ას-1121-1357-04 30 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია (მომხსენებელი),
მ. ცისკაძე
დავის საგანი: კოოპერატივ “კ-ას” 2000წ. 29 მარტის საანგარიშო-საარჩევნო კრების ოქმისა და 2002წ. 12 ივნისის წარმომადგენელთა კრების ოქმის ბათილად ცნობა, საერთო კრების მოწვევისა და დღის წესრიგის გამოცხადების უფლებამოსილების მინიჭება.
აღწერილობითი ნაწილი:
ზუგდიდის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ “კ-ას” წევრთა ერთმა მეათედმა სარჩელით მიმართა სასამართლოს გ. გ-ას და დ. დ-ას მიმართ კოოპერატივ “კ-ას” 2000წ. 29 მარტის საანგარიშო-საარჩევნო კრების ოქმისა და 2002წ. 12 ივნისის წარმომადგენელთა კრების ოქმის ბათილად ცნობის, საერთო კრების მოწვევისა და დღის წესრიგის გამოცხადების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 10 ოქტომბრის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში გ. გ-ასა და დ. დ-ასთან ერთად თანამოპასუხედ ჩაბმულ იქნა კოოპერატივი “კ-ა”.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 8 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კოოპერატივ “კ-ას” წევრთა ერთ მეათედს მიენიჭა კოოპერატივის წევრთა საერთო კრების მოწვევისა და დღის წესრიგის გამოცხადების უფლებამოსილება. კრების მოწვევის ორგანიზაციული საკითხების მოსაგვარებლად შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი მოსარჩელეთა მიერ განსაზღვრული შემადგენლობით. სასარჩელო მოთხოვნა კოოპერატივის 2000წ. 29 მარტისა და 2002წ. 12 ივნისის წარმომადგენელთა კრების ოქმების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კოოპერატივ “კ-ას” დირექტორმა ფ. კ-ამ.
სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას ზუგდიდის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ “კ-ას” წარმომადგენელმა ე. დ-ამ განმარტა, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 11 ივნისის დადგენილებით კოოპერატივ “კ-ას” შესახებ სამეწარმეო რეესტრში განხორციელებული ცვლილებებით, კოოპერატივს ეწოდა სასოფლო-სამეურნეო რეგისტრირებული კოოპერატივი “ჯ-ი”, ხოლო კოოპერატივის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიენიჭა მას – ე. დ-ას, რაც შეეხება ფ. კ-ას, მას კოოპერატივის დირექტორის უფლებამოსილება შეწყვეტილი აქვს. მან (ე. დ-ამ) ასევე განმარტა, რომ იგი უარს ამბობს სააპელაციო საჩივარზე და იშუამდგომლა საქმის წარმოების შეწყვეტისა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 8 იანვრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 27 ივლისის განჩინებით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ “კ-ას” (ამჟამადთ _ რეგისტრირებული კოოპერატივი “ჯ-ი”) წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მოცემულ საქმეზე სააპელაციო წარმოება შეწყდა. უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 8 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმების მოთხოვნით ქუთაისის საოლქო სასამართლოში კერძო საჩივარი შეიტანა ფ. კ-ამ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, კერძო საჩივრის წარმოებაში მიღება და საქმის არსებითი განხილვისათვის დანიშვნა იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ ე. დ-ა არასწორად ჩართო აპელანტად, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი შეტანილია მის (ფ. კ-ას) მიერ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2004წ. 7 ოქტომბრის განჩინებით ფ. კ-ას კერძო საჩივარი, მიიჩნია დაუშვებლად და იგი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ფ. კ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: როგორც საქმის მასალების შემოწმებამ ცხადყო, მოცემულ დავაში მოპასუხე მხარეს წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი “კ-ა”, რომლის მიერაც შეტანილ იქნა სააპელაციო საჩივარი, მას ხელს აწერს იმ დროისათვის ამ საზოგადოების დირექტორი ფ. კ-ა. იგი, როგორც ფიზიკური პირი, საქმეში არ მონაწილეობდა. აღსანიშნავია, ისიც, რომ საქმეში წარმოდგენილია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 11 ივნისის დადგენილება, საიდანაც ირკვევა, რომ სამეწარმეო რეესტრში განხორციელდა ცვლილებათა რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ “კ-ას” შესახებ. კერძოდ, კოოპერატივმა შეიცვალა სახელწოდება და ეწოდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი “ჯ-ი”, ხოლო მის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილება მიენიჭა კოოპერატივის გამგეობის წევრს _ ე. დ-ას, რომელმაც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს უარი თქვა სააპელაციო საჩივარზე და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ფ. კ-ა მოცემულ დავაში არ წარმოადგენს მხარეს (წარმომადგენელს) და მას უშუალოდ არ ეხება გასაჩივრებული განჩინება. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივარი სწორად მიიჩნია დაუშვებლად, ამიტომ გასაჩივრებული განჩინებები დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 284-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ფ. კ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 27 ივლისისა და 7 ოქტომბრის განჩინებები.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.