საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1408(2კ-22) 20 ნოემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - სს „ ..."
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს ეროვნული ბანკი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2018 წლის 27 აპრილს სს „..."-ის წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ და მოითხოვა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 02 აპრილის №214-1კ განკარგულების ბათილად ცნობა.
სარჩელის თანახმად, სს "..." დაფუძნდა 2016 წლის 17 მარტს და 2016 წლის 5 მაისს ეროვნულმა ბანკმა გასცა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზია, შესაბამისად სს "..." 2016 წლიდან ეწევა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს ეროვნული ბანკის 2017 წლის 27 ოქტომბრის N865-1კ განკარგულებით, საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შემოწმება. შემოწმების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 30 ოქტომბრიდან 2017 წლის 11 ნოემბრამდე პერიოდი. საქართველოს ეროვნული ბანკის 2017 წლის 27 ოქტომბრის N891-1კ განკარგულებით, ცვლილება შევიდა 2017 წლის 27 ოქტომბრის შემოწმების განკარგულებაში, კერძოდ, შეიცვალა შემოწმების ვადა და იგი გაიზარდა 2017 წლის 30 ოქტომბრიდან 2017 წლის 18 ნოემბრის პერიოდით.
სარჩელში მითითებულია, რომ 2017 წლის 31 ოქტომბერს, კომპანიაში გამოცხადდა შემმოწმებელთა ჯგუფი და მოითხოვეს ინფორმაციის მიწოდება კონკრეტულად განსაზღვრულ ვადებში. დროის სიმცირის გამო, მათი მხრიდან დაფიქსირდა პროტესტი და განმარტეს, რომ შემოთავაზებულ თარიღებში (რიგ შემთხვევაში განისაზღვრა ორი და სამი დღე) მოთხოვნილი მასალების მიწოდება იყო შეუძლებელი, რაზედაც განემარტათ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ ჩაეტეოდნენ განკარგულებით განსაზღვრულ ვადაში. მოსარჩელის განმარტებით, მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილი გადაეგზავნათ ვადაზე ადრე, ნაწილი ვადაში, ხოლო გარკვეული ნაწილი ვადის გადაცილებით. სარჩელში მითითებულია, რომ შემოწმების დაწყებისას არ მოხდა გაფრთხილება, ვადაგადაცილების შემთხვევაში დაჯარიმების თაობაზე. მიუთითებს, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია სრულად გადაეცათ განკარგულებით განსაზღვრულ ვადაში (დასრულების თარიღზე ადრე) და მათთვის სასურველი ფორმით. მიუხედავად აღნიშნულისა, შემოწმების ვადა გაგრძელდა ერთი კვირით და მოთხოვნილი იქნა სრულიად სხვა ინფორმაცია, რომელიც არ იყო გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდების 2017 წლის 31 ოქტომბრის აქტით. წარმომადგენელი მიუთითებს, რომ შემოწმების დასრულებისას შედგა ინფორმაციის მიწოდების შესახებ მიღება - ჩაბარების აქტი, მიწოდების ვადების მითითებით. წარმომადგენლის განმარტებით, ოთხი თვის შემდგომ სს „...ს“ გადაეცა შემოწმების აქტი, ხოლო 2017 წლის 4 აპრილს გადაეცათ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 2 აპრილის N214-1კ განკარგულება, ფულადი ჯარიმების (18 600 ლარის) დაკისრების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით სს „...ის" სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი, 48-ე, 52-ე მუხლები, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, 551 მუხლები, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-3, მე-4, მე-6, მე-7 მუხლები, „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №5 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5, მე-7 მუხლები, სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 22 თებერვლის №18/01 ბრძანებით დამტკიცებული „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისა და საბროკერო კომპანიის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-2 მუხლი, ყურადღება გაამახვილა საქმეში წარდგენილ შემოწმების აქტში მითითებულ მსჯელობაზე და განმარტა, რომ მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ვალდებულება, განახორციელოს კლიენტის იდენტიფიკაცია წარმოადგენს პროცედურების ერთობლიობას, რომელიც მოიცავს კლიენტის (აქციონერების) უშუალო იდენტიფიკაციას, კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრეების, კლიენტის რეალური საქმიანობის სფეროს, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მიზნის და განზრახული ხასიათის შესახებ ინფორმაციის დადგენას, რისკების სათანადო ანალიზის საფუძველზე რისკის შესაბამისი დონის მინიჭებას, მინიჭებული რისკის შესაბამისი პროცედურების განხორციელებას და კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მუდმივ მონიტორინგს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი იმ გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, რომ სადავო განკარგულებაში მითითებულ 22 ფაქტთან დაკავშირებით მის მიერ დაცულია იდენტიფიკაციის ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებით დადგენილი მოთხოვნები. სასამართლომ მიიჩნია, რომ სს „...“-ის მიერ დარღვეულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით და „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით დადგენილი იდენტიფიკაციის წესი.
რაც შეეხება მოსარჩელე მხარის პოზიციას, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ალტერნატიული სანქციის გამოყენების თაობაზე, აღნიშნულზე მსჯელობის ფარგლებში, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 551 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, ამავე მუხლის მე-2 პუნქტი და განმარტა, რომ კანონმდებელი საქართველოს ეროვნულ ბანკს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე, არათანამიმდევრულად გამოიყენოს მითითებული სანქციები. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული მოსარჩელის მიერ „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით დადგენილი იდენტიფიკაციის წესის დარღვევის 22 ფაქტი, სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია და მიიჩნია, რომ დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიმართ სანქციის სახით ჯარიმის დაკისრება შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე და განმარტა, რომ კანონმდებელი დეტალურად განსაზღვრავს იმ საკითხების ჩამონათვალს, რომელსაც უნდა ითვალისწინებდეს მონიტორინგის განმახორციელებელი პირის მიერ შემუშავებული შიდა კონტროლის წესი. ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ სს „...“-ის დირექტორის 2016 წლის 15 აპრილის ბრძანებით დამტკიცებულ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის შიდა ინსტრუქციის შინაარსზე და მიიჩნია, რომ მითითებული დოკუმენტი შეიცავს ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ზოგად დებულებებს და არ ითვალისწინებს იმ წესებს და პროცედურებს, რაც ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ, საქმიანობის კანონშესაბამისად განხორციელების წინაპირობას წარმოადგენს.
რაც შეეხება მოსარჩელის ლიცენზირების ეტაპზე საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შიდა ინსტრუქციის წარდგენის საკითხს, სასამართლომ მიუთითა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 09 მარტის №33/01 ბრძანებით დამტკიცებული „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზირების, ფინანსური ანგარიშგების წარდგენის, კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის საქმიანობის შეწყვეტის წესის“ მე-3 მუხლზე, რომლითაც კანონმდებელი ამომწურავად განსაზღვრავს იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელიც ლიცენზიის მაძიებელმა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზიის მიღების მიზნით უნდა წარუდგინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს. გასათვალისწინებლად მიიჩნია, რომ მითითებული სამართლებრივი ნორმა ლიცენზირების ეტაპზე შიდა ინსტრუქციის (შიდა კონტროლის წესის) წარდგენის ვალდებულებას არ ითვალისწინებს, შესაბამისად, ვერ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია და მიიჩნია, რომ სს „...“-ის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორად ლიცენზირების ეტაპზე საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასების საკითხს შიდა ინსტრუქციის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა არ წარმოადგენდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შემოწმების ეტაპზე სს „...“-მა ვერ წარადგინა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შიდა ინსტრუქცია და შესაბამისად, პროცედურებისა და წესების დაცვის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია, მიიჩნია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციის ოდენობის განსაზღვრისას კანონშესაბამისად იხელმძღვანელა დარღვევის გამოვლენის დროს მოქმედი კანონმდებლობით.
რაც შეეხება შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის მოთხოვნილი ფორმით და ვადებში წარუდგენლობის საკითხს, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტზე, ასევე მიუთითა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 14 თებერვლის №35/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეთა მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის“ მე-5 მუხლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე და მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმით, კანონმდებელი ცალსახად განსაზღვრავს, რომ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს ჯარიმა დაეკისრება ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილ თითოეულ ინფორმაციასთან მიმართებით დამოუკიდებლად. სასამართლოს მსჯელობით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სს „...“-ს ინფორმაციის წარდგენის ვადა დარღვეული აქვს 7 მოთხოვნასთან მიმართებით, გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია და მიიჩნია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის დაკისრება თითოეულ ფაქტზე შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სს „...“-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით სს „...“-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. სს „...“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 02 აპრილის №214-1კ განკარგულების მე-2 პუნქტი სს „...“-ისათვის 4000 ლარის ჯარიმის დაკისრების ნაწილში (ამავე ბრძანების მე-4 პუნქტით განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა 18600 ლარი შემცირდეს 4000 ლარით). დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი, მე-3, 48-ე, 52-ე მუხლები, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 41-ე და 44-ე პუნქტები, 551 მუხლის პირველი პუნქტი, სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №5 ბრძანებით დამტკიცებული „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის“ მე-5 მუხლი, ასევე მიუთითა სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-7, მე-10, მე-101 მე-102, მე-13, მე-131 პუნქტები და დადგენილად მიიჩნია, რომ იმ გარიგებების თანხა, რომლის მიმართაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგინდა იდენტიფიკაციის დადგენილი წესის დარღვევა, აღემატებოდა 3 000 ლარს და, რომ მითითებული სამართლებრივი ნორმის საფუძველზე სს „...-ს“ ეკისრებოდა როგორც კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება მესამე პირის სასარგებლოდ იდება) იდენტიფიკაციის, ასევე გონივრული ზომების მიღების ვალდებულება მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოს ის მსჯელობა, რომ კანონმდებელი მონიტორინგის განმახორციელებელ პირს ანიჭებს უფლებამოსილებას თავად განსაზღვროს თუ რა მექანიზმების და ღონისძიებების გამოყენებით განახორციელებს კლიენტის იდენტიფიკაციას, თუმცა, მნიშვნელოვნად მიიჩნია გამოყენებულ პროცედურებს გააჩნდეს ქმედითი ხასიათი და შედეგად მონიტორინგის განმახორციელებელი პირის მიერ შესრულებული იყოს ამავე საკანონმდებლო აქტით დადგენილი კლიენტის იდენტიფიკაციის ვალდებულება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მონიტორინგის განმახორციელებელი პირის - სს „...“-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტაციით ვერ დადგინდა, რიგ შემთხვევაში ბენეფიციარი მესაკუთრეები, მონიტორინგის განმახორციელებელ პირმა შემოწმების ეტაპზე ვერ წარადგინა ბენეფიციარი მესაკუთრისა და ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები; ასევე, მონიტორინგის განმახორციელებელი პირის - სს „...“-ის მიერ არ არის დადგენილი კლიენტების საქმიანობის სფერო, კერძოდ, განმარტა, რომ შეუძლებელია კლიენტის რეალური საქმიანობის სფეროს დადგენა; ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მონიტორინგის განმახორციელებელი პირის მიერ არ არის დადგენილი კლიენტების ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან (სს „...“) საქმიანი ურთიერთობის დამყარების მიზანი და განზრახული ხასიათი; ასევე დირექტორებისა და ბენეფიციარი მესაკუთრე პირ(ებ)ის (ბენეფიციარ მესაკუთრეებად მიჩნეული პირ(ებ)ის) საიდენტიფიკაციო დოკუმენტები არ არის სათანადო წესით დამოწმებული; ბენეფიციარი მესაკუთრე პირ(ებ)ის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები არ არის სათანადო წესით დამოწმებული. ამასთან მიიჩნია, რომ სს „...“-ის მიერ ვერ იქნა წარდგენილი კლიენტების სათანადო წესით დამოწმებული საიდენტიფიკაციო დოკუმენტი; დადგენილად მიიჩნია, რომ სს „...ას“ რიგ შემთხვევებში კლიენტებისთვის არ მიუნიჭებია რისკის დონე და არ განხორციელებულა კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მუდმივი მონიტორინგი. ამასთან, მითითებული კლიენტების მიმართ არ განხორციელებულა იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის რაიმე სხვა ზომა; ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სს „...ას“ კლიენტების მიმართ არ განუხორციელებია მათთვის მინიჭებული რისკის შესაბამისი იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის ზომები. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადასტურებული იქნა სს „...“-ის „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის და „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №5 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის და 51 მუხლის დარღვევის 22 ფაქტი (იდენტიფიკაციის დადგენილი წესის დაუცველად პირისათვის გარიგების (ოპერაციის) განხორციელება), განმარტა, რომ აპელანტის (მოსარჩელე) მიერ სააპელაციო წესით საქმის განხილვისას ვერ იქნა წარდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც გაბათილდებოდა მოპასუხე მხარის არგუმენტები. ამდენად, მართებულად მიიჩნია ფულადი ჯარიმის თითოეულ ფაქტზე - 300 (სამასი) ლარის ოდენობით, საერთო თანხით - 6 600 (ექვსი ათას ექვსასი) ლარის დაკისრება. განმხილველმა სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის (მოსარჩელე) ის განმარტება, რომ იდენტიფიკაციის დადგენილი წესის დაუცველობის საფუძვლით სახეზე არ ყოფილა 22 დარღვევა (თუ ეს დარღვევად მიიჩნევა), არამედ იყო ერთგვაროვანი ხასიათის ხარვეზები და ამასთან არ იყო მძიმე ან საგანგაშო ხასიათის ფაქტი.
რაც შეეხება სადავო აქტის მე-2 პუნქტში მითითებულ დარღვევას, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ ნაწილშიც გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და დადასტურებულად მიიჩნია შიდა კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობა, თუმცა ვერ გაიზიარა მოპასუხე მხარის განმარტება ფულადი ჯარიმის სახით - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით დაკისრების თაობაზე. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 22 თებერვლის №18/01 ბრძანებით დამტკიცებულ „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისა და საბროკერო კომპანიის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის” მე-2 მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტზე აპელირებით, რომელიც ადგენს - „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი, საბროკერო კომპანია ან მათი მმართველი ორგანოს წევრი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ორგანიზაციის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული შიდა კონტროლის პროცედურისა და წესების მიღებას და/ან აღნიშნული შიდა კონტროლის პროცედურისა და წესების დაცვას დაჯარიმდება 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით“, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვერ იქნა დადასტურებული კონკრეტულ შემთხვევაში რატომ იქნა გამოყენებული საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 14 თებერვლის №35/04 ბრძანებით დამტკიცებულ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეთა მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის“ მე-5 მუხლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი, მაშინ როდესაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 22 თებერვლის №18/01 ბრძანებით დამტკიცებულ „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისა და საბროკერო კომპანიის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის” მე-2 მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტი, შიდა კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულების დარღვევისათვის უფრო ნაკლებ სანქციას ითვალისწინებს. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შემოწმების ეტაპზე სს „...მა“ ვერ წარადგინა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შიდა ინსტრუქცია და შესაბამისად პროცედურებისა და წესების დაცვის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით არსებობს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 22 თებერვლის №18/01 ბრძანებით დამტკიცებულ „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისა და საბროკერო კომპანიის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის” მე-2 მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის დაკისრების წინაპირობა. ამდენად, სააპელაციო პალატამ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 02 აპრილის №214-1კ განკარგულების მე-2 პუნქტი, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის - სს „...“-ისათვის 5000 ლარიდან 4000 ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმის დაკისრების ნაწილში მიიჩნია უსაფუძვლოდ. შესაბამისად შეამცირა ამავე ბრძანების მე-4 პუნქტით განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა - 18600 ლარი 4000 ლარით.
რაც შეეხება ლიცენზირების ეტაპზე საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შიდა ინსტრუქციის წარდგენის საკითხს, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 09 მარტის №33/01 ბრძანებით დამტკიცებული „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზირების, ფინანსური ანგარიშგების წარდგენის, კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის საქმიანობის შეწყვეტის წესის“ მე-3 მუხლზე, რომლითაც კანონმდებელი ამომწურავად განსაზღვრავს იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელიც ლიცენზიის მაძიებელმა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზიის მიღების მიზნით უნდა წარუდგინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს. გასათვალისწინებლად მიიჩნია, რომ მითითებული სამართლებრივი ნორმა ლიცენზირების ეტაპზე შიდა ინსტრუქციის (შიდა კონტროლის წესის) წარდგენის ვალდებულებას არ ითვალისწინებს.
სააპელაციო სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სს „...“-ს შორის გაფორმებულ „ინფორმაციის მიწოდების შესახებ“ შეთანხმებაზე, რომლითაც განისაზღვრა 9 მოთხოვნა და ამასთან სს „...“-ის მიერ ინფორმაციის მიწოდების საბოლოო თარიღები. მიუთითა საქმეში წარმოდგენილ სს „...“-ის დირექტორის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტზე, რომლითაც მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებულ 7 მოთხოვნასთან მიმართებით (1. კლიენტთა ბაზა (რეგისტრირებული პირები), 2. კლიენტთა ბაზა (ემიტენტები), 3. სს „ა...ის“, სს „ან...ის“, სს „ე...ის“ და სს „თ.“-ის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის დოკუმენტები, 4. ...ის რეზიდენტი ფიზიკური პირის (კლიენტის) იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის დოკუმენტები, 5. ...ს რეზიდენტი იურიდიული პირის (კლიენტის) იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის დოკუმენტები, 6. 2017 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 ივლისამდე ორგანიზაციის მიერ ეროვნულ ბანკში წარდგენილი ანგარიშგებაში ასახული მაღალი რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე და სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების დასახელების, რეზიდენტობის, განხორციელებული ოპერაციების მოცულობის და საიდენტიფიკაციო კოდის/ნომრის შესახებ ინფორმაცია, 7. მაღალი რისკის კატეგორიის რეზიდენტი 11 იურიდიული პირის, მაღალი რისკის კატეგორიის არარეზიდენტი 1 ფიზიკური პირის, დაბალი რისკის კატეგორიის არარეზიდენტი 4 იურიდიული და 4 ფიზიკური პირის დასახელების, რეზიდენტობის, განხორციელებული ოპერაციების მოცულობის და საიდენტიფიკაციო კოდის/ნომრის შესახებ ინფორმაცია) მოსარჩელის მიერ დარღვეულია ეროვნული ბანკისთვის მოთხოვნილ ვადებში ინფორმაციის წარდგენის ვადა. მიუთითა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 14 თებერვლის №35/04 ბრძანებით დამტკიცებულ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეთა მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის“ მე-5 მუხლის მე-4 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სს „...ის“ მიერ ინფორმაციის წარდგენის ვადა დარღვეულია 7 მოთხოვნასთან მიმართებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია და მიიჩნია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის (1 000 ლარი) დაკისრება თითოეულ ფაქტზე (ჯამში 7 000) შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სს „..."-ის და საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლების მიერ. სს „..."-ის წარმომადგენელმა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფარგლებში მოითხოვა სს „...ას" სრულად ეთქვას უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
კასატორი - სს „...ის“ წარმომადგენელი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მიიჩნევს, რომ საქმის განმხილველ სასამართლოს ყურადღება უნდა გაემახვილებინა საქართველოს ეროვნული ბანკის ფუნქციაზე და როლზე, რომელიც კანონით აკისრებს საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობის და გამჭვირვალობის ხელშეწყობას, ასევე ავალდებულებს ხელი შეუწყოს საფინანსო სისტემის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას, კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას, სისტემური რისკის კონტროლს და ასევე პოტენციური რისკების შემცირებას. წარმომადგენლის მსჯელობით, ეროვნულმა ბანკმა, რომელიც ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელ ორგანოს წარმოადგენს, კარგად იცოდა სს „...ის“ წლიური საოპერაციო შემოსავალი, რომელიც ჯამში შეადგენდა 16 000 ლარს და მიუხედავად აღნიშნულისა ჯარიმის სახით დააკისრა 18 000 ლარის გადახდა, რაც კასატორის მსჯელობით, გადამეტებულად მკაცრ ზომას წარმოადგენს და მისივე მოსაზრებით, ეწინააღმდეგება ეროვნული ბანკის მოვალეობებს დაიცვას საფინანსო სისტემის სტაბილურობა და მდგრადობა, მით უფრო ერთი წლის შექმნილ კომპანიასთან. შემოწმების მიზანს წარმოადგენს კანონის აღსრულების უზრუნველყოფა და არა ჯარიმის დაკისრება. საჩივრის ავტორის განმარტებით, ეროვნული ბანკი, როგორც მარეგულირებელი კერძო და საჯარო დიალოგის ფორმატში, ვალდებულია უზრუნველყოს ცნობიერების ამაღლება კერძო სექტორში მის მიერ მიღებული და მის მიერ ინიცირებული კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულებაზე. მიიჩნევს, რომ ეროვნულმა ბანკმა გამოიყენა არათანმიმდევრული მიდგომა, რომლის უფლება აქვს მხოლოდ სერიოზული რისკის შემთხვევაში და აღნიშნულის საფუძველი არ გააჩნდა მოცემულ შემთხვევაში. მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიმართ მიდგომა იყო მკაცრი რაც დისკრეციული უფლების არასათანადოდ გამოყენებას წარმოადგენს.
დავის საგანთან დაკავშირებით, კასატორი აღნიშნავს, რომ იდენტიფიკაცია - ვერიფიკაცია განხორციელდა ყველა იმ დოკუმენტის საფუძველზე, რაც შესაბამისი პროცედურის მათ მიერ სწორად განხორციელების გონივრული ვარაუდის საფუძველს აძლევდა. ეროვნულმა ბანკმა აღნიშნული არ მიიჩნია საკმარისად, თუმცა არც შემოწმების აქტში და არც სასამართლო სხდომაზე არ მიუთითა თუ რა გზით უნდა მომხდარიყო იდენტიფიკაცია - ვერიფიკაცია. წარმომადგენლის მსჯელობით, პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის განხილვისას დასმულ შეკითხვაზე, ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა დააფიქსირა საკუთარი სუბიექტური მოსაზრებები და განმარტა, რომ აღნიშნული არ იყო გათვალისწინებული ნორმატიული აქტით ან რაიმე დოკუმენტური სტანდარტით. კასატორი აკონკრეტებს, რომ იდენტიფიკაცია - ვერიფიკაცია სს „...მა“ განახორციელა სანდო და დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით და სხვა საშუალება უბრალოდ არ არსებობს. აპელირებს სასამართლოს იმ ჩანაწერზე, სადაც მითითებულია, რომ მონიტორინგზე უფლებამოსილი პირები თავად განსაზღვრავენ აღნიშნულ პროცედურას, შესაბამისად სს „...მა“ განსაზღვრა და არასაკმარისობის პირობებში, ეროვნულ ბანკი ვალდებული იყო უპირველესად გაეცა მითითებები და შენიშვნები შესაბამისი დასაბუთებით. ჩამოთვლილი კლიენტების ბენეფიციარი მესაკუთრეების და ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების საიდენტიფიკაციო დოკუმენტების წარუდგენლობაზე მითითების ნაწილში, კასატორი არ იზიარებს სასამართლოს აღნიშნულ მსჯელობას და მიუთითებს, რომ საქმეში წარდგენილია ჩამოთვლილი კომპანიების ბენეფიციარი მესაკუთრეების და წარმომადგენლების საიდენტიფიკაციო დოკუმენტები, რომელიც წარედგინა ეროვნულ ბანკს შემოწმების ეტაპზე. გასათვალისწინებლად მიიჩნევს, რომ მითითებული კომპანიების უმრავლესობა მონაწილეობდნენ ანაკლიის პროექტში და შესაბამისად, მათი საქმიანობის შესახებ ცნობილი იყო საჯაროდაც.
კასატორი ასევე არ იზიარებს საქმის განმხილველი სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ სს „...ას“ არ მოუხდენია კლიენტის მასთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მიზნის და განზრახულობის შესწავლა. აპელირებს საქართველოს კანონის “ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ მე-40 მუხლის მე-9 პუნქტზე და მიიჩნევს, რომ კლიენტს არ შეიძლება გააჩნდეს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების მიმართ რაიმე სხვა განზრახულობა ან მიზანი.
ასევე არ იზიარებს სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ კლიენტების ბენეფიციარი მესაკუთრეების საიდენტიფიკაციო დოკუმენტები არ იყო სათანადოდ დამოწმებული. აღნიშნულზე წარმომადგენელი განმარტავს, რომ წარდგენილი იყო კლიენტების დოკუმენტაცია, წესდება, ამონაწერები სათანადოდ დამოწმებული ან ორიგინალი და შეიცავდა მათი ბენეფიციარი მესაკუთრეების რეკვიზიტებსაც. ხელმოწერით დამოწმებული არ იყო მხოლოდ პირადობების ასლები. მიუთითებს, რომ ამ პროცედურას ახორციელებდა მხოლოდ დირექტორი, რომელმაც პირადად გადაიღო დოკუმენტების ასლები და დარწმუნდა რომ ასლის გადაღება ხდებოდა დედანი დოკუმენტიდან, შესაბამისად მიიჩნევს, რომ არ არსებობდა არანაირი რისკი. რაც შეეხება იმ მსჯელობაზე, რომ მოსარჩელეს არ განუხორციელებია მითითებულ კლიენტებზე რისკის დონე, აღნიშნულსაც მიიჩნევს მცდარ მსჯელობად და განმარტავს, რომ რისკის მატარებლად მიჩნეულ ყველა კლიენტს მინიჭებული ჰქონდა შესაბამისი რისკის დონე.
კასატორი მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე, ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა დაადასტურა რომ მათი მითითებები, თუ როგორ უნდა ხდებოდეს საქმიანობის დადგენა, განზრახულობა, მიზანი და სხვა წარმოადგენდა ეროვნული ბანკის წარმომადგენლის სუბიექტურ მოსაზრებებს და არ არსებობს რაიმე აქტი ან ოფიციალური სტანდარტი ან თუნდაც რეკომენდაცია, რომელიც ადგენს აღნიშნულ წესებს. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ ეროვნულმა ბანკმა ვერ მოახერხა მისი აქტის კანონიერების დამტკიცება. წარმომადგენლის მსჯელობით, გასაჩივრებული აქტით და შემოწმების აქტით არ დგინდება თუ რა საფუძვლით დაერიცხათ 6 600 ლარი იდენტიფიკაციის დადგენილი წესით დაუცველად პირისათვის გარიგების განხორციელების 22 ფაქტზე. მიიჩნევს, რომ შემოწმების აქტში მითითებული ეგრეთწოდებული ხარვეზები არის ზოგადი, ბუნდოვანი და სუბიექტური.
კასატორი ასევე ყურადღებას ამახვილებს ვადებზე. მიუთითებს, რომ ეროვნულმა ბანკმა მოითხოვა ინფორმაციის წარდგენა მის მიერვე განსაზღვრულ ვადებში, რიგ შემთხვევაში ვადად განისაზღვრა ორი ან სამი დღე. აღნიშნული ვადის სიმცირის გაპროტესტების შემდეგ განემარტათ, რომ ვადების ამ ფორმით მითითება აუცილებელი იყო შემოწმების განკარგულებით განსაზღვრული ვადებისათვის. კასატორის განმარტებით, მოთხოვნილი ინფორმაცია წარდგენილი იქნა დადგენილ ვადებში, თუმცა რამდენიმე დღის შემდგომ განემარტათ, რომ ინფორმაცია უნდა წარედგინა სხვა ფორმატში, რასაც დამატებით დასჭირდა დრო და შესაბამისად ჩაეთვალათ ინფორმაციის წარდგენა ვადის დარღვევით. მიუთითებს, რომ ვადების დარღვევა არ გამოუწვევია მოსარჩელის მიერ რაიმე ვალდებულების დარღვევას ან თანამშრომლობაზე უარს, არამედ გამოიწვია იმ ობიექტურმა დრომ რასაც საჭიროებდა ინფორმაციის მომზადება. მიუთითებს რეგულაციაზე, კერძოდ, „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის N5 ბრძანების მე-5 მუხლის მე-4 ნაწილის "ჯ" პუნქტზე, რომლითაც გათვალისწინებულია ჯარიმა - 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, საბროკერო კომპანიის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის შემოწმების პროცესში, ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის მოთხოვნილი ფორმით ან ვადებში წარუდგენლობის ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, წერილში მითითებულ თითოეულ მოთხოვნაზე". წარმომადგენლის მსჯელობით, მოცემულ შემთხვევაში დოკუმენტების გამოთხოვა არ მომხდარა წერილით, შესაბამისად სახეზე არ არის გარემოება, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას.
მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მსჯელობით, ეროვნულმა ბანკმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს უსწორობა, და მისი არსებობის შემთხვევაში რა გზებით, საშუალებებით და ღონისძიებებით შეიძლება მისი აღმოფხვრა, შესაბამისად, მიუხედავად ჯარიმის დაკისრებისა, სს „...ს“ არ აქვს საშუალება თავიდან აირიდოს შემდგომი ხარვეზები რაც წარმომადგენლის მსჯელობით, აყენებს სერიოზული რისკის ქვეშ.
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ჯარიმის ოდენობის შემცირების ნაწილში გამოიყენა სამართლებრივი ნორმა, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. ყურადღებას ამახვილებს გადაწყვეტილების იმ პუნქტზე რომლითაც გაზიარებული იქნა შიდა კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობა, თუმცა, სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული ფულადი ჯარიმის სახით - 5000 (ხუთი ათასი) ლარის დაკისრება. აპელირებს კონკრეტული დარღვევის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მისადაგებულ ნორმაზე, ასევე მიუთითებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 22 თებერვლის N18/01 ბრძანებით დამტკიცებული „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისა და საბროკერო კომპანიის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ აღნიშნული სამართლებრივი აქტების მითითებული ქვეპუნქტები თითქმის იდენტური შინაარსის მატარებელია, თუმცა მათ შორის მაინც არსებობს ის მნიშვნელოვანი განსხვავება, რომლითაც იხელმძღვანელა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და უპირატესობა მიანიჭა მითითებული ნორმის გამოყენებას. მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის მიერ მისადაგებული რეგულაცია მიუთითებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის რეგისტრატორის ან/და ადმინისტრატორის მიერ ისეთი პროცედურებისა და წესების მიღება ფასიანი ქაღალდების ან/და დაცვა, რომლებიც უზრუნველყოფს, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის, შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობას, ასევე უფრო დეტალური და კონკრეტულია თავისი შინაარსით. მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული ნორმა შეეხება მხოლოდ შიდა კონტროლის პროცედურისა და წესების მიღებას და მათ დაცვას და არ ითვალისწინებს პოლიტიკა - პროცედურების წესების შესაძლებლობებს მონიტორინგის განხორციელების კუთხით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 დეკემბრის და 2023 წლის 7 მარტის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს „..."-ის და საქართველოს ეროვნული ბანკის საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა დადგინდა მხარეთა დასწრებით. პალატის 2024 წლის 10 ივლისის სასამართლო სხდომაზე მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდგომ, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის განხილვა დადგინდა ზეპირი მოსმენის გარეშე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სს „..."-ის და საქართველოს ეროვნული ბანკის საკასაციო საჩივრები, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებაზე, მიჩნეულ იქნა დასაშვებად და განხილვა დადგინდა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა - განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და საკასაციო საჩივართა საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ხოლო სს „...ის“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
უპირველესად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარი წარმოდგენილია როგორც სს „...ის“, ასევე მოპასუხე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე - პრეზიდენტის 2016 წლის 5 მაისის №290 განკარგულებით სს „...“-ის სახელზე განუსაზღვრელი ვადით გაიცა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზია.
დადგენილია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 27 ოქტომბრის №8651კ განკარგულებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 52-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №153/04 ბრძანების საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს - ლ.ჩ-ას, გ.ო-ს და ა.ქ-ს დაევალათ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის სს „...“-ის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №5 ბრძანებით დამტკიცებული „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის“ დებულების, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების შემოწმება, კერძოდ: ა) კლიენტების რისკის მიხედვით კლასიფიკაციის და რისკის შესაბამისი იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცესი; ბ) 2016 წლის პირველი ივლისიდან 2017 წლის პირველ ივლისამდე პერიოდში რეზიდენტი და არარეზიდენტი რეგისტრირებული, ასევე ემიტენტი პირების მიერ განხორციელებული გარიგებები; გ) ზემოაღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის სს „...“-ის მიერ დანერგილი/გატარებული რისკების მართვის ღონისძიებების შეფასება.
დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული განკარგულებით შემოწმების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 30 ოქტომბრიდან 2017 წლის 11 ნოემბრამდე.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 10 ნოემბრის №891-1კ განკარგულებით ცვლილება შევიდა „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის სს „...“-ის შემოწმების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 27 ოქტომბრის №865-1კ განკარგულებაში და აღნიშნული განკარგულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: შემოწმების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 30 ოქტომბრიდან 2017 წლის 18 ნოემბრამდე. „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის სს „...“-ის შემოწმების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 27 ოქტომბრის №865-1კ განკარგულების სხვა პუნქტები დარჩა უცვლელი.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 02 აპრილის №214-1კ განკარგულებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 48-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 551 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისა და საბროკერო კომპანიის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 22 თებერვლის №18/01 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის და „ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 14 თებერვლის №35/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლს მე-4 პუნქტის „ო“ და „ჟ“ ქვეპუნქტების საფუძველზე: 1) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს სს „...“-ს შემოწმებით გამოვლენილი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის და „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №5 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის და 51 მუხლის დარღვევის 22 ფაქტის გამო, (იდენტიფიკაციის დადგენილი წესის დაუცველად პირისათვის გარიგების (ოპერაციის) განხორციელება) დაეკისრა ფულადი ჯარიმა თითოეულ ფაქტზე - 300 (სამასი) ლარის ოდენობით, საერთო თანხით - 6 600 (ექვსი ათას ექვსასი) ლარი;
2) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს სს „...“-ს შემოწმებით გამოვლენილი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის და „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №5 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის დარღვევის გამო (ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი ან/და ადმინისტრატორი, ვერ უზრუნველყოფს ორგანიზაციის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას, ასევე პროცედურებისა და წესების მიღებას ან/და დაცვას) დაეკისრა ფულადი ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
3) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის - სს „...“-ის შემოწმების პროცესში გამოვლენილი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის და „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №5 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის დარღვევის 7 ფაქტის გამო (ეროვნული ბანკისათვის ინფორმაციის მოთხოვნილ ვადებში წარუდგენლობა) დაეკისრა ფულადი ჯარიმა თითოეული ფაქტის გათვალისწინებით 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, საერთო თანხით 7 000 (შვიდი ათასი) ლარი; 4) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს სს „...“-ს დაეკისრა ფულადი ჯარიმა საერთო თანხით - 18 600 (თვრამეტი ათას ექვსასი) ლარი.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 02 აპრილის №214-1კ განკარგულების შესაბამისობა კანონმდებლობასთან. როგორც დგინდება, აღნიშნული აქტით, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს სს „...-ს“ დაეკისრა ფულადი ჯარიმა საერთო თანხით - 18 600 (თვრამეტი ათას ექვსასი) ლარის ოდენობით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით, სს „...-ის“ სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფარგლებში, ბათილად იქნა ცნობილი სადავო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 02 აპრილის №214-1კ განკარგულების მე-2 პუნქტი სს „...-ისათვის“ 4 000 ლარის ჯარიმის დაკისრების ნაწილში, შესაბამისად, 18600 ლარი შემცირდა 4000 ლარით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საკასაციო საჩივარი წარმოდგენილია დავის მონაწილე ორივე მხარის მიერ, საკასაციო პალატა პუნქტობრივად შეაფასებს სადავო განკარგულების (02.04.2018 წლის) შესაბამისობას კანონმდებლობასთან. განკარგულების პირველი პუნქტით ირკვევა, რომ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს - სს „...ს“ შემოწმებით გამოვლენილი დარღვევის 22 ფაქტის გამო, (იდენტიფიკაციის დადგენილი წესის დაუცველად პირისათვის გარიგების (ოპერაციის) განხორციელება) დაეკისრა ფულადი ჯარიმა თითოეულ ფაქტზე - 300 (სამასი) ლარის ოდენობით, საერთო თანხით - 6 600 (ექვსი ათას ექვსასი) ლარი. აქვე, პალატა მიუთითებს დარღვევის სამართლებრივ საფუძვლად გამოყენებულ საკანონმდებლო რეგულაციაზე (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია), კერძოდ, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის პირველ მუხლში მითითებულია, რომ ამ კანონის მიზანია საქართველოში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სამართლებრივი მექანიზმის შექმნა, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა.
დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ სს „...“ არის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზიის მფლობელი. „სს „...“ წარმოადგენს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მონიტორინგის განმახორციელებელ პირს და მასზე ვრცელდება აღნიშნული კანონით დადგენილი ვალდებულებები. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სადავო განკარგულების კონკრეტული პუნქტის (პირველი პუნქტი) მიღების სამართლებრივ საფუძვლად გამოყენებულ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №5 ბრძანებით დამტკიცებული „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის“ მე-5 მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია რეგისტრატორის ვალდებულებანი პირის იდენტიფიკაციისა და გარიგებების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით, ხოლო 51 მუხლით განსაზღვრულია იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გაძლიერებული და გამარტივებული პროცედურები.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 27 ოქტომბრის #865-1კ განკარგულების საფუძველზე, დისტანციური ზედამხედველობის განხორციელების შედეგად, იდენტიფიცირებული რისკების გათვალისწინებით, შემოწმების ტიპად განსაზღვრული იქნა თემატური შემოწმება, რომელმაც მოიცვა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის (შემდგომში კანონი), ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის N5 ბრძანებით დამტკიცებული „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით და საქართველოს ეროვნული ბანკის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება, შემდეგ საკითხებთან მიმართებაში: 1. კლიენტების რისკის მიხედვით კლასიფიკაციის და რისკის შესაბამისი იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცესი; 2. 2016 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 1 ივლისამდე პერიოდში რეზიდენტი და არარეზიდენტი რეგისტრირებული, ასევე ემიტენტი პირების მიერ განხორციელებული გარიგებები; 3. ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ორგანიზაციის მიერ დანერგილი/ გატარებული რისკების მართვის ღონისძიებები. შემოწმებისას გამოყენებულ იქნა შერჩევითი მეთოდი. შერჩევა განხორციელდა თანხობრივი ლიმიტის, დროის ინტერვალის, კლიენტების და მათი საქმიანობის სფეროების, ოპერაციების ტიპების და სხვა კრიტერიუმების მიხედვით. როგორც საქმის მასალებით დგინდება, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის 2016 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 1 ივლისამდე პერიოდის ანგარიშგებების თანახმად, შესწავლილ იქნა: 11 ემიტენტის (გარიგებების მოცულობა 25 039 397 ლარი), ...ის რეზიდენტი 1 ფიზიკური პირის (გარიგებების მოცულობა 483 083 ლარი), 3 რეზიდენტი იურიდიული პირის (გარიგებების მოცულობა 11 004 614 ლარი), ბულგარეთის რეზიდენტი 3 იურიდიული პირის (გარიგებების მოცულობა 13 545 57 ლარი) და აგრეთვე, 2016 წლის მეორე ნახევარში ...ს რეზიდენტი იურიდიული პირის (გარიგების მოცულობა 33 727 400 ლარი) გარიგებები. 11 ემიტენტის გარიგებები, მოცულობით - 25 039 397 ლარი; 3 რეზიდენტი იურიდიული პირის გარიგება, მოცულობით - 11 004 614 ლარი; ბულგარეთის რეზიდენტი 3 იურიდიული პირის გარიგებები, მოცულობით - 13 545 571 ლარი; 2016 წლის მეორე ნახევარში ...ს რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ განხორციელებული გარიგება, მოცულობით - 33 727 400 ლარი. 2016 წლის 31 ოქტომბერს ...ს რეზიდენტმა იურიდიულმა პირმა - W...LLP-მ შეიძინა სს „ა...ის“ 15 980 ჩვეულებრივი აქცია. გარიგების მოცულობამ შეადგინა 33 727 400 ლარი. კლიენტების რისკის მიხედვით, კლასიფიკაციის და რისკის შესაბამისი იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცესის შეფასების მიზნით, შემმოწმებელთა ჯგუფის მიერ შესწავლილ იქნა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან საქმიან ურთიერთობაში მყოფი იურიდიული და ფიზიკური პირების დოკუმენტები/ ინფორმაცია. შემმოწმებლის მიერ მიჩნეული იქნა, რომ მონიტორინგის განმახორციელებელი პირის - სს „...“-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტაციით ვერ დგინდება კლიენტების: სს „ე...ის“, C....-ის, სს „ა...ის“, სს „ სა...ის“ ბენეფიციარი მესაკუთრეები, ხოლო კლიენტის სს „ მა...ის“ შემთხვევაში მონიტორინგის განმახორციელებელი პირმა შემოწმების ეტაპზე ვერ წარადგინა ბენეფიციარი მესაკუთრისა და ხელმძღვანელობაზე/ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები. ასევე, მონიტორინგის განმახორციელებელი პირის - სს „...“-ის მიერ არ არის დადგენილი კლიენტების: სს „ჰ...-ის“, სს „სტ...-ის“, სს „ე...ის“, შპს „თ...ის“, C....ის, W...-ის, სს „ა...ის“ საქმიანობის სფერო, კერძოდ, სს „...“-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით შეუძლებელია კლიენტის რეალური საქმიანობის სფეროს დადგენა; შემოწმების აქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორცი ელებელი პირის - სს „...“ის მიერ არ არის დადგენილი კლიენტების: სს „ჰ...-ის“, სს „ ს...-ის“, შპს „ ჯ...ის“, სს „ე...ის“, შპს „თ...ის“, C....-ის, W...-ის, სს „ა...ის“, სს „თ.ს“, I...-ის, სს „ ე...ის“, პ.გ-ის, სს „სა...ის“, სს „მა...ის“ და სს „ ა...ის“ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან (სს „...“) საქმიანი ურთიერთობის დამყარების მიზანი და განზრახული ხასიათი. ასევე, მონიტორინგის განმახორციელებელი პირის - სს „...“-ის მიერ შემოწმების ეტაპზე წარდგენილი დოკუმენტაციით კლიენტების: სს „ჰ...-ის“, სს „ს...-ის“, შპს „ჯ...ის“, შპს „თ...ის“, სს „ე...ის“, სს „ა...ის“ დირექტორებისა და ბენეფიციარი მესაკუთრე პირ(ებ)ის (ბენეფიციარ მესაკუთრეებად მიჩნეული პირ(ებ)ის) საიდენტიფიკაციო დოკუმენტები არ არის სათანადო წესით დამოწმებული, ხოლო კლიენტების: სს „ე...ის“, C....-ის, W...-ის, სს „ა...ის“, სს „თ.ს“ ბენეფიციარი მესაკუთრე პირ(ებ)ის (ბენეფიციარ მესაკუთრეებად მიჩნეული პირ(ებ)ის) საიდენტიფიკაციო დოკუმენტები არ არის სათანადო წესით დამოწმებული. ამასთან, სს „...“-ის მიერ ვერ იქნა წარდგენილი კლიენტების: პ.გ-ის და I...-ის სათანადო წესით დამოწმებული საიდენტიფიკაციო დოკუმენტი. შემოწმების აქტში მითითებულია, რომ სს „...“-ს კლიენტებისთვის: სს „ჰ...“, სს „ს...“, შპს „ჯ...ი“, „თ...ი“, სს „თ.“ და სს „მა...ი“ არ მიუნიჭებია რისკის დონე და არ განხორციელებულა კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მუდმივი მონიტორინგი. ამასთან, მითითებული კლიენტების მიმართ არ განხორციელებულა იდენტიფიკაცია/ ვერიფიკაციის რაიმე სხვა ზომა; ასევე სს „...“-ს კლიენტების: სს „ე...“, C...., W... L..., G ..., სს „ა...ი“, I..., სს „ე...ი“, პ.გ-ი, სს „სა...ი“ და სს „ა...ი“ მიმართ არ განუხორციელებია მათთვის მინიჭებული რისკის შესაბამისი იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის ზომები. საქმეში წარმოდგენილი შემოწმების აქტის თანახმად, რეგისტრატორის მიერ 22 შემთხვევაში დარღვეულ იქნა კანონის მე-6 მუხლის და დებულების მე-5, მე-5 მუხლების მოთხოვნები (დანართი N1).
შემოწმებისას ასევე შესწავლილ იქნა იმ კლიენტების იდენტიფიკაციის პროცესი, რომლებსაც არ აქვთ განხორციელებული იდენტიფიკაციის ზღვარს ზევით ოპერაციები, თუმცა მუდმივ საქმიან ურთიერთობაში იმყოფებიან რეგისტრატორთან. რეგისტრატორი არ ახორციელებს აღნიშნული კატეგორიის კლიენტების შესწავლას. შემოწმებლის მოსაზრებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ხსენებული პირები საქმიან ურთიერთობაში იმყოფებიან რეგისტრატორთან, რისკების ადეკვატური მართვის ჭრილში, მიზანშეწონილია, უზრუნველყოფილ იქნას მათთან მიმართებაში იდენტიფიკაციის სტანდარტული პროცედურების გატარება, საქმიანობის სფეროს, საქმიანი ურთიერთობის დამყარების მიზნისა და განზრახული ხასიათის, მმართველობის/ მფლობელობის სტრუქტურის დადგენა. ხშირია შემთხვევები, როდესაც ემიტენტსა და აქციების შემძენ კომპანიას შორის დადებულია ხელშეკრულება აქციების შეძენის თაობაზე, რომელზეც არ ფიქსირდება აქციების შემძენის წარმომადგენლის ხელმოწერა. დასკვნაში მითითებულია, რომ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ, კლიენტებისათვის რისკის მინიჭების პროცესი ხასიათდება მნიშვნელოვანი ხარვეზებით. კერძოდ, აღნიშნულ პროცესს, კომპანიის დირექტორის განმარტებით, რეგისტრატორი წარმართავს „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის“ შესაბამისად. აღნიშნული წესი, თავის მხრივ, არ წარმოადგენს რისკის მინიჭებისათვის განკუთვნილ სახელმძღვანელოს და გამოიყენება მხოლოდ ეროვნულ ბანკში სტატისტიკური მონაცემების წარსადგენად. რეგისტრატორის მიერ კლიენტებისთვის რისკის მინიჭება ხდება ყოველგვარი ანალიზის გარეშე, ისეთი გარემოებების გაუთვალისწინებლად, როგორიცაა - კლიენტის (მათ შორის მფლობელობითი და მმართველობითი სტრუქტურა, ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაცია) ტიპი, მისი საქმიანობის სფერო, განხორციელებული გარიგების ოდენობა და სხვ.
შემმოწმებლის მითითებით, პარალელურად იმისა, რომ კლიენტების რისკის მიხედვით კლასიფიკაცია ხასიათდება მნიშვნელოვანი ხარვეზებით (არ ხდება კლიენტის სრულყოფილი შესწავლა და სხვ.), რეგისტრატორი კლიენტებთან მიმართებაში არ ახორციელებს დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებულ რისკის დონის შესაბამის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცედურებს. მაღალი რისკის მატარებელ კლიენტთან მიმართებაში არ ხდება კლიენტის (ბენეფიციარი მესაკუთრის) შემოსავლების, ქონებისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაციის, გარიგებების მიზნების და საფუძვლების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვება/გადამოწმება, კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემების განახლება (რასაც ადასტურებს სს „ერთიან კაპიტალთან“ დაკავშირებული გარემოებებიც), ასევე, ასეთ პირებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებაზე ან/და გაგრძელებაზე ხელმძღვანელობისგან ნებართვის მიღება და სხვ. მიუთითებს, რომ არარეზიდენტი ან რთული მფლობელობითი სტრუქტურის მქონე იურიდიული პირების შემთხვევაში, რეგისტრატორს არ გააჩნია შესაბამისი ცოდნა, თუ რომელ რელევანტურ დოკუმენტზე დაყრდნობით უნდა მოახდინოს ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის დადგენა. რეგისტრატორი, ასევე ვერ უმკლავდება იმ სირთულეებს, რომლებიც დაკავშირებულია სატრასტო სამართალურთიერთობის შემთხვევაში ბენეფიციარების ვინაობის დადგენასთან. მნიშვნელოვანია 25% წილის მფლობელის არარსებობის შემთხვევაში რეგისტრატორმა სრულყოფილად შეისწავლოს კომპანიის მმართველობითი და მფლობელობითი სტრუქტურა და გამოავლინოს ის პირები, რომლებიც ახორციელებენ კონტროლს და მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ორგანიზაციის მართვაში და სწორედ აღნიშნული პირები განსაზღვროს ბენეფიციარ მესაკუთრეებად. მითითებულია, რომ რეგისტრატორის მიერ არ ხდება კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მუდმივი მონიტორინგი (მათ შორის, გარიგებების დეტალური შესწავლა), რომლის ინტენსივობაც, თავის მხრივ, უნდა გამომდინარეობდეს კლიენტის რისკის დონიდან, უზრუნველყოფდეს საჭიროების შემთხვევაში რისკის დონის მოდიფიკაციას, კლიენტთან დაკავშირებული რისკების ადეკვატურ მართვას. რეგისტრატორის მიერ არ ხდება კლიენტების მიერ განხორციელებული გარიგებების დეტალური შესწავლა, ანალიზი და უჩვეულო გარემოებების გამოვლენა, მით უფრო, რომ გარიგებების უმრავლესობა მნიშვნელოვანი მოცულობისაა ან/და ხორციელდება ურთიერთდაკავშირებული პირების მიერ. გასათვალისწინებლად არის მიჩნეული, რომ რეგისტრატორის მიერ არ ხდება რეგისტრირებული კლიენტების (აქციონერიების) უშუალო იდენტიფიკაცია და მათ შესახებ საიდენტიფიკაციო ინფორმაციის/დოკუმენტების წარდგენა ხორციელდება ემიტენტი კლიენტების წარმომადგენლების (რომლებიც არ არიან აღჭურვილი შესაბამისი უფლებამოსილებით) მიერ. არარეზიდენტ იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან მიმართებაში მთელ რიგ შემთხვევებში, სადამფუძნებლო დოკუმენტაცია და ფიზიკური პირების (ბენეფიციარი მესაკუთრეების) პირადობის/პასპორტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები არ არის დამოწმებული სათანადო წესით და არ არის გადამოწმებული მათი ავთენტურობა.
შემოწმების აქტის თანახმად, რეგისტრატორის მიერ შემუშავებული შიდა ნორმატიული დოკუმენტი არის ზოგადი ხასიათის, ძირითადად იმეორებს დებულების და კანონის ჩანაწერებს, ვერ უზრუნველყოფს მონიტორინგის პროცესის ადეკვატურად წარმართვას, კერძოდ: საკანონმდებლო მოთხოვნის მიუხედავად, არ არის განსაზღვრული კლიენტისთვის მაღალი და დაბალი რისკის მინიჭების კრიტერიუმები (რომლებიც თავის მხრივ, არსებული ტრენდების და რეგისტრატორის პრაქტიკის შესაბამისად, უნდა იყოს მუდმივად განახლებადი); პროცედურა არ ითვალისწინებს რისკის დონის შესაბამისი იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის (სტანდარტული, გაძლიერებული, გამარტივებული) და მონიტორინგის პროცედურებს (მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ რეგისტრატორის კლიენტებს წარმოადგენენ საყურადღებო ზონაში რეგისტრირებული პირები, რომლებთან მიმართებაში საერთაშორისო სტანდარტების (FATF/ევროდირექტივა) გათვალისწინებით მნიშვნელოვანია გატარდეს გაძლიერებული პროცედურები; არ არის განსაზღვრული კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მუდმივი მონიტორინგის განხორციელების წესი (ინფორმაციის განახლების პერიოდულობა რისკის დონეების მიხედვით, გარიგების დეტალური შესწავლის საშუალებები სხვ.); ასევე, არ არის განსაზღვრული პოლიტიკურად აქტიური პირების დადგენის, მათთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან/და გაგრძელების პროცედურები, რაც მნიშნელოვან სისუსტეს წარმოადგენს, ვინაიდან კანონმდებლობის შესაბამისად, მსგავს პირებთან მიმართებაში უნდა გატარდეს სტანდარტულისაგან განსხვავებული ზომები. გარდა ხსენებულისა, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ შემუშავებული პოლიტიკა - პროცედურა მოიცავს ისეთ საკითხებს, რომლებიც რელევანტურია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის საერთო მიზნებისათვის, თუმცა არ ხდება მათი პრაქტიკაში განხორციელება. კერძოდ, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის პოლიტიკის მიხედვით, განსაზღვრულია საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლების დამოწმების წესი იმ შემთხვევისათვის, როდესაც ვერ ხდება დოკუმენტის ორიგინალი სახით შენახვა. მიუხედავად ამისა, ზემოთ განხილული კლიენტების საიდენტიფიკაციო დოკუმენტების აბსოლუტური უმრავლესობა წარმოდგენილია დაუმოწმებელი ასლების სახით. პოლიტიკაში მითითებულია კლიენტის რეალური საქმიანობის სფეროს დადგენის შესახებ, თუმცა კლიენტთა მნიშვნელოვანი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის სფეროსთან მიმართებაში, ხასიათდება ზოგადი ჩანაწერის არსებობით („ნებისმიერი საქმიანობა, რაც აკრძალული არ არის“) და არ ხდება კლიენტის საქმიანობის სფეროს რეალურად განსაზღვრა.
როგორც კასატორი (მოპასუხე) საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი განმარტავს, სადავო 2018 წლის 02 აპრილის N214-1კ განკარგულების გამოცემას წინ უძღოდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მისი უფლებამოსილების შესაბამისად განხორციელებული მოსარჩელის თემატური შემოწმება. წარმომადგენლის განმარტებით, შემოწმების პროცესში აღმოჩენილი მთელი რიგი სისტემური დარღვევების გამო ეროვნულმა ბანკმა მისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი მოსარჩელისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე. ეროვნული ბანკი, ზემოაღნიშნულ განკარგულებას მიიჩნევს კანონიერად როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით. განმარტავს, რომ გასაჩივრებული სამართლებრივი აქტი დასაბუთებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის შესაბამისად. კონკრეტულ სადავო ნაწილთან (განკარგულების პირველი პუნქტი) დაკავშირებით განმარტავს, რომ მოსარჩელე „...ის“ მიერ დარღვეულია „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის დადგენილი წესი. მიიჩნევს, რომ კლიენტის იდენტიფიკაციის წესი წარმოადგენს საფინანსო სექტორში უკანონო, ასევე ტერორიზმის დაფინანსებისთვის განკუთვნილი სახსრების შეღწევის აღკვეთის ძირითად ზომას და ის მოიცავს არა მხოლოდ საიდენტიფიკაციო დოკუმენტებით გათვალისწინებული მონაცემების დადგენას, არამედ ზემოაღნიშნული კანონითა და დებულებით განსაზღვრული ინფორმაციის მოპოვებას და ვერიფიკაციას. კლიენტის, მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პირის ფინანსურ ინსტიტუტთან ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის დადგენა, რისკის კატეგორიის მინიჭება, მუდმივი მონიტორინგის განხორციელება წარმოადგენს იდენტიფიკაციის პროცესის დადგენილი წესის სავალდებულო და განუყოფელი კომპონენტებს. ამასთან, მუდმივი მონიტორინგის მიმართულებებია - გარიგების დეტალური შესწავლა, კლიენტის საქმიანობის შესწავლა იმის უზრუნველსაყოფად, შეესაბამება თუ არა განხორციელებული ტრანზაქცია ფინანსური ინსტიტუტის ცოდნას კლიენტზე, ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ კლიენტის იდენტიფიკაცია არ არის ერთჯერადი ხასიათის აქტი, ის განგრძობითი პროცესია.
სადავო აქტის პირველ პუნქტის შინაარსისა და განკარგულების საფუძვლად მიჩნეული შემოწმების აქტში ასახული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს დეტალურად მიუთითოს მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ვალდებულებები. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-6 მუხლით დარეგულირებულია სწორედ მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ვალდებულებები, კერძოდ, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ე“, „ვ“, „თ1“, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისა) ვალდებულია მოახდინოს კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება მესამე პირის სასარგებლოდ იდება) იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე, თუ გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება 3 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში). ამავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი, ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, თავად განსაზღვრავს პროცედურებს, რომლებიც აუცილებელია კლიენტის იდენტიფიკაციისათვის (გარდა ანგარიშის გახსნის პროცედურებისა). ამასთანავე, მას უფლება აქვს, მოითხოვოს გარიგებასთან (ოპერაციასთან) და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ინფორმაცია (დოკუმენტები). ამავე მუხლის მე-10, 101 და 102 პუნქტები კი ადგენს, რომ მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია მოახდინოს კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია, ასევე მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადამოწმების მიზნით სანდო, დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით და დარწმუნდეს, რომ იცის, ვინ არის კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრე. მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია იურიდიული პირის (აგრეთვე იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც იურიდიული პირი არ არის) იდენტიფიკაციისას და ვერიფიკაციისას მოიპოვოს ინფორმაცია მისი საქმიანობის არსის, მისი მფლობელობის და მმართველობის (კონტროლის) განმახორციელებელი სტრუქტურის შესახებ. მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად.
კანონის მე-6 მუხლის მე-13 და მე-131 პუნქტებში კანონმდებელმა განმარტა, რომ მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია ჰქონდეს რისკების მართვის სათანადო სისტემა ისეთი კლიენტის იდენტიფიკაციის მიზნით, რომლის საქმიანობამ შესაძლებელია შექმნას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკი, და აწარმოოს მის მიმართ გაძლიერებული იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების და გაძლიერებული მონიტორინგის პროცესი. იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების პროცედურები უნდა განხორციელდეს რისკებზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე, კლიენტის ტიპისა და სახის, საქმიანი ურთიერთობის, პროდუქტის/მომსახურების ან გარიგების გათვალისწინებით ან სხვა გზით, რომელიც განისაზღვრება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით. მონიტორინგის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია მის მიერ რისკების სათანადო ანალიზის საფუძველზე გამოვლენილი, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების დაბალი რისკის არსებობის შემთხვევაში გამოიყენოს დაბალი რისკის შესაბამისი, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით განსაზღვრული, კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურები. დაუშვებელია იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურების გამოყენება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების ეჭვის არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის არსებობისას. ამავე მუხლის მე-14 პუნქტში მითითებულია, რომ თითოეული კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ამ მუხლით გათვალისწინებული იდენტიფიკაცია და ვინაობის გადამოწმება და სხვა ინფორმაციის მოპოვება უნდა მოხდეს გარიგების განხორციელებამდე ან ანგარიშის გახსნამდე ან სხვა სახის საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე, ასევე საქმიანი ურთიერთობის გაგრძელებამდე, თუ არსებობს ეჭვი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე ან ტერორიზმის დაფინანსებაზე ან ჩნდება ეჭვი კლიენტის არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტეში ან შესაბამისობაში. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური უფლებამოსილია განსაზღვროს შემთხვევები, რომელთა დროსაც კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის გადამოწმება შესაძლებელია დასრულდეს საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემდეგ, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. რაც შეეხება მე-15 პუნქტს, კანონმდებელმა მიუთითა, რომ მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია აწარმოოს კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მუდმივი მონიტორინგი, რომელიც მოიცავს: ა) კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ მიმდინარე ინფორმაციისა და ჩანაწერების შენახვას; ბ) არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების პერიოდულ განახლებას და მათ მოქმედ ნორმებთან შესაბამისობას; გ) გარიგების დეტალურ შესწავლას, იმისათვის, რომ დადგინდეს, შეესაბამება თუ არა გარიგება კლიენტის შესახებ მის ცოდნას, კლიენტის კომერციულ და პირად საქმიანობას, ან რისკის ჯგუფს და, საჭიროების შემთხვევაში, ქონების (მათ შორის, ფულადი სახსრების) წარმომავლობას. როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი მიუთითებს, რეგისტრატორის მიერ არ ხდება კლიენტების (აქციონერების) უშუალო იდენტიფიკაცია, საიდენტიფიკაციო მონაცემების წარდგენა ხდება ემიტენტის შესაბამისი უფლებამოსილების არმქონე წარმომადგენლების მიერ. რეგისტრატორის მიერ უმეტეს შემთხვევაში არ არის დადგენილი კლიენტის რეალური საქმიანობის სფერო, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირისა და ბენეფიციარი მესაკუთრის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები არ არის სათანადო წესით. არარეზიდენტ პირებთან მიმართებით საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები არ არის სათანადოდ დამოწმებული, არ არის სადამფუძნებლო და გადამოწმებული მათი ავთენტურობა. რეგისტრატორი არ ახორციელებს კლიენტების სრულყოფილ შესწავლას, რეგისტრატორის მიერ რისკის მინიჭება ხორციელდება ყოველგვარი ანალიზის გარეშე, ისეთი მნიშვნელოვანი გარემოებების გაუთვალისწინებლად, როგორიცაა კლიენტის მფლობელობითი და მმართველობითი სტრუქტურა, საქმიანობის სფერო, განხორციელებული გარიგებების მოცულობა. შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ მაღალი რისკის კლიენტებთან მიმართებით არ ხდება ბენეფიციარის, მათი ქონებისა და საქმიანობის შესახებ, გარიგების მიზნებისა და საფუძვლების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვება. ასევე არ ხდება მუდმივი მონიტორინგის განხორციელება - გარიგებათა დეტალური შესწავლა, ანალიზი და უჩვეულო გარიგებების გამოვლენა. გამოვლენილ დარღვევებთან მიმართებით კასატორი (მოპასუხე) უსაფუძვლოდ მიიჩნევს სს „...ის“ ის განმარტებას, რომ გააჩნდათ საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები, რომ კლიენტის საქმიანობის სფერო მოცემულია მის წესდებაში, რომ რეგისტრატორის ერთადერთი ფუნქცია არის ფასიანი ქაღალდების რეგისტრაცია და შეუძლებელია საქმიანი ურთიერთობის სხვა მიზნისა და განზრახული ხასიათის არსებობა. აღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგოდ კასატორი (მოსარჩელე) აღნიშნავს, რომ იდენტიფიკაცია - ვერიფიკაცია განხორციელდა ყველა იმ დოკუმენტის საფუძველზე, რაც შესაბამისი პროცედურის მათ მიერ სწორად განხორციელების გონივრული ვარაუდის საფუძველს აძლევდა. ეროვნულმა ბანკმა აღნიშნული არ მიიჩნია საკმარისად, თუმცა არც შემოწმების აქტში და არც სასამართლო სხდომაზე არ მიუთითა კონკრეტულად თუ რა გზით უნდა მომხდარიყო იდენტიფიკაცია - ვერიფიკაციის პროცესის განხორციელება. კასატორის (მოსარჩელე) წარმომადგენლის განმარტებით, საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი საუბრობს საკუთარი სუბიექტური მოსაზრებებით და აღნიშნული არ არის გათვალისწინებული ნორმატიული აქტით ან რაიმე დოკუმენტური სტანდარტით. კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ იდენტიფიკაცია - ვერიფიკაცია სს „...მა“ განახორციელა სანდო და დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით და სხვა საშუალება მისივე მსჯელობით უბრალოდ არ არსებობს. მიიჩნევს, რომ არასაკმარისობის პირობებში, ეროვნულ ბანკი ვალდებული იყო უპირველესად გაეცა მითითებები და შენიშვნები შესაბამისი დასაბუთებით.
საკასაციო პალატა აქტის კანონიერებაზე (განკარგულების პირველი პუნქტის ნაწილში) მსჯელობის ფარგლებში განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევს გათვალისწინებული იქნეს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის მიზანი და მიზნის განხორციელების საშუალება. მითითებული კანონის მიზანია, საქართველოში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სამართლებრივი მექანიზმის შექმნა, საზოგადოებისა და სახელმწიფო კანონიერი უფლებისა და ინტერესის დაცვა. მიზნის განხორციელების კონტექსტში, საკუთარ კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის გადაწყვეტისას, ადმინისტრაციული ორგანო, არათუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებულია გამოიჩინოს გონივრული წინდახედულობა და მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ ყველა საჭირო საკითხის გამოკვლევისა და შესწავლის შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლოს არაერთხელ განუმარტავს, რომ კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების საშუალება და ის უნდა განიმარტოს კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში. კანონის განმარტება ემყარება გარკვეულ პრინციპებს: ობიექტურობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ განმარტება უნდა ეფუძნებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას; ერთიანობის პრინციპს - ყოველი ნორმა წაკითხულ უნდა იქნეს სისტემურად, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში; გენეტიკური განმარტების პრინციპს - გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა. ნორმის, მისი ფაქტობრივი ელემენტებისა და სამართლებრივი შედეგის დაკონკრეტება ხორციელდება ნორმაში გამოყენებული ცნებების განმარტების გზით, რისი საშუალებითაც ხდება სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაცია და მისი შინაარსის განსაზღვრა. საკასაციო პალატის მოაზრებით, საქრთველოს ეროვნულ ბანკს უნდა დაესაბუთებინა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის მიზნიდან გამომდინარე, რამდენად სწორად შეფასდა დარღვევის სერიოზულობა და რამდენად სახეზე იყო სანქციების არათანმიმდევრულად გამოყენების საფძველი, იმ პირობებში, როდესაც დეტალურად და განჭვრეტადად არ არის განსაზღვრული პირისათვის გარიგების (ოპერაციის) განხორციელების მიზნით, იდენტიფიკაციის დადგენილი წესი/კლიენტის იდენტიფიკაცია - ვერიფიკაციის განხორციელების ცალსახა პროცედურა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლის თანახმად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლი სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთს აკისრებს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს და ავალდებულებს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებები ბს-626-596(კ-07); №ბს-1236(კ-18)).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ძირითად პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას -ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ .
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან არ არსებობს იდენტიფიკაცია - ვერიფიკაციის განხორციელების კონკრეტული საკანონმდებლო რეგულაცია, შეფასებას საჭიროებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულობის პრინციპის დაცულობა, ვინაიდან პასუხიმგებლობის დამდგენი ნორმა უნდა იყოს განჭვრეტადი და სამართალსუბიექტს უნდა აძლევდეს საკუთარი ქმედებების მოქმედ კანონმდებლობასთან ადაპტირების შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვერ ასაბუთებს კონკრეტულად თუ რა გზით უნდა მომხდარიყო იდენტიფიკაცია - ვერიფიკაციის პროცესის განხორციელება სს „...ის“ მიერ, ამასთან, საკასაციო სასამართლოში გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა განმარტა, რომ კონკრეტული ჩანაწერი, თუ როგორ უნდა განხორციელდეს იდენტიფიკაცია - ვერიფიკაცია, არ არსებობს, ამასთან არ არსებობს ქართულად ოფიციალურად ნათარგმნი დირექტივები და რეკომენდაციები, რომელიც პირს მისცემს საშუალებას, დაარეგულიროს საკუთარი ქმედება, აგრეთვე წინასწარ, ცხადად განსაზღვროს მისი სამართლებრივი შედეგები. ყოველივე აღნიშნული, საკასაციო პალატას აძლევს იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 02 აპრილის №214-1კ განკარგულება, პირველი პუნქტის ნაწილში, გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. შესაბამისად, დაუსაბუთებელია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, დარღვევის 22 ფაქტის გამო, (იდენტიფიკაციის დადგენილი წესის დაუცველად პირისათვის გარიგების (ოპერაციის) განხორციელება) ფულადი ჯარიმის თითოეულ ფაქტზე - 300 (სამასი) ლარის ოდენობით, საერთო თანხით - 6 600 (ექვსი ათას ექვსასი) ლარი გამოყენების გარდაუვალობა.
პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმათა განსაზღვრულობის მოთხოვნის მთავარი დანიშნულებაა, რომ კანონის ადრესატმა შეძლოს მისი შინაარსის სწორი აღქმა, აკრძალვის იდენტიფიცირება და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების განჭვრეტა. ამ მიზნის მისაღწევად კი „აუცილებელია ნორმის შინაარსობრივი სიზუსტე, არაორაზროვნება. ნორმა უნდა იყოს საკმარისად განსაზღვრული არა მხოლოდ შინაარსის, არამედ რეგულირების საგნის, მიზნისა და მასშტაბების მიხედვით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის №2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-36).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი. აღნიშნული დანაწესის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის №ბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება).
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 02 აპრილის №214-1კ განკარგულების პირველი პუნქტის ნაწილში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 02 აპრილის №214-1კ განკარგულების მეოთხე პუნქტით ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს სს „...“-ს დაეკისრა ფულადი ჯარიმა საერთო თანხით - 18 600 (თვრამეტი ათას ექვსასი) ლარი. ვინაიდან სადავო განკარგულების პირველი პუნქტის ნაწილში, საქართველოს ეროვნულ ბანკს დაევალა საკითხის ხელახლა შეფასება, შესაბამისად არსებობს მეოთხე პუნქტის ნაწილობრივ (6 600 ლარის ფარგლებში) გაუქმებისა და საერთო თანხის ხელახლა შეფასების საფუძველი.
რაც შეეხება კასატორის სს „...ის“ მოთხოვნას ბათილად იქნეს ცნობილი სადავო განკარგულების დანარჩენი პუნქტები (მე-2, მე-3, მე-4 ნაწილი), ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას - სრულად ეთქვას უარი სს „...ს“ სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, საკასაციო პალატა ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით, ასევე საკასაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოცხადებულ წარმომადგენელთა პოზიციების მოსმენის შემდგომ იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს შემდეგს: საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 02 აპრილის №214-1კ განკარგულების მე-2 პუნქტით, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის - სს „...“-ის, შემოწმებით გამოვლენილი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის და „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №5 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის დარღვევის გამო (ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი ან/და ადმინისტრატორი, ვერ უზრუნველყოფს ორგანიზაციის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას, ასევე პროცედურებისა და წესების მიღებას ან/და დაცვას) დაეკისრა ფულადი ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 02 აპრილის №214-1კ განკარგულების მე-2 პუნქტი 4000 ლარის ჯარიმის დაკისრების ნაწილში და ჯარიმის ოდენობა 18600 ლარი შემცირდა 4000 ლარით.
კანონმდებელი დეტალურად განსაზღვრავს იმ საკითხების ჩამონათვალს, რომელსაც უნდა ითვალისწინებდეს მონიტორინგის განმახორციელებელი პირის მიერ შემუშავებული შიდა კონტროლის წესი. განსახილველ შემთხვევაში კი დადგინდა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი სს „...“-ის დირექტორის 2016 წლის 15 აპრილის ბრძანებით დამტკიცებულ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის შიდა ინსტრუქცია შეიცავს ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ზოგად დებულებებს და არ ითვალისწინებს იმ წესებს და პროცედურებს, რაც ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ საქმიანობის კანონშესაბამისად განხორციელების წინაპირობას წარმოადგენს. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შემოწმების ეტაპზე სს „...“-მა ვერ წარადგინა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შიდა ინსტრუქცია და შესაბამისად პროცედურებისა და წესების დაცვის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია, ცალსახად არსებობდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 22 თებერვლის №18/01 ბრძანებით დამტკიცებულ „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისა და საბროკერო კომპანიის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის” მე-2 მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის დაკისრების წინაპირობა.
საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის მიხედვით, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიზნით განახორციელოს შიდა კონტროლი. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 22 თებერვლის №18/01 ბრძანებით დამტკიცებულ „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისა და საბროკერო კომპანიის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის” მე-2 მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტი კი ადგენს, რომ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი, საბროკერო კომპანია ან მათი მმართველი ორგანოს წევრი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ორგანიზაციის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული შიდა კონტროლის პროცედურისა და წესების მიღებას და/ან აღნიშნული შიდა კონტროლის პროცედურისა და წესების დაცვას დაჯარიმდება 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ვერ იქნა დასაბუთებული და შესაბამისად დადასტურებული კონკრეტულ შემთხვევაში თუ რატომ იქნა გამოყენებული საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 14 თებერვლის №35/04 ბრძანებით დამტკიცებულ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეთა მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის“ მე-5 მუხლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი, მაშინ როდესაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 22 თებერვლის №18/01 ბრძანებით დამტკიცებულ „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისა და საბროკერო კომპანიის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის” მე-2 მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტი შიდა კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულების დარღვევისათვის უფრო ნაკლებ სანქციას ითვალისწინებდა. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს საქართველოს ეროვნული ბანკის იმ განმარტებას, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მისადაგებული რეგულაცია არის უფრო დეტალური და კონკრეტული თავისი შინაარსით.
რაც შეეხება სადავო განკარგულების მე-3 პუნქტს, აღნიშნულით ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის - სს „...“-ის შემოწმების პროცესში გამოვლენილი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის და „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ, ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №5 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის დარღვევის 7 ფაქტის გამო (ეროვნული ბანკისათვის ინფორმაციის მოთხოვნილ ვადებში წარუდგენლობა) დაეკისრა ფულადი ჯარიმა თითოეული ფაქტის გათვალისწინებით 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, საერთო თანხით 7 000 (შვიდი ათასი) ლარი; საკასაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას აღნიშნულ ნაწილში და განმარტავს შემდეგს:
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველ პუნქტის მიხედვით, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) შესახებ ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია (დოკუმენტები), აგრეთვე კლიენტის ანგარიშის შესახებ დოკუმენტაცია, საქმიანი კორესპონდენცია და ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ჩანაწერები (მათ შორის, ამ კანონის მე-6 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული წესით მოწოდებული) მატერიალური ან ელექტრონული ფორმით შეინახოს კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანო ან სხვა კომპეტენტური ორგანო უფრო მეტი ვადით შენახვას არ მოითხოვს, და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას დაუყოვნებლივ წარუდგინოს კომპეტენტურ ორგანოებს.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №5 ბრძანებით დამტკიცებული „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რეგისტრატორი ვალდებულია, კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) შესახებ ამ დებულების მე-5 და 51 მუხლებით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტები (მათ შორის, მოწოდებული ამ დებულების მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით), აგრეთვე კლიენტთან საქმიანი კორესპონდენცია და ამ დებულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ჩანაწერები, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით შეინახოს ამ კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანო ან სხვა კომპეტენტური ორგანო უფრო მეტი ვადით შენახვას არ მოითხოვს ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტებისა და ჩანაწერების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული. ამასთან, ზემოაღნიშნული ვადით შენახული უნდა იქნეს როგორც ელექტრონულად დაფიქსირებული მონაცემები (შესაბამისი მონაცემთა ბაზები და სხვა), ასევე დოკუმენტურად არსებული ინფორმაცია (დოკუმენტები). განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სს „...“-ს შორის გაფორმებული „ინფორმაციის მიწოდების შესახებ“ შეთანხმება, რომლითაც განისაზღვრა 9 მოთხოვნა და ამასთან სს „...“-ის მიერ ინფორმაციის მიწოდების საბოლოო თარიღები (იხ. ტ. I, ს.ფ. 65-68). საქმეში ასევე წარმოდგენილია სს „...“-ის დირექტორის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი (ტ. I, ს.ფ. 69), რომლითაც ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებულ 7 (შვიდი) მოთხოვნასთან მიმართებით (1. კლიენტთა ბაზა (რეგისტრირებული პირები), 2. კლიენტთა ბაზა (ემიტენტები), 3. სს „ა...ის“, სს „ან...“, სს „ე...“ და სს „თ.“-ის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის დოკუმენტები, 4. ...ის რეზიდენტი ფიზიკური პირის (კლიენტის) იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის დოკუმენტები, 5. ...ს რეზიდენტი იურიდიული პირის (კლიენტის) იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის დოკუმენტები, 6. 2017 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 ივლისამდე ორგანიზაციის მიერ ეროვნულ ბანკში წარდგენილი ანგარიშგებაში ასახული მაღალი რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე და სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების დასახელების, რეზიდენტობის, განხორციელებული ოპერაციების მოცულობის და საიდენტიფიკაციო კოდის/ნომრის შესახებ ინფორმაცია, 7. მაღალი რისკის კატეგორიის რეზიდენტი 11 იურიდიული პირის, მაღალი რისკის კატეგორიის არარეზიდენტი 1 ფიზიკური პირის, დაბალი რისკის კატეგორიის არარეზიდენტი 4 იურიდიული და 4 ფიზიკური პირის დასახელების, რეზიდენტობის, განხორციელებული ოპერაციების მოცულობის და საიდენტიფიკაციო კოდის/ნომრის შესახებ ინფორმაცია) სს „...ის“ მიერ დარღვეულია ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის მოთხოვნილ ვადებში წარდგენის ვადა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 14 თებერვლის №35/04 ბრძანებით დამტკიცებულ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეთა მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის“ მე-5 მუხლის მე-4 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, საბროკერო კომპანიის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებითა და წერილობითი მითითებებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის, საბროკერო კომპანია, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი დაჯარიმდება: საბროკერო კომპანიის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის მოთხოვნილი ფორმით ან ვადებში წარუდგენლობის ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში – 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით, წერილში მითითებულ თითოეულ მოთხოვნაზე. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სს „...ის“ მიერ ინფორმაციის წარდგენის ვადა დარღვეულია 7 მოთხოვნასთან მიმართებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გაიზიარეს საქართველოს ეროვნული ბანკის ის პოზიცია რომ ჯარიმის დაკისრება თითოეულ ფაქტზე შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან. ამდენად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში სს „...ის“ საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების და აღნიშნულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. ამდენად, სადავო აქტის პირველი პუნქტის სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტის პირობებში, საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა დაეკისროს სს „...“-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი - 100 ლარის, სააპელაციო სასამართლოში გადახდილი 150 ლარის და საკასაციო სასამართლოში გადახდილი - 300 ლარის, ჯამში - 550 ლარის ანაზღაურება სს „...“-ის სასარგებლოდ.
სს „...ას“ უკან უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი 558 (ხუთას ორმოცდათვრამეტი) ლარიდან ზედმეტად გადახდილი 458 (ოთხას ორმოცდათვრამეტი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს ეროვნული ბანკის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. სს „...“-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სს „...“-ის მოთხოვნა შემოწმებით გამოვლენილი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის და „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №5 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის და 51 მუხლის დარღვევის 22 ფაქტის გამო, (იდენტიფიკაციის დადგენილი წესის დაუცველად პირისათვის გარიგების (ოპერაციის) განხორციელება) ფულადი ჯარიმის თითოეულ ფაქტზე - 300 (სამასი) ლარის ოდენობით, საერთო თანხით - 6 600 (ექვსი ათას ექვსასი) ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. სს „...“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 02 აპრილის №214-1კ განკარგულების პირველი პუნქტი სრულად და ამავე განკარგულების მეოთხე პუნქტი ნაწილობრივ, კერძოდ - შემოწმებით გამოვლენილი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის და „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №5 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის და 51 მუხლის დარღვევის 22 ფაქტის გამო, (იდენტიფიკაციის დადგენილი წესის დაუცველად პირისათვის გარიგების (ოპერაციის) განხორციელება) ფულადი ჯარიმის თითოეულ ფაქტზე - 300 (სამასი) ლარის ოდენობით, საერთო თანხით - 6 600 (ექვსი ათას ექვსასი) ლარის დაკისრების ნაწილში და საქართველოს ეროვნულ ბანკს დაევალოს ამ ნაწილში საქმის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი;
6. სს „...“-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
7. საქართველოს ეროვნულ ბანკს სს „...“-ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 100 ლარის, სააპელაციო სასამართლოში გადახდილი - 150 ლარის და საკასაციო სასამართლოში გადახდილი - 300 ლარის, ჯამში - 550 ლარის ანაზღაურება;
8. სს „...ას“ უკან დაუბრუნდეს სარჩელზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი 558 (ხუთას ორმოცდათვრამეტი) ლარიდან ზედმეტად გადახდილი 458 (ოთხას ორმოცდათვრამეტი) ლარი;
9. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე