Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-117(კ-24) 11 დეკემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ა.კ-ი

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ა.კ-ი 2022 წლის 17 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა სააგენტოს 2022 წლის 13 სექტემბრის №IDP 3 22 00000826 ბრძანების ბათილად ცნობა და ა.კ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

სარჩელის თანახმად, ა.კ-მა წარმომადგენლის მეშვეობით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და მოითხოვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება, რაზეც 2022 წლის 14 სექტემბერს მიიღო წერილობითი უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ა.კ-ის მამა - მ.კ-ი ... წელს დაიბადა და ცხოვრობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქალაქ სოხუმში. 1993 წელს მისი ოჯახი იძულებული გახდა საომარი მოქმედებების გამო დაეტოვებინა აფხაზეთი. იგი იყო დევნილი აფხაზეთიდან, ამჟამად არის გარდაცვლილი. შესაბამისად, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მართალია, იგი არ დაბადებულა აფხაზეთში, თუმცა არის დევნილის შვილი და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, უფლებამოსილია მიიღოს სტატუსი. მოსარჩელის მოსაზრებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული წარმოებისას არ იქნა გათვალისწინებული კანონმდებლობის დანაწესი, სათანადოდ არ იქნა შეფასებული და შესწავლილი მისი მდგომარეობა და მიღებულ იქნა უკანონო გადაწყვეტილება, რომლითაც დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით ა.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 13 სექტემბრის №IDP 3 22 00000826 ბრძანება და მოპასუხეს დაევალა ა.კ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა.კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია იმის თაობაზე, რომ ა.კ-ის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე ადმინისტრაციულმა ორგანომ უარი უთხრა იმ პირობებში, როდესაც მისი ერთ-ერთი მშობელი - მამა ამ სტატუსის მფლობელი იყო. ყურადღება გაამახვილა საქმეში დადგენილ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით ცალსახად დასტურდებოდა, რომ ა.კ-ის დედა არ იყო დევნილის სტატუსის მატარებელი, ხოლო მამას 2008 წლიდან შეუწყდა დევნილის სტატუსი და პირადი განცხადებით, დევნილის სტატუსის აღდგენის მოთხოვნით არ მიუმართავს ადმინისტრაციული ორგანოსათვის. ამასთან მ.კ-ი არც პირადი ნომრით იძებნებოდა დევნილთა ბაზაში. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სადავო აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ა.კ-ის მიერ.

კასატორის, ა.კ-ის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ა.კ-ის მამა ნამდვილად იყო აფხაზეთიდან დევნილი და მას ნამდვილად ჰქონდა დევნილის სტატუსი მინიჭებული და დევნილთა ბაზაშიც ფიქსირდებოდა პირადი ნორმით №..., რომელი პირადი ნომერიც საქართველოს საკონსულოს მიერ გაუქმდა რუსეთში და მას სიცოცხლეში მიენიჭა ახალი პირადი ნომერი №..., რომელიც მითითებულია ა.კ-ის დაბადების მოწმობაში მამის პირად ნომრად, ანუ, კასატორის წარმომადგენლის მოსაზრებით, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ პირადი ნომრის №... მფლობელი და პირადი ნომრის №... მფლობელი არის ერთი და იგივე პირი - მ.კ-ი, რომელიც არის ა.კ-ის მამა.

კასატორის წარმომადგენელი მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული ნორმის საფუძველზე ა.კ-ის გააჩნდა დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნის უფლება, ხოლო ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო მიენიჭებინა სტატუსი, რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით არ განახორციელა. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდება ა.კ-ის სარჩელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 07 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ა.კ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა.კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 13 სექტემბრის №IDP 3 22 00000826 ბრძანება. ამდენად, უნდა შემოწმდეს აღნიშნული აქტის შესაბამისობა საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.

ზემოხსენებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. მითითებული მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შემთხვევაში მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე.

ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ერთ-ერთი მშობლისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება (მოქმედი სტატუსი) მისი შვილისათვის იმავე სტატუსის მინიჭების სამართლებრივი წინაპირობაა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა.კ-ის კანონიერმა წარმომადგენელმა, ლ.ჯ-ამ, 2022 წლის 09 აგვისტოს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომლითაც მოითხოვა ა.კ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება, იმ საფუძვლით, რომ ა.კ-ის მამას მინიჭებული ჰქონდა დევნილის სტატუსი. დადგენილია, რომ მ.კ-ის 1996 წლიდან 2007 წლამდე მინიჭებული ჰქონდა დევნილის სტატუის, ხოლო 2008 წლიდან შეუწყდა, ვინაიდან არ გაუვლია 2007 წლის დევნილთა სავალდებულო რეგისტრაცია.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს დევნილის სტატუის შეუწყდება, თუ ამ კანონის საფუძველზე სამინისტროს მიერ წინასწარ გამოცხადებულ ვადაში არ გაიარა დევნილთა რეგისტრაცია, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი - პირს დევნილის სტატუსი აღუდგება, თუ მას დევნილის სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა ზემოხსენებული გარემოების საფუძველზე და პირადი განცხადებით მოითხოვა დევნილის სტატუსის აღდგენა.

კასატორი აპელირებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის იმ ჩანაწერზე, რომელიც ეხება არასრულწლოვანისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებას, მაშინ, როდესაც ერთ-ერთ მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არაოკუპირებულ ტერიტორიაზე დაბადებული შვილის სტატუსი პირდაპირ არის დაკავშირებული მშობლის მიერ სტატუსის ქონასთან, სწორედ მშობლის დევნილის სტატუსი განსაზღვრავს შვილის სტატუსს, ამავდროულად შვილის არასრულწლოვანების პერიოდში მშობლის მიერ მისთვის სტატუსის მოთხოვნა უნდა უკავშირდებოდეს მშობლის მიერ დევნილის სტატუსის ქონას.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ა.კ-ის მამას, მ.კ-ის მოქმედი სტატუსი არ გააჩნდა არა გარდაცვალების გამო, არამედ მას სტატუსი შეუწყდა რეგისტრაციის გაუვლელობის გამო, რაც მ.კ-ის მისი სიცოცხლის პერიოდში სადავოდ არ გაუხდია - საქმეზე დადგენილია, რომ მ.კ-ის დევნილის სტატუსის აღდგენის მოთხოვნით არ მიუმართავს ადმინისტრაციული ორგანოსთვის, მას არ განუხორციელებია კანონით მისთვის მინიჭებული უფლება. ამასთანავე, განსახილველი დავის საგანს არ წარმოადგენს მ.კ-ისთვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის კანონიერება. ამდენად, ვინაიდან მშობელს არ გააჩნდა არათუ მოქმედი, არამედ ზოგადად დევნილის სტატუსი (რამდენადაც იგი შეწყდა), საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ა.კ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების საფუძველი.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა