№ბს-248(2კ-24) 27 ნოემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - შ.ქ-ი, ა.შ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შ.ქ-მა და ა.შ-ემ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს (დაზუსტებული მოთხოვნა): ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2022 წლის 7 ივნისის №272/9 ბრძანება, მოსარჩელეთა უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 15 სექტემბრის №831 ბრძანება შ.ქ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) დაევალოს მოპასუხეს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელეთა უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის თაობაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით შ.ქ-ის და ა.შ-ის (არასრულწლოვნის) სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2022 წლის 7 ივნისის №272/9 ბრძანება შ.ქ-ის და ა.შ-ის უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 15 სექტემბრის №831 ბრძანება შ.ქ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. დაევალა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შ.ქ-ისა და ა.შ-ის უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის თაობაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ.
4.1. კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, 2021 წლის 26 ივლისს შ.ქ-მა და ა.შ-ემ თავშესაფარი ფართის მიღების მიზნით განცხადებით მიმართეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიას და მოითხოვეს უსახლკარო ოჯახად რეგისტრაცია. კომისიის 2022 წლის 3 მაისის №50 ოქმით შ.ქ-ის და ა.შ-ეს უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციაზე მიეცათ უარყოფითი რეკომენდაცია, სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-14 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დაუკმაყოფილებლობის გამო. კომისიის 2022 წლის 3 მაისის №50 ოქმის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის 2022 წლის 7 ივნისის №272/9 ბრძანებით შ.ქ-ს და ა.შ-ეს უარი ეთქვათ უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციაზე №37-14 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ კრიტერიუმთან შეუსაბამობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას, რომ ვინაიდან ა.შ-ე დაბადებიდან ცხოვრობს ქალაქ თბილისში, დედასთან ერთად, აქვე იგი ჩარიცხული იყო საბავშვო ბაგა-ბაღში და 2022 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით ირიცხება სსიპ ქალაქ თბილისის №... სკოლის მოსწავლედ, ამასთან, იგი 2015 წლიდან დედასთან ერთად, ერთ ოჯახად აღრიცხულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, სადავო აქტებით არასწორად შეფასდა ის გარემოება, რომ ოჯახის წევრთა ნახევარზე მეტი არ იყო რეგისტრირებული ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ბოლო ორი წლის განმავლობაში. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით, კერძოდ, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 17 მარტის №01/59463 წერილზე დართული მონაცემების საფუძველზე ცალსახად დგინდება, რომ ა.შ-ე არ არის რეგისტრირებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო წარმოადგენს სწორედ იმ ორგანოს, რომელსაც აღნიშნული მონაცემების დამუშავების ვალდებულება აქვს, შესაბამისად პირის კონკრეტულ მისამართზე რეგისტრაციის ფაქტის დადგენისას სწორედ აღნიშნული ორგანოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ხდება გადაწყვეტილების მიღება. იმ პირობებში, როდესაც ცალსახაა, რომ ა.შ-ე არ არის რეგისტრირებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (ზემოაღნიშნული ფაქტი, არც მოსარჩელეს გაუხდია სადავოდ და სასამართლომაც დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩია), შესაბამისად, უტყუარად დგინდება, რომ საჩივრის ავტორის ოჯახი ვერ აკმაყოფილებდა №37-14 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას.
4.2. კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის განმარტებით, შ.ქ-მა და ა.შ-ემ 2021 წლის 26 ივლისს თავშესაფარი ფართის მიღების მიზნით, უსახლკაროდ რეგისტრაციის მოთხოვნით განცხადებით მიმართეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისიას. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისიის 2022 წლის 3 მაისის №50 ოქმით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-14 და დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მოთხოვნათა დაუკმაყოფილებლობის გამო აღნიშნულ პირებს მიეცათ უარყოფითი რეკომენდაცია უსახლკაროდ რეგისტრაციაზე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისიის 2022 წლის 3 მაისის №50 ოქმის საფუძველზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2022 წლის 7 ივნისის №272/9 ბრძანებით შ.ქ-სა და ა.შ-ეს უარი ეთქვათ უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციაზე.
საქმეში წარმოდგენილია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 17 მარტის №01/59463 წერილი, რომლის თანახმად, ა.შ-ე არ არის თბილისში რეგისტრირებული. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-14 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციისათვის აუცილებელია ოჯახის წევრთა ნახევარზე მეტი უწყვეტად და ამავდროულად, უსახლკარო პირის სტატუსის მინიჭების მომენტისათვის იყოს რეგისტრირებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
შპს „პ...ის“ მიერ 2022 წლის 28 ნოემბერს გაცემული №02-215 ცნობა, რომლის თანახმადაც, 2014 წლის 18 ოქტომბერს იმშობიარა შპს „...ის სამშობიაროში“; ბ) ქ. თბილისის მე-... საბავშვო ბაგა-ბაღის მიერ 2022 წლის 28 ნოემბერს გაცემულია ცნობა, რომლის თანახმადაც, ა.შ-ე 2016 წლის 15 სექტემბრიდან 2021 წლის 30 ივლისის ჩათვლით ირიცხებოდა აღნიშნულ საბავშვო ბაგა-ბაღში; გ) სსიპ ქ. თბილისის №... საჯარო სკოლის მიერ 2022 წლის 28 ნოემბერს გაცემულია ცნობა, რომლის თანახმადაც, ა.შ-ე 2021 წლის 30 ივნისიდან არის აღნიშნული სკოლის მოსწავლე; დ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიერ 2023 წლის 22 მარტს გაცემული ცნობის თანახმად, შ.ქ-ის ოჯახი 2015 წლიდან რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. სასამართლომ მიუთითა ასევე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, 18 წლამდე ასაკის, აგრეთვე მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი რეგისტრირდება განცხადება-ანკეტაში მითითებულ მისამართზე მშობლების, მეურვის, მზრუნველის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
კასატორის განმარტებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტით კანონმდებელი განსაზღვრავს მოთხოვნათა იმპერატიულ ჩამონათვალს, რომელთა ერთობლიობა ქმნის ოჯახის უსახლკაროდ რეგისტრაციის საფუძველს. წესის მიხედვით, მოთხოვნილია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის ფაქტი და არა ფაქტობრივი ცხოვრება. თავად მუნიციპალიტეტის არსიდანაც გამომდინარეობს, რომ მუნიციპალიტეტს ჰყავს თავისი რეგისტრირებული მოსახლეობა, შესაბამისად, ფაქტობრივ ცხოვრებას ვერ მიენიჭება უპირატესობა რეგისტრაციასთან მიმართებით. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მხოლოდ სუბიექტური აზრიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება, ვინაიდან დასაბუთებაში არ არის წარმოდგენილი არანაირი ობიექტური მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება ა.შ-ის თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის ფაქტი. სააპელაციო პალატის აპელირება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვაზე, ცხოვრების ადეკვატურ პირობებზე და მითითება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის „ბავშვის უფლების კონვენციაზე“ უსაფუძვლოა, ვინაიდან აღნიშნულის გათვალისწინება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მათი დაცვა არ ეწინააღმდეგება კანონს. ამ შემთხვევაში კი, სახეზეა წინააღმდეგობა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტთან.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2021 წლის 26 ივლისს შ.ქ-მა განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიას და მოითხოვა უსახლკარო ოჯახად რეგისტრაცია. შ.ქ-მა განაცხადში ოჯახის წევრად მიუთითა შვილი (დაბადებული ... წლის ... ...ს) - ა.შ-ე (ს.ფ 46-49, 15); ბ) 2021 წლის 6 ივლისს გაცემული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის თანახმად, შ.ქ-ისა და მისი არასრულწლოვანი შვილის - ა.შ-ის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. ოჯახს მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა - 1000 და იღებს შემწეობას 170 ლარს. ოჯახი რეგისტრირებულია მისამართზე ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №24, კორპ. ...-ში (ს.ფ 50); გ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 17 ივლისის №... მიმართვის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული პროგრამის მონაცემებით შ.ქ-ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის (ს.ფ 51); დ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 17 მარტის №01/59463 წერილით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსს გაეგზავნა ინფორმაცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის შესახებ 2022 წლის 16 მარტის მდგომარეობით. წერილზე თანდართული ინფორმაციის თანახმად, ა.შ-ე არ არის რეგისტრირებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2022 წლის 27 ივნისს გაცემული საინფორმაციო ბარათის მიხედვით, შ.ქ-ი ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №85-ში რეგისტრირებულია 2017 წლის 25 მაისიდან (ს.ფ 61-62, 90-91); ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიის 2022 წლის 3 მაისის №50 ოქმით, შ.ქ-ს და ა.შ-ეს უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციაზე მიეცათ უარყოფითი რეკომენდაცია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-14 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დაუკმაყოფილებლობის გამო (ს.ფ 55-58); ვ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიის 2022 წლის 3 მაისის №50 ოქმის საფუძველზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2022 წლის 7 ივნისის №272/9 ბრძანებით შ.ქ-ს და ა.შ-ეს უარი ეთქვათ უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-14 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დაუკმაყოფილებლობის გამო (ს.ფ 94); ზ) 2022 წლის 7 ივლისს შ.ქ-მა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგინა №19/01221881987-01 ადმინისტრაციული საჩივარი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2022 წლის 7 ივნისის №272/9 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 15 სექტემბრის №831 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა შ.ქ-ის 2022 წლის 7 ივლისის №19/01221881987-01 ადმინისტრაციული საჩივარი. ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2022 წლის 7 ივნისის №272/9 ბრძანება (ს.ფ 85-89, 78-84); თ) შპს „პ...ას“ მიერ 2022 წლის 28 ნოემბერს გაცემული №02-215 ცნობის თანახმად, შპს „პ...ში“ შ.ქ-მა იმშობიარა 2014 წლის 18 ოქტომბერს, მდედრობითი სქესის ახალშობილი (ს.ფ 141); ი) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიერ 2023 წლის 22 მარტს გაცემული SSA 9 23 00306174 ცნობის თანახმად, შ.ქ-ის ოჯახი 2015 წლიდან რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2023 წლის 22 მარტის მდგომარეობით (ს.ფ 139); კ) ქ. თბილისის მე-... საბავშვო ბაგა-ბაღის მიერ 2022 წლის 28 ნოემბერს გაცემული ცნობის თანახმად, ა.შ-ე 2016 წლის 15 სექტემბრიდან 2021 წლის 30 ივნისის ჩათვლით ირიცხებოდა №... საბავშვო ბაგა-ბაღში (ს.ფ 140); ლ) სსიპ ქალაქ თბილისის №... საჯარო სკოლის მიერ 2022 წლის 28 ნოემბერს გაცემული MES 4 22 001505482 ცნობის თანახმად, ა.შ-ე 2021 წლის 30 ივნისიდან არის სსიპ ქალაქ თბილისის №... საჯარო სკოლის მოსწავლე (ს.ფ 142).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელეთათვის უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სათანადო საცხოვრისის უფლება აღიარებულია არაერთი საერთაშორისო-სამართლებრივი აქტით. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება ჰქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვების, ტანსაცმლის, საცხოვრებლის, სამედიცინო და საჭირო სოციალური მომსახურების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად. საცხოვრისის უფლებასთან დაკავშირებით, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-11 მუხლი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჩანაწერია, ვინაიდან იგი საქართველოს სახელმწიფოსთვის სავალდებულოდ შესასრულებელ ნორმას წარმოადგენს. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფოები აღიარებენ, რომ თითოეულ ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს სათანადო კვება, ტანსაცმელი და საცხოვრებელი ბინა. პაქტით განსაზღვრული საცხოვრებელი ბინა, არ უნდა განიმარტოს ვიწროდ, ვინაიდან იგი თავის თავში მოიაზრებს არა მხოლოდ თავშესაფრის ქონას, არამედ უსაფრთხო, მშვიდობიან და ღირსეულ პირობებში ცხოვრებას. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი გაგებული უნდა იქნეს როგორც სათანადო საცხოვრისის უფლება. სახელმწიფოს ვალდებულება, მოახდინოს საცხოვრისის უფლების სრული რეალიზება მოიცავს უსახლკარობის პრევენციის ვალდებულებასაც. გაეროს სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების დაცვის კომიტეტის განმარტების თანახმად, უფლება სათანადო საცხოვრისზე არ არის იზოლირებულად მდგომი უფლება და მჭიდრო კავშირშია ადამიანის ღირსების დაცვისა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპებთან.
საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-14 დადგენილებით დამტკიცებულ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესზე“ (ძალადაკარგულია - 19.05.2023, №25-28), რომელიც განსაზღვრავს პირის/ოჯახის უსახლკაროდ რეგისტრაციის კრიტერიუმებს, პროცედურებს და თავშესაფრით/საცხოვრისით დაკმაყოფილების პირობებს (1.1 მუხლი).
ზემოაღნიშნული წესის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, უსახლკარო სტატუსის მაძიებელი ოჯახი უსახლკარო ოჯახად დარეგისტრირდება, თუ ის აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში ოჯახის თითოეული წევრი არის საქართველოს მოქალაქე უწყვეტად, და ამასთანავე, ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში ოჯახის წევრთა ნახევარზე მეტი უწყვეტად და ამავდროულად უსახლკარო ოჯახის სტატუსის მინიჭების მომენტისათვის რეგისტრირებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მათ შორის, ოჯახის წევრი, რომელსაც ამ 2 წლის განმავლობაში შეუწყდა და კვლავ განუახლდათ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია, თუ ამგვარი შეწყვეტის შედეგად ის არ დარეგისტრირებულა სხვა მუნიციპალიტეტში; ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას ოჯახის არც ერთი წევრის მიმართ არ ფიქსირდება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება; გ) შესაბამისი გამგეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას ოჯახის არც ერთი წევრის მიმართ არ ფიქსირდება საცხოვრებელ სადგომზე ან სხვა ნებისმიერ ფართზე მართლზომიერი მფლობელობის ან უსასყიდლოდ სარგებლობის ფაქტი; დ) შესაბამისი გამგეობის მიერ მოპოვებული ინფორმაციით არ დასტურდება ოჯახის მხრიდან დამოუკიდებლად ბინის ან სხვა ფართის ქირის (იჯარის) კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში უწყვეტად გადახდის ფაქტი; ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას ოჯახის არც ერთ წევრს არ გააჩნია საკუთრებაში მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, ხოლო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების არსებობის შემთხვევაში, კომისიის მხრიდან გადაწყვეტილება მიიღება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მარკის, გამოშვების წლისა და მოდელის გათვალისწინებით; ვ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურისა და შესაბამისი საბანკო დაწესებულებ(ებ)ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად ოჯახს არ გააჩნია რეგისტრირებული შემოსავალი ან შემოსავლის არსებობის შემთხვევაში ოჯახი ასაბუთებს, რომ აღნიშნული შემოსავალი არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის ან კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე 6 თვის განმავლობაში ოჯახის წევრების მიერ მიღებული შემოსავალი არ აჭარბებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში დანგრეული ან საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლების მაცხოვრებელთა, ასევე მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეთა აუცილებელი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაციის 6 თვის კომპენსაციას და ამავე პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის“ მიერ განსაზღვრულ პირის საარსებო მინიმუმისათვის აუცილებელი თანხების ერთობლიობას; ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ფიქსირდება ოჯახის არც ერთი წევრის მიერ სახელმწიფო საზღვრის 2 (ორი) და მეტი გადაკვეთა (სახელმწიფო ტერიტორიის დატოვება). გარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემთხვევების, მესამე პირის მიერ დაფინანსებულ სასწავლო პროგრამებსა და კურსებში ჩართვის და სხვა სასწავლოშემოქმედებითი მიზნით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა, რაც დასტურდება განმცხადებლის მიერ შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენით; თ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას ოჯახის თითოეული უმუშევარი წევრი რეგისტრირებულია „სამუშაოს მაძიებლად“ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე – www.worknet.gov.ge.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად უნდა ხდებოდეს მისი კომპეტენციის ფარგლებში განსახილველი საკითხის გამოკვლევა, აუცილებელია მას დეტალური ინფორმაცია ჰქონდეს იმ პირების შესახებ, ვინც არახელსაყრელ მდგომარეობაში არიან სათანადო საცხოვრისის მხრივ, მათ შორის, განსაკუთრებულ კატეგორიას უსახლკარო პირები წარმოადგენენ, ვინაიდან ეჭვქვეშ დგება მათი უსაფრთხო, მშვიდობიანი და ღირსეული ცხოვრების პირობები. იმისათვის, რომ სახელმწიფომ შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოს მის დაქვემდებარებაში არსებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქე, ამის აუცილებელ პირობას წარმოადგენს, თითოეული უსახლკაროდ რეგისტრაციის მოთხოვნით წარდგენილი განცხადების სრულყოფილად შესწავლა, მათი განხილვა და ობიექტური გადაწყვეტილების მიღება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეთათვის უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ზემოაღნიშნული წესის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობა, კერძოდ, ის გარემოება, რომ არასრულწლოვანი ა.შ-ე ბოლო ორი წლის განმავლობაში ქალაქ თბილისში რეგისტრირებულ პირად არ ფიქსირდებოდა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესზე“, რომლის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, 18 წლამდე ასაკის, აგრეთვე მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი რეგისტრირდება განცხადება-ანკეტაში მითითებულ მისამართზე მშობლების, მეურვის, მზრუნველის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. თუ კანონიერი წარმომადგენელი რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, 18 წლამდე ასაკის, აგრეთვე მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის რეგისტრაცია ხორციელდება კანონიერი წარმომადგენლის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (რომელიც მითითებულია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში). იმ შემთხვევაში, თუ კანონიერი წარმომადგენლის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის იდენტიფიცირება შეუძლებელია, 18 წლამდე ასაკის, აგრეთვე მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი რეგისტრაციას გაივლის მისამართის მითითების გარეშე. აღნიშნულ შემთხვევებში პირის რეგისტრაციისათვის მშობლების, მეურვის, მზრუნველის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობა, ასევე საცხოვრისის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა ან კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტის ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის (მოწმის) მიერ დადასტურება სავალდებულო არ არის. თუ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი არ არის რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია ხორციელდება მისამართის მითითების გარეშე, რომლის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილიც არ მიეთითება განცხადება-ანკეტასა და სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას საქმეზე დადგენილ იმ გარემოებებზე, რომ შპს „პ...ას“ მიერ 2022 წლის 28 ნოემბერს გაცემული №02-215 ცნობის თანახმად, შპს „პ...ში“ შ.ქ-მა იმშობიარა 2014 წლის 18 ოქტომბერს, მდედრობითი სქესის ახალშობილი. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიერ 2023 წლის 22 მარტს გაცემული SSA 9 23 00306174 ცნობის თანახმად, შ.ქ-ის ოჯახი 2015 წლიდან რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2023 წლის 22 მარტის მდგომარეობით. ქ. თბილისის მე-... საბავშვო ბაგა-ბაღის მიერ 2022 წლის 28 ნოემბერს გაცემული ცნობის თანახმად, ა.შ-ე 2016 წლის 15 სექტემბრიდან 2021 წლის 30 ივნისის ჩათვლით ირიცხებოდა №... საბავშვო ბაგა-ბაღში. სსიპ ქალაქ თბილისის №... საჯარო სკოლის მიერ 2022 წლის 28 ნოემბერს გაცემული MES 4 22 001505482 ცნობის თანახმად, ა.შ-ე 2021 წლის 30 ივნისიდან არის სსიპ ქალაქ თბილისის №... საჯარო სკოლის მოსწავლე.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ფორმალურად მიუდგა საკითხს და არასწორად მიიჩნია, რომ ოჯახის წევრთა ნახევარზე მეტი არ იყო რეგისტრირებული ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ბოლო ორი წლის განმავლობაში. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ ოჯახმა საცხოვრებელი ადგილის არქონის გამო ვერ შეძლო არასრულწლოვანი პირის ქალაქ თბილისში დარეგისტრირება, არ შეიძლება გახდეს თავშესაფრით უზრუნველყოფის საჭიროების მქონე ოჯახისთვის უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი.
ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაუთვალისწინებია ის გარემოება, რომ მოსარჩელე ა.შ-ე არის არასრულწლოვანი. შესაბამისად, მოპასუხე ვალდებული იყო უპირატესობა მიენიჭებინა მისი საუკეთესო ინტერესებისათვის, რაც მოცემულ შემთხვევაში სრულად იქნა უგულებელყოფილი.
შესაბამისად, მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
სახეზე არ არის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრებს მიიჩნევს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ოქტომბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ბ. შონია