Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-275(2კ-24) 17 დეკემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე), მ. ტ-ე (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

მესამე პირები - ზ. ქ-ი, ნ. ჩ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 დეკემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

მ. ტ-ემ 2020 წლის 21 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მ. ტ-ის 8 000 ლარით დაჯარიმების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 24 ივლისის №000378 დადგენილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 31 დეკემბრის №2145 ბრძანების ბათილად ცნობა.

სარჩელის მიხედვით, მუნიციპალური ინსპექციის სადავო დადგენილებით მ. ტ-ე დაჯარიმდა 8000 (რვა ათასი) ლარით, სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე კაპიტალური და მავთულბადის ღობის, ასევე კაპიტალური შენობა-ნაგებობის და მსუბუქი კონსტრუქციის უნებართვოდ განთავსებისთვის, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ რაც არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ სამშენებლო სამუშაოები ჩატარებულია 2007 წლამდე და ექვემდებარება ლეგალიზებას, შესაბამისად, საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 1 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ზ. ქ-ი, ხოლო ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ნ. ჩ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით მ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მ. ტ-ე გათავისუფლდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 24 ივლისის №000378 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმისაგან; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამშენებლო სამუშაოების ლეგალიზების თაობაზე მოსარჩელის პოზიცია არ გაიზიარა და მიუთითა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დროსათვის ლეგალიზების თაობაზე შესაბამისი დოკუმენტი მოსარჩელეს ადმინისტრაციული ორგანოსათვის არ წარუდგენია, შესაბამისად, დადასტურებულად მიიჩნია უნებართვო მშენებლობის ფაქტი, თუმცა „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ვინაიდან მ. ტ-ემ სამართალდარღვევა ჩაიდინა 2019 წლის 15 იანვრამდე (იხ. 2014 წლის ორთოფოტო, ტომი I, ს.ფ. 131), ხოლო ზემოხსენებული კანონის ამოქმედების დროისთვის მოსარჩელე იყო პენსიონერი, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა ჯარიმის დაკისრების ნაწილში სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც მ. ტ-ემ, ასევე ქ. თბილისის მერიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 დეკემბრის განჩინებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და მ. ტ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასაბუთება და აღნიშნა, „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ კანონით ცალსახად არის განსაზღვრული, რომ სამართალდარღვევა ჩადენილი უნდა იყოს 2019 წლის 15 იანვრამდე. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს სახდელი დაეკისრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2019 წლის 24 ივლისის №000378 დადგენილებით, თუმცა სამართალდარღვევა ჩადენილი იქნა 2019 წლის 15 იანვრამდე, შესაბამისად, „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონის თანახმად, მ. ტ-ე მართებულად გათავისუფლდა დაკისრებული ჯარიმისაგან, ხოლო შენობა-ნაგებობის დემონტაჟის ნაწილში აქტი მიჩნეულ იქნა კანონიერად, რადგან მ. ტ-ემ ადმინისტრაციულ ორგანოს მითითებით განსაზღვრულ ვადაში და ვერც სადავო დადგენილების გამოცემამდე წარადგინა მშენებლობის განხორციელების შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და მ. ტ-ემ.

კასატორის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის მითითებით, უდავო გარემოებაა, რომ მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 24 ივლისის №000378 დადგენილებით მ. ტ-ე დაჯარიმდა 8000 (რვა ათასი) ლარით, ქ. თბილისში, ... ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის, თუმცა სასამართლოს შეფასებით, არსებობდა „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაკისრებული ჯარიმისაგან გათავისუფლების წინაპირობა მოსარჩელის საპენსიო ასაკის გამო, რასაც არ იზიარებს კასატორი და აღნიშნავს, რომ სასამართლომ სამართალდარღვევის გამოვლენა დაუკავშირა 2019 წლამდე ორთოფოტოებზე არსებულ მდგომარეობას იმ პირობებში, როდესაც სამსახურის მიერ მითითების გაცემით წარმოება იწყება შესაძლო სამართალდარღვევის შესახებ, ხოლო სამსახურის დადგენილება, როგორც ჩატარებული წარმოების შემაჯამებელი აქტი, საბოლოოდ ადასტურებს კონკრეტული სუბიექტის მიერ სამშენებლო (ჩვენს შემთხვევაში ადმინისტრაციული) სამართალდარღვევის ჩადენას.

კასატორის მოსაზრებით, ,,ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება პირებზე, რომელთაც სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2019 წლის 15 იანვრამდე. გამომდინარე იქიდან, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა წარმოადგენს დენად სამართალდარღვევას, რაც გულისხმობს დროში უწყვეტად განგრძობას, სანამ არ მოხდება მისი გამოვლენა, ჩადენის დროს წარმოადგენს დადგენილების გამოცემის თარიღი. შესაბამისად კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ მ. ტ-ეზე 2019 წლის 18 სექტემბრის „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელება იყო უსაფუძვლო.

მ. ტ-ის საკასაციო საჩივრის მიხედვით, სადავო აქტები, რომელიც შეეხება უნებართვო მშენებლობის დემონტაჟს, მიღებულია სათანადო გამოკვლევისა და მტკიცებულებების შეფასების გარეშე, ვინაიდან სამშენებლო სამუშაოები ჩატარებულია 2007 წლამდე, რაც დადასტურებულია 2005 წლის ორთო-ფოტოებით და ექვემდებარება ლეგალიზებას. მიუხედავად ამისა, არც ადმინისტრაციულმა ორგანომ და არც სასამართლომ არ გაითვალისწინეს მითითებული გარემოება და მიიღეს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მარტის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და მ. ტ-ის საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და მ. ტ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ-ერთ სპეციფიკურ სახეს, რომლის გამოვლენა, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესი და პირობები განსაზღვრულია „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით; ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 8 000 ლარით.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული საქმის წარმოებისა და ცალკეული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ ზოგად პრინციპებს, მათ შორის, აღნიშნული კოდექსის მე-8 მუხლით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ზემოქმედების ზომათა შეფარდებისას კანონიერების უზრუნველყოფის პრინციპს ემყარება. აღნიშნული პრინციპის თანახმად, არავის შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ამავე კოდექსის 264-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილია თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. ამდენად, როგორც სამართალდამრღვევის გამოვლენის, ასევე დარღვევის დადგენის მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ სანქციის შემფარდებელმა ორგანომ, სამართალდარღვევა ყველა შემთხვევაში შეაფასოს ინდივიდუალურად, რა დროსაც ასევე ყურადღება უნდა მიექცეს იმის გამოკვლევას, ხომ არ არსებობს სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2019 წლის 20 თებერვალს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ მ. ტ-ის მიმართ შედგა №000378 მითითება. აღნიშნული აქტით, მოსარჩელეს მიეთითა, რომ ქ. თბილისში, ..., №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ, შესაბამისი ნებართვის გარეშე, აშენებული/განთავსებული იყო კაპიტალური და მავთულბადის ღობე, ორი კაპიტალური შენობა-ნაგებობა და მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობა, შესაბამისად დაევალა სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან ობიექტის დემონტაჟი უსაფრთხოების ნორმების დაცვით.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 25 მარტის №000378 შემოწმების აქტით, დაფიქსირდა მითითების მოთხოვნათა შეუსრულებლობა, რაც გახდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 24 ივლისის №000378 დადგენილებით მოსარჩელის 8 000 (რვა ათასი) ლარით დაჯარიმებისა და შენობა-ნაგებობის დემონტაჟის დავალების საფუძველი.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია და მოსარჩელე მხარეც სადავოდ არ ხდის იმ მოცემულობას, რომ მის მიერ შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებულია კაპიტალური და მავთულბადის ღობის, ორი კაპიტალური შენობა-ნაგებობისა და მსუბუქი კონსტრუქციის მშენებლობა. მოსარჩელის განმარტებით, აპირებდა მისი, როგორც 2007 წლამდე განხორციელებული უნებართვო მშენებლობის ლეგალიზებას. ასევე დადასტურებულია, რომ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემულ თანხმობა/დასტური მშენებლობასთან დაკავშირებით საქმეში წარმოდგენილი არ არის, შესაბამისად, გაიცა მითითება, რაც ასევე დადგენილ ვადაში მოსარჩელის მიერ არ შესრულებულა. ამრიგად, მ. ტ-ის საკასაციო პრეტენზია ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან, ლეგალიზების აქტის არარსებობის პირობებში, მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული უნებართვო მშენებლობისთვის მუნიციპალური ინსპექცია უფლებამოსილი იყო დამრღვევისთვის ჯარიმის დაკისრებასთან ერთად, დაევალებინა უნებართვოდ აშენებული ობიექტების დემონტაჟი. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით დამტკიცებული „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესზე“, რომლის თანახმად, შენობა-ნაგებობის ლეგალიზებაში იგულისხმება უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით მოწყობილი ობიექტის ლეგალიზება (დაკანონება). ლეგალიზება იმავდროულად ნიშნავს ობიექტის ან მისი ნაწილის დაკანონებას, ექსპლუატაციაში მიღებას (სუსგ საქმეზე №ბს-360-357(2კ-17), 19.10.2017წ.). ამდენად, უნებართვო შენობა-ნაგებობისათვის პირის დაჯარიმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების პროცესის შეჩერება დაუშვებელია, თუ დაინტერესებულმა პირმა დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით არ მიმართა შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობის ლეგალიზების მოთხოვნით (იხ. სუსგ საქმეზე №ბს-207-205(2კ-17), 30.05.2017წ.).

საკასაციო პალატა მიუთითებს „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 18.09.2019წ. საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის შესაბამისად, აღნიშნული კანონის მიზანს წარმოადგენს ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ფიზიკური პირის ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლების საკითხი გადაწყვიტონ ამავე კანონის შესაბამისად.

მითითებული კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების წინაპირობებს; კერძოდ „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება ამ კანონის ამოქმედების დროისთვის ასაკით პენსიონერი (ქალი − 60 წლის ასაკიდან, მამაკაცი − 65 წლის ასაკიდან). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება გულისხმობს ფიზიკური პირის გათავისუფლებას ადმინისტრაციული სახდელისა − ჯარიმისა და შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან.

საკასაციო პალატა ეთანხმება საქმის მასალებზე, მათ შორის 2014 წლის ორთოფოტოს მონაცემებზე დაყრდნობით ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევა ჩადენილია 2019 წლის 15 იანვრამდე (№000378 მითითებაში ობიექტის სტატუსი აღნიშნულია როგორც დასრულებული). საქმეში წარმოდგენილი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობით დასტურდება, რომ მ. ტ-ე (პ/ნ ...) დაიბადა … წლის … …, შესაბამისად იგი „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების დროისათვის (01.10.2019წ. №4964-Iს) წარმოადგენდა 65 წელს გადაცილებულ პირს, რაც ადასტურებს, რომ „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, იგი მართებულად დაექვემდებარა 2019 წლის 24 ივლისის №000378 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის (8 000 ლარის) გადახდისაგან გათავისუფლებას.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მოსაზრება სამშენებლო სამართალდარღვევის გამოვლენის პერიოდიდან გამომდინარე მოსარჩელის მიმართ „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 18.09.2019წ. კანონის მოქმედების გავრცელების დაუშვებლობის შესახებ. საკასაციო პალატა აღნიშნულ კანონზე მითითებით განმარტავს, რომ კონკრეტულ სუბიექტზე ამ კანონის მოქმედების გასავრცელებლად აუცილებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე იყოს ჩადენილი, ხოლო ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ უნდა იყოს აღსრულებული. შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა სადავო აქტით დაკისრებული სახდელისაგან გათავისუფლების სუბიექტს (ანალოგიურ საკითხზე იხილეთ სუსგ საქმეზე ბს-245 (2კ-23), 24 .07.2024 წ.).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, მ. ტ-ის საკასაციო საჩივარზე 21.02.2024წ. №38611006 გადახდის ქვითრით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი უნდა დაუბრუნდეს კასატორს - მ. ტ-ეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და მ. ტ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 დეკემბრის განჩინება;

3. კასატორს - მ. ტ-ეს (პ/ნ...) დაუბრუნდეს 21.02.2024წ. №38611006 გადახდის ქვითრით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა