საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-932(კ-24) 27 ნოემბერი, 2024 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
მოწინააღმდეგე მხარე - ა.კ-ი
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 12 ოქტომბერს ა.კ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი არის სსიპ გურჯაანის სოფელ ...ის საჯარო სკოლის ასისტენტი. 2022 წლის ივლისში მონაწილეობა მიიღო უფროსი სპეციალური მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდაზე. მოსარჩელის მოსაზრებით, მისი ნაშრომი არ შეფასდა სწორად და აპელაციის შემდგომ შესაძლებელი იყო ქულების მომატება ზოგიერთ საკითხებში, მაგრამ სპეციალური მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდის შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის 2022 წლის 31 აგვისტოს N1 გადაწყვეტილებით მე-19, მე-20, 21-ე, 37-ე, 38-ე, 39-ე და მე-40 კითხვებში ქულების მომატებაზე ეთქვა ური.
მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა შეფასებასთან დაკავშირებით სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვის თაობაზე 2022 წლის უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდის შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის 2022 წლის 31 აგვისტოს №1 გადაწყვეტილების, ა.კ-ის ნაწილში, ბათილად ცნობა. ასევე მოითხოვა მოპასუხე - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ა.კ-ისთვის გასაჩივრებულ №19, №20, №21, №37, №38, №39, №40 დავალებებში თითო ქულის, ჯამში 7 ქულის მომატების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით ა.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარდგენილი საპრეტენზიო განცხადების განხილვის თაობაზე 2022 წლის უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდის შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის 2022 წლის 31 აგვისტოს №1 გადაწყვეტილება, №39 დავალებაზე წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; მოპასუხე - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ა.კ-ისათვის გასაჩივრებულ №39-ე დავალებაში 1 ქულის მომატების თაობაზე. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის განჩინებით სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონზე, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებით დამტკიცებული „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაზე“, რომლის მიზანია კვალიფიციური კადრების მომზადება, მასწავლებლის კომპეტენციის ამაღლება და პროფესიული განვითარება, სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად. სქემა არეგულირებს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს, განსაზღვრავს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის სახეებს, შესაბამისი სტატუსის მინიჭების, დადასტურების, შეჩერების/აღდგენის წესებს, აგრეთვე მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების განსაკუთრებულ შემთხვევებს. სქემა აგრეთვე არეგულირებს მასწავლებლის შეფასების წესსა და ელექტრონულ საქმისწარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის „შ“ პუნქტის თანახმად, სპეციალური მასწავლებლის გამოცდა არის უფროსი, წამყვანი ან მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად შესაბამისი პროფესიული კომპეტენციის შეფასება, რომელიც მოიცავს უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდასა და წამყვანი/მენტორი სპეციალური მასწავლებლობის მსურველთა გამოცდას პროფესიულ უნარებში და რომელსაც ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად. ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 21 მარტის №42/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესზე“, რომელიც განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) მიერ საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებს. მითითებული წესის მე-2 მუხლის „ტ“ პუნქტის თანახმად შეფასების სქემა არის ცენტრის მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტისა და შეფასების ზოგადი კრიტერიუმების შესაბამისად შედგენილი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ხორციელდება აპლიკანტების ნაშრომების გასწორება. ხოლო, ამავე მუხლის „კ“ პუნქტით განსაზღვრულია საგნობრივი კომისიის მნიშვნელობა, კერძოდ, ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვის მიზნით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ა.კ-მა მონაწილეობა მიიღო 2022 წლის უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდაზე და მისი ნაშრომი სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შეფასდა 32 ქულით, რის გამოც მან ვერ დააგროვა გამსვლელი 32.40 ქულა. ა.კ-მა საპრეტენზიო განაცხადით მიმართა საგნობრივ კომისიას და სადავოდ გახადა №19, №20, №21, №37, №38, №39, №40 დავალებების შეფასებები. აგრეთვე დადგენილია, რომ 2022 წლის 31 აგვისტოს 2022 წლის უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდის შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილ საგნობრივი კომისიის №1 გადაწყვეტილებით, ა.კ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა საგამოცდო შედეგები გასაჩივრებული №19, №20, №21, №37, №38, №39, №40 დავალებების ნაწილში.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის განმარტება, რომ საგნობრივი კომისიის მიერ ნაშრომის შეფასება კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებათა რიგს განეკუთვნება, რომელიც სასამართლო კონტროლს ექვემდებარება გარკვეული თავისებურებების გათვალისწინებით, თუმცა აქვე განმარტა, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს არჩევანის სრულ თავისუფლებას, იგი შეზღუდულია ადამიანის უფლებების დაცვით, კანონით და კონკრეტული მიზნით, რომლის მისაღწევადაც ადმინისტრაციულ ორგანოს მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება. გარდა ამისა, დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებისას უნდა იქნეს დაცული ობიექტურობისა და სამართლიანობის პრინციპები.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს შეფასების საკითხს მოიცავს, თუ რამდენად არგუმენტირებული, სრულყოფილი და გააზრებულია გამომცდელის მიერ მითითებული პასუხები და რამდენად პასუხობს დასმულ შეკითხვას. მოცემულ შემთხვევაში ა.კ-ის მიერ ტანტრუმის როგორც გართულებული ქცევის გამოვლენისას აღწერილ იქნა იგნორირების მეთოდი, მისი გავლენა მოსწავლის მომავალ ქმედებებზე და საბოლოო შედეგად მოსწავლის დამშვიდება პასუხობს №39 დავალებაში დასმულ პირობას და წარმოაჩენს საკითხის გააზრებულ და სიღრმისეულ ცოდნას. 3 ქულიანი დავალებების შეფასების სქემის თანახმად, გამოსაცდელის მიერ დაფიქსირებულ პასუხს ენიჭება 3 ქულა თუ პასუხში ჩანს საკითხის გააზრებული ცოდნა, მსჯელობა არის სრული, არგუმენტირებული, გამოსაცდელი გასაგებად და ამომწურავად უპასუხებს დავალების ყველა კითხვას/მითითებას. ხოლო, 2 ქულა - ენიჭება იმ შემთხვევაში, როდესაც პასუხში ჩანს გააზრებული ცოდნა, თუმცა მსჯელობა არ არის სრული, აკლია დავალების პირობის ერთი რომელიმე კომპონენტი ან, ზოგადად პასუხი ყველა მითითებაზე სწორია მაგრამ სქემატური. აკლია სიცხადე. იმის გათვალისწინებით, რომ ა.კ-ის პასუხი არის დასაბუთებული, წარმოაჩენს გამოსაცდელის გააზრებულ და სიღრმისეულ ცოდნას უნდა შეფასდეს მაქსიმალური - 3 ქულით.
სააპელაციო პალატის განმარტებით, მართალია, საგნობრივი კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების სასამართლო კონტროლი არ მოიცავს კომისიის მიერ მინიჭებული ქულების მიზანშეწონილობის შეფასებას, თუმცა სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ჰქონდა თუ არა შეცდომას ადგილი და ამგვარი შეცდომის თავიდან აცილების შემთხვევაში, არსებობდა თუ არა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა.
კასატორის განმარტებით, მოსარჩელე - ა.კ-მა ვერ დაასაბუთა, თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით ითხოვდა საგნობრივი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას. სადავოდ გამხდარი ტესტური დავალებები განიხილა ცენტრის მასწავლებელთა შეფასების ჯგუფმა, რომელმაც სასამართლოს წარუდგინა დეტალური არგუმენტაცია, თუ რატომ იყო ა.კ-ის მოთხოვნები დაუსაბუთებელი. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა ა.კ-ის სარჩელი მხოლოდ 39-ე დავალების ნაწილში, მითითებული დავალება აფასებს: რამდენად შეუძლია მასწავლებელს მართოს მოსწავლის რთული ქცევა, ფლობს თუ არა იგი ცოდნას ადეკვატური სტრატეგიების შესახებ და სწორად იყენებს თუ არა მათ საჭიროების შემთხვევაში. მოსარჩელე ა.კ-მა კი, პასუხში მიუთითა, იგნორირების სტრატეგია, მაგრამ დეტალურად არ აღეწერა დაგეგმილი იგნორირება.
კასატორის მითითებით, სასამართლო გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, ვინაიდან დაგეგმილი იგნორირების ტექნიკას გააჩნია ერთი თავისებურება - მისი გამოყენების დასაწყისში ის ხშირად იწვევს ქცევის გაუარესებას. მაგალითად, მასწავლებლის მხრიდან ქცევის იგნორირების შემთხვევაში, ბავშვმა, შესაძლოა, უფრო ხმამაღლა დაიწყოს ტირილი, თვითდაზიანება და ა.შ. თუ მასწავლებელი შეძლებს, იყოს თანმიმდევრული, შეინარჩუნოს სიმშვიდე და განაგრძოს იგნორირება, მხოლოდ ამ შემთხვევაში მიხვდება ბავშვი, რომ მის ქცევას აზრი არ აქვს, ამით ყურადღებას ვერ მიიღებს და საბოლოოდ შეწყვეტს ქცევას. სხვა შემთხვევაში კი ქცევის მხოლოდ უბრალო იგნორირება შედეგს ვერ გამოიღებს და, პირიქით, არასასურველი ქცევა გაძლიერდება კიდეც. ბევრად უფრო ეფექტიანია დაგეგმილი იგნორირებისა და დადებითი განმტკიცების მეთოდების შეწყვილება. ეს ნიშნავს, რომ არასასურველი ქცევის იგნორირების გამოყენებასთან ერთად უნდა მოხდეს სასურველი ქცევის განმტკიცება, რათა რთული ქცევა მისაღები ქცევით ჩანაცვლდეს. მაგალითად, თუ მოსწავლე საკუთარ იმედგაცრუებას ან რაიმე სურვილს გამოხატავს ჭირვეულობით, ტირილით, ყვირილით და ა.შ., და არა სიტყვიერად, მასწავლებელმა უნდა მოახდინოს მისი ამ ქცევის იგნორირება, ხოლო როგორც კი ბავშვი ტირილის გარეშე გამოხატავს ემოციას ან სურვილს, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ამ ქცევის განმტკიცება შექებით ან სხვა სახის წამახალისებელი სტიმულებით. ამიტომაც არის უმჯობესი არა მხოლოდ უბრალო იგნორირების, არამედ დაგეგმილი იგნორირების ტექნიკის გამოყენება. ამასთან, კასატორის განმარტებით, ზოგადად, იგნორირების ტექნიკის, მათ შორის დაგეგმილი იგნორირების გამოყენებასაც კი, გააჩნია გარკვეული შეზღუდვები. მისი გამოყენება ყოველთვის გამართლებული და ეფექტური არ არის. ის ეფექტიანია მხოლოდ მაშინ, როცა მოსწავლის ქცევა მართლაც ყურადღების მიპყრობას ემსახურება როგორც ამას გამოსაცდელი აღნიშნავს. თუმცა 39-ე დავალებაში არ ჩანს, რომ მოსწავლის ქცევა მსგავს მიზანს ისახავს. შესაბამისად, იმისათვის, რომ ტანტრუმის მართვისათვის იგნორირების სტრატეგიის გამოყენების შესახებ პასუხი ჩაითვალოს სრულყოფილად და შეფასდეს უმაღლესი - 3 ქულით, აუცილებელია, ის ეხებოდეს არა ზოგადად იგნორირების, არამედ დაგეგმილი იგნორირების სტრატეგიას და აუცილებლად იყოს აღნიშნული ზემოთ აღწერილი რისკ-ფაქტორები, რომლებიც თან სდევს მის გამოყენებას.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ შეაფასა საგნობრივი კომისიის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა, მაგრამ არ დაუსაბუთებია კონკრეტულად რა შეცდომა დაუშვა საგნობრივმა კომისიამ გადაწყვეტილების მიღების დროს. სასამართლომ მხოლოდ პირადი შეფასება მიუთითა გადაწყვეტილებაში და არ გაითვალისწინა, რომ საგნობრივი კომისია დაკომპლექტებულია შესაბამისი დარგის სპეციალისტებით, რომლებიც შეფასების სქემის საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვის თაობაზე 2022 წლის უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდის შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის 2022 წლის 31 აგვისტოს №1 გადაწყვეტილების, №19, №20, №21, №37, №38, №39, №40 დავალებებზე წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ბათილად ცნობა და სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისათვის, ა.კ-ისათვის გასაჩივრებულ №19, №20, №21, №37, №38, №39, №40 დავალებებში თითო ქულის, ჯამში 7 ქულის მომატების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით ა.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში წარდგენილი საპრეტენზიო განცხადების განხილვის თაობაზე 2022 წლის უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდის შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის 2022 წლის 31 აგვისტოს №1 გადაწყვეტილება, №39 დავალებაზე წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; მოპასუხე - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ა.კ-ისათვის გასაჩივრებულ №39 დავალებაში 1 ქულის მომატების თაობაზე; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება ა.კ-ს არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, №19, №20, №21, №37, №38 და №40 დავალებების ნაწილში, გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს მხოლოდ №39 დავალებაზე წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ადმინისტრაციული ორგანოს სადავო აქტის კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილებით დამტკიცებულ ,,მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაზე“, რომლის თანახმად, მასწავლებლობის მსურველის ან პრაქტიკოსი მასწავლებლის საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის შეფასება/დადასტურებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 21 მარტის №42/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ,,საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესზე”, რომელიც განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომ – ცენტრი) მიერ საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებს. აღნიშნული წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ტესტირების ჩატარებას კოორდინაციას უწევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს ცენტრი; ამავე წესის მე-2 მუხლის ,,კ“ პუნქტის თანახმად, საგნობრივი კომისია არის ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვის მიზნით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო, ხოლო ,,ტ“ პუნქტის შესაბამისად, შეფასების სქემა არის, ცენტრის მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტისა და შეფასების ზოგადი კრიტერიუმების შესაბამისად შედგენილი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ხორციელდება აპლიკანტების ნაშრომების გასწორება. ამავე წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ტესტირების თითოეული ნაწილისათვის ტესტებს, შეფასების ზოგად კრიტერიუმებსა და შეფასების სქემებს შეიმუშავებს ცენტრი, ხოლო, მე-2 პუნქტის თანახმად, ტესტირების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები და ტესტის მაქსიმალური ქულები დგინდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ტესტირების დაწყებამდე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა.კ-მა მონაწილეობა მიიღო 2022 წლის უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდაზე, სადაც მისი საბოლოო შეფასება განისაზღვრა 32 ქულით და მან ვერ მოიპოვა გამსვლელი 32.40-ზე მეტი ქულა.
2022 წლის 12 აგვისტოს სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2022 წლის საგნის/პროფესიული უნარების/უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდების შეფასების სქემის დამტკიცების შესახებ №102/22 ბრძანებით დამტკიცდა 2022 წლის საგნის/პროფესიული უნარების/უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდების შეფასების სქემები ამ ბრძანების დანართების შესაბამისად, მათ შორის, დანართი №1-ით დამტკიცდა უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის შეფასების სქემა. აღნიშნული სქემით განისაზღვრა არჩევით პასუხებიანი დავალებების, შესაბამისობის დავალებების და ღია დავალებების შეფასების სქემები. ღია დავალებების - სადავო №19, №20, №21, №37, №38, №39, №40 სქემის ნაწილში დადგინდა, რომ იმისათვის, რომ გამოსაცდელის პასუხი სრულფასოვნად, ყველა კრიტერიუმის მიხედვით გასწორდეს ის უნდა შეესაბამებოდეს დავალებაში მოცემულ საკითხს, დავალების პირობა სწორად უნდა იყოს გააზრებული, ის არ უნდა წარმოადგენდეს დავალების პირობის პერიფრაზს, დავალება შესრულებული უნდა იყოს გასარჩევი ხელწერით, თუ რომელიმე პირობა არ იქნება დაცული, ნაწერი შეფასდება - 0 ქულით. ღია დავალების პასუხში დისკრიმინაციული ტერმინის გამოყენებისათვის პასუხი შეფასდება ერთით ნაკლები ქულით. 3 ქულიანი ღია დავალებების შეფასების სქემა: 3 ქულა - პასუხში ჩანს საკითხის გააზრებული ცოდნა, მსჯელობა არის სრული, არგუმენტირებული, გამოსაცდელი გასაგებად და ამომწურავად უპასუხებს დავალების ყველა კითხვას/მითითებას. 2 ქულა- პასუხში ჩანს გააზრებული ცოდნა, თუმცა მსჯელობა არ არის სრული, აკლია დავალების პირობის ერთი რომელიმე კომპონენტი ან ზოგადად, პასუხი ყველა მითითებაზე სწორია, მაგრამ სქემატური. აკლია სიცხადე. 1 ქულა - პასუხში ჩანს, რომ გამოსაცდელს აქვს საკითხის არასრული (ზედაპირული) ცოდნა, ან გამოსაცდელი სქემატურად უპასუხებს პირობაში მოცემულ მხოლოდ ერთ კომპონენტს. 0 ქულა - გამოსაცდელი ვერ უპასუხებს დავალების მოთხოვნებს. პირობა სწორად არ არის გააზრებული - ნაწერი არ შეესაბამება მოცემულ საკითხს. ა.კ-ის უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე უნდა შეესრულებინა 40 დავალება. საგამოცდო ტესტის ინსტრუქციით გამოსაცდელს ეცნობა, რომ მისი წარმატებით შესრულების შემთხვევაში მაქსიმალურ ქულათა რაოდენობა შეადგენდა 54 და ტესტის შესასრულებლად მას განესაზღვრა 4 საათი. ღია დავალებების ინსტრუქცია მოითხოვდა ღია დავალებაზე არგუმენტირებულ მსჯელობას მოცემული საკითხის შესახებ. გამოსაცდელს ევალებოდა დავალების პირობის და შეკითხვის ყურადღებით წაკითხვა, გათვალისწინება იმისა, რომ პასუხის უნდა იყოს კონკრეტული და შეკითხვის შესაბამისი.
2022 წლის 19 აგვისტოს ა.კ-ის მიერ 2022 წლის უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდის შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილ საგნობრივ კომისიაში გასაჩივრებულ იქნა 2022 წლის უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდის შედეგები №19, №20, №21, №37, №38, №39, №40 დავალებების ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე შეფასდა №19 დავალება - 2 ქულა, №20 დავალება - 1 ქულა, №21 დავალება - 2 ქულა, №37 დავალება - 2 ქულა, №38 დავალება - 2 ქულა, №39 დავალება - 2 ქულა, №40 დავალება - 0 ქულა.
2022 წლის 31 აგვისტოს 2022 წლის უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდის შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილ საგნობრივი კომისიის №1 გადაწყვეტილებით, ა.კ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა საგამოცდო შედეგები გასაჩივრებული №19, №20, №21, №37, №38, №39, №40 დავალებების ნაწილში
კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მხოლოდ №39 დავალებების ნაწილში 1 ქულის მომატების საკითხი, კერძოდ, №39 დავალებაში მიღებული 2 ქულის ნაცვლად, ა.კ-ი მოითხოვდა 3 ქულით შეფასებას. შეფასების სქემის თანახმად, №39 ტესტური დავალება 1 ქულით ფასდება, თუ პასუხში ჩანს, რომ გამოსაცდელს აქვს საკითხის არასრული (ზედაპირული) ცოდნა, ან გამოსაცდელი სქემატურად უპასუხებს პირობაში მოცემულ მხოლოდ ერთ კომპონენტს; დავალება ფასდება 2 ქულით, თუ პასუხში ჩანს საკითხის გააზრებული ცოდნა, თუმცა მსჯელობა არ არის სრული, აკლია დავალების პირობის ერთი რომელიმე კომპონენტი, ან ზოგადად პასუხი ყველა მითითებაზე სწორია, მაგრამ სქემატური. აკლია სიცხადე; დავალება ფასდება 3 ქულით, თუ პასუხში ჩანს საკითხის გააზრებული ცოდნა. მსჯელობა არის სრული, არგუმენტირებული, გამოსაცდელი გასაგებად და ამომწურავად უპასუხებს დავალების ყველა კითხვას/მითითებას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2022 წლის უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდის №39 დავალების პირობა ფორმულირებული იყო შემდეგნაირად: „პირველი კლასის მოსწავლე ხშირად აწყობს ტანტრუმს. სპეციალურმა მასწავლებელმა თავდაპირველად სცადა რთული ქცევის მართვა, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ, მოსწავლის ქცევა კიდევ ბევრჯერ განმეორდა.“ აღწერეთ სტრატეგია, რომელიც დაეხმარება სპეციალურ მასწავლებელს მოსწავლის რთული ქცევის მართვაში. დაასაბუთეთ თქვენი პასუხი. ა.კ-ის მიერ გაცემულია პასუხი: „ბავშვებში და მოზარდებში მეტად გავრცელებულია ტანტრუმის მეთოდით მანიპულირება მშობლებსა და მასწავლებლებზე. ტანტრუმს, მაშინ მიმართავენ, როდესაც რაიმე სასურველის მიღება სურთ, მაგ: საყვარელი სათამაშო, მეცადინეობის შეწყვეტა. მოცემულ შემთხვევაში ტანტრუმის მიზეზი შესაძლოა იყოს პირველი კლასელი მოსწავლისთვის სკოლაში არ ყოფნის სურვილი, გაკვეთილის დატოვებისა და სახლში წასვლის სურვილი. ამ დროს ყველაზე ეფექტური სტრატეგიაა მასწავლებლის მხრიდან მისი ქცევის იგნორირება. მოსწავლე მიხვდება, რომ თავისი ქცევით ვერ მოახდინა მანიპულაცია მასწავლებლის, ვერ მიიღო სასურველი შედეგი, დამშვიდდება და შემდგომში აღარ მიმართავს ამ ქცევას, რადგან მიხვდება, რომ აზრი არ აქვს, უშედეგოა.“
მოცემულ დავალებასთან დაკავშირებით მოპასუხე - ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციის თანახმად, ა.კ-მა თავის პასუხში იგნორირების სტრატეგიას ასახელებს. იგნორირების სტრატეგია ეფექტიანია ტანტრუმთან ბრძოლის წინააღმდეგ, თუმცა მის პასუხში სტრატეგია არ არის აღწერილი და მხოლოდ დასახელებულია. როგორც ცნობილია, იგნორირების სტრატეგიის გამოყენება სირთულეებთან არის დაკავშირებული. მოსწავლის ქცევა თავიდან შეიძლება გაუარესდეს. ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო, რომ გამოსაცდელს დეტალურად აღეწერა დაგეგმილი იგნორირება, მაგალითად: მასწავლებელი უნდა იყოს თანმიმდევრული, შეინარჩუნოს სიმშვიდე და ა.შ. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი არ ჩანს გამოსაცდელის პასუხში და, შესაბამისად, პასუხი სქემატურობის გამო შეფასდა 2 ქულით.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საგამოცდო საკითხები მრავალფეროვანი და მრავლისმომცველია, დავალების ფორმატი კი არ იძლევა საშუალებას გამომცდელმა სიღრმისეულად მიმოიხილოს დასმული საკითხი, შეეხოს ყველა კომპონენტს, აღწეროს სტრატეგიების მიზნები, გართულებები, განმარტოს მისი გამოყენების გზები და მეთოდები ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. ადმინისტრაციული ორგანოს შეფასების საკითხს წარმოადგენს იმის გამორკვევა, თუ რამდენად არგუმენტირებული, სრულყოფილი და სქემატურია გამომცდელის მიერ მითითებული პასუხები და რამდენად პასუხობს დასმულ შეკითხვას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების დასკვნას, რომ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მითითებული შეფასება არის იგნორირების სტრატეგიის აღწერილობა, ხოლო ის ფაქტი, რომ ანა კუაცაშვილმა იგნორირების სტრატეგიის გამოყენებისას არ მიუთითა კონკრეტულად მასწავლებლის თანმიმდევრულობასა და სიმშვიდეზე, ვერ გახდება №39 დავალებაში ქულის დაკლების საფუძველი. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ა.კ-ის პასუხი დასაბუთებულია, რაც სადავო დავალების 3 ქულით შეფასების საფუძველია. საგულისხმოა, რომ „ტესტების შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს კონკრეტულ ტესტში გამოსაყენებელ ნორმას, ტესტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებების შეფასების მასშტაბს, საგამოცდო ტესტის, მისი შინაარსობრივი წყობის, დასმული კითხვისა და მასზე სწორად მიჩნეული პასუხის შესაბამისობას, პასუხი უნდა იყოს ერთმნიშვნელოვანი, არ უნდა იძლეოდეს ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას“ (სუსგ Nბს-290(კ-23), 12.02.2024წ.)
საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებისას მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების მართლზომიერების დადგენა, რის შესამოწმებლადაც სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს, არის თუ არა შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებაში, შეამოწმოს, რამდენად დასაბუთებულია ამ უფლებამოსილების გამოყენება და ხომ არ არის დარღვეული კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი.
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კომისიური წესით, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება ხშირად გამხდარა სასამართლოს შეფასების საკითხი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებით იქნა განმარტებული, რომ დისკრეციის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებაზე სასამართლოს კონტროლი ფორმალურ ხასიათს არ უნდა ატარებდეს, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებების სასამართლო წესით გადასინჯვა და სასარჩელო წარმოებით უფლების დაცვა ეფექტურ საშუალებას უნდა წარმოადგენდეს. „დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს მოქმედების თავისუფლებას, თუმცა არ ქმნის სამართლისგან სრულიად თავისუფალ სივრცეს, ასეთ პირობებში მოქალაქეს არ ერთმევა უფლება მოითხოვოს მის მიმართ უშეცდომო გადაწყვეტილების მიღება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არსებობს სრულიად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც სრული მოწესრიგება. გარემოებათა სიმრავლის, სფეროს თავისებურებების გათვალისწინებით სასამართლო შემოწმების მასშტაბი ცვალებადია (სუსგ №ბს-797(კ-18), 07.03.2019წ.).
„შეფასების გარკვეული თავისუფლების მიუხედავად, ცხადია, რომ მისი გამოყენება ობიექტურად და სამართლიანად უნდა ხდებოდეს. დისკრეციული უფლებამოსილების სპეციფიკური პროცესი წინააღმდეგობაში არ უნდა მოვიდეს მოქალაქეთა დარღვეული უფლების სასამართლო წესით აღდგენის ინტერესთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, და უნდა ექვემდებარებოდეს სასამართლო კონტროლს. მმართველობის ყველა აქტი, მათ შორის დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება, ექვემდებარება სასამართლო კონტროლს. სზაკ-ის 7.2 მუხლის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ დაიშვება პირის ძირითადი უფლებისა და კანონიერი ინტერესების შელახვა. დისკრეცია არ წარმოადგენს სასამართლო ხელისუფლების კონტროლისაგან თავისუფალ სივრცეს (სუსგ №ბს-1655-1627(კ-11), 11.04.12წ.; №ბს-342-331(კ-10), 20.10.10წ.).
საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ, მართალია, სასამართლო ვერ იკისრებს საგამოცდო კომისიის ფუნქციას, თუმცა კომისიის დისკრეციული უფლებამოსილებით არ შეიძლება გამართლებულ იქნეს და შესაბამისად, სასამართლოს კონტროლს მიღმა აღმოჩნდეს გამოსაცდელის აშკარად არასწორი შეფასება, რაც რაიმე სპეციალური ცოდნის გამოყენების გარეშეც თვალშისაცემია სასამართლოსათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს (ს/ნ ...) საკასაციო საჩივარზე 25.09.2024წ. საგადახდო მოთხოვნით №... გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის განჩინება;
3. კასატორს - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს (ს/ნ ...) დაუბრუნდეს 25.09.2024 წ. №... საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე