№ბს-722(2კ-24) 29 ნოემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. ლ-ისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის-ცენტრი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ლ. ლ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის-ცენტრის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 30 სექტემბრის ოჯახის დეკლარაცია და მის საფუძველზე სარეიტინგო ქულის (90350) მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ლ. ლ-ის ოჯახის მონაცემების კორექტირების თაობაზე და მის საფუძველზე 2022 წლის 23 ნოემბრიდან 88310 ერთეულის სარეიტინგო ქულის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილება; გ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 8 თებერვლის SSA 1 23 00138164 გადაწყვეტილება ლ. ლ-ის 2022 წლის 29 ნოემბრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; დ) დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ლ. ლ-ისთვის 39 210 სარეიტინგო ქულის მინიჭებისა და მისთვის შესაბამისი სოციალური შემწეობის დანიშვნის თაობაზე; ე) დაევალოს მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელის ოჯახისთვის (აწ გარდაცვლილი ზ. ა-ის ჩათვლით), ორ წევრზე ზიანის ანაზღაურება, 2022 წლის ოქრომბრიდან 2023 წლის 19 ივლისამდე, ხოლო ოჯახის ერთ წევრზე 2023 წლის 19 ივლისის შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე მიუღებელი სოციალური შემწეობისა და კომუნალური სუბსიდიით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით ლ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ლ. ლ-ის მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ლ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 30 სექტემბრის ოჯახის დეკლარაცია და მის საფუძველზე სარეიტინგო ქულის (90350) მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ლ. ლ-ის ოჯახის მონაცემების კორექტირების თაობაზე და მის საფუძველზე 2022 წლის 23 ნოემბრიდან 88310 ერთეულის სარეიტინგო ქულის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილება. დაევალა მოპასუხეს ლ. ლ-ის სარეიტინგო ქულისა და მისთვის შესაბამისი შემწეობის დანიშვნის თაობაზე საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, წინამდებარე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის კანონით დადგენილ ვადაში. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 8 თებერვლის SSA 1 23 00138164 გადაწყვეტილება ლ. ლ-ის 2022 წლის 29 ნოემბრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ლ-მა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
4.1 კასატორის - ლ. ლ-ის მითითებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სააპელაციო სასამართლო უთითებს, რომ ლ. ლ-ის ოჯახი დარეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2011 წლიდან და იღებდა საარსებო შემწეობას კანონით დადგენილი წესით და ოდენობით, მაშინ, როდესაც ლ. ლ-ი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულია 2016 წლიდან, ხოლო 2011 წლიდან რეგისტრირებული იყო მხოლოდ მისი დედა. ასევე, სასამართლო გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ 2022 წლის 23 აგვისტოს გენერირებული სიის (გარდაცვლილები) საფუძველზე, ლ. ლ-ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გადამოწმდა 2022 წლის 30 სექტემბერს და შეივსო დეკლარაცია ოჯახის მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე, მაშინ, როდესაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მითითებული დროისათვის ოჯახის წევრთა რაოდენობა არ შეცვლილა და შესაბამისად, სახეზე არ იყო არანაირი საფუძველი ოჯახის გადამოწმებისათვის.
სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ლ. ლ-ის წინა დეკლარაციებში ასახულ მონაცემზე და დღეის მდგომარეობით სადავო დეკლარაციაზე, რომელთა შედარების საფუძველზეც მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სოციალური მდგომარეობა, ისევე როგორც, ჯანმრთელობის მდგომარეობა, არ გაუმჯობესებულა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, არსებითი ხასიათის შეცდომებით შეავსო მოსარჩელე ლ. ლ-ის ოჯახის დეკლარაცია, რამაც განაპირობა სადავო ქულის მინიჭება და საარსებო შემწეობის შეწყვეტა. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის განხილვისას ვერ დაასაბუთა, თუ რამ განაპირობა მოსარჩელის ოჯახისათვის გაზრდილი სარეიტინგო ქულის მინიჭება, მაშინ, როდესაც მოსარჩელის სოციალური მდგომარეობა არ შეცვლილა წინა პერიოდთან შედარებით, როცა მოსარჩელისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა ქმნიდა საარსებო შემწეობის მიღების სამართლებრივ საფუძველს. მიუხედავად აღნიშნული მსჯელობისა, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, თუმცა სახეზე იყო ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობები. შესაბამისად, სასამართლოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება სარჩელის სრულად დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე და 207-ე მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ზიანის ანაზღაურების ყველა პირობა, რაც ამ ნაწილშიც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს ქმნის.
4.2. კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო აღნიშნავს, რომ ლ. ლ-ის ოჯახი დარეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2011 წლიდან და იღებდა საარსებო შემწეობას კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით. ამასთან, 2022 წლის 23 აგვისტოს გენერირებული სიის (გარდაცვლილები) საფუძველზე, ლ. ლ-ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გადამოწმდა 2022 წლის 30 სექტემბერს და შეივსო დეკლარაცია ოჯახის მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე. გადამოწმების შედეგად ლ. ლ-ის სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 90350 ერთეულით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2022 წლის 23 აგვისტოს განხორციელდა ლ. ლ-ის სარეიტინგო ქულის კორექტირება და მას განესაზღვრა ახალი ქულა - 88310 ერთეულის ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2022 წლის 30 სექტემბერს ოჯახის დეკლარაციაში შეტანილი მონაცემების მიხედვით E1 ბლოკში კომუნალურ ხარჯში, ელექტროენერგიის ნაწილში მიეთითა - 886.74 ლარი, რომელიც თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 9 ნოემბრის SSA 6 22 00000324 ბრძანების საფუძველზე დაკორექტირდა და E1 კითხვარში ნაცვლად 886.74 ლარისა, ჩაიწერა - 798,24 ლარი. მოსარჩელე მხარე გასაჩივრებულ 2022 წლის 30 სექტემბრის ოჯახის დეკლარაციაში სადავოდ ხდის E1 ბლოკში შეტანილ მონაცემს და განმარტავს, რომ დარღვეულია ელექტროენერგიის გადაანგარიშების წესი და ასევე, მისი თქმით, კომუნალურ გადასახადებს უხდიან ნათესავები.
კასატორის განმარტებით, კომუნალური ხარჯები დეკლარაციაში ფიქსირდება ოჯახის მიერ დეკლარაციის შევსების თვის წინა მეორე თვიდან გასული თორმეტი თვის განმავლობაში გაწეული ხარჯების გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სს „...“ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაფიქსირებულ „...“ სააბონენტო ნომერზე განხორციელებული ბრუნვა შეისწავლა 2021 წლის აგვისტოდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით, რაც აღემატება კანონით გათვალისწინებულ თორმეტთვიან ვადას, თუმცა მოსარჩელე მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი „...“ 2021 წლის 4 აგვისტოდან 2022 წლის 31 ივლისის ჩათვლით ბრუნვის ისტორიით დასტურდება, რომ ... აბონენტის ნომრის ხარჯი ჯამში აღემატებოდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დეკლარაციაში მითითებულ ოდენობას. შესაბამისად, გამოთვლის წესის დარღვევამ მოცემულ შემთხვევაში არსებითი გავლენა ვერ მოახდინა დეკლარაციაში მითითებული თანხის ოდენობაზე, პირიქით, წარმოდგენილი დოკუმენტით მეტობა დაფიქსირდა. რაც შეეხება, მოსარჩელის აპელირებას ელექტროენერგიის საფასურის ნათესავების მიერ გადახდასთან დაკავშირებით, კანონი ითვალისწინებს ოჯახის მიერ გაწეული კომუნალური ხარჯებისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ კომუნალური სუბსიდირების მიზნით გაცემული ფულადი დახმარების/ვაუჩერის ოდენობის გამოკლებას, ოჯახის მიერ სააგენტოში მიმართვისა და შესაბამისი უწყების მიერ დადასტურებული დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება. მოსარჩელე მიუთითებს მისი ოჯახის უკანონოდ შემოწმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ლ. ლ-ის ოჯახში ირიცხებოდა აწ. გარდაცვლილი მ. კ-ი (გარდაცვალების რეგისტრაციის თარიღი: 20/12/2019 წ.). ამასთან, მ. კ-ის გარდაცვალების შემდგომ 2020 წლის 5 თებერვალს გადამოწმდა ლ. ლ-ის ოჯახი, რის შემდეგაც ვეღარ მოიპოვა საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება. 2020 წლის 5 ივლისის განმეორებითი გადამოწმების შედეგად ოჯახს მიენიჭა 76700 სარეიტინგო ქულა და ასევე, ვერ მოიპოვა საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 2020 წლის 5 თებერვალს შევსებული დეკლარაცია და 2020 წლის 5 ივლისის განმეორებითი გადამოწმების შედეგად ლ. ლ-ის ოჯახისთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა. ამავე გადაწყვეტილებით, ლ. ლ-ის ოჯახს მიენიჭა 39210 ერთეული სარეიტინგო ქულა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და იმ პირობებში, რომ მ. კ-ი გარდაცვალების შემდგომ შევსებული დეკლარაცია სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი, ადმინისტრაციულ ორგანოს, 2022 წლის 23 აგვისტოს მდგომარეობით, ჰქონდა უფლება გენერირებული სიის (გარდაცვლილები) საფუძველზე გადაემოწმებინა ლ. ლ-ის ოჯახი.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. ლ-ისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ლ-ისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს. სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ლ. ლ-ის ოჯახის სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობა გადამოწმდა 2020 წლის 5 თებერვალს და შეივსო დეკლარაცია. გადამოწმების შედეგად ლ. ლ-ის სარეიტინგო ქულამ შეადგინა - 71720 ერთეული (ს.ფ. 43-48, 161-182); ლ. ლ-ის ოჯახის სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობა გადამოწმდა 2020 წლის 5 ივლისს და შეივსო დეკლარაცია. გადამოწმების შედეგად ლ. ლ-ის ოჯახს მიენიჭა სარეიტინგო ქულა - 76720 ერთეული (ს.ფ. 36-42, 161-182); თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 2020 წლის 5 თებერვალს შევსებული დეკლარაცია. ასევე, ბათილად იქნეს ცნობილი 2020 წლის 05 ივლისს შევსებული დეკლარაცია. ამავე გადაწყვეტილებით, ლ. ლ-ის ოჯახს მიენიჭა 39210 ერთეული სარეიტინგო ქულა (ს.ფ 161-182); თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ლ. ლ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უარი ეთქვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის განჩინება 2021 წლის დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულების პერიოდის ჩათვლით მოსარჩელისათვის ზიანის სახით მიუღებელი საარსებო შემწეობის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ლ. ლ-ის სარჩელი, 2021 წლის დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულების პერიოდის ჩათვლით ზიანის სახით მიუღებელი საარსებო შემწეობის ანაზღაურების ნაწილში, დაკმაყოფილდა. მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მოსარჩელის ოჯახისთვის (ზ. ა-ის ჩათვლით) ზიანის ანაზღაურება 2021 წლის დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულების პერიოდის ჩათვლით. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის განჩინება (ს.ფ. 67-74); ბ) 2022 წლის 23 აგვისტოს გენერირებული სიის (გარდაცვლილები) საფუძველზე, ლ. ლ-ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გადამოწმდა 2022 წლის 30 სექტემბერს და შეივსო დეკლარაცია ოჯახის მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე. გადამოწმების შედეგად ლ. ლ-ის სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 90350 ერთეულით (ს.ფ 50-56, 21-28, 128); თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 9 ნოემბრის SSA 6 22 00000324 ბრძანების საფუძველზე დაკორექტირდა ოჯახის დეკლარაციაში მითითებული მონაცემები, კერძოდ, კომუნალური ხარჯების ბლოკში E1 კითხვარში ნაცვლად 886.74 ლარი, ჩაიწერა - 798,24 ლარი (ს.ფ. 118); თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 4 ნოემბრის SSA 4 22 00000287 ბრძანებით, მოსარჩელის დეკლარაციაში ოჯახის პირველ წევრზე (...) სხვა მონიშნულ ფიზიკურ მდგომარეობებთან ერთად, მოინიშნა მე-5 პუნქტი (ს.ფ. 120); სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2022 წლის 23 ნოემბერს განხორციელდა ლ. ლ-ის სარეიტინგო ქულის კორექტირება და მას განესაზღვრა ახალი ქულა - 88310 ერთეულის ოდენობით (ს.ფ. 129, 21-28); გ) 2022 წლის 29 ნოემბერს მოსარჩელე ლ. ლ-მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 30 სექტემბრის ოჯახის დეკლარაციის და მის საფუძველზე სარეიტინგო ქულის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების, ასევე, კორექტირებული სარეიტინგო ქულის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. საჩივრის ავტორმა ასევე მოითხოვა მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ობიექტურად დასადგენად სააგენტოსთვის ხელახლა შეფასების დავალება და რეალური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულის მინიჭება (ს.ფ 17-20). სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 8 თებერვლის SSA 1 23 00138164 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ლ. ლ-ის 2022 წლის 29 ნოემბრის ადმინისტრაციული საჩივარი. სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის-ცენტრს დაევალა ლ. ლ-ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახლა შესწავლა, დანარჩენ ნაწილში მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 21-28); დ) ლ. ლ-ის ოჯახში ირიცხებოდნენ აწ. გარდაცვლილი მ. კ-ი (გარდაცვალების რეგისტრაციის თარიღი 20/12/2019 წ.) და აწ. გარდაცვლილი ზ. ა-ე (გარდაცვალების რეგისტრაციის თარიღი 19/07/2023 წ.) (ს.ფ 64, 66, 208).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ 22-ე მუხლზე, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ მე-9 მუხლსა და „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-12 მუხლზე და აღნიშნავს, რომ სოციალური უფლებები, მათ შორის, სოციალური დახმარების მიღება საერთაშორისო აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება, რაც სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, არა მხოლოდ აღიაროს პირთა სოციალური უფლებების არსებობა, არამედ ქმედითი ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე შექმნას სამართლებრივი გარანტიები მითითებული უფლების რეალიზებისთვის. სოციალური სახელმწიფოს პრინციპს ამკვიდრებს და შიდა სამართლებრივ დონეზე სოციალური დაცვის გარანტიებს ქმნის საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი, რომლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში.
საკასაციო პალატა მიუთითებს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს.
მითითებული კანონის მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სოციალური დახმარების სახეა საარსებო შემწეობა. ამავე კანონის მე-7 მუხლის მიხედვით, (1) ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა; (2) საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის; (3) საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა; (4) საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.
საკასაციო პალატა მიუთითებს ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესზე“, რომლის მიზანია განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირება (1.1 მუხლი).
ზემოაღნიშნული წესის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი დაცვის გაუმჯობესებისა და ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის მიზნით სააგენტო ქმნის „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზას“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით მონაცემთა ბაზა მოიცავს ცნობებს ოჯახისა და მისი თითოეული წევრის შესახებ, საცხოვრებელი ადგილის, განათლებისა და ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თაობაზე, ასევე ინფორმაციას მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირთა საარსებო შემწეობის გაცემის, განახლებისა და შეწყვეტის შესახებ და სხვა ინფორმაციას, რაც უკავშირდება სააგენტოს მიერ პროგრამის ადმინისტრირებას. მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, განაცხადის შეტანის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ხორციელდება უფლებამოსილი პირის მეშვეობით, დადგენილი მეთოდოლოგიისა და წესების შესაბამისად.
მითითებული წესის მე-12 მუხლის თანახმად, (1) ოჯახის იდენტიფიკაციის შედეგად მოპოვებული ინფორმაციისა და დადგენილი მეთოდოლოგიის გამოყენებით განისაზღვრება სარეიტინგო ქულა; (2) მინიჭებული სარეიტინგო ქულა მყარი ერთეულია, რომლის შეცვლა, როგორც წესი, შესაძლებელია მისი მინიჭებიდან სულ ცოტა ერთი წლის გასვლის შემდეგ, გარდა მე-9 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებით და მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სააგენტო უფლებამოსილია, ოჯახში განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილების შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ოჯახის წევრის დაბადებას (შვილად აყვანას), ავტომატურად შეიტანოს შესაბამისი ინფორმაცია მონაცემთა ბაზაში, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების გარეშე და ოჯახის წერილობითი მიმართვის საფუძველზე მოახდინოს ახალი სარეიტინგო ქულის გადათვლა. ოჯახში განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილების შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ოჯახის წევრის გამოკლებას (ოჯახის წევრ(ებ)ის (გარდა ყველა წევრისა) გარდაცვალებას, სპეციალიზებულ/პენიტენციურ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსებას ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით გასვლას), ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ფასდება განმეორებით.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებულ „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესზე“, რომლის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სოციალური დახმარების საჭიროების მქონე ოჯახს კანონმდებლობა ანიჭებს უფლებას სოციალურად დაუცველი პირების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც შესაბამისი წესისა და მეთოდოლოგიის გათვალისწინებით ამოწმებს ოჯახის სოციალურ მდგომარეობას. შემოწმების შედეგად ოჯახს ენიჭება კონკრეტული სარეიტინგო ქულა, რომლის ოდენობაც განსაზღვრავს სოციალური შემწეობის მიღების უფლებას. ამდენად, აუცილებელია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახის როგორც პირველადი შეფასება, ისე შემდგომი გადამოწმება განხორციელდეს ნორმატიულად დადგენილი პროცედურების დაცვით.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 9 ნოემბრის SSA 6 22 00000324 და 2022 წლის 4 ნოემბრის SSA 4 22 00000287 ბრძანებებით განხორციელდა ლ. ლ-ის ოჯახის დეკლარაციაში მითითებული მონაცემების კორექტირება, რითაც ადმინისტრაციულმა ორგანომ აღიარა დეკლარაციაში ამავე ბრძანებებში მითითებული უსწორობების არსებობა. ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია იმის შესახებ, რომ დაშვებულ უსწორობებს სარეიტინგო ქულის მინიჭებაზე გავლენა არ მოუხდენია, არ არის სათანადოდ დასაბუთებული. ადმინისტრაციულ ორგანოს სრულად არ გამოუკვლევია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, სადავო დეკლარაცია შევსებულ იქნა შეცდომებით, რამაც მოსარჩელისათვის საარსებო შემწეობის შეწყვეტა განაპირობა.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ლ. ლ-ის ოჯახს მიენიჭა 39210 სარეიტინგო ქულა. სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად იქნა მითითებული ლ. ლ-ის ოჯახის წინა პერიოდში შედგენილ დეკლარაციებზე და განსახილველ საქმეზე სადავო ,,ოჯახის დეკლარაციაზე’’, რომელთა ურთიერთშედარების შედეგად დგინდება, რომ მოსარჩელის სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. მოპასუხე მხარე ვერ ასაბუთებს რამ განაპირობა მოსარჩელისათვის გაზრდილი სარეიტინგო ქულის მინიჭება.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. „..საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება..“ (სუს 13.12.2018წ. №ბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება). ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დადგენას საჭიროებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, სასამართლო აღნიშნულ ეტაპზე მოკლებულია საკითხის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას. მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სადავო "ოჯახის დეკლარაციისა’’ და მის საფუძველზე სარეიტინგო ქულის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების, ასევე, მოსარჩელის ოჯახის მონაცემების კორექტირების თაობაზე და მის საფუძველზე 2022 წლის 23 ნოემბრიდან 88310 სარეიტინგო ქულის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით. ასეთ პირობებში მოპასუხეს მართებულად დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ სარეიტინგო ქულისა და შესაბამისი შემწეობის დანიშვნის თაობაზე ახალი აქტის გამოცემა. ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის პირობებში, მართებულია სასამართლოს მოსაზრება საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების ლ. ლ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სრულად ბათილად ცნობასთან დაკავშირებით. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხის მხრიდან დადგენას საჭიროებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, სასამართლო საქმის განხილვის მიმდინარე ეტაპზე მოკლებულია სარეიტინგო ქულის მინიჭების, საარსებო შემწეობის დანიშვნისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნების არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
სახეზე არ არის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრებს მიიჩნევს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ლ-ისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ბ. შონია