საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1242(კს-24) 9 დეკემბერი, 2024 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მესამე პირი) - ი.ა.ო-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი.ვ.ნ.ო-ი
დავის საგანი - სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ განჩინების კანონიერება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინება
აღწერილობითი ნაწილი:
ი.ვ.ნ.ო-იმ 2016 წლის 21 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და ამავე კომისიის 2016 წლის 19 მაისის №502 სხდომის ოქმში ასახულ, პირველ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 თებერვლის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ი.ა.ო-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით ი.ვ.ნ.ო-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი.ვ.ნ.ო-იმ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით ი.ვ.ნ.ო-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი.ვ.ნ.ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 19 მაისის №502 სხდომის ოქმში ასახულ პირველ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება და კომისიას, საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში ახალი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2022 წლის 25 იანვარს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის, კერძოდ, რა ნაწილში იქნა ცნობილი ბათილად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 19 მაისის №502 სხდომის ოქმი, განმარტება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 თებერვლის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის განცხადება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
ი.ვ.ნ.ო-ის წარმომადგენელმა 2023 წლის 12 დეკემბერს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა.
2024 წლის 26 იანვარს ი.ვ.ნ.ო-ის წარმომადგენელმა კვლავ მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე და მეხუთე პუნქტებში დაშვებული უსწორობის გასწორება, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე და მეხუთე პუნქტებში ნაცვლად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა მიეთითოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 იანვრის განჩინებით გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 და მე-5 პუნქტები და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: 1.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 19 მაისის №502 სხდომის ოქმში ასახულ პირველ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში ახალი აქტის გამოცემა“; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „დაეკისროს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ი.ვ.ნ.ო-ის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარისა და სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი.ა.ო-იმ და მისი გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებულ განჩინებაში არ არის მითითებული, თუ რის საფუძველზე იქნა გამოყენებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლი და დადგენილ იქნა უფლებამონაცვლეობა. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ისე გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ საერთოდ უგულებელყო და არ გაითვალისწინა არსებული უდავო ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მაისის განჩინებით ი.ა.ო-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 იანვრის განჩინება.
ი.ვ.ნ.ო-ის წარმომადგენელმა 2024 წლის 13 სექტემბერს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც ამავე პალატის 2024 წლის 30 ივლისის სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორება მოითხოვა იმ მოტივით, რომ მასში არასწორად იყო მითითებული მოსარჩელის პირადი ნომერი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე 2024 წლის 30 ივლისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობა და მასში არასწორად მითითებული ი.ვ.ნ.ო-ის პირადი ნომრის - ... ნაცვლად, მითითებულ იქნა ... .
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი.ა.ო-იმ და მისი გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებულ განჩინებაში არ არის მითითებული, თუ რა დოკუმენტის საფუძველზე იქნა გამოყენებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლი. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ისე გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ საერთოდ უგულებელყო და არ გაითვალისწინა საქმეში არსებული უდავო ფაქტობრივი გარემოებები. ამასთანავე, გასარკვევია, როგორ უნდა გაიცეს მოცემულ საქმეზე სააღსრულებო ფურცელი მაშინ, როდესაც დავის გადაწყვეტა დავალებული აქვს ადმინისტრაციულ ორგანოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ი.ა.ო-ის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი.ა.ო-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქმის მასალების მიხედვით, დადგენილია, რომ ი.ვ.ნ.ო-ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 19 მაისის №502 სხდომის ოქმში ასახული, პირველ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით ი.ვ.ნ.ო-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი.ვ.ნ.ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 19 მაისის №502 სხდომის ოქმში ასახულ პირველ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება და კომისიას საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში ახალი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 იანვრის განჩინებით გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 და მე-5 პუნქტები. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 19 მაისის №502 სხდომის ოქმში ასახულ პირველ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში ახალი აქტის გამოცემა“; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „დაეკისროს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ი.ვ.ნ.ო-ის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარისა და სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ“.
საქმის მასალებითვე დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ივნისის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე 2024 წლის 30 ივლისს ამავე პალატის მიერ გაცემულია სააღსრულებო ფურცელი. მასში დაშვებული უსწორობა კი, გასწორებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით. კერძოდ, სააღსრულებო ფურცელში არასწორად მითითებული ი.ვ.ნ.ო-ის პირადი ნომრის - ... ნაცვლად, მიეთითა ი.ვ.ნ.ო-ის პირადი ნომერი - ... .
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
საკასაციო პალატის განმარტებით, აღნიშნული მუხლის ნორმატიული შინაარსი ცხადყოფს, რომ მასში საუბარია განჩინებით დაშვებული ისეთი უსწორობების ან აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორებაზე, რომელიც არსებითად არ ცვლის გადაწყვეტილებას, მის აზრსა და შინაარსს. „..გასწორებას ექვემდებარება იმ სახის უზუსტობანი, რომლებიც აშკარად არ შეესაბამება საქმის მასალებს. დაუშვებელია იმ სახის შესწორებების შეტანა, რაც გამოიწვევს გამოტანილი გადაწყვეტილების არსებითად შეცვლას..“ (სუს 2018 წლის პირველი ნოემბრის №ბს-359-359(კს-18) განჩინება). ამასთან, მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იქნეს, რომ გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების მთავარი საფუძველი არის მხარის დარღვეული უფლება, რაც ამ უსწორობით მიადგა მას. შესაბამისად, აღსრულებულია თუ არა გადაწყვეტილება, ან გაუქმებულია თუ არა იგი, მნიშვნელობას იძენს მხარის ნამდვილი ინტერესის გათვალისწინებით, ანუ თუ მხარისათვის იურიდიული შედეგის მომტანია გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება, აღნიშნულზე არ შეიძლება მას უარი ეთქვას.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც ზემოაღნიშნული საქმის მასალებით დასტურდება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლომ გაასწორა 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე 2024 წლის 18 ოქტომბერს მის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობა.
რაც შეეხება კერძო საჩივარში მითითებულ გარემოებას, იმის თაობაზე რომ გასაჩივრებულ განჩინებაში არ არის მითითებული, თუ რა დოკუმენტის საფუძველზე იქნა გამოყენებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლი, ამასთანავე, გასარკვევია, როგორ უნდა გაიცეს მოცემულ საქმეზე სააღსრულებო ფურცელი მაშინ, როდესაც დავის გადაწყვეტა დავალებული აქვს ადმინისტრაციულ ორგანოს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ ი.ვ.ნ.ო-ის მიერ წარდგენილ განცხადებას თან ერთოდა მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინებით გასწორდა სააღსრულებო ფურცელში დაშვებული ტექნიკური უზუსტობა - არასწორად მითითებული პირადი ნომერი. გასაჩივრებული განჩინებით არ მომხდარა სააღსრულებო ფურცლის გაცემა. აღსანიშნავია, რომ სააღსრულებო ფურცელი გაცემულია მოსარჩელის - ი.ვ.ნ.ო-ის მოთხოვნის შედეგად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად და მისი გაცემის კანონიერება კერძო საჩივრის ფარგლებში განსახილველ საკითხს არ წარმოადგენს.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაასწორა მექანიკური ხასიათის შეცდომა. წარმოდგენილი კერძო საჩივარი კი, არ შეიცავს საფუძვლიან არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის, რის გამოც კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. ი.ა.ო-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
ნ. სხირტლაძე