საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1003(კ-24) 27 ნოემბერი, 2024 წელი
ქ . თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გენადი მაკარიძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო, სს „კ...“
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ჭ...“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ივნისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 10 ნოემბერს შპს „ჭ...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 8 აგვისტოს №2-689 ბრძანებით სს „კ...ს“ მიეცა ნებართვა თბილისის ...ის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე და გაიცა ნებართვა გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაზე 220კვ ...ის განთავსებაზე. აღნიშნული ბრძანების მე-8 პუნქტში აღნიშნულია, რომ ...ის მშენებლობის ან ...ის განთავსებისას კერძო საკუთრების გადაკვეთის შემთხვევაში მშენებლობის დაწყებამდე სს ,,კ...მ“ უნდა უზრუნველყოს მესაკუთრესთან შეთანხმება.
მოსარჩელის მითითებით, ...ების განთავსების ტერიტორიაზე მდებარეობს შპს ,,ჭ...ს“ კუთვნილი მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ტერიტორია 2019 წლის დეკემბერში სახელმწიფოს მიერ გატანილ იქნა აუქციონზე მასზე ინვესტიციის განხორციელების, სასტუმროსა და რეკრეაციული ზონის მოწყობის ვალდებულებით. აუქციონში გამარჯვების შედეგად მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცა შპს ,,მ...ას“, რომელმაც შემდგომში აღნიშნული ნაკვეთი გადასცა შპს ,,ჭ...ს“. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 8 აგვისტოს №2-689 ბრძანებაში არ არის გათვალისწინებული მესამე პირების, მათ შორის, შპს „ჭ...ს“ საკუთრების უფლება, შესაბამისად, მოსარჩელის მოსაზრებით, მშენებლობის განხორციელებისას და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის თაობაზე ბრძანების მოქმედების წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს მესაკუთრის თანხმობა, თუ მშენებლობისას ხდება კერძო საკუთრების გადაკვეთა. მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული ბრძანების გამოცემისას ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საკვლევ ტერიტორიაზე არსებობს კერძო საკუთრება, რომელიც გაცემულია ვალდებულებით და სადაც უნდა მოხდეს რეკრეაციული ზონის მოწყობა და ...ის მშენებლობა. საკუთრების უფლება კი, უპირატესი უფლებაა, რომლის შეზღუდვაც დაუშვებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 8 აგვისტოს №2-689 ბრძანების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 იანვრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სს „კ...“ .
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით შპს ,,ჭ...ს’’ შუამდგომლობა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020წლის 5 აგვისტოს №2-689 ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. მითითებული განჩინება საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,ჭ...მა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის განჩინებით შპს ,,ჭ...ს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 იანვრის განჩინება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ჭ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 5 აგვისტოს №2-689 ბრძანება. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ და სს „კ...მ“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ივნისის განჩინებით სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სს „კ...ის“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ და სს „კ...მ“. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს და სს „კ...ის“ საკასაციო საჩივარი.
2024 წლის 18 ნოემბერს სს „კ...ის“ წარმომადგენელმა ე.გ-ემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლის თანახმად, სს „კ...სა“ და შპს „ჭ...ს“ შორის მიმდინარე დავაზე, ისევე როგორც სასამართლოში არსებულ სხვა დავაზე მიღწეულ იქნა მორიგება აღნიშნული დავების დასრულების თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს და სს „კ...ის“ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების ვადის გადავადება.
2024 წლის 21 ნოემბერს სს „კ...ის“ წარმომადგენელმა ე.გ-ემ კვლავ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ზემოაღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოადგინა სს „კ...სა“ და შპს „ჭ...ს“ შორის 2024 წლის 21 ნოემბერს გაფორმებული მორიგების აქტი, რომლის ფარგლებშიც მორიგების აქტის გაფორმებიდან 3 დღის ვადაში შპს „ჭ...მა“ უარი უნდა თქვას ადმინისტრაციულ სარჩელზე.
2024 წლის 22 ნოემბერს შპს „ჭ...ს“ წარმომადგენელმა ე.შ-ამ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და იქიდან გამომდინარე, რომ სს „კ...სა“ და შპს „ჭ...ს“ შორის 2024 წლის 21 ნოემბერს გაფორმდა მორიგების აქტი, მოსარჩელემ - შპს „ჭ...ს“ წარმომადგენელმა იშუამდგომლა სარჩელზე უარის თქმის გამო, საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
2024 წლის 25 ნოემბერს შპს „ჭ...ს“ დირექტორმა მ.ბ-მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი შუამდგომლობის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ჭ...ს“ დირექტორის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და შპს „ჭ...ს“ სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები: დაამთავრონ საქმე მორიგებით, მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს სარჩელი.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ (მოწინააღმდეგე მხარემ) - შპს „ჭ...მა“ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი განცხადებით უარი თქვა სარჩელზე და იშუამდგომლა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. განცხადება წარმოდგენილია და ხელმოწერილია შპს „ჭ...ს“ დირექტორის მ.ბ-ის მიერ.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, შპს „ჭ...ს“ დირექტორმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი განცხადებით განახორციელა სსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია - უარი თქვას სარჩელზე, რაც სსკ-ის 272-ე მუხლის "გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია.
საკასაციო სასამართლო მხარეებს განუმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49.2 მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან, საქმის არსებით განხილვამდე მხარეები მორიგდნენ და შპს „ჭ...მა“ სარჩელზე უარი განაცხადა, ამდენად, კასატორს - სს „კ...ს“ (ს/კ...) სრულად უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 24.07.2024წ. №996 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით, 49-ე მუხლით, 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ჭ...ს“ შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. შპს „ჭ...ს“ მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო, შეწყდეს საქმის წარმოება;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ივნისის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება;
4. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;
5. სს „კ...ს“ (ს/კ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 24.07.2024წ. №996 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
გ. მაკარიძე
გ. აბუსერიძე