახლოებით 20 წლის წინ სახელმწიფოსგან მიიღეს მიწის ნაკვეთები, სადაო ტერიტორიაზე ბოლოდან პირველი ნაკვეთი მისცეს მ.ი-ას, მეორე ნაკვეთი - მ.კ-ის და მესამე ნაკვეთი - ბ.კ-ის. ამ ნაკვეთებით ისინი დღემდე სარგებლობენ. მოწმეებმა აგრეთვე აღნიშნეს, რომ მოსარჩელეს მათ გვერდით მიწის ნაკვეთი არ მიუღია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მესამე პირსაც და მოსარჩელესაც მიღებული აქვთ იდენტური სახის უფლების დამდგენი დოკუმენტები, რაც ერთმნიშვნელოვან ინფორმაციას მიწის ნაკვეთის მდებარეობის შესახებ არ იძლევა იმ განსხვავებით, რომ მესამე პირის მიღება-ჩაბარების აქტზე დართულ გეგმაში მეზობლები მითითებული არ არის, მოსარჩელის გეგმაში კი - მითითებულია ( რ-ი. რ. და რ-ი. ი.). აღნიშნულით, სასამართლომ გამოიტანა მცდარი, დაუსაბუთებელი დასკვნა მასზედ, რომ მოსარჩელის გეგმაზე მეზობლად მითითებული ი.რ-ი არის მოწმე მ.ი-ას მეუღლე - ი.რ-ი, მაშინ, როდესაც მოწმე ადასტურებს, რომ მიწის ნაკვეთი თავიდანვე გაცემული იყო მ.ი-ას სახელზე და მის ქმარზე მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული არასოდეს ყოფილა. სასამართლომ ასევე, არასწორად დაადგინა, რომ მესამე პირის მიერ სადავო უძრავი ქონებებით სარგებლობის ფაქტი გახდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან იდენტურობის განსაზღვრის საფუძველი და შემდგომ განხორციელდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სინამდვილეში, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ იდენტურობის განსაზღვრის საფუძველი გახდა როგორც მიწის ნაკვეთით სარგებლობა, ასევე მეზობლებისა და უფლების დამდგენი დოკუმენტით მეზობლად არსებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების გამოკითხვა. საყურადღებოა, რომ მოსარჩელის შემთხვევაში მიწის ნაკვეთების იდენტურობის ფაქტი არ დადასტურდა.
5. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია წარმოდგენილი საკასაციო შესაგებლით დაეთანხმა საკასაციო საჩივარს და განმარტა, რომ მერიის წარმომადგენელმა საკითხის შესწავლის მიზნით მოახდინა ადგილზე დათვალიერება, შესაბამისად, შეადგინა ადგილზე დათვალიერების ოქმი, გამოკითხა მოწმეები, შეისწავლა ადგილზე არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით იქნა გამოცემული, როგორც ადგილზე დათვალიერების 2019 წლის 5 ნოემბრის №00085 ოქმი, ასევე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 18 ნოემბრის №03/13034 წერილი.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ.კ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) საქართველოს ეროვნული არქივის 17.09.19 წლის №15/104899 ცნობის თანახმად, მარნეულის რაიონის მარნეულის საქალაქო საბჭოს ქალაქ მარნეულის 2000 წლის მიწების განაწილების (ზონარგაყრილი; დოკუმენტზე ფიქსირდება უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი) წიგნის თანახმად, მ.კ-ის ერიცხება 1200 კვ.მ მიწის ფართობი. მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების 12.02.2002 წლის №13 აქტის თანახმად, მ.კ-ის გამოეყო 0.12 ჰა მიწის ნაკვეთი, ქ. მარნეულში, ...სთან (ტ.1, ს.ფ 70, 297-299); ბ) 26.08.19წ. მ.კ-იმ, განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, უფლების რეგისტრაციის თაობაზე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 23.09.2019წ. №... გადაწყვეტილებით, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დასადგენად, კომპეტენციის ფარგლებში, საკითხი შესასწავლად გადაეგზავნა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას (ტ.1, ს.ფ 65, 79); გ) ქ. მარნეულში მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2019 წლის 5 ნოემბრის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის დათვალიერების №00085 ოქმის თანახმად, დადგინდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ეროვნული არქივის 17.09.19 წლის №15/104899 ცნობით) გათვალისწინებული უძრავი ქონების იდენტურობა, შპს „ ...“-ის მიერ 18.05.17წ. მომზადებული საკადასტრო აზომვითი ნახაზით განსაზღვრულ ქონებასთან (დათვალიერებაში მონაწილე მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები: მ.ი-ა, ბ.კ-ი). მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 18.11.19წ. №03/13034 წერილით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით განსაზღვრული უძრავი ქონება, იდენტური იყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (საარქივო ცნობა №15/10489) გათვალისწინებული უძრავი ქონების (ტ.1, ს.ფ 84-85, 81); დ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.11.2019წ. №... გადაწყვეტილებით, მ.კ-ის მოთხოვნა, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე, დაკმაყოფილდა. საჯარო რეესტრიდან ამონაწერით (21.11.19წ. მდგომარეობით) დგინდება, რომ მ.კ-ის საკუთრებაში რეგისტრირებულია უძრავი ქონება ს/კ ..., დაზუსტებული ფართობი 1200 კვ.მ (უფლების დამდგენი დოკუმენტები: №00085 ადგილზე დათვალიერების ოქმი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 18.11.19წ. №03/13034 წერილი, ეროვნული არქივის 17.09.19 წლის №15/104899 საარქივო ცნობა) (ტ.1, ს.ფ 89, 90-91); ე) 2002 წლის 25 თებერვლის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მარნეულის საკრებულოს 29.12.2001 წლის №4-7 დადგენილების საფუძველზე, ფ.დ-ის გადაეცა 0.12ჰა მიწის ნაკვეთი მარნეულში, ...ის მიმდებარედ. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 29.04.20წ. №15/34042 ცნობის თანახმად, ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცულ მარნეულის რაიონის მარნეულის საქალაქო საკრებულოს ქალაქ მარნეულის მიწების ზონარგაყრილი 2000 წლის წიგნის მიხედვით, ფ.დ-ის სახელზე ირიცხება მიწა - 1200 კვ.მ (წიგნი ხელმოწერილია და ბეჭდით არის დამოწმებული) (ტ.1, ს.ფ 97-99, 104-106); ვ) 2020 წლის 19 მარტს, ფ.დ-მა, განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მიწის ნაკვეთზე უფლების სპორადული რეგისტრაციის თაობაზე. განცხადებით, სხვა დოკუმენტებთან ერთად, წარდგენილი იყო საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მიღება-ჩაბარების აქტი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 24.03.2020წ. №... გადაწყვეტილებით, წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზსა და რეგისტრირებულ მონაცემს (ს/კ ..., მესაკუთრე: მ.კ-ი) შორის დადგინდა ზედდება (ტ.1, ს.ფ 93-95, 100).
საკასაციო პალატა პირველ რიგში, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ფ.დ-ს სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება. შესაბამისად, მის მიერ არც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის განჩინება გასაჩივრებულა საკასაციო წესით. ამდენად, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს მ.კ-ის საკასაციო საჩივრის ფარგლებში წარმოადგენს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლზე, რომლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, სამისამართო და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრების ერთობლიობა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელშიც ხდება ცალკეულ კერძო-სამართლებრივ უფლებათა რეგისტრაცია, მათ შორის, უძრავ ნივთებზე საკუთრების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი - უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვას ემსახურება. საჯარო რეესტრის უმთავრესი დანიშნულებაა სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, იყოს რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების დაცვის გარანტი.
საკასაციო პალატა მიუთითებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს (1.1 მუხლი).
აღნიშნული კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-16 მუხლი განსაზღვრავდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის უფლებამოსილებებს. აღნიშნული მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება არის სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილება, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის უფლებამოსილებას უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენასთან დაკავშირებით, რის შესახებაც გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადება/გამოცემა უკავშირდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული პროცედურის ჩატარებას. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აქტის გამოცემის პროცესში დაიცვას კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების მოთხოვნები, როგორიცაა წარმოებაში დაინტერესებული მხარის მონაწილეობის უზრუნველყოფა, საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და სხვ. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ძირითად პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას -ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები).
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ.კ-ის განცხადების ფარგლებში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 23.09.2019წ. №... გადაწყვეტილებით, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დასადგენად, კომპეტენციის ფარგლებში, საკითხი შესასწავლად გადაეგზავნა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას. ქ. მარნეულში მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, 2019 წლის 5 ნოემბრის, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის დათვალიერების №00085 ოქმის თანახმად, დადგინდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ეროვნული არქივის 17.09.19 წლის №15/104899 ცნობით) გათვალისწინებული უძრავი ქონების იდენტურობა, შპს „...“-ის მიერ 18.05.17წ. მომზადებული საკადასტრო აზომვითი ნახაზით განსაზღვრულ ქონებასთან. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 18.11.19წ. №03/13034 წერილით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით განსაზღვრული უძრავი ქონება, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (საარქივო ცნობა №15/10489) გათვალისწინებული უძრავი ქონების იდენტური იყო. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ იდენტურობის დადასტურებისას სრულყოფილად არ ყოფილა შესწავლილი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის 5 ნოემბრის ,,უძრავი ნივთის დათვალიერების’’ №00085 ოქმში აღნიშნული არ არის რა გარემოებები დაადგინა ადგილზე დათვალიერებისას ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა. შესაბამისად, გაურკვეველია რა ფაქტობრივ გარემოებებს ეყრდნობა სადავო ოქმში გაკეთებული დასკვნა, რომ ეროვნული არქივის 17.09.19 წლის №15/104899 ცნობაში მითითებული მიწის ნაკვეთი იდენტურია კასატორის მიერ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთთან. საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ ფ.დ-ისა და მ.კ-ის სახელზე გაცემულია მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად მიწის ნაკვეთის მდებარეობის დადგენის საშუალებას არ იძლევა, თუმცა მესამე პირისაგან განსხვავებით მოსარჩელის მიღება-ჩაბარების აქტზე დართულ გეგმაში მითითებულია, მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე უძრავი ქონების მესაკუთრეთა (რ-ი. რ. და რ-ი. ი..) შესახებ ინფორმაცია.
მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებული იყვნენ სრულყოფილად შეესწავლათ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, მათ შორის, დაედგინათ მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა, მიწის ნაკვეთზე სხვა პირების უფლების არსებობის/არარსებობის საკითხი, მოეძიებინათ შესაბამისი დოკუმენტები თუ სხვა სახის მტკიცებულებები და მხოლოდ ამის შემდეგ მიეღოთ გადაწყვეტილება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. „..საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება..“ (სუს 13.12.2018წ. №ბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება). საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ ევალება კონკრეტული შინაარსის ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, ასეთ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტი უქმდება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, შესაბამისად გამოსაცემი აქტის შინაარსი დამოკიდებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგებზე. ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას.
განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებულნი არიან განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლონ კანონმდებლობით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიონ საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღონ სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტები ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს, რის გამოც მართებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლების არსებობის შესახებ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მარტის განჩინებით მ.კ-ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე