საქმე №ბს-666(კ-24) 21 ნოემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – ჰ.მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირები – დ.ქ-ა (ასკ-ის 16.2), ვ.ქ-ა (ასკ-ის 16.1)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 17 ივლისს ჰ.მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის 25 აპრილს მან განცხადებით მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს და მასა და დ.ქ-ას შორის 29.04.2019წ. დადებული შეთანხმების საფუძველზე უძრავ ქონებაზე (ს.კ...) ვალდებულების რეგისტრაცია მოითხოვა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.07.2019წ. გადაწყვეტილებით ჰ.მ-ი ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა მომავალ მესაკუთრედ, თუმცა მოგვიანებით რეგისტრაცია მარეგისტრირებელმა ორგანომ გააუქმა.
ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2019 წლის 15 ივლისის №... გადაწყვეტილების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2019 წლის 15 ივლისის №... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 16 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
მოსარჩელემ, ასევე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, დ.ქ-ასთვის ქ. თბილისში, ...ის №2-ში მდებარე მის საკუთრებაში არსებული ს.კ. ... ქონებიდან 68.71 კვ.მ ფართის გასხვისებისა და უფლებრივი დატვირთვის აკრძალვა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის განჩინებით ჰ.მ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ჰ.მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შუამდგომლობის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 7 მაისის განჩინებით ჰ.მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის განჩინება.
2019 წლის 31 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა ჰ.მ-მა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 15.07.2019წ. №... გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 აგვისტოს განჩინებით ჰ.მ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
2019 წლის 19 აგვისტოს ჰ.მ-მა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოპასუხისათვის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ქ. თბილისში, ... ს.კ. ... მესაკუთრის ცვლილების რეგისტრაციის აკრძალვა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 აგვისტოს განჩინებით ჰ.მ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აეკრძალა ქ. თბილისში, ...ზე (...ის ...) მდებარე ს.კ. ... უძრავ ქონებაზე მესაკუთრის ცვლილების რეგისტრაცია.
2019 წლის 16 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა დ.ქ-ამ და ითხოვა მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაბმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 სექტემბრის განჩინებით დ.ქ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა დ.ქ-ა.
2019 წლის 17 სექტემბერს დ.ქ-ამ საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და 2019 წლის 21 აგვისტოს განჩინების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით დ.ქ-ას საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 აგვისტოს განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 7 მაისის განჩინებით დ.ქ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 აგვისტოს განჩინება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით ჰ.მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჰ.მ-ის წარმომადგენელმა 2019 წლის 25 აპრილს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის ...ში მდებარე (ს.კ...) უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. ჰ.მ-მა წარადგინა მასა და დ.ქ-ას შორის გაფორმებული 2010 წლის 29 აპრილის შეთანხმება, რომლითაც დ.ქ-ამ აიღო ვალდებულება, ჰ.მ-ისთვის გადაეცა თავის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისი, ...ის ...ში არსებული 700 კვ.მ-დან 68,71 კვ.მ., ოთახი №6 (ს.კ....) ყადაღის მოხსნისთანავე. თავის მხრივ, ჰ.მ-მა იკისრა დ.ქ-ასგან ზემოხსენებული უძრავი ქონების მიღების და საკუთარ თავზე გადაფორმების, ასევე, უძრავი ქონების გადაფორმების ხარჯების გადახდის ვალდებულება. ამავე შეთანხმების თანახმად, მხარეები ზემოაღნიშნული მოქმედების შესასრულებლად შეთანხმდებოდნენ დამატებით, კერძოდ, განსაზღვრავდნენ უძრავი ქონების გადაცემის ფორმას (ნასყიდობა, ჩუქება ან სხვა) და სხვა ტექნიკურ საკითხებს.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 3 მაისის №... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 3 ივნისის №... გადაწყვეტილების თანახმად, სარეგისტრაციო განცხადებაზე შეჩერების საფუძველი არ აღმოიფხვრა, ვინაიდან დამატებით წარსადგენი იყო უძრავი ნივთის გასხვისების ხელშეკრულება და ასევე, ყადაღის მოხსნის თაობაზე ჩასაბარებელი განცხადება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 4 ივნისის №... გადაწყვეტილებით განახლდა სარეგისტრაციო წარმოება, ხოლო მარეგისტრირებელი ორგანოს 2019 წლის 4 ივნისის №... გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო.
ჰ.მ-მა ადმინისტრაციული საჩივრით მარეგისტრირებელი ორგანოს 2019 წლის 3 ივნისის და 2019 წლის 4 ივნისის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები გაასაჩივრა. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარდგენილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 11.04.2018წ. გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 13.03.2019წ. განჩინება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ჰ.მ-ის სარჩელი დ.ქ-ას მიმართ უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 11 ივლისის №... გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ჰ.მ-ის წარმომადგენელის 2019 წლის 10 ივნისის საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 3 ივნისის №... გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 4 ივნისის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ. ამავე გადაწყვეტილებით ქონების სარეგისტრაციო დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს დაევალა №... სარეგისტრაციო წარმოების განახლება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 12 ივლისის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა და 2010 წლის 29 აპრილის შეთანხმების საფუძველზე, ჰ.მ-ი დარეგისტრირდა ქ. თბილისში, ...ის ...ში არსებული 548,10 კვ.მ-დან 68,71 კვ.მ., ოთახი №6 (საკადასტრო კოდით: №...) - უძრავი ქონების მომავალ მესაკუთრედ (უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული ვალდებულება).
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 ივლისის №... გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 12 ივლისის №... გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ ჰ.მ-ის მომავალი საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელებისას არასათანადოდ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
ჰ.მ-ის 2019 წლის 15 ივლისის №... პირობითი განცხადების საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაიწყო სარეგისტრაციო წარმოება ქ. თბილისში, ...ის ...ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 ივლისის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 16 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო.
ჰ.მ-მა ადმინისტრაციული საჩივრით მოითხოვა მარეგისტრირებელი ორგანოს 2019 წლის 15 ივლისის №... გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ვალდებულების რეგისტრაცია მოითხოვა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 16 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ჰ.მ-ის წარმომადგენელს 2019 წლის 14 აგვისტოს №... ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-4, 61 , მე-8, მე-9, მუხლებზე, ასევე, სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვარს №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის ინსტრუქციის“ მე-14 მუხლის მე-19 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია გამორიცხავს ამ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რაიმე სხვა უფლების/ვალდებულების ან საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციას, თუ შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა 2010 წლის 29 აპრილის შეთანხმებაზე, ასევე, საქმეში წარმოდგენილ სასამართლო გადაწყვეტილებებზე. სასამართლომ საგულისხმოდ მიიჩნია, რომ თავად 2010 წლის 29 აპრილის შეთანხმებით იქნა გათვალისწინებული ყადაღის მოხსნის შემდეგ უძრავი ქონების საკუთრების უფლების გადაცემისთვის მხარეთა შორის დამატებითი შეთანხმების საჭიროება. კერძოდ, აღნიშნული შეთანხმებით/გარიგებით დ.ქ-ამ აიღო ვალდებულება ყადაღის მოხსნისთანავე ჰ.მ-ისთვის გადაეცა თავის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება - ქ. თბილისში, ...ის ...ში არსებული 68.71 კვ.მ, ოთახი №6 (ს.კ....), ხოლო უძრავი ქონების გადაცემის ფორმა (ნასყიდობა, ჩუქება ან სხვა) და სხვა ტექნიკური საკითხები მხარეებს დამატებით უნდა განესაზღვრათ. სასამართლოს მითითებით, შეთანხმება მხარეთა შორის შედგა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების - ნივთზე ყადაღის რეგისტრაციის პირობებში, ხოლო ამ გარემოების შეცვლის შემთხვევაში - ყადაღის მოხსნის შემდეგ - საჭირო იყო მხარეები დამატებით შეთანხმებულიყვნენ, რასაც განსახილველ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია. მოცემულ შემთხვევაში, ჰ.მ-მა, მიუხედავად აღნიშნული დათქმისა/შეთანხმების პირობისა, ნივთის ყადაღისაგან გათავისუფლების შემდეგ, ამავე შეთანხმების საფუძველზე, მოითხოვა უძრავ ნივთზე ვალდებულების რეგისტრაცია, ნაცვლად მხარესთან ახალი შეთანხმების გაფორმებისა. სასამართლომ ნიშანდობლივად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2018 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა ჰ.მ-ის სარჩელი დ.ქ-ას მიმართ, ჩუქების დაპირების შესახებ 2010 წლის 29 აპრილის შეთანხმების საფუძველზე, ქ. თბილისში, ...ის ...ში მდებარე, დ.ქ-ას კუთვნილი 68.71 კვ.მ შენობა-ნაგებობისა და შესაბამისი წილი მიწის ნაკვეთი (ს.კ....) მესაკუთრედ ცნობის (უსასყიდლოდ ჰ.მ-ისთვის გადაცემის) თაობაზე. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის თანახმად, 2010 წლის 29 აპრილის შეთანხმება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 92-ე მუხლის საფუძველზე, წარმოადგენდა უცილოდ ბათილ გარიგებას, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე - ბათილ გარიგებას.
შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ჰ.მ-ის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტი არ ქმნიდა მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციის საფუძველს და რეგისტრაციის განხორციელება წინააღმდეგობაში მოდიოდა კანონმდებლობასთან, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს აკისრებდა ვალდებულებას, მასთან დაცული, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემები თავად გამოესწორებინა, მათ შორის, შესაბამისობაში მოეყვანა კანონმდებლის ნებასთან, რაც განახორციელა კიდეც გასაჩივრებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 ივლისის №... გადაწყვეტილებით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ კანონიერად იქნა მიჩნეული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 ივლისის №... გადაწყვეტილება, კანონიერი იყო, ასევე, აღნიშნულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებით გამოცემული გადაწყვეტილებაც.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ჰ.მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით მესამე პირად ჩაბმულ იქნა ვ.ქ-ა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ჰ.მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივრში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჰ.მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სასამართლოების მსჯელობა ალოგიკურია, ვინაიდან ერთი მხრივ, მიჩნეულ იქნა, რომ მხარეთა შორის დადებული 2010 წლის 29 აპრილის შეთანხმება ბათილია, ხოლო მეორე მხრივ აღინიშნა, რომ მხარეები დამატებით უნდა შეთანხმებულიყვნენ. ჰ.მ-ი რეგისტრაციით ითხოვდა წინარე ხელშეკრულების რეგისტრაციას და არა საკუთრების უფლების რეგისტრაციას. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების დადებისას მესამე პირთა ინტერესები არ შელახულა, რადგან ქონებაზე არსებული რეგისტრირებული ყადაღის პირობებში იგი არც გასხვისებულია და არც სხვა პირი გამხდარა სადავო ქონების მესაკუთრე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ჰ.მ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჰ.მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2019 წლის 15 ივლისის №... გადაწყვეტილების (სადავო უძრავი ქონების მომავალ მესაკუთრედ ჰ.მ-ის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ), სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2019 წლის 15 ივლისის №... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 16 სექტემბრის №... გადაწყვეტილების კანონიერება.
საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ...ში მდებარე, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება, ფართით 548.10 კვ.მ წარმოადგენდა დ.ქ-ას საკუთრებას.
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 თებერვლის №2/1695-16 განჩინებით დ.ქ-ას აეკრძალა უძრავი ნივთის - ქ. თბილისში, ...ის ...ში მდებარე 548.10 კვ.მ ფართიდან 68.71 კვ.მ ფართის (სკ. ... ), გასხვისება და მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთვა. აღნიშნული აკრძალვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა 2016 წლის 3 თებერვალს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ჰ.მ-მა 2019 წლის 25 აპრილს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ქ. თბილისში, ...ის ...ში მდებარე (ს.კ....) უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადებით წარდგენილ იქნა ჰ.მ-სა და დ.ქ-ას შორის გაფორმებული 2010 წლის 29 აპრილის შეთანხმება, რომლითაც დ.ქ-ამ აიღო ვალდებულება, ყადაღის მოხსნისთანავე ჰ.მ-ისთვის გადაეცა თავის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისში, ...ის ...ში არსებული 700 კვ.მ-დან 68.71 კვ.მ, ოთახი №6 (საკადასტრო კოდი:...). თავის მხრივ, ჰ.მ-მა იკისრა დ.ქ-ასგან ზემოხსენებული უძრავი ქონების მიღების და საკუთარ თავზე გადაფორმების, ასევე, უძრავი ქონების გადაფორმების ხარჯების გადახდის ვალდებულება. ამავე შეთანხმების თანახმად, მხარეები ზემოაღნიშნული მოქმედების შესასრულებლად შეთანხმდებოდნენ დამატებით, კერძოდ, განსაზღვრავდნენ უძრავი ქონების გადაცემის ფორმას (ნასყიდობა, ჩუქება ან სხვა) და სხვა ტექნიკურ საკითხებს.
მოგვიანებით, ჰ.მ-მა დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა ... საკადასტრო კოდზე 2010 წლის 29 აპრილის შეთანხმების რეგისტრაცია, ვალდებულების სახით. მარეგისტრირებელმა ორგანომ 2019 წლის 3 და 4 ივნისს მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები. ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გასაჩივრდა ჰ.მ-ის მიერ. ადმინისტრაციული წარმოების დროს, წარდგენილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 11.04.2018წ. გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 13.03.2019წ. განჩინება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ჰ.მ-ის სარჩელი დ.ქ-ას მიმართ უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც დ.ქ-ას აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული ქალაქ თბილისში, ...ის ...ში მდებარე უძრავი ქონების, კერძოდ, (ს.კ...) 548.10 კვ.მ ფართიდან 68.71 კვ.მ ფართის გასხვისება და მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთვა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 13 მარტის №2ბ/3979-18 განჩინებით.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 11 ივლისის №... გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ჰ.მ-ის წარმომადგენელის 2019 წლის 10 ივნისის №... საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 3 ივნისის №... გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 4 ივნისის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ. ამავე გადაწყვეტილებით ქონების სარეგისტრაციო დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს დაევალა №... სარეგისტრაციო წარმოების განახლება.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 12 ივლისის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა და 2010 წლის 29 აპრილის შეთანხმების საფუძველზე, ჰ.მ-ი დარეგისტრირდა ქ. თბილისში, ...ის ...ში არსებული უძრავი ქონების, კერძოდ, 548.10 კვ.მ-დან 68.71 კვ.მ ფართის მქონე ოთახი №6-ის (საკადასტრო კოდით: № ...) მომავალ მესაკუთრედ (უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული ვალდებულება).
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 ივლისის №... გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 12 ივლისის №... გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ ჰ.მ-ის მომავალი საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელებისას არასათანადოდ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 ივლისის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ დაინტერესებულმა პირმა არ წარადგინა მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც წარმოშობდა ვალდებულების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის საფუძველს. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 16 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 ივლისის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ჰ.მ-მა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 16 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს. საჯარო რეესტრი, მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განმარტებულია როგორც უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, სამისამართო და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრების ერთობლიობა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სასამართლო ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონით დადგენილი წესით დადებული ყადაღის, უფლების განკარგვის შეზღუდვისა და აკრძალვის, აგრეთვე რეგისტრაციის აკრძალვის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.
მითითებული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. დასახელებული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით კი განმარტებულია, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
ზემოაღნიშნული კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება: ა) საკუთრება; ბ) აღნაგობა, აღნაგობის უფლების იპოთეკით დატვირთვა; გ) უზუფრუქტი; დ) სერვიტუტი; ე) იპოთეკა; ვ) ქირავნობა, ქვექირავნობა; ზ) იჯარა, ქვეიჯარა; თ) თხოვება; ი) ლიზინგი; კ) საჯარო სამართლით გათვალისწინებული სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლებები; ლ) უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები; მ) სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ უპირატესი შესყიდვის უფლება. ამავე კანონის 12.1 მუხლის თანახმად, უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის უზრუნველსაყოფად შეიძლება ამ კანონით დადგენილი წესით მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ამ უფლების წინასწარი რეგისტრაცია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რეგისტრირებულ საკუთრებაში ცვლილების რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა უნდა წარადგინოს შესაბამისი უფლების წარმომშობი დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდება მისი მოთხოვნის საფუძვლიანობა კონკრეტულ უძრავ ნივთზე. თუკი მხარე ვერ უზრუნველყოფს აღნიშნული მოთხოვნის შესრულებას, მარეგისტრირებელი ორგანოს მიიღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ ა) განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად; ბ) განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტი ან ინფორმაცია არ არის წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით; გ) განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტი ან ინფორმაცია არ იძლევა ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობა-იპოთეკის საგნისა და სუბიექტის ან/და აგნის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის იდენტიფიკაციის საშუალებას.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილია, რომ მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ზემოაღნიშნული კანონის 61 მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დააზუსტოს, შეცვალოს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემები და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა. საჯარო რეესტრის უმთავრესი დანიშნულებაა სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ჰ.მ-მა სარეგისტრაციოდ წარადგინა მასა და დ.ქ-ას შორის დადებული 2010 წლის 29 აპრილის შეთანხმება. მითითებული შეთანხმების თანახმად, დ.ქ-ამ აიღო ვალდებულება, ყადაღის მოხსნისთანავე ჰ.მ-ისთვის გადაეცა თავის საკუთრებაში რიცხული ქ. თბილისში, ...ის ...ში მდებარე უძრავი ქონება, კერძოდ, 68.71 კვ.მ. ფართის მქონე ოთახი №6 (საკადასტრო კოდი: ...). ხსენებული შეთანხმება ასევე ითვალისწინებდა, რომ მხარეები ზემოაღნიშნული მოქმედების შესასრულებლად შეთანხმდებოდნენ დამატებით, კერძოდ, განსაზღვრავდნენ უძრავი ქონების გადაცემის ფორმას (ნასყიდობა, ჩუქება ან სხვა) და სხვა ტექნიკურ საკითხებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თავად მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებიდანვე ცხადია, რომ იგი პირობაზე იყო დამოკიდებული და სამომავლოდ თუ სადავო უძრავ ქონებას ყადაღა მოეხსნებოდა, ქონება საკუთრებაში უნდა გადასცემოდა ჰ.მ-ს. თუმცა შეთანხმებაშივე იყო მითითებული, რომ მხარეები შესაბამისი ფაქტობრივი მოცემულობის დადგომის პირობებში დამატებით განსაზღვრავდნენ უძრავი ქონების გადაცემის ფორმას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. ხელშეკრულებით შეიძლება წარმოიშვას მომავალი ხელშეკრულების დადების ვალდებულება. ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ფორმა ვრცელდება ასევე წინარე ხელშეკრულებაზედაც.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უფლების რეგისტრაციის წინაპირობად შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ სათანადოდ შედგენილი დოკუმენტი, რომლის წარდგენაც მარეგისტრირებელ ორგანოში უპირობოდ წარმოშობს შესაბამისი უფლების რეგისტრაციის ვალდებულებას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჰ.მ-სა და დ.ქ-ას შორის 2010 წლის 19 აპრილის ხელშეკრულების წარდგენა ავტომატურად ვერ გახდებოდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების განხორციელების წინაპირობა, არამედ წარმოშობდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და განმცხადებლისთვის დამატებითი ვადის მიცემის საფუძველს, რათა მხარეს, არსებობის შემთხვევაში, წარედგინა სხვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ: გასხვისების ხელშეკრულება), და ასევე, ყადაღის მოხსნის თაობაზე განცხადება. ნიშანდობლივია, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტების წარუდგენლობის გამო, მარეგისტრირებელი ორგანოს 2019 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება ჰ.მ-ის განაცხადთან დაკავშირებით. თუმცა, მოგვიანებით საკუთარი ინიციატივით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულ მონაცემებში ისე შეიტანა ცვლილება და დ.ქ-ასა და ჰ.მ-ს შორის დადებული 29.04.2010წ. ხელშეკრულების საფუძველზე, მომავალ მესაკუთრედ ჰ.მ-ი ისე დაარეგისტრირა, რომ განმცხადებელს სადავო უძრავ ქონებაზე სამომავლო საკუთრების უფლების წარმომშობი რაიმე სხვა სამართლებრივი დოკუმენტი არ წარუდგენია.
ამასთან, ნიშანდობლივია, რომ მარეგისტრირებელი ორგანოსთვის ადმინისტრაციული წარმოებისას (ჰ.მ-ის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის პროცესში) ცნობილი იყო სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით მიღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების თაობაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ჰ.მ-ის სარჩელი დ.ქ-ას მიმართ უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა შესასრულებლად საწარმოსთვის, დაწესებულებისთვის, ორგანიზაციისთვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისთვის და ისინი უნდა შესრულდეს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ჰ.მ-ის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის პერიოდისთვის მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა ზემოაღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 11.04.2018წ. გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 13.03.2019წ. განჩინება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავოდ გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პროცესუალური კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საზედამხედველო წარმოების წესებს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებას, აღსრულების წარმოების შედეგად გამოცემული აქტით აღსასრულებელი სასამართლო გადაწყვეტილებით დამდგარი სამართლებრივი შედეგის გადასინჯვის შესაძლებლობას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 265-ე მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება დაუშვებელია, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისებისა, რომელშიც ამავე კოდექსის მე-11 კარით გათვალისწინებული საქმის წარმოების განახლების საფუძვლები მოიაზრება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაუშვებელია კანონიერ ძალაში მყოფი სასამართლო გადაწყვეტილების დანაწესის დაძლევა მარეგისტრირებელი ორგანოს მოქმედებებითა თუ მის მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.
საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ დავაში კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 11.04.2018წ. გადაწყვეტილებით ჰ.მ-ის სარჩელი დ.ქ-ას მიმართ უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არსებითად დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის დადებული 2010 წლის 29 აპრილის შეთანხმება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 92-ე მუხლის საფუძველზე, წარმოადგენდა უცილოდ ბათილ გარიგებას, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე - ბათილ გარიგებას. მხარეთა შორის ძირითადი ხელშეკრულების დადებას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, დ.ქ-ას ჰ.მ-ისთვის სადავო უძრავი ქონების გადაცემის ვალდებულებაც არ დაკისრებია.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პრეიუდიციული ძალა ენიჭებათ ფაქტებს, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ (სსსკ-ის 106-ე მუხ. „ბ“ ქვ.პ.). სასკ-ის 1.2 მუხლიდან გამომდინარე, აღნიშნული დანაწესი ვრცელდება აგრეთვე ადმინისტრაციულ წესით განსახილველ საქმეებზეც (სუსგ 25.11.2021წ. №ბს-170(3კ-19); 12.09.2019წ. №ბს-1201(კ-18)). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათს და სავალდებულოა არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც (სუსგ №ას-1094-2020, 25.12.2020წ.). მოცემული დავისათვის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას მტკიცებულებითი მნიშვნელობა აქვს, კანონიერ ძალაში მყოფი სასამართლო გადაწყვეტილებით დასტურდება ჰ.მ-ის მოთხოვნის უსაფუძვლობა მხარეთა შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის კუთხით. განსახილველ შემთხვევაში, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტით დადგენილია ჰ.მ-სა და დ.ქ-ას შორის გაფორმებული 19.04.2010წ. შეთანხმების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარეგისტრაციო ჩანაწერი გამომდინარეობს კონკრეტული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან. მოცემულ შემთხვევაში, სარეგისტრაციო სამსახურმა 12.07.2019წ. გადაწყვეტილება, რომლითაც ცვლილება შევიდა რეგისტრირებულ ჩანაწერებში და მომავალ მესაკუთრედ მიეთითა ჰ.მ-ი, დააფუძნა მხარეთა შორის დადებულ 19.04.2010წ. შეთანხმებას. ჰ.მ-სა და დ.ქ-ას შორის დადებული შეთანხმების კანონიერების შემოწმების შედეგად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ სახეზე იყო გარიგების ბათილად მიჩნევის საფუძვლები, რის გამოც უარყოფილ იქნა ჰ.მ-ის სარჩელი სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე. ამდენად, დადასტურებულია, რომ არ იკვეთება ჰ.მ-ის უფლების წარმოშობის საფუძველი, რის გამოც სადავო უძრავ ქონებაზე ვალდებულების სახით მისი მომავალ მესაკუთრედ რეგისტრაცია უკანონო იყო და არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძვლები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ჰ.მ-ის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტი არ ქმნიდა მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციის საფუძველს და რეგისტრაციის განხორციელება წინააღმდეგობაში მოდიოდა კანონმდებლობასთან, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ორგანოს აკისრებდა ვალდებულებას მასთან დაცული, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემები თავად გამოესწორებინა, მათ შორის, შესაბამისობაში მოეყვანა კანონმდებლის ნებასთან, რაც განახორციელა კიდეც გასაჩივრებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 ივლისის №... გადაწყვეტილებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 ივლისის №... გადაწყვეტილების კანონიერად მიჩნევის პირობებში, არ არსებობდა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 16 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ნ.ჯ-ს ჰ.მ-ის საკასაციო საჩივარზე 26.07.2024წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ნ.ჯ-ს (პ/ნ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჰ.მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ნოემბრის განჩინება;
3. ნ.ჯ-ს (პ/ნ...) დაუბრუნდეს ჰ.მ-ის საკასაციო საჩივარზე 26.07.2024წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა