საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-355(კ-24) 26 ნოემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - ბ.ქ-ი
მესამე პირები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ნ.რ-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2022 წლის 6 ივნისს ბ.ქ-მა სარჩელით, ხოლო 2022 წლის 28 ივნისს დაზუსტებული სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ბ.ქ-ისთვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ მოპასუხის 2022 წლის 29 აპრილის №გ-39.382211914 განკარგულების ბათილად ცნობა და კომისიისთვის თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე (2859 კვ.მ) ბ.ქ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე 1993 წლიდან ფლობდა ქ. რუსთავში, ...ის ქ. №75-ში მიწის ნაკვეთს საერთო ფართს 2859 კვ.მ, რომელზეც განთავსებული იყო 154.5 კვ.მ საცხოვრებელი სახლი, ასევე 22.3 კვ.მ და 63.1 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართები. მოსარჩელის მითითებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ ვებგვერდზე განთავსებულ 2000 წლის და შემდგომი პერიოდის ორთოფოტოებზე, ასევე საკადასტრო რუკებზე ნათლად ჩანდა ნაკვეთის გარშემო მდებარე ლითონის ბადის სამაგრი ბოძები და მიჯნის კონტური, ამასთან, მიწის ნაკვეთის ფლობის/სარგებლობის ფაქტს ადასტურებდნენ მოსარჩელის მეზობლები. მიუხედავად ამისა, მოსარჩელემ რამდენჯერმე მიმართა აღიარების კომისიას საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით, თუმცა მან უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 ივნისის განჩინებით, საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ჩართულ იქნენ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისი და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 ნოემბრის განჩინებით, საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ჩაბმულ იქნა ნ.რ-ა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით ბ.ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 29 აპრილის №გ-39.382211914 განკარგულება და მოპასუხე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 დეკემბრის განჩინებით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 29 აპრილის №გ-39.382211914 განკარგულებით ბ.ქ-ის უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ 2006-2007 წლების საჯარო რეესტრის ოფიციალური ვებ.გვერდის მონაცემებით, სალეგალიზაციო ობიექტზე წარმოდგენილი კონფიგურაციით არ დასტურდებოდა ფლობა-სარგებლობის ფაქტი, კერძოდ, არ იკვეთებოდა საზღვრების მიჯნა, რაც ეწინააღმდეგებოდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნას. ამასთან, 2022 წლის 20 აპრილის სხდომაზე მოქალაქე ზ.გ-ას განცხადების საფუძველზე, სხდომაზე მიწვეულ იქნა ბ.ქ-ის მეზობელი ნ.რ-ას წარმომადგენელი ზ.გ-ა, რომელმაც გამოთქვა პრეტენზია ბ.ქ-ის მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის ფლობის ნაწილში (განაცხადეს, რომ სადავო მიწის ნაკვეთის დაახლოებით 400-500 კვ.მ ფართს თვითონ იყენებდნენ), თუმცა განკარგულების თანახმად დაინტერესებულმა პირებმა ზურაბ ქ-მა და ზ.გ-ამ ვერ დაადასტურეს მიწის ფლობა-სარგებლობის სასაზღვრო მიჯნები.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 2021 წლის 6 იანვრის №3036/17 სამსახურებრივ ბარათის შესაბამისად, სადავო მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები იყვნენ ს.მ-ი, მ.გ-ი, სსიპ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი, გ.ნ-ი და ნ.ნ-ი. ხოლო საქმეში წარმოდგენილი ნოტარიულად დამოწმებულ განცხადების მიხედვით კი, მ.გ-ი, გ.კ-ი და გ.ნ-ი ადასტურებენ, რომ ბ.ქ-ი 1993 წლიდან დღემდე ფლობდა და სარგებლობდა 2414.9 კვ.მ ფართის ოდენობით მიწის ნაკვეთით მდებარე, ქალაქი რუსთავში, ...ის ქუჩის №75-ში. სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ 2000 წლის ორთოფოტოზე, რომლის მიხედვითაც დადასტურებულად მიიჩნია, რომ იმ დროისათვის ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე უკვე განთავსებული იყო დასახელებულ ნახაზზე მონიშნული შენობები, ხოლო კომუნალური გადასახადის გადახდის ქვითრებით დასტურდებოდა, რომ აღნიშნულ მისამართზე აბონენტად რეგისტრირებული იყო ბ.ქ-ი.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ.ქ-ი ქალაქი რუსთავში, ...ის ქუჩის №75-ში მდებარე მიწის ნაკვეთს ფლობდა, როგორც საკუთარს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, აშენებული ჰქონდა მასზე საცხოვრებელი სახლი, დამხმარე შენობა-ნაგებობები, აბონენტად იყო რეგისტრირებული და იხდიდა შესაბამის კომუნალურ გადასახადებს და მიიჩნია, რომ სადავო იყო ის, თუ რამდენ კვადრატულ მეტრს შეადგენდა ბ.ქ-ის მიერ დაკავებული მიწის ფართობი და მისი საზღვრები, რისი დადგენაც უნდა მომხდარიყო ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მოსაზღვრე მეზობლების ჩართულობითა და ადგილის შესწავლის საფუძველზე. ამასთან პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ მომხდარა ნ.რ-ას წარმომადგენლის ზ.გ-ას მიერ დაყენებული პრეტენზიის სრული გამოკვლევა, მას არ შეუსწავლია ვის ეკუთვნოდა მიწის ნაკვეთი და ვისთან ჰქონდა ზეპირი შეთანხმება მესამე პირს (არსებობის შემთხვევაში), გარდა აღნიშნულისა განკარგულებას ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე, საფუძვლად დაედო მხოლოდ მესამე პირის განცხადება. ამასთანავე, მიღებული განკარგულებითაც არ ირკვეოდა, თუ მიწის ნაკვეთის რომელ ნაწილზე იყო საუბარი და ასევე ბუნდოვანი იყო, რატომ ეთქვა მოსარჩელეს სრულად უარი საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ პირობებში, როდესაც მიწის ნაკვეთზე დამხმარე შენობა-ნაგებობების გარდა განთავსებული იყო საცხოვრებელი სახლიც და აღნიშნულ გარემოებას ადასტურებენ სხვა მოწმეები. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო განკარგულება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე არ იყო დასაბუთებული და მოპასუხეს არ ჰქონდა გამოკვლეული საკითხთან დაკავშირებული არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა მიუთითა სააპელაციო პალატის მსჯელობაზე, რომელიც უკავშირდებოდა საკადასტრო აზომვითი ნახაზის ანალიზს და განმარტა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახით მტკიცებულებებით, არ შეიძლება განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულ იქნას მოწმეთა განცხადებებით, მითუმეტეს როდესაც, აღნიშნულ სალეგალიზაციო მიწაზე პრეტენზიას აცხადებდა მესამე პირი. გარდა ამისა, კასატორი აღნიშნავს, რომ ორთოფოტოთი სალეგალიზაციო მიწის ნაკვეთის ფლობა-სარგებლობის ფაქტი საკადასტრო აზომვითი ნახაზით წარდგენილი კონფიგურაციით არ დგინდებოდა. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, ნარგიზი რუსტამოვას წარმომადგენელმა განმარტა, რომ მისი მარწმუნებელი ფლობდა სალეგალიზაციო მიწის ნაკვეთს, ხოლო ამავე სხდომაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარდგენილ იქნა ცნობა-დახასიათება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ნ.რ-ას სახელზე ფიქსირდებოდა 3390 კვ.მ მიწის ნაკვეთის სარგებლობა, თუმცა სასამართლოებს აღნიშნული გარემოების თაობაზე არ უმსჯელიათ.
რაც შეეხება გასაჩივრებულ განჩინებაში არსებულ მითითებას, რომ განსახილველ შემთხვევაში საკუთრების უფლების მოპოვების საკითხი უნდა განხილულიყო „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კასატორი განმარტავს, რომ დასახელებული კანონი საჯარო რეესტრს წარმოების დაწყებას ავალდებულებს მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, ხოლო მუნიციპალიტეტის აღიარების კომისიას თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის არსებობის შემთხვევაში. იმ პირობებში კი, როდესაც მოსარჩელე თავად მიუთითებდა, რომ მას ჰქონდა უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელიც ვერ მოიძია, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს შეფასება უნდა მიეცა აღნიშნული გარემოებისთვის.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოების მითითება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და სასამართლოს არ აქვს მითითებული, თუ კონკრეტულად რა უნდა გაეკეთებინა და ვერ გააკეთა ადმინისტრაციულმა ორგანომ. ამასთან, კასატორი მიიჩნევს, რომ საქმის გარემოებებისა და შესაბამისი მტკიცებულებების სათანადოდ გამოკვლევის შემთხვევაში, სასამართლოებს თავად ჰქონდათ შესაძლებლობა გადაეწყვიტათ დავა, მისი ადმინისტრაციული ორგანოსთვის დაბრუნების გარეშე და მიეღოთ გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 აპრილის განჩინებით, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
2024 წლის 15 აპრილს მესამე პირმა - ნ.რ-ამ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა საკასაციო შესაგებელი, რომლითაც დაეთანხმა გასაჩივრებულ განჩინებას და განმარტა, რომ აღიარების კომისიას არაჯეროვნად ჰქონდა გამოკვლეული საქმის ვითარება. კერძოდ, დასკვნაში ფორმალურად ჰქონდა მითითებული, რომ არ დასტურდებოდა სალეგალიზაციო ობიექტის ფლობის ფაქტი და არ იკვეთებოდა საზღვრების მიჯნა, თუმცა არ იყო დაკონკრეტებული, თუ რომელი იყო ნარგიზი რუსტამოვას მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი და რომელი ბ.ქ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო საგანს წარმოადგენს მიწის ნაკვეთზე ბ.ქ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 29 აპრილის №გ-39.382211914 განკარგულების კანონიერების შემოწმება.
საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს საკუთრების უფლების აღიარების ორ ძირითად წინაპირობას - კანონის ამოქმედებამდე სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავება, როდესაც აღნიშნულ ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) და დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე. აღსანიშნავია, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ უნდა იყოს განკარგული.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელთა წარდგენაც არის საჭირო თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად კერძოდ ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, რომელიც მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელ დოკუმენტებად ასახელებს ცნობა-დახასიათებას უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტს, ორთოფოტოს (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტს, გადახდის ქვითარს ან/და სხვა დოკუმენტს.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 29 აპრილის №გ-39.382211914 განკარგულებით, ბ.ქ-ის უარი ეთქვა ქ. რუსთავში, ...ის ქ. №75-ში მდებარე 2859 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ 2006-2007 წლების საჯარო რეესტრის ოფიციალური ვებ. გვერდის მონაცემებით, სალეგალიზაციო ობიექტზე წარმოდგენილი კონფიგურაციით არ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთის ფლობა-სარგებლობის ფაქტი, კერძოდ, არ იკვეთებოდა საზღვრების მიჯნა, რაც ეწინააღმდეგებოდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნას. ამასთან, 2022 წლის 29 აპრილის სხდომაზე ბ.ქ-ის მეზობელმა ნ.რ-ამ გამოხატა პრეტენზია ბ.ქ-ის მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის ფლობის ნაწილში, კერძოდ განიმარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის ნაწილს, დაახლოებით 400-500 კვ.მ ფართს იყენებდა თავად და მოსარჩელე მხარემ იგი 2002 წლიდან მიითვისა. განმცხადებელმა ასევე განმარტა, რომ მიწის ნაკვეთი მეპატრონეს წარმოადგენდა სხვა პირი და სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე იყენებდნენ, როგორც ბაღს. ამასთან, სადავო განკარგულებაში მითითებულ იქნა, რომ დაინტერესებულმა პირებმა ზურაბ ქ-მა და ზ.გ-ამ ვერ დაადასტურეს მიწის ფლობა-სარგებლობის სასაზღვრო მიჯნები. ბ.ქ-ის წარმომადგენელმა კი განმარტა, რომ აღნიშნული ტერიტორია თავის დროზე მოსარჩელეს გამოეყო შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე, თუმცა საბუთები დაკარგული ჰქონდა და არქივში და საჯარო რეესტრში არ იძებნებოდა.
საქმეში არსებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვით ნახაზის მიხედვით, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი, ქალაქ რუსთავში, ...ის ქუჩის №75-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, 2859 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო ერთი საცხოვრებელი ფართი 154.5 კვ.მ-ის ოდენობით და ორი არასაცხოვრებელი ფართი აშენებულ მდგომარეობაში 22.3 და 63.1 კვ.მ-ის ოდენობით, ამასთან, მიწის ნაკვეთი მდებარეობდა მყარ სასაზღვრო მიჯნაში. 2021 წლის 11 ივნისის ადგილზე დათვალიერების აქტის თანახმად კი განისაზღვრა, რომ მიწის ნაკვეთი ნაწილობრივ შემოღობილი იყო ბეტონის ღობით, ხოლო ნაწილობრივ ლითონის ბადით, იდგა საცხოვრებელი და ორი დამხმარე შენობა-ნაგებობა, ასევე მრავალწლიანი ნარგავები. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი 2000 წლის ორთოფოტოს მიხედვით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ იმ დროისათვის ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე უკვე განთავსებული იყო დასახელებულ ნახაზზე მონიშნული შენობები, ხოლო კომუნალური გადასახადის გადახდის ქვითრებით დასტურდებოდა, რომ აღნიშნულ მისამართზე აბონენტად რეგისტრირებული იყო ბ.ქ-ი. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი სახაზინო საწარმო „...ის“ №... ქვითარში (შედგენილი 2002 წელს) აბონენტად მითითებული იყო ქ-ი, ხოლო მისამართად ...ის ქ. №75. საქმეში დაცული ...ის განაწესში კი (დათარიღებული 1997 წლით) ...ის ქ. №75-ში აბონენტად მითითებული იყო ქ-ი.
ასევე დადგენილია, რომ 2021 წლის 6 იანვრის №3036/17 სამსახურებრივ ბარათის თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები იყვნენ ს.მ-ი, მ.გ-ი, სსიპ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი, გ.ნ-ი და ნ.ნ-ი, ხოლო საქმეში წარმოდგენილი ნოტარიულად დამოწმებული განცხადების მიხედვით კი, მ.გ-ი, გ.კ-ი და გ.ნ-ი ადასტურებენ, რომ ბ.ქ-ი 1993 წლიდან დღემდე ფლობდა და სარგებლობდა 2414.9 კვ.მ ფართის ოდენობით მიწის ნაკვეთით მდებარე: ქ. რუსთავი, ...ის ქუჩა №75. ამასთან, მოწმეები ადასტურებდნენ მოსარჩელის მიერ 2414.9 კვ.მ ფართის ფლობა-სარგებლობას, თუმცა მოსარჩელე ბ.ქ-ის სალეგალიზციოდ წარდგენილი ჰქონდა 2859 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი.
აღსანიშნავია ის დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 27 დეკემბრის №216 განკარგულებით მოსარჩელეს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ სალეგალიზაციო მიწის ნაკვეთი 2010 წლიდან მ.გ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე იყო, რაც გამორიცხავდა წარდგენილი კონფიგურაციით დაინტერესებული პირის მიერ სარგებლობის ფაქტს და წარმოადგენდა გამოყოფის ზოლს, რაც ეწინააღმდეგებოდა კანონის მოთხოვნებს. საქმეში წარმოდგენილი ამონაწერის თანახმად კი, მ.გ-ი უძრავი ნივთის მესაკუთრე გახდა 2010 წლის 20 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რისი გათვალისწინებითაც, მოსარჩელემ შეცვალა საკადასტრო ნახაზი და მის მიერ წარდგენილ იქნა ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლის ერთ-ერთ ხელმომწერს წარმოადგენდა მ.გ-ი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების მსჯელობას, რომ გასაჩივრებული განკარგულება არ იყო სათანადოდ დასაბუთებული და განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო მხრიდან არ მომხდარა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრული გამოკვლევა. ამასთან საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში არ ყოფილა დაკონკრეტებული თუ რა გარემოებები არ შეუსწავლია ადმინისტრაციულ ორგანოს. აღნიშნულის საპირისპიროდ საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილში, სააპელაციო სასამართლოს დაკონკრეტებული აქვს, რომ განკარგულებას ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე, საფუძვლად დაედო მხოლოდ მესამე პირის განცხადება და მითითებული აქვს ის გარემოებები, რომელთა კვლევაც ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ მომხდარა და რასაც ასევე ეთანხმება საკასაციო სასამართლო. კერძოდ, აღიარების კომისიას არ შეუსწავლია ნ.რ-ას წარმომადგენლის ზ.გ-ას მიერ დაყენებულ პრეტენზიასთან დაკავშირებული გარემოებები, თუ ვის ეკუთვნოდა მიწის ნაკვეთი და ვისთან ჰქონდა ზეპირი შეთანხმება მესამე პირს (არსებობის შემთხვევაში), გარდა აღნიშნულისა, მიღებული განკარგულებით არ ირკვეოდა, თუ მიწის ნაკვეთის რომელ ნაწილზე იყო საუბარი და რატომ ეთქვა მოსარჩელეს სრულად უარი საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ პირობებში, როდესაც მიწის ნაკვეთზე დამხმარე შენობა-ნაგებობების გარდა განთავსებული იყო საცხოვრებელი სახლიც და აღნიშნულ გარემოებას ადასტურებდნენ სხვა მოწმეები (მათ შორის მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეები).
რაც შეეხება კასატორის მითითებას მოსარჩელის განმარტებაზე უფლების დამდგენი დოკუმენტის არსებობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორედ ის გარემოება იქნა მხედველობაში მიღებული, რომ განსახილველ შემთხვევაში საქართველოს ეროვნული არქივის 2017 წლის 2 ოქტომბრის №15/150352 და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 20 სექტემბრის №02/14007 წერილებით არ გამოიკვეთა შესაბამისი ინფორმაცია ბ.ქ-ის უძრავი ქონების შესახებ და მართებულად მიიჩნია, რომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვება უნდა გადაწყვეტილიყო „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა