საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-538(კ-24) 19 ნოემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - გ. მ-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 08 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
გ. მ-ამ 2022 წლის 15 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხის 2022 წლის 10 ნოემბრის №IDP 3 22 00000952 ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის გ. მ-ას ქ. ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
სარჩელის თანახმად, გ. მ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელიც ცხოვრობს ქ. ზუგდიდში, ... ქ. №222-ში, ... „...“-ში. 2000 წლიდან იგი ეწევა ... საქმიანობას, რომლის ფარგლებში ფაქტობრივად დღის უმეტეს ნაწილს ატარებს სამსახურში და ხშირად, ქალაქგარეთ. რამდენიმე წლის წინ ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართა განცხადებით, რომლითაც მოითხოვა საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილება, ვინაიდან მისი საცხოვრებელი ადგილი - ... „...“ მიჩნეულ იქნა ნგრევად ობიექტად. 2021 წლის 03 თებერვალს ჩაჰბარდა ბრძანება №03-68/ო, რომლითაც უარი ეთქვა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო. აღნიშნული ბრძანება გაასაჩივრა სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილებითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მხარეს დაევალა საქმეზე გარემოებების ობიექტურად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2022 წლის ოქტომბერში იმყოფებოდა ქ. ზუგდიდში, როდესაც დაურეკა რ. შ-ამ, რომელიც დროებით ცხოვრობდა მის მეზობლად მოპირდაპირე მხარეს ... ქ. №222-ში, მესამე სართულზე და აცნობა, რომ მოსული იყო ორი პირი, რომლებმაც რ. შ-ას და იქვე მყოფ მეზობლებს განუცხადეს, რომ იყვნენ მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები და სურდათ ჩემი საცხოვრებელი ბინის ნახვა-დათვალიერება, რაზედაც განუცხადა, რომ 15-20 წუთში დაბრუნდებოდა, ხოლო მანამდე შეეყვანათ მის ბინაში და იქ დალოდებოდნენ. როდესაც დაბრუნდა ბინაში მის ოთახში დახვდა ორი უცნობი პირი, რომლებმაც აუხსნეს მათი ვინაობის შესახებ და განუმარტეს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე იყვნენ მისულები. მონიტორინგის წევრები გაესაუბრნენ, რომლებსაც მოსარჩელემ განუცხადა, რომ უკვე წლებია ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე და სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი არ გააჩნდა, რის შედეგადაც შეადგინეს გასაუბრების ოქმი, გადაუღეს სურათი და უთხრეს, რომ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას მიიღებდა ოფიციალურად წერილობითი ფორმით.
2022 წლის 14 ნოემბერს ფოსტის მეშვეობით მოსარჩელემ ჩაიბარა წერილი, რომლითაც ეცნობა, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის 10 ნოემბრის №IDP 3 22 00000952 ბრძანებით უარი ეთქვა ნგრევად ობიექტში არცხოვრების გამო ქ. ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. 2022 წლის 14 ნოემბერს მოსარჩელემ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართა განცხადებით, რომლითაც მოითხოვა 2022 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება (ოქმი №77), თანდართული მასალებით, რომელზეც პასუხი სასამართლოსადმი მიმართვის დღემდე არ მიუღია.
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 10 ნოემბრის ბრძანებით ხელმეორედ დაირღვა მისი კანონიერი უფლებები და სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ეთქვა უარი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, რის გამოც მოითხოვა სადავო აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებით მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილებით გ. მ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 10 ნოემბრის №IDP 3 22 00000952 ბრძანება და მოპასუხეს გ. მ-ას ქ. ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა, რაც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 08 თებერვლის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა თანახმად, გ. მ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელიც რეგისტრირებულია მისამართზე - ქ. ზუგდიდი, ... ქ. №222, ... „...“, რომელიც წარმოადგენს ნგრევად და სიცოცხლისთვის მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტს. პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტზე და აღნიშნა, რომ გ. მ-ას სადავო მისამართზე ცხოვრების ფაქტი დადასტურებული იყო არაერთი მტკიცებულებით და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოავლინა მკაცრად ფორმალური მიდგომა. გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა ის მტკიცებულებები, რომლებიც არ გამორიცხავდნენ მოსარჩელის ნგრევად ობიექტში ცხოვრების ფაქტს, პირიქით ადასტურებდნენ მას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 08 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, წარმომადგენელი მიუთითებს 2022 წლის 18 მარტის №03-2548 სამსახურებრივი ბარათზე, რომლითაც ირკვევა, რომ ქ. ზუგდიდში, ... ქ. №222-ში მდებარე ... „...“ შენობა შედგება სამი სართულისგან, რომლის აღწერაც განხორციელდა 2020 წლის 28 ივნისს, რომლის დროსაც შენობაში დაფიქსირდა 13 დევნილი ოჯახი, რაც ნიშნავს იმას, რომ ზემოაღნიშნულ ობიექტში რეგისტრაციის მქონე ოჯახებია ნაგულისხმევი და სწორედ რეგისტრირებული პირების სია მიეწოდება მოკვლევის სამმართველოს და შემდეგ ხდება მათი ნგრევად ობიექტში მუდმივი ცხოვრების გარემოებების შესწავლა და დადგენა. ხოლო, ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად იმ გარემოებაზე აპელირება, რომ რადგან მოსარჩელის სახელი და გვარი იყო ჩამონათვალში, აპრიორი არ ნიშნავდა იმას, რომ იგი მუდმივად ცხოვრობდა ნგრევად ობიექტში.
კასატორის წარმომადგენელი ... წერილთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მოსარჩელის რეგისტრაციის მისამართზე მოკვლევის სამმართველოს არაერთი ვიზიტისას მის მიერ დაკავებულ ოთახში ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლებს სხვა ოჯახი დახვდა, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ გ. მ-ას ოთახში ფაქტობრივად ცხოვრობს სხვა, შესაბამისად, ელექტრო ენერგიის ხარჯვაც ხდება ამ ოჯახი მიერ. ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი ასევე მიუთითებს მოკვლევის სამმართველოს მიერ აღწერის ოქმში დაფიქსირებულ ინფორმაციაზე, კერძოდ, 2022 წლის 11 აგვისტოს, ქ. ზუგდიდში, ... ქ. №222-ში განხორციელებულ ვიზიტზე და აღნიშნავს, რომ მონიტორინგის სამმართველოს მოსარჩელის რეგისტრაციის მისამართზე დახვდათ რ. შ-ა მეუღლესთან, ლ. შ-ასთან ერთად, რომელთა განმარტებით ფართი ნათხოვარი აქვთ მოსარჩელისგან, ხოლო თავად გ. მ-ა პერიოდულად რჩება აღნიშნულ მისამართზე, რ. შ-ას განმარტებით მოსარჩელე მუდმივად არ ცხოვრობს ნგრევად ობიექტში. სატელეფონო საუბრის შემდეგ მისამართზე გამოცხადებულ მოსარჩელესთან შედგა გასაუბრება და შეივსო შესაბამისი აღწერის ოქმი. გ. მ-ას განმარტებით, 2009 წლიდან ცხოვრობს მითითებულ მისამართზე. აღწერის ოქმის „ბ“ პუნქტში მითითებულია, რომ რ. შ-ა და მისი მეუღლე ლ. შ-ა მოკვლევის სამმართველოს თანამშრომლებს დახვდათ მოსარჩელის საცხოვრებელ ფართში. მოსარჩელის განმარტებით, დედა ნ. მ-ა ცხოვრობს გალში, სოფელი ..., თუმცა როგორც ირკვევა, ნ. მ-ა და მისი მეორე შვილი ოჯახთან ერთად დაკმაყოფილებულია საცხოვრებელი ფართით 2021 წელს მის: ქ. ზუგდიდში (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან). აღწერის ოქმის „ო“ პუნქტში გაკეთებულია მოკვლევის თანამშრომლის მიერ შემდეგი შინაარსის ჩანაწერი: „განმცხადებლის დაჟინებული თხოვნა იყო, რომ ჩაგვესწორებინა შინაარსი დასკვნით ფურცელზე. ის ითხოვდა, დაგვეწერა, რომ ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე მუდმივად, რაც არ შეეფერება სიმართლეს“ (იხ. აღწერის ოქმი).
შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულფასოვნად გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და დეტალურად შეისწავლა მოსარჩელის გ. მ-ას ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი, აღნიშნული განხორციელება მოხდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. რაც შეეხება სასამართლოს მითითებას იმასთან დაკავშირებით, თუ სად ცხოვრობს მოსარჩელე, აღნიშნული არ წარმოადგენს მოცემულ შემთხვევაში სააგენტოს კვლევის საგანს, მაშინ როცა სამხარაული ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე სააგენტო ახორციელებს ნგრევადი ობიექტიდან ფაქტობრივი მაცხოვრებლების გამოყვანას და საცხოვრებლით დაკმაყოფილებას რა დროსაც ამოწმებს, მითითებულ ნგრევად ობიექტში ცხოვრობს თუ არა დევნილი ოჯახი. ირეცხება თუ არა მოსარჩელის სახელზე უძრავი ქონება, კასატორის წარმომადგენლის მოსაზრებით,არ წარმოადგენს იმის პირდაპირ და უტყუარ მტკიცებულებას, რომ რადგან მის სახელზე მიმდინარე ეტაპზე ქონება არ ირიცხება, დევნილი ოჯახი ცხოვრობს ნგრევად ობიექტში.
ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება საქმის გარემოებების, საქმეში წარდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე მიიღო, რაც მისი მოსაზრებით, ქმნის გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 10 ნოემბრის №IDP 3 22 00000952 ბრძანების კანონიერება წარმოადგენს. ხსენებული ბრძანებით გ. მ-ას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არ ცხოვრების მოტივით.
საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით პირველი პუნქტით დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (შემდგომში - წესი) (დანართი №1). პალატა მიუთითებს აღნიშნული წესის მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; იმავე წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე წესის თანახმად, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს დადგენილი კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში).
განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ მოსარჩელე - გ. მ-ა არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით, გ. მ-ას ოჯახი შეფასდა 3 ქულით. 2.00 ქულა - საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთები ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში, სარდაფში ან მსგავსი ტიპის იმ არასაცხოვრებელ ფართში, რომლის საცხოვრებელ ფართად გარდაქმნა შეუძლებელია). 1 ქულა შშმ პირის სტატუსი. დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმის მიხედვით, გ. მ-ას მონიტორინგი განხორციელდა 2022 წლის 11 აგვისტოს ზუგდიდში, ... ქ. №222. გ. მ-ა ადგილზე გამოცხადდა სატელეფონო ზარის შემდეგ. მისი განმარტებით მისამართზე ცხოვრობს 2005 წლიდან. საქმეში დაცულია ... 2021 წლის 23 მარტის წერილი, რომლის თანახმად გ. მ-ა არის აბონენტი მისამართზე - ქ. ზუგდიდი, ... ქ. №222, ასევე დადგენილია, რომ ქ. ზუგდიდში, ... ქ. №22-ში 2020 წლის 20 ივნისს განხორციელებული მონიტორინგით შენობაში მცხოვრები 13 დევნილი ოჯახებიდან ერთ-ერთია გ. მ-ა, საოჯახო ნომრით - .... თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რ. შ-ას განმარტებით, გ. მ-ას იცნობს 2009 წლიდან, რომელიც არის ..., შესაბამისად ქვეყნის მასშტაბით უწევს საქმეებზე გასვლა, რა დროსაც გასაღებს ტოვებს, რათა მისი ტექნიკით ისარგებლონ. მართალია მისი ოჯახი უზრუნველყოფილია საცხოვრებლით სახელმწიფოს მიერ, თუმცა მეუღლის სამუშაო ადგილის გათვალისწინებით უწევთ აღნიშნულ მისამართზე გაჩერება, რაზეც ხელს უწყობს გონელი.
საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთგზის განიმარტა, რომ გარკვეულ შემთხვევებში, პირი შესაძლოა დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე იძულებული გახდეს დატოვოს საცხოვრებელი, რაც არ გულისხმობს იმას, რომ მან მიატოვა ჩასახლების ობიექტი, არ წარმოადგენს ასეთ ობიექტში მაცხოვრებელს და შესაბამისად, მას არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას. ნგრევად ობიექტში ცხოვრება თავისი სპეციფიკის გათვალისწინებითა და ფიზიკური პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შესაძლოა დაკავშირებული იყოს აღნიშნული ობიექტის გარკვეული დროით დატოვებასთან. პირადი და ოჯახის უსაფრთხოების მიზნით ობიექტის დროებით მიტოვება და სხვა საცხოვრებელში გადასვლის ფინანსური შესაძლებლობის ქონა ან/და ოჯახის წევრის ან ნათესავისგან დროებითი თავშესაფრის მიღება კი, არ შეიძლება იქცეს სააგენტოს მხრიდან დევნილი პირ(ებ)ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ვალდებულებისთვის თავის არიდების საშუალებად. საკასაციო სასამართლო ასევე დამატებით აღნიშნავს, რომ ის გარემოება, რომ პირისათვის ნგრევად-საშიშ ობიექტში ცხოვრების დავალდებულება (როგორც დაკმაყოფილების აუცილებელი პირობა) თავის მხრივ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით განმტკიცებულ ადამიანის უფლებებს (იხ.სუსგ საქმეზე №ბს-712(კ-23), 06.02.2024 წ.).
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების კანონის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ შეფასების გამო ვერ განხორციელდა მოსარჩელეთა დევნილი ოჯახის დაკმაყოფილება, რაც სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველს ქმნის.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 08 თებერვლის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა