Facebook Twitter

№ბს-343(კ-24) 27 ნოემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა გ. ო-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია; მესამე პირები (სასკ 16.2) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 26 დეკემბერს გ. ო-მა სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 22 ნოემბრის №გ-... და 02 დეკემბრის №გ-... განკარგულებების ბათილად ცნობა და მიწის ნაკვეთებზე გ. ო-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 დეკემბრის და 2023 წლის 28 მარტის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ო-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ო-მა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინებით გ. ო-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის 1998 წლის 16 აპრილის №15/30 გადაწყვეტილებით შპს ,,...ს“ გამოეყო ...ის რაიონის …, … (... კმ) გზის ღერძიდან 60 მეტრის დაშორებით 3 ჰექტარი, ფაქტობრივად დაკავებული, სოფლის მეურნეობისათვის უვარგისი, დაქვიანებული ადგილი, ავტოგასამართი სადგურისა და მგზავრთა მომსახურების ავტოსადგომის ასაგებად. ამავე გადაწყვეტილებით, დადგენილ იქნა საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის გამოყოფილი მიწის სამაგიეროდ ახალი მიწის ათვისების ხარჯების ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე 2000 წლის 13 ივლისს შპს ,,...ს“ სახელზე აღირიცხა ...ის რაიონი, …ის საკრებულო, …ი, ... კმ 3.06 ჰა.

უძრავი ქონება, …ში, სოფელ …, … ... კმ. საკადასტრო კოდით ... (წინა ს/კ: ...) 2009 წლის 30 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრების უფლებით აღირიცხა გ. ო-ის სახელზე.

2021 წლის 18 იანვარს და პირველ ივნისს გ. ო-ის წარმომადგენელმა საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, უძრავ ქონებაზე, მდებარე, …ში, სოფელ …, … ... კმ. 18 იანვრის განცხადებით მოსარჩელე მოითხოვდა 8497 კვ.მ მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაციას, ხოლო პირველი ივნისის განცხადებით 2223,6 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2021 წლის 26 თებერვალს №... და 8 ივლისს №... წერილებით მიმართა რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად და გადააგზავნა გ. ო-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 22 ნოემბრის №გ-... და 2022 წლის 2 დეკემბრის №გ-... განკარგულებით გ. ო-ს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე.

სასამართლოს შეფასებით, აპელანტის (მოსარჩელე) მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთები (8 497 კვ.მ. და 2224 კვ.მ.) წარმოადგენდა გ. ო-ის (მოსარჩელე) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ფართს. თუმცა, როგორც საქმის მასალებით დგინდებოდა, გ. ო-მა ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება წინა მესაკუთრისგან - შპს „...სგან“ 2009 წელს („ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ) გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოიპოვა.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის წარმოადგენს სახელმწიფო ქონების განკარგვის ალტერნატიულ მექანიზმს, სამართლებრივ საფუძველს, რომელიც სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებას უკავშირებს ფაქტობრივ გარემოებას - პირის მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მიმართ არსებულ ფაქტობრივ, ინდივიდუალურ, განსაკუთრებულ კავშირს, დროის განგრძობად მონაკვეთში, რაც სახეზე არ გვაქვს ახალი მესაკუთრის შემთხვევაში.

გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ სალეგალიზაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთზე გადიოდა ქვესადგური … გამომავალი 6 კვ. ფიდერი №3 ელ. ქსელი და ხაზობრივი ნაგებობის (ს/კ ...) ფუნქციურად მოქმედი ძალიან მნიშვნელოვანი ... შემაერთებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო ელექტროგაყვანილობის ობიექტი და ხაზობრივი ნაგებობა, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთზე არ იყო შესაძლებელი საკუთრების უფლების აღიარება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ო-მა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ უსაფუძვლოა სასამართლოს შეფასება თითქოს გ. ო-ი არ წარმოადგენს სადავო მიწის დამკავებელ/მფლობელ პირს და არც შპს „...ს“ უფლებამონაცვლეს. საქმეში წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება, რითაც დასტურდება, რომ გ. ო-ი წარმოადგენდა სადავო მიწის მფლობელს, ასევე წარმოდგენილია შპს „...ს“ დირექტორის გ. ო-ის 2008 წლის 26 აგვისტოს №76 განცხადება, სადაც შპს „...ს“ დირექტორის გ. ო-ი მიმართავს ...ის მუნიციპალიტეტს და განმარტებულია, რომ შპს „...ს“ კუთვნილ მიწასა და შპს „ს…“ ღობეს შორის არსებული ორ ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი წლების განმავლობაში დაჭაობებული იყო გამოუყენებელი ყოველგვარი საქმიანობისთვის. 2000 წლიდან შპს „...ს“ დირექციამ ჩაატარა აღნიშნულ მიწის ფართობზე სადრენაჟო სამუშაოები და შემოზიდა ორიათასამდე კუბური მეტრი ინერტული მასალა. აღნიშნული მიწა შემოკავებულია და დღესაც იყენებს შპს „...“ თავისი საჭიროებისთვის.

საქმეში ასევე წარმოდგენილია შპს „ს…“ დირექციის 2008 წლის 25 აპრილის №97 ცნობა, რომლის თანახმად შპს „ს…“ დირექცია იძლევა ცნობას იმის თაობაზე, რომ შპს „ს…“ ღობეს და შპს „...ს“ საზღვარს შორის დარჩენილი მიწის მონაკვეთი, რომელიც დაჭაობებული და გამოუყენებელია იყო 1998 წლიდან მისი მოვლა/პატრონობას ეწეოდა შპს „...ს“ დირექცია. ცნობის მიხედვით, შპს „ს…“ დირექცია წინააღმდეგი არ იყო თუ აღნიშნული მიწის ფართობი გადაეცემოდა შპს „...ს“, პრეზიდენტის განკარგულებისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

საქმეში წარმოდგენილია აქტები შპს „რ…დან“ და შპს „სო…დან“ რომ არავითარი კომუნიკაცია არ გადის მიწის ნაკვეთზე. ამდენად, კასატორის შეფასებით, სახეზე იყო მოთხოვნილ მიწის ნაკვეთებზე გ. ო-ის საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ო-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ო-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხს მიწის ნაკვეთებზე გ. ო-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოპასუხისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ფიზიკური პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლებსა და წესებს განსაზღვრავს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია). ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა (მუხლი 1).

მოცემული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე.... და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2021 წლის 18 იანვარსა და პირველ ივნისს გ. ო-ის წარმომადგენელმა მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, უძრავ ქონებებზე, მდებარე, …ში, სოფელი …, … ... კმ, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. 2021 წლის 18 იანვრის განცხადებით მოსარჩელე მოითხოვდა 8497 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, ხოლო პირველი ივნისის განცხადებით 2223,6 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2021 წლის 26 თებერვალს №... და 8 ივლისს №... წერილებით გ. ო-ის განცხადებები, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გადააგზავნა რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 22 ნოემბრის №გ-... და 2022 წლის 2 დეკემბრის №გ-... განკარგულებით გ. ო-ს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე.

საქმეზე დგინდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: …, სოფელი …, … ... კმ. საკადასტრო კოდით ... (ნაკვეთის წინა ნომერი ...) 2009 წლის 30 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო გ. ო-ის სახელზე. მოთხოვნილი, უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთები მდებარეობდა, 2009 წლიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მომიჯნავედ.

გ. ო-ის საკუთრებაში მყოფ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დადგენილია, რომ საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის 1998 წლის 16 აპრილის №15/30 გადაწყვეტილებით, შპს „...ს“ გამოეყო ...ის რაიონის …ის მიწებიდან, … (... კმ) გზის ღერძიდან 60 მეტრის დაშორებით 3 ჰექტარი ფაქტობრივად დაკავებული სოფლის მეურნეობისათვის უვარგისი, დაქვიანებული ადგილი - ავტოგასამართი სადგურისა და მგზავრთა მომსახურების ავტოსადგომის ასაგებად. ამავე გადაწყვეტილებით, დადგენილი იყო საქართველოს მიწის მართვის, სახელმწიფო დეპარტამენტისთვის გამოყოფილი მიწის სამაგიეროდ ახალი მიწის ათვისების ხარჯების ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე 2000 წლის 13 ივლისს შპს „...ს“ სახელზე აღირიცხა ...ის რაიონში, …ის საკრებულო, …, ... კმ, 3.06 ჰა მიწის ნაკვეთი. შპს „...ს“ დამფუძნებლები იყვნენ გ. გ-ი, დ. ს-ე და პ. ა-ა. დირექტორი იყო დ. ს-ე. კასატორი - გ. ო-ი შპს „...ს“ დირექტორად დაინიშნა 2008 წლის 3 ივნისს, პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე. შპს „...ს“ დირექტორმა გ. ო-მა 2009 წლის 30 დეკემბრის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე, გაყიდა და გ. ო-მა იყიდა 30001.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი …ში, სოფელი …, …, ... კმ. ამდენად, უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთები 8 497 კვ.მ და 2224 კვ.მ წარმოადგენს 2009 წლიდან კასატორის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ფართებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად (2023 წლის 22 თებერვალი საქმე №ბს-915(კ-20)), - „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი ... დაინტერესებული პირისთვის ქმნის მოლოდინს ისეთ მიწაზე საკუთრების უფლების წარმოშობაზე, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაა, თუმცა მას ფაქტობრივად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კანონმა ასეთი პრივილეგია გაითვალისწინა ექსპლიციტურად იმ პირების მიმართ, რომელთაც არ გააჩნიათ მიწის ნაკვეთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი, მაგრამ ფაქტობრივად წლების განმავლობაში მინიმუმ კანონის ამოქმედებიდან (2007 წელი) - უფლების რეალიზაციის მომენტამდე აქვთ ფაქტობრივი კავშირი მიწის ნაკვეთთან. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი წარმოადგენს სახელმწიფო ქონების განკარგვის ალტერნატიულ მექანიზმს (მსგავს საკითხზე იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N2/3/522,553; II, 60-63;), სამართლებრივ საფუძველს, რომელიც სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებას უკავშირებს ფაქტობრივ გარემოებას - პირის მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მიმართ არსებულ ფაქტობრივ, ინდივიდუალურ, განსაკუთრებულ კავშირს, დროის განგრძობად მონაკვეთში, რაც სახეზე არ გვაქვს ახალი მესაკუთრის შემთხვევაში.

კანონი აქცენტს აკეთებს მიწის თვითნებურად დაკავებაზე 2007 წლამდე (კანონის ამოქმედებამდე), თუმცა მნიშვნელოვანია, რომ უფლების მოპოვება არ ხდება მომენტალურად, 2007 წლამდე მიწის ნაკვეთის დაკავების შემთხვევაში, უფლება არ ითვლება წარმოშობილად. თვითნებურად დაკავების ფაქტი უნდა იყოს განგრძობადი ხასიათის და უწყვეტი, უფლების რეალიზაციის, ადმინისტრაციული ორგანოსთვის განცხადების მიმართვის ეტაპამდე. პირი, რომელსაც 2007 წლამდე ჰქონდა მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაკავებული, ვერ მოიპოვებს საკუთრების უფლებას, თუკი მან შეწყვიტა ფლობა, ადმინისტრაციული ორგანოსათვის, საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით განცხადებით მიმართვამდე.

კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტში, ტერმინ - დაინტერესებული პირის განმარტებაში მითითებული სიტყვები „ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე“, გულისხმობს უშუალოდ დაინტერესებული პირის სავარაუდო მემკვიდრეს, რომელიც შესაძლოა იყოს როგორც ოჯახიდან, ასევე ოჯახის წრის გარეთ მყოფი პირი და უფლებამონაცვლეს, რომელიც მოცემული კანონის რეგულირების სფეროს თავისებურებიდან გამომდინარე, არის ოჯახის წევრი ან პირთან მჭიდროდ დაკავშირებული სხვა ის პირი, რომელიც ფაქტობრივად ამ პირთან ერთად ფლობდა და იყენებდა უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთს, მათ შორის, ოჯახის წევრი, თანამესაკუთრე (მსგავს საკითხთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება Nბს-190(კ-21)), თუმცა არა სხვა გარეშე პირი, მათ შორის მიწის ნაკვეთის გასხვისების შემთხვევაში ახალი მესაკუთრე, რომელსაც არ ჰქონდა კავშირი უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთთან 2007 წლამდე.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია სააპელაციო პალატის შეფასება, რომ ის გარემოება, რომ გ. ო-ი 2009 წლიდან იყო იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რომლის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებსაც წარმოადგენს უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთები, ვერ იქნება მიჩნეული საკუთრების უფლების აღიარებს საფუძვლად. გ. ო-მა მართალია შეიძინა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება, თუმცა იგი ვერ შეიძენდა ამ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას, თავად ამ უფლების არაგანკარგვადი ხასიათიდან გამომდინარე. შესაბამისად, მართალია კასატორი მიუთითებს, რომ შპს „...“ 2000-იანი წლებიდან ფლობდა საკუთრებაში არსებული მიწის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს, თუმცა გ. ო-ი თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში ვერ გახდება წინა მესაკუთრის - შპს „...ს“ უფლებამონაცვლე.

ამასთან, კასატორის პოზიციის თანახმად, შპს „...სგან“ მიწის ნაკვეთის შეძენამდეც, გ. ო-ი ფაქტობრივად ფლობდა მის მომიჯნავედ მდებარე, უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთებს (კასატორი მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებზე).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 22 ნოემბრის №გ-... განკარგულებით მოსარჩელეს უარი ეთქვა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის MAP.GOV.GE-ის 2000, 2006-2007, 2016-2017 წლების ორთოფოტოების მიხედვით მიწაზე ზემოქმედება არ დასტურდებოდა (მიწა არ იყო დამუშავებული, არ ჩანდა არც ხელოვნური და არც ბუნებრივი საზღვარი).

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 02 დეკემბრის №გ-... განკარგულებით მოსარჩელეს უარი ეთქვა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე (2224 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ ფლობა-სარგებლობის ფაქტი წარდგენილი კონფიგურაციით არ დასტურდებოდა, მიწაზე არ დასტურდებოდა ზემოქმედების კვალი, არ იყო ფიქსირებული საზღვარი.

ამასთან, მართლია საქმეზე წარმოდგენილია მოწმეთა განცხადება, რომლითაც ისინი ადასტურებენ გ. ო-ის მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივად ფლობას, თუმცა, მოწმეები, რომლებმაც დაადასტურეს უძრავი ნივთის ფლობის ფაქტი, როგორც საქმეზე დგინდება, ცხოვრობენ სხვაგან და უძრავი ნივთის მომიჯნავე ნაკვეთის მესაკუთრეებს არ წარმოადგენენ. ამასთან, მოწმეთა ჩვენება უნდა შეფასდეს, საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობით. მოწმეთა ჩვენებასა და ორთოფოტოთი, როგორც ობიექტური რეალობის ამსახველი მტკიცებულებით, დადგენილ რეალობას შორის წინააღმდეგობის არსებობის პირობებში, უპირატესობა სწორედ ორთოფოტოთი განსაზღვრულ მოცემულობას უნდა მიენიჭოს, რამდენადაც აღნიშნული მტკიცებულებით ასახული მდგომარეობა ობიექტურად დადასტურებულია, რომელიც შესაძლოა გაქარწყლდეს ან მისი მართებულობა ეჭვქვეშ დადგეს არა სუბიექტური ინფორმაციის შემცველი მოწმის ჩვენებით, არამედ მხოლოდ იმავე მტკიცებითი ძალის, ობიექტური გარემოებების ამსახველი მტკიცებულებებით (იხ. სუსგ №ბს-698-698(კ-18); 13.12.2018 წ.).

ამდენად, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს საფუძვლიანად მიაჩნია ადმინისტრაციული ორგანოსა და ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასება, რომ გარდა ზემოაღნიშნული სამართლებრივი არგუმენტებისა (მომიჯნავე მიწის ნაკვეთის გ. ო-ის სახელზე 2009 წლიდან რეგისტრაცია) არ დასტურდებოდა გ. ო-ის მიერ, 2007 წლამდე, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთების ფაქტობრივად ფლობა.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა - თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები.

საქმეზე დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთზე (8 497 კვ.მ) გადის ქვესადგური …დან გამომავალი 6 კვ. ფიდერი №3 ელ. ქსელი (სს „...“ 12.08.2021 წ.). ამასთან, ნაკვეთზე ასევე გადის ხაზობრივი ნაგებობა (ს/კ: ...), ფუნქციურად მოქმედი ძალიან მნიშვნელოვანი … შემაერთებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი (საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კომპანია 13.08.2021 წ.). ამდენად, მოცემული გარემოებები ასევე გამორიცხავდა შესაბამის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ი. ჭ-ას გ. ო-ის საკასაციო საჩივარზე 30/05/2024 წ. №22072238376 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ო-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინება;

3. ი. ჭ-ას (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 30/05/2024 წ. №22072238376 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ბ. შონია