Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-942(კ-24) 11 დეკემბერი, 2024 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - თ. ა-ი

მესამე პირები - ნ. დ-ა, მ. ა-ი და ა. ა-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

თ. ა-მა 2021 წლის 31 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, ამავე სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 21 აპრილის N03-1278/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის თ. ა-ისა და განცხადებით გათვალისწინებული სხვა პირების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის განაცხადის განხილვის დავალების მოთხოვნით, ქ. თბილისში სამ ოთახიანი ბინის მიღების პროცედურის ფარგლებში.

სარჩელის მიხედვით, თ. ა-ი არის იძულებით გადაადგილებული პირი, რომელსაც სახელმწიფოსგან არ აქვს მიღებული საცხოვრებელი ფართი. შეფასების შედეგად კრიტერიუმების საფუძველზე მინიჭებული აქვს 7 ქულა, თუმცა მის მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ სააგენტოში წარდგენილი განაცხადი, არ დაკმაყოფილდა განსახლების გადაუდებელი აუცილებლობის არარსებობის გამო, რასაც არ იზიარებს მოსარჩელე და მიიჩნევს, რომ ილახება მისი უფლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 ივლისის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაებნენ ნ. დ-ა, მ. ა-ი და ა. ა-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით თ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 21 აპრილის №03-1278/ო ბრძანება; მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა თ. ა-ისა და განაცხადით გათვალისწინებული პირების ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვა. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე, მონიტორინგის მისამართზე (ქ. თბილისი, ... ქუჩა, №22 კორპ, ბინა №68) ცხოვრობს მეუღლესთან - ნ. დ-ასთან და შვილებთან - მ. და ა. ა-ებთან ერთად, მისი დის - ნ. ა-ის საკუთრებაში არსებულ სახლში. აღნიშნულ ფართში მოსარჩელის ოჯახი იმყოფება დროებით, მისი დის ნებართვით, რომელიც მისი განმარტების მიხედვით აპირებს ბინის გაყიდვას რაც შეიძლება მოკლე დროში, რადგან იგი იპოთეკითაა დატვირთული, მოსარჩელის ოჯახს კი სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი არ აქვს, შესაბამისად სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის განმარტება, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ იყო განსახლების გადაუდებელი საჭიროება და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის, „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №7 დანართისა და „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით“ - №9 დანართზე მითითებით მოპასუხეს დაევალა თ. ა-ის ოთხი წევრისგან შემდგარი ოჯახის განსახლების თაობაზე საკითხის განხილვა, როგორც ოჯახის წევრთა რაოდენობის, ასევე ნორმატიულად დადგენილი სხვა კრიტერიუმების (საპირისპირო სქესის დაუქორწინებელი სრულწლოვანი დევნილები (მაგ.:სრულწლოვანი და-ძმა, მარტოხელა მშობელი და სრულწლოვანი შვილი) არ უნდა განსახლდნენ საერთო ოთახში; არასრულწლოვანი ოჯახის წევრები, მეუღლეები და ერთი სქესის სრულწლოვანი დევნილები შესაძლებელია განსახლდნენ ერთ ოთახში) გათვალისწინებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა და მესამე პირებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თ. ა-ის, ნ. დ-ას, მ. ა-ისა და ა. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. თ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა თ. ა-ისა და განცხადებით გათვალისწინებული სხვა პირების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის განაცხადის განხილვა ქ. თბილისში სამ ოთახიანი ბინის მიღების პროცედურის ფარგლებში.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა ადამიანის ღირსეული ცხოვრებისათვის საცხოვრებლის მნიშვნელობაზე და მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დადგენილად მიიჩნია მოსარჩელის ოჯახის სხვის საკუთრებაში ცხოვრების ფაქტი, ასევე ის გარემოება, რომ ოჯახის არცერთ წევრს საკუთრებაში არ აქვს რაიმე სახის უძრავი ქონება. თ. ა-ის ოჯახის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმით კი დადასტურებულია, რომ ოჯახს მიენიჭა 5 ქულა (საცხოვრებლის ფინანსური პირობები: ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1,5 ქულა; თ. ა-ი - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი „შშმპ“ - მნიშვნელოვნად გამოხატული - 2 ქულა; თ. ა-ი - ომში მონაწილეობა - ომის ვეტერანი - 1,5 ქულა). ამრიგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დროებით საცხოვრებელში ცხოვრება, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული ფართი ნათესავს ეკუთვნის, არ იძლეოდა შესაძლებლობას ზუსტად დადგენილიყო, რამდენად ჰქონდა მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მართალია, ოჯახი შედგება ოთხი წევრისაგან: დედა, მამა და სრულწლოვანი და - ძმა და №9 დანართის თანახმად, 3-4 მოსახლეზე გათვალისწინებულია 50-დან - 60მ2-მდე ოროთახიანი ბინა, ხოლო სამოთახიანი ბინის მიღების უფლება აქვთ 5-6 სულიან ოჯახებს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე არის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მატარებელი პირი, რომელსაც ჰყავს სრულწლოვანი საპირისპირო სქესის შვილები, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება ქმნის ოჯახისთვის სამოთახიანი ბინის გადაცემის შესაძლებლობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, სასამართლომ არ გამოიკვლია საქმეში არსებული ძირითადი ფაქტობრივი გარემოებები და გადაწყვეტილება მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტებას და პოზიციას დაეყრდნო და დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა, იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ 2021 წლის 2 აპრილს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომაზე (ოქმი №19) განხილულ იქნა დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი ორ ოთახიანი ბინებით, მათ შორის იყო მოსარჩელის განაცხადიც. 2020 წლის 30 ნოემბერს ჩატარებული მონიტორინგისას მისამართზე მისულ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებს დახვდა მოსარჩელის მეუღლე, რომელმაც განმარტა, რომ ბინა სადაც ცხოვრობენ 2006 წლიდან, ეკუთვნის მოსარჩელის დას - ნ. ა-ს. განმარტა, რომ ძმას თ. ა-საც აქვს საკუთრება, მდებარე - თბილისი, ... ქუჩა №17-ში, თუმცა ქოხზე მითითება არ გაუკეთებია. მხარემ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარმოადგინა 2020 წლის 4 დეკემბრის სამკვიდრო მოწმობა, სადაც დადასტურებულია, რომ მოსარჩელის მამის - ა. ა-ის გარდაცვალების შემდგომ (გარდაიცვალა 03.08.2006) მოსარჩელის დამ - ნ. ა-მა, როგორც კანონისმიერმა მემკვიდრემ, მიიღო სამკვიდრო ქონების 3/4 წილი. როგორც მოგვიანებით წარმოდგენილ ამონაწერში ჩანს, აღნიშნული ქონების 1/4 ნაწილი კვლავ ა. ა-ის სახელზეა. მონიტორინგის მასალები გადაეცა დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას განსახილველად. კომისიამ 2021 წლის 2 აპრილს (ოქმი №19) იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და გადაწყვიტა, რომ მოსარჩლე ოჯახის წევრებთან ერთად არ დაეკმაყოფილებინა განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის გამო, რადგან ცხოვრობს მშობლების და დის ბინაში. მიუხედავადა ამისა, სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული საცხოვრებელი მხოლოდ დის საკუთრებაა, რაც არ შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ, ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად კანონმდებლობის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, რაც შესაბამისობაშია კანონის მოთხოვნებთან და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. ასევე კასატორი უკანონოდ მიიჩნევს ნორმატიულად დადგენილი საცხოვრებელი ფართისაგან განსხვავებული ფართით მოსარჩელის დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 სექტემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო არსებითად იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 21 აპრილის N03-1278/ო ბრძანების კანონიერება წარმოადგენს. ხსენებული ბრძანებით მოსარჩელის ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის მოტივით, უარი ეთქვათ ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი.

საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ; კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ხოლო დევნილ ვეტერანთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 04.07.2019წ. №01-52/ო ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ცალკეულ დევნილ ვეტერანთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ომის ვეტერან დევნილთა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია. აღნიშნული წესის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. იმავე „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

მითითებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დევნილ ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. მოცემული უფლების რეალიზაცია დაკავშირებულია, ერთი მხრივ, დევნილის სტატუსის ქონასთან, მეორე მხრივ, კი დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან. კერძოდ, უფლებამოსილი პირის მიერ ხდება დევნილი ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება. სწორედ მინიჭებული ქულების ოდენობაზე არის დამოკიდებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა. საყურადღებოა, რომ მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა ზემოაღნიშნული „წესის“ შესაბამისად მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება, მოცემული მომენტისათვის მოსარჩელის ოჯახის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არარსებობის შესახებ.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე, მონიტორინგის მისამართზე (ქ. თბილისი, ... ქუჩა, №22 კორპ, ბინა №68) ცხოვრობს მეუღლესთან - ნ. დ-ასთან და შვილებთან - მ. და ა. ა-ებთან ერთად, მისი დის - ნ. ა-ის საკუთრებაში არსებულ სახლში. თ. ა-ის ოჯახის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმით, ოჯახს მიენიჭა 5 ქულა (საცხოვრებლის ფინანსური პირობები: ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1,5 ქულა; თ. ა-ი - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი „შშმპ“ - მნიშვნელოვნად გამოხატული - 2 ქულა; თ. ა-ი - ომში მონაწილეობა - ომის ვეტერანი - 1,5 ქულა).

მსგავსი კატეგორიის დავის გადაწყვეტისას, საკასაციო სასამართლომ არაერთგზის განმარტა, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული საცხოვრისით სარგებლობის (ქირით ან ქირის გარეშე) ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე (მაგ. იხილეთ სუსგ №ბს-156(კ-20); 18.03.2020წ.). მხოლოდ ის ფაქტი, რომ პირი ნათესავის სახლში ცხოვრობს, არ შეიძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველი. აღნიშნული გარემოება არ გამორიცხავს დევნილი ოჯახის უფლებას, განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ ზემოაღნიშნული გარემოება არ შეიძლება გამხდარიყო დევნილი ოჯახის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველი.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის ფაქტი არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა. ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით, რის გამოც, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონის შესაბამისობასთან მიმართებით. კასატორის მითითება, რომ მოსარჩელის ოჯახს მისი ნათესავის საკუთრებაში არსებული ბინით შეუზღუდავად შეუძლია ისარგებლოს, არ წარმოადგენს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის და დასაბუთებულ საფუძველს. აღსანიშნავია ისიც, რომ მოცემული მდგომარეობით, მოსარჩელის მამის - ა. ა-ის სამკვიდრო ქონება (მათ შორის ქ. თბილისში, ... ქუჩის №22-ში მდებარე №68 ბინა), სრულად აქვს მიღებული ნ. ა-ს.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო, მისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ვალდებული იყო წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დაედგინა დევნილის საცხოვრებელი პირობები და სათანადოდ გადაეწყვიტა მოსარჩელის დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, დევნილთა მიმართ შექმნას მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების კანონის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ შეფასების გამო ვერ განხორციელდა მოსარჩელის დევნილი ოჯახის დაკმაყოფილება, რაც სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველს ქმნის.

საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 08 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით“ დადგენილია საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები (დანართი N9). აღნიშნული დანართის თანახმად, დევნილის ოჯახების წევრთა 1-2 მოსახლეზე განისაზღვრა ერთოთახიანი ბინით, ხოლო 3-4 მოსახლეზე ოროთახიანი ბინით უზრუნველყოფის შესაძლებლობა, რომლის მინიმალური საორიენტაციო სტანდარტი ახლად აშენებული და ცარიელი შენობებისთვის არის 50-დან - 60მ2-მდე. ამავე „წესის“ მე-6 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, დევნილი ოჯახ(ებ)ისათვის საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შეთავაზებისას, შეძლებისდაგვარად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი გარემოებები: ა) საპირისპირო სქესის დაუქორწინებელი სრულწლოვანი დევნილები (მაგ.: სრულწლოვანი და-ძმა, მარტოხელა მშობელი და სრულწლოვანი შვილი) არ უნდა განსახლდნენ საერთო ოთახში; ბ) არასრულწლოვანი ოჯახის წევრები, მეუღლეები და ერთი სქესის სრულწლოვანი დევნილები შესაძლებელია განსახლდნენ ერთ ოთახში.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ იძულებით გადაადგილებული პირის - თ. ა-ის ოჯახი შედგება 4 წევრისგან: განმცხადებელი - თ. ა-ი, მეუღლე - ნ. დ-ა და სრულწლოვანი შვილები - მ. და ა. ა-ები. ასევე დადგენილია, რომ კრიტერიუმების შეფასებისას თ. ა-ს, როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს (მნიშვნელოვნად გამოხატული) მინიჭებული აქვს 2 ქულა.

საკასაციო პალატა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დევნილისთვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის საკითხის შესწავლისას, პირველ ყოვლისა, მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის.

საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციაზე“ (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით), რომლის პრეამბულაშივე გაცხადებულია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, აქტიურად ჩაერთონ სტრატეგიებსა და პროგრამებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათ შორის, უშუალოდ მათთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში. იმავე კონვენციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას ცხოვრების ადეკვატურ სტანდარტზე საცხოვრებელ პირობებზე მათთვის და მათი ოჯახებისათვის, რაც მოიცავს ადეკვატურ კვებას, ტანსაცმელს, საცხოვრებელ პირობებს; ასევე უფლებას საცხოვრებელი პირობების უწყვეტ გაუმჯობესებაზე; იღებენ შესაბამის ზომებს აღნიშნული უფლების დაცვისა და რეალიზებისათვის, შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას ამახვილებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისადაც, სათანადო საცხოვრებელი არის დევნილისათვის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი, სადაც უზრუნველყოფილია ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი პირობები, მათ შორის, უსაფრთხოებისა და სანიტარიული თვალსაზრისით დამაკმაყოფილებელი პირობები და ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა. იმავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით კი, სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად. ამასთანავე, „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის მე-12 პუნქტი ადგენს, რომ დევნილ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებები დაკმაყოფილდა ამ მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კონკრეტული საცხოვრებელი ფართები სადარბაზოებისა და სართულების მიხედვით გაუნაწილდებათ დეპარტამენტის ან შესაბამისი ტერიტორიული სამმართველოს მიერ ჩატარებული კენჭისყრის შედეგების საფუძველზე. ამასთან, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, დეპარტამენტის ან შესაბამისი ტერიტორიული სამმართველოს მიერ, შესაძლებელია საცხოვრებელი ფართი დევნილ ოჯახს გადაეცეს კენჭისყრაში მონაწილეობის გარეშე.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უნდა შეუქმნას გარემო, რომელშიც იგი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, შეძლებს სრულყოფილ მონაწილეობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ადეკვატური საცხოვრებელი პირობებით იყვნენ უზრუნველყოფილნი. იმ შემთხვევაში კი, როდესაც სახელმწიფო გადასცემს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დევნილს საცხოვრებელ სახლს, ადმინისტრაციულმა ორგანომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ასეთი პირის ინდივიდუალური საჭიროებები, რა დროსაც მათი უფლებების ეფექტურად დასაცავად აუცილებელია, რომ მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მოსმენილ იქნეს მათი აზრი და უზრუნველყოფილ იქნეს მათი ჩართულობა საკითხის გადაწყვეტაში.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ თ. ა-ის განაცხადი სააგენტომ განიხილა ოროთახიანი ბინით დაკმაყოფილების ფარგლებში, თუმცა არ დააკმაყოფილა გადაუდებელი საჭიროების არარსებობის საფუძვლით, რა დროსაც ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ არ არის შესწავლილი და შეფასებული ოჯახის ინდივიდუალური საჭიროებები, რათა მიეღო ყველა ზომა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებების დასაცავად და ოჯახისთვის გადაეცა სათანადო საცხოვრებელი, სადაც ოჯახის ყველა წევრისთვის, როგორც თვითონ თ. ა-ისათვის, ასევე, მისი სხვადასხვა სქესის სრულწლოვანი შვილებისთვის იქნებოდა შექმნილი ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი პირობები კერძო, პრივატული სფეროს აუცილებლობის გათვალისწინებით. საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 08 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით“ დადგენილი საცხოვრებელი ფართის სტანდარტების (დანართი N9) საორიენტაციო ბუნება, ასევე ამავე დანართის მე-13 პუნქტის დანაწესი (საპირისპირო სქესის დაუქორწინებელი სრულწლოვანი დევნილები (მაგ.: სრულწლოვანი და-ძმა, მარტოხელა მშობელი და სრულწლოვანი შვილი) არ უნდა განსახლდნენ საერთო ოთახში), იძლეოდა მოსარჩლის ოჯახის სამ ოთახიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, სააპელაციო პალატამ ამომწურავად იმსჯელა სადავო საკითხთან დაკავშირებით, კასატორი დამატებით ვერ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის არც ერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა