საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-727(კ-24) 17 დეკემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოსარჩელეები) - ზ. ქ-ა, ნ. გ-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ზ. ქ-ამ და ნ. გ-ემ 2022 წლის 8 ივლისს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ ამავე სააგენტოს 2022 წლის 31 მაისის №03/011198 გადაწყვეტილების, 2014 წლის 13 ნოემბრის №2571 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის მოსარჩელეთა ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
სარჩელის მიხედვით, ზ. ქ-ა არის აფხაზეთიდან დევნილი და დედასთან - ნ. გ-ესთან ერთად ცხოვრობს ქ. თბილისში, ... I შესახვევი, კორპ. 6, ბინა №22-ში, თუმცა მის მიერ საცხოვრებლით დაკმაყოფილების თაობაზე შევსებული განაცხადი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მამასთან - გ. ქ-ასა და ბებიასთან - ლ. გ-ასთან ერთად ის დაკმაყოფილებულია ფართით, რაც მოსარჩელეთა განმარტებით არ შეესაბამება სინამდვილეს და არღვევს მათ კანონიერ უფლებებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ. ქ-ასა და ნ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 31 მაისის №03/11198 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2022 წლის 31 მაისის სსიპ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს №03/11198 გადაწყვეტილებით, ზ. ქ-ას წარმომადგენელს ეცნობა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით განსაზღვრული წესისა და კრიტერიუმების შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გ. ქ-ა, ლ. გ-ა და ზ. ქ-ა განსახლდნენ ქალაქ თბილისში, ... ქუჩის №101-ში (ს/კ ...). აღნიშნული ქონების საკუთრებაში გადაცემა განხორციელდა განსახლებით განსაზღვრული შემადგენლობის შესაბამისად 3 სულზე, თუმცა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერით დასტურდება, რომ მითითებული ფართის მესაკუთრეა სახელმწიფო. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები, ვინაიდან საქმეზე დადგენილი ფაქტები იყო წინააღმდეგობრივი, რაც ადასტურებდა მოპასუხის მიერ ადმინისტრაციული წარმოებისას საქმის გარემოებების არასათანადო გამოკვლევასა და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების მოუძიებლობასა და სათანადო შეფასების გარეშე გადაწყვეტილების მიღებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე მითითებით დამატებით აღნიშნა, რომ მიუხედავად ზურაბ და გ. ქ-ების ნათესაური კავშირისა, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა შეესწავლა შეიძლებოდა თუ არა ზ. ქ-ას მიკუთვნება მამის ოჯახისთვის, ვინაიდან ისინი არ ცხოვრობდნენ ერთად და არ ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას; კერძოდ, პალატის შეფასებით საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ზ. ქ-ას მშობლები, გ. ქ-ასათვის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას, ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობდნენ (ნ. გ-ე არ ფიქსირდება გ. ქ-ას ოჯახის შემადგენლობაში) და ზ. ქ-ა დედასთან ერთად ცხოვრობდა ქ. თბილისში, ..., ... მე-7 ქუჩაზე, ყოფილ №... ბაგა-ბაღში, ასევე გ. ქ-ას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას, მოსარჩელე ზ. ქ-ა იყო არასრულწლოვანი, მას მამასთან მჭიდრო კავშირი არ ჰქონდა და მამის ოჯახთან ერთად არასდროს უცხოვრია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მისი გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
კასატორის განმარტებით, მართალია ქ. თბილისში, ... ქუჩის №101-ში მდებარე ბინის მესაკუთრედ ფიქსირდება სახელმწიფო, თუმცა აღნიშნული ქონება 2013 წლის 8 ნოემბრის გრძელვადიანი განსახლების მიზნით საცხოვრებელი ფართის შეთავაზების №41 აქტითა და 2013 წლის 9 ნოემბრის №41 მიღება-ჩაბარების აქტით, ასევე, 2013 წლის 13 ნოემბერს გამოცემული №2571 ბრძანებით და დანართით, სადაც ზ. ქ-აც ფიქსირდება, გადაეცა მოსარჩელის მამას. მიუხედავად ქონების საკუთრებაში გადაცემისა, ამ დრომდე თავად გ. ქ-ა არ ირეგისტრირებს ზემოაღნიშნულ საცხოვრებელ ფართს საჯარო რეესტრში, რაც არ წარმოადგენს სააგენტოს ვალდებულებას.
რაც შეეხება ზ. ქ-ას, გ. ქ-ასა და ბებია - ლ. გ-ას ერთ ოჯახად მიჩნევას, კასატორის განმარტებით, როგორც საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით ირკვევა, მოსარჩელის მამამ გ. ქ-ამ 2013 წელს შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე შვილთან და დედასთან ერთად, რა დროსაც მოსარჩელე იყო არასრულწლოვანი. საქმეში წარმოდგენილია დევნილის ოჯახის როგორც ძველი, ასევე ახალი საოჯახო ანკეტა, სადაც ზ. ქ-ა მამასთან და ბებიასთან ერთად ერთ სარეგისტრაციო ნომერზე №... ფიქსირდებიან, 2001 წლიდან მისამართზე: ქ. თბილისი, ... ქ. პირველი შეს. კორპ 6, ბინა 4, ხოლო 2002 წელს შვილის ზ. ქ-ას დაბადების შემდეგ საოჯახო ანკეტას დაემატა კიდევ ერთი წევრი. საქმეში ასევე წარმოდგენილია 2013 წლის სავალდებულო რეგისტრაციების გავლის შემდეგ გაცემული დევნილის საოჯახო ანკეტა, რომელიც ხელით არის შევსებული 2013 წლის 21 ნოემბერს, სადაც იგივე მისამართი ფიქსირდება და ისევ ერთ სარეგისტრაციო ნომერზე არიან, შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, უსაფუძვლოა სასამართლოს შეფასებები ოჯახის შემადგენლობასთან დაკავშირებით საქმის გარემოებების არასათანადო გამოკვლევასა და შეფასების თაობაზე.
გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორი ასევე მიუთითებს, რომ 2021 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ ერთხელ უკვე ნამსჯელია იმავე მხარეებს შორის, იმავე საკითხთან დაკავშირებით (იურიდიული ინტერესი ერთი და იგივეა - საცხოვრებლით უზრუნველყოფა, საქმე №3/3559-21). აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ 2013 წელს გ. ქ-ას გადაეცა საცხოვრებელი ფართი მის: ქ. თბილისი, ... ქუჩა №101. გ. ქ-ას განმარტებით, მან განაცხადში შვილი ზ. ქ-აც შეიყვანა. შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ზ. ქ-ა დაკმაყოფილებული იყო საცხოვრებელი ფართით მამასთან - გ. ქ-ასათან და ბებიასთან - ლ. გ-ასთან ერთად.
რაც შეეხება მოსარჩელის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ მიუცია თანხმობა მამასთან ერთად საცხოვრებლით დაკმაყოფილების თაობაზე, საქმეში წარმოდგენილი 2013 წლის 8 ნოემბერს შედგენილი გრძელვადიანი განსახლების მიზნით საცხოვრებელი ფართის შეთავაზების №41 აქტითა და მიღება-ჩაბარების აქტით ირკვევა, რომ გ. ქ-ა თავის შვილთან - ზ. ქ-ასთან და დედასთან - ლ. გ-ასთან ერთად არის მითითებული და არასრულწლოვანი შვილის ნაცვლად ოქმს ხელს აწერს ზ. ქ-ას კანონიერი წარმომადგენელი (მამა) გ. ქ-ა. 2013 წლის 13 ნოემბერს გამოიცა №2571 ბრძანება ქ. თბილისში, ... ქ №101 (ყოფილი ... სკოლა) არსებულ შენობაში უზრუნველყოფილ დევნილ ოჯახთა უზრუნველყოფის თაობაზე შესაბამისი დანართით, სადაც ზ. ქ-აც ფიქსირდება როგორც დაკმაყოფილებული პირი. ზემოაღნიშნული ბრძანების საფუძველზე შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა დევნილთა ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში დევნილი ოჯახების განსახლებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, დგინდება, რომ ზ. ქ-ა თავის მამასთან ერთად 2013 წელს ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დაკმაყოფილებულია საცხოვრებელი ფართით, რაც კასატორის მოსაზრებით, ადასტურებს სარჩელის უსაფუძვლობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა განსახლების ორგანიზების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცდა „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). პალატა მიუთითებს აღნიშნული ,,წესის“ მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; იმავე „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
რაც შეეხება ოჯახის განსაზღვრებას, ზემოაღნიშნული „წესის“ (დანართი №1) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან სათანადო ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში.
მითითებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ როგორც წესი, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებები ეფუძნება დევნილების გადაწყვეტილების ნებაყოფლობისა და თავისუფალი არჩევანის პრინციპს, რომლის გათვალისწინებით დევნილები საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში ნებაყოფლობით და ზეგავლენის გარეშე იღებენ ძირითად გადაწყვეტილებებს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თუ დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებლით ან საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ კერძო ინვესტორის ან სახელმწიფოს მიერ გაცემული ერთჯერადი ფულადი დახმარებით ან რომელიმე უზრუნველყოფის ალტერნატიული ვარიანტით, იგი ჩაითვლება სახელმწიფოს მხრიდან დაკმაყოფილებულად და მისი კვლავ საცხოვრებლით უზრუნველყოფა დაუშვებელია, თუმცა ამისათვის მნიშვნელოვანი კომპონენტია დევნილთა ერთ ოჯახად ცხოვრების ფაქტის დადგენა. ამდენად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით უნდა შეფასდეს ოჯახის შემადგენლობა, რადგანაც ამ ფაქტის უტყუარად დადგენას არსებითი მნიშვნელობა გააჩნია სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მიზნებისთვის.
განსახილველ შემთხვევაში, 2013 წლის 8 ნოემბრის გრძელვადიანი განსახლების მიზნით საცხოვრებელი ფართის შეთავაზების №41 აქტითა და 2013 წლის 9 ნოემბრის №41 მიღება-ჩაბარების აქტით, ასევე, 2013 წლის 13 ნოემბერს გამოცემული №2571 ბრძანებით ირკვევა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ზ. ქ-ა მამასთან და ბებიასთან ერთად მიიჩნევა საცხოვრებლით დაკმაყოფილებულად ქ. თბილისში, ... ქ. №101-ში. ასევე დადგენილია, რომ გ. ქ-ას მიერ განაცხადის შევსებისას (2013წ.) მოსარჩელე ზ. ქ-ა (დაბ. … წ.) იყო არასრულწლოვანი და ცხოვრობდა ქ. თბილისში, ..., ... მე-7 ქუჩაზე, ყოფილ №... ბაგა-ბაღში დედასთან - ნ. გ-ესთან ერთად 2005 წლიდან. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ოჯახისათვის გადაცემული ფართი ამ დრომდე საჯარო რეესტრის მონაცემებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას დადგენილი არ არის ოჯახის რეალური შემადგენლობა და ადმინისტრაციული ორგანოს განმარტება მხოლოდ ერთ საოჯახო ნომერზე ზურაბ და გ. ქ-ების მითითებასთან დაკავშირებით, ვერ იქნება საკმარისი სარჩელის უარსაყოფად, ვინაიდან ოჯახის შემადგენლობის განსაზღვრისას არსებითია არა მხოლოდ ნათესაური კავშირის დადასტურება, არამედ, უნდა დასტურდებოდეს ერთი საოჯახო მეურნეობის წარმოება ერთად ცხოვრებით. პალატა მიუთითებს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა აქვს ადმინისტრაციული წესით დადგინდეს ოჯახის შემადგენლობა, რათა არ შეილახოს როგორც კერძო პირთა, ასევე სახელმწიფო ინტერესი. საყურადღებოა, რომ მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა ზემოაღნიშნული „წესის“ შესაბამისად მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება, მოცემული მომენტისათვის მოსარჩელის ოჯახის გ. ქ-ას ოჯახთან ერთად დაკმაყოფილებულად მიჩნევის თაობაზე, ისე, რომ მოპასუხეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების მიუხედავად, არ წარმოუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ზ. ქ-ას არაერთ განაცხადში აღნიშნულია მისი დედასთან ერთად ცხოვრების თაობაზე, ამრიგად, დასადგენია, შედიოდა თუ არა ზ. ქ-ა მამის - გ. ქ-ას ოჯახის შემადგენლობაში საცხოვრებლით დაკმაყოფილებისას, რაც სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობას წარმოადგენდა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგო დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) კასატორის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი, შესაბამისად, საქმის გარემოებების ხელახალი შესწავლისა და გამოკვლევისას მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებით, მათ შორის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-97-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით, უნდა დაადგინოს ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოება და საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა