Facebook Twitter

№ბს-928(კ-24) 24 დეკემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ.კ-ე

მესამე პირი- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ.კ-ემ 2020 წლის 5 ოქტომბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოგვიანებით, მოსარჩელემ მოპასუხედ მიუთითა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, ხოლო მესამე პირად - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

მოსარჩელის მითითებით, 1994 წლის 1 ნოემბრიდან მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში, სხვადასხვა თანამდებობაზე. 2016 წლის 2 იანვრიდან ზღვრული ასაკის მიღწევის გამო, თ.კ-ე სამსახურიდან დაითხოვეს. სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, თ.კ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა ნამსახურობის წლების გაანგარიშება და შესაბამისი წარდგინების გაგზავნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 22 მარტის წერილით თ.კ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა, რადგან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში მისი ნამსახურობის საერთო ვადა შეადგენდა 19 წელს, 8 თვესა და 11 დღეს, ნამსახურობის საერთო ვადაში არ ჩაითვალა 2008 წლის 18 ივნისიდან 2008 წლის 27 ოქტომბრამდე პერიოდში სამსახური, ვინაიდან აღნიშნულ პერიოდში, იგი გამოსაცდელი ვადით მსახურობდა. კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით თ.კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სადავო აქტები და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა მოსარჩელისთვის ნამსახურობის საერთო ვადაში სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში 2008 წლის 18 ივნისიდან 2008 წლის 27 ოქტომბრის პერიოდის ჩათვლის თაობაზე, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, თ.კ-ეს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წარდგინების საფუძველზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით 2019 წლის 1 იანვრიდან დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია. 3.06.2020წ. მოსარჩელემ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს მიმართა 2016 წლის იანვრიდან 2018 წლის დეკემბრის პერიოდთან მიმართებით მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნით. თ.კ-ის ზემოაღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის მითითებით იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მისი მოთხოვნა ნამსახურობის წლების გაანგარიშების თაობაზე საფუძვლიანად იქნა მიჩნეული, ლოგიკურია მისი მოთხოვნა ზიანის სახით მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე.

ამდენად, მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისთვის მის სასარგებლოდ ზიანის (მიუღებელი კუთვნილი კომპენსაცია - პენსია) 2016 წლის იანვრიდან 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით, ჯამში 6 912 ლარის ანაზღაურების დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით თ.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა თ.კ-ისთვის ზიანის (მიუღებელი კუთვნილი კომპენსაცია - პენსია) 2016 წლის იანვრიდან 2018 წლის დეკემბრის პერიოდზე, ჯამში 6 912 (ექვსი ათას ცხრაას თორმეტი) ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თ.კ-ემ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, 2016 წელს განცხადებით მიმართა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს და მოითხოვა მისი ნამსახურობის წლების გაანგარიშება. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 22 მარტის წერილით თ.კ-ეს განემარტა, რომ მისი განცხადება ვერ დაკმაყოფილდებოდა, რადგან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში მისი ნამსახურობის საერთო ვადა შეადგენდა 19 წელს, 8 თვესა და 11 დღეს, ზემოაღნიშნულ ვადაში არ ჩაითვლებოდა 2008 წლის 18 ივნისიდან 2008 წლის 27 ოქტომბრამდე მისი სამსახური, ვინაიდან აღნიშნულ პერიოდში, იგი გამოსაცდელი ვადით მსახურობდა.

სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 22 მარტის წერილობითი მიმართვა თ.კ-ემ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 28 ივლისის წერილობითი მიმართვით მოსარჩელეს განემარტა, რომ მისი განცხადება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე დარჩა განუხილველი.

კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით, თ.კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი თ.კ-ისათვის ნამსახურობის საერთო ვადაში 2008 წლის 18 ივნისიდან, 2008 წლის 27 ოქტომბრის პერიოდში სამსახურის ჩათვლაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 22 მარტის №714440 წერილობითი მიმართვა; ბათილად იქნა ცნობილი საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 5 მაისის №1098935 წერილობითი მიმართვა; სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც თ.კ-ეს ნამსახურობის საერთო ვადაში ჩაეთვლებოდა 2008 წლის 18 ივნისიდან, 2008 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში სამსახური.

ზემოაღნიშნული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა, 2018 წლის 28 დეკემბერს, ქალაქ ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრს გაუგზავნა მიმართვა (წარდგინება), რის საფუძველზეც, მოსარჩელეს 2019 წლის პირველი იანვრიდან დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია. 2020 წლის 3 ივნისს თ.კ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის და მოითხოვა, მისთვის მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურება 2016 წლის იანვრიდან 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით, 2019 წლის 14 იანვრამდე პერიოდში, 6 912 ლარის ოდენობით. შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2020 წლის 12 აგვისტოს წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ კომპენსაციის დანიშვნის, მიღების და გაანგარიშებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კომპეტენციაა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე, 208-ე, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლებზე. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მასზედ, რომ თ.კ-ეს უკანონოდ მიადგა ზიანი მოპასუხის მიერ გამოცემული იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, რომელიც სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი. სააპელაციო სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსადმი კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნით მიმართვის ფაქტი და აღნიშნა, რომ სწორედ ამ პერიოდიდან წარმოეშვა მას კომპენსაციის მიღების უფლება. მოსარჩელემ 2016 წლიდან ვერ მიიღო კუთვნილი სახელმწიფო კომპენსაცია, რაც მოპასუხის უკანონო ქმედებით გამოწვეულ ზიანზე მიუთითებდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს მართებულად დაევალა მოსარჩელის სასარგებლოდ, ზიანის სახით, მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის 2016 წლის იანვრიდან 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით, ჯამში 6 912 ლარის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის პოზიცია სასარჩელო მოთხოვნების ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ დაცულია დელიქტური სარჩელის აღძვრის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რომლის ათვლაც იწყება იმ მომენტიდან, როცა პირმა შეიტყო მიყენებული ზიანის და ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლის საწყის წერტილად მიჩნეულ უნდა იქნეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების მიღების თარიღი - 2018 წლის 10 ივლისი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის "თ" ქვეპუნქტზე, 27-ე მუხლის პირველ პუნქტზე, ასევე "სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე" 10.03.2006წ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N46/ნ ბრძანების მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე მითითებით მიიჩნევს, რომ კომპენსაციის დანიშვნა და ანაზღაურება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და არა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილებას წარმოადგენს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი არ ეთანხმება მოცემულ დავაში სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოპასუხე მხარედ განსაზღვრას. კასატორი მიიჩნევს, რომ გასულია სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, ვინაიდან აღნიშნულის ათვლა უნდა მომხდარიყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2018 წლის 10 ივლისის განჩინების მიღებიდან. თ.კ-ემ დაზუსტებული სარჩელით, სადაც მოპასუხედ მიუთითებდა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა 2021 წლის 7 ოქტომბერს. კასატორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებაზე (საქმე N1195(კ-18) 1.11.2018წ), რომლის თანახმად, მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაცია უნდა გაიცეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ და არა წარდგინების წარმდგენი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისთვის თ.კ-ის სასარგებლოდ ზიანის (მიუღებელი კუთვნილი კომპენსაცია - პენსია) - 6 912 ლარის ანაზღაურება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წელს თ.კ-ემ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით განცხადებით მიმართა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს და მოითხოვა მისი ნამსახურობის წლების გაანგარიშება, ასევე შესაბამისი წარდგინების გაგზავნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში.

სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 22 მარტს წერილობით მიმართვით თ.კ-ეს განემარტა, რომ სახეზე არ იყოს მისი განცხადების დაკმაყოფილების წინაპირობები, რამეთუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში მისი ნამსახურობის საერთო ვადა შეადგენდა 19 წელს, 8 თვესა და 11 დღეს, ხოლო ზემოაღნიშნულ ვადაში არ ჩაითვლებოდა 2008 წლის 18 ივნისიდან 2008 წლის 27 ოქტომბრამდე მისი გამოსაცდელი ვადით სამსახური. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 22 მარტის წერილობითი მიმართვა თ.კ-ემ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა.

სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 5 მაისის წერილობითი მიმართვით, თ.კ-ეს განემარტა, რომ მისი ადმინისტრაციული საჩივარი დარჩა განუხილველი. თ.კ-ემ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სასარჩელო წესით გაასაჩივრა.

კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით, თ.კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი თ.კ-ისათვის ნამსახურობის საერთო ვადაში 2008 წლის 18 ივნისიდან 2008 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით სამსახურის ჩათვლაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 22 მარტის №714440 წერილობითი მიმართვა და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 5 მაისის №1098935 წერილობითი მიმართვა საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა თ.კ-ისთვის ნამსახურობის საერთო ვადაში სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში 2008 წლის 18 ივნისიდან 2008 წლის 27 ოქტომბრის მუშაობის ჩათვლის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

ზემოაღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა, 2018 წლის 28 დეკემბერს, ქ. ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრს გაუგზავნა მიმართვა (წარდგინება), რომლის საფუძველზეც, მოსარჩელეს 2019 წლის პირველი იანვრიდან დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია.

2020 წლის 3 ივნისს, თ.კ-ემ განცხადებით მიმართა შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის და მოითხოვა, მისთვის მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურება 2016 წლის იანვრიდან 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით, ჯამში - 6 912 ლარი. მოპასუხის 2020 წლის 12 აგვისტოს NMIA 2 20 01878362 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ახდენს კომპენსაციის დანიშვნის, მიღების და გაანგარიშებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირებას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგი პირები: ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში/თავდაცვის ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში. ამავე კანონის მე-11 მუხლის თანახმად, ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეირაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეირაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომპეტენტური ორგანოს მიერ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ ამ კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების პირობებს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. მითითებული კანონის მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომპეტენტური ორგანო არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების“ (დანართი N2) მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომპენსაციას შესაბამისი განცხადების საფუძველზე ნიშნავს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო. განაცხადს თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე და თან ერთვის ყველა საჭირო დოკუმენტი. მოხმობილი ნორმების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნამსახურობის წლების დაანგარიშება არსებითია სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად, კერძოდ თუ პირს კანონით დადგენილი ოდენობის სტაჟი არ გააჩნია საფუძველსაა მოკლებული მიმართვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე. სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად, პირის განცხადებას აუცილებლად უნდა დაერთოს იმ საჯარო დაწესებულების წარდგინება, რომელშიც დაანგარიშებული იქნება ნამსახურობის წლები. განსახილველ შემთხვევაში ცალსახაა, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ვალდებული იყო მართებულად დაეანგარიშებინა მოსარჩელის ნამსახურობის წლები, რათა ამ უკანასკნელს სახელმწიფო კომპენსაციის მიღების წინაპირობები შექმნოდა. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის და 208-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების განხორციელებასთან ერთად დელიქტური პასუხისმგებლობის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენდა - ზიანის მიყენების ფაქტი და მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მიზეზობრივი კავშირი ტრადიციული გაგებით, პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი აუცილებელი ელემენტია. მიზეზობრივი კავშირი მიზეზსა და შედეგს შორის აუცილებელი კავშირია, რაც გულისხმობს ორი მოვლენის არა უბრალო მუდმივ თანმიმდევრობას, არამედ შედეგის თანმიმდევრობას თავისი მიზეზის მიმართ. მიზეზობრიობის მთავარ მომენტს წარმოადგენს არსებითი კავშირი, სადაც დამოკიდებულება მიზეზსა და შედეგს შორის აქტიურ ხასიათს ატარებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს წარმოადგენს. პირი მხოლოდ მაშინ აგებს პასუხს მიყენებული ზიანისთვის, როცა მისი ქმედება ადეკვატურ კავშირშია დამდგარ შედეგთან.

სახელმწიფო კომპენსაციის მიღების მოთხოვნით თ.კ-ემ თავდაპირველად 2016 წელს მიმართა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს და წარადგინა განცხადება, რომლის საფუძვლიანობა დადგენილია კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით. დადგენილია, რომ თ.კ-ისთვის სახელმწიფო კომპენსაციის მიუღებლობა არ იყო გამოწვეული მისი ბრალეული ქმედებით, ხოლო მოსარჩელე ნამსახურობის ხელახალ დაანგარიშებამდე და აღნიშნულის საფუძველზე მისთვის კომპენსაციის დანიშვნის საკითხის ხელახალ გადაწყვეტამდე, 2016 წლიდან 2019 წლის 1 იანვრამდე, მოკლებული იყო შესაძლებლობას მიეღო კუთვნილი სახელმწიფო კომპენსაცია. კომპენსაციის მიუღებლობა დაკავშირებულია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებასთან. ამდენად, სახეზეა მიზეზშედეგობრივი კავშირი თ.კ-ის მიმართ დამდგარ მატერიალურ ზიანსა და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქმედებას შორის. დავის საგნის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას განსახილველ საქმეში მის არასათანადო მოპასუხედ მიჩნევასთან დაკავშირებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს არა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას, რაც უცილობლად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კომპეტენციას წარმოადგენს, არამედ ზიანის ანაზღაურებას (მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაცია), რომელიც წარმოიშვა მოპასუხის ქმედების გამო. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მოხმობილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება (საქმე Nბს-1195(კ-18), 1.11.2018წ.) ეფუძნება განსხვავებულ ფაქტობრივ გარემოებებს და სასარჩელო მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. კერძოდ, კასატორის მიერ მითითებულ საქმეში, დავის საგანს წარმოადგენდა მოსარჩელისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა, რომლის ფარგლებშიც გასაჩივრებული იყო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. შესაბამისად, მოპასუხედ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო მართებულად იყო დასახელებული. განსახილველი საქმის ფარგლებში კი, სასარჩელო წესით სადავოა არა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის (თ.კ-ეს 2019 წლის იანვრიდან დანიშნული აქვს სახელმწიფო კომპენსაცია) საკითხი, არამედ მოსარჩელისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის (მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობით) ანაზღაურება, რაზეც პასუხისმგებლობა ზიანის გამომწვევ ადმინისტრაციული ორგანოს უნდა დაეკისროს. ამასთან, უდავოდ დადგენილია, რომ თ.კ-ეს საკუთარი სოციალური უფლების რეალიზებისთვის მიმართული ჰქონდა მხოლოდ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისთვის, რომელმაც თვის მხრივ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს არ გაუგზავნა წარდგინება თ.კ-ისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე. ამდენად, საფუძველსაა მოკლებული კასატორის მიერ მითითებული პრაქტიკის განსახილველ საქმეზე გავრცელების შესაძლებლობა.

კასატორის პრეტენზია ასევე მიემართება სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხს. კასატორის მოსაზრებით, თ.კ-ეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით საქალაქო სასამართლოსთვის მიმართული აქვს 23.09.2021წ. ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დარღვევით. კასატორი ხანდაზმულობის ვადის ათვლის საწყის წერტილად მიუთითებს თ.კ-ის ნამსახურობის ვადის დაანგარიშებასთან დაკავშირებით მიღებული საბოლოო ინსტანციის გადაწყვეტილების თარიღს, კერძოდ 2018 წლის 10 ივლისს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადის წარმოშობის საფუძველია უფლების დარღვევა, თუმცა ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება უკავშირდება სუბიექტურ ფაქტორს, ანუ იმ მომენტს, როდესაც დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლებების დარღვევის - ზიანის დადგომის ან ზიანის მიმყენებლის შესახებ. სუბიექტურ ფაქტორს ყურადღება ექცევა იმ შემთხვევაში თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონშეუსაბამობა დადგენილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 10 ივლისის განჩინებით, რომლითაც კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება. შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშვა ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების მოსარჩელისთვის ჩაბარების შემდგომ. საგულისხმოა, რომ თ.კ-ემ მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნით 2020 წლის 5 ოქტომბერს (ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დაცვით) მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. სარჩელში მოპასუხედ დასახელებული იყო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო. 2021 წლის 23 სექტემბერს თ.კ-ემ დაზუსტებული სარჩელში მოპასუხედ მიუთითა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, ხოლო მესამე პირად - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო. საყურადღებოა, რომ თ.კ-ის მიერ სარჩელის 2020 წლის 5 ოქტომბერს სასამართლოში შეტანით იკვეთება ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სასამართლოსადმი მიმართვის ფაქტი, რაზეც გავლენას ვერ მოახდენს მოპასუხე მხარის შემდგომში დაზუსტება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, განსახილველ შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადის დინების შეწყვეტის მიზნებისათვის საკმარისია მოსარჩელის მიერ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნითა და საკუთარი პროცესუალური უფლების რეალიზების მიზნით განხორციელებული ქმედებები. ამდენად, კასატორის მითითება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს გაზიარებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოსთვის მოსარჩელისთვის ზიანის სახით მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის, ჯამში 6 912 ლარის ანაზღაურება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა