საქმე Nბს-994(კ-24) 24 დეკემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – გ. მ-ნ
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია
მესამე პირები - გ. პ-ი და ე. მ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2022 წლის 1 ნოემბერს გ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთვის მიმართვით მოითხოვა ახალქალაქის რაიონის სოფელ ... მდებარე მიწის ნაკვეთზე ცვლილების რეგისტრაცია. მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების თანახმად, მისი მიწის ნაკვეთი ზედდებაშია N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან. მასალების შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ გ. პ-ის კომლს საკუთრებაში ერიცხება ახალქალაქის რაიონის სოფელ ... მდებარე უძრავი ქონება (ს/კ ...). ზემოაღნიშნული რეგისტრაციის საფუძველია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ოქმი. დათვალიერების ოქმში მითითებულია, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი ეკუთვნის ე. პ-ის ოჯახს, რაც არასწორია, რადგან სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის ნაწილი მოიცავს გ. მ-ის საკუთრებას. ზემოაღნიშნული ოქმი მიღებულია კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, ოქმს ხელს არ აწერენ მომიჯნავე მიწის ნაკვეთთა მესაკუთრენი. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა: ხ. ს-მა და მ. მ-მა აღნიშნეს, რომ ადმინისტრაციულ წარმოებისას მათთვის არავის არ გადაუცია მასალები, მათ შორის არც საკადასტრო აზომვითი ნახაზი. მითითებულ პირებს უთხრეს რომ ოქმზე ხელი უნდა მოეწერათ, თუმცა არ იცოდნენ რა შინაარსის დოკუმენტზე აწერდნენ ხელს. მოსარჩელის განმარტებით, ოქმი შედგენილია არაუფლებამოსილი პირის - ვ. ბ-ის მიერ, რომელმაც დაადასტურა, რომ იყო თარჯიმანი. ახალქალაქის მერის 2021 წლის 15 მარტის ბრძანებით განსაზღვრულ იქნა კომისიის წევრთა შემადგენლობა, რომელშიც არაა მითითებული ვ. ბ-ი.
ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 17 ივნისის უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების N01042 ოქმისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 17 ივნისის N3629/13 წერილის ბათილად ცნობა.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 27 სექტემბრის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ გ. პ-ი და ე. მ-ი.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. მ-ის წარმომადგენლის ვა. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 17 ივნისის უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების N01042 ოქმი და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 17 ივნისის N3629/13 წერილი; მოპასუხე მხარეს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. პ-ის და ე. მ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ახალქალაქის რაიონის სოფელ ... მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1705 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებულ საცხოვრებელ სახლთან და დამხმარე ნაგებობებთან (ს/კ ...) ერთად. რაიონულმა სასამართლომ მიუთითა სადავო აქტის მიღების დროს მოქმედ "მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტზე, 41 მუხლზე და მე-7 მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტებზე.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ კომისიის მიერ დათვალიერების პროცესში ობიექტური მეზობლების განმარტებით ვერ იქნა დადგენილი განსახილველი მიწის ნაკვეთის იდენტურობა, ამასთან იკვეთებოდა, რომ დათვალიერების მომენტში მეზობლები დავობდნენ ნაკვეთის კონფიგურაციის თაობაზე. სასამართლომ მიუთითა, რომ ასევე ვერ იქნა დადასტურებული დაინტერესებულ პირთა წრე, კერძოდ, მეზობლის განმარტებით, სადავო სახლში ცხოვრობს ო. პ-ი ნაცვლად გ. პ-ისა და ე. მ-ისა, აღნიშნული საკითხი კი ადმინისტრაციული წარმოებისას გამოკვლეული არ ყოფილა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში საქმისწარმოება ჩატარებული იყო (ადგილზე დათვალიერება მოხდა) ცალმხრივად, მოსარჩელის ინტერესების გაუთვალისწინებლად, რიგი მნიშვნელოვანი გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით გ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა "მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტზე, ასევე 2019 წლის 31 დეკემბრის N487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 32-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, მიწის ნაკვეთზე, რომელზეც არ იძებნება (არ გაცემულა/დაკარგულია) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და მუნიციპალიტეტის ცნობით დადასტურდება, რომ ის გაცემულია საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად, რეგისტრირდება დაინტერესებული პირის ან მისი კომლის წევრების საკუთრების უფლება, ცნობაში მითითებული ფართობის შესაბამისად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ბარში 1.25 ჰა-ს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებებში – 5 ჰა-ს. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, მათ შორის განახორციელა უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერება და შეადგინა შესაბამისი ოქმი, რომელიც ცხადყოფს, რომ იგი შედგენილია „საჯარო რეესტრის შესახებ" ინსტრუქციის 35-ე მუხლის მე-12 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით.
სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის მოსაზრებას მასზედ, რომ მოწმეებმა არ იცოდნენ თუ რა დოკუმენტზე აწერდნენ ხელს. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოწმეები იყვნენ სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირები, რომელთაც დათვალიერების ოქმის შედგენის დროს დაადასტურეს რიგი გარემოებები. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მეზობლებმა შეიძლება ზუსტად არ იცოდნენ მიწის ნაკვეთების კონფიგურაცია, თუმცა მათ მიუთითეს მიწის ნაკვეთის ზოგად მდებარეობაზე და მფლობელ პირზე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები/მფლობელები და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ვერ შეითავსებენ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფუნქციას. მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა, კონფიგურაცია და საზღვარი საჯარო რეესტრში დაზუსტებული რეგისტრაციის დროს უნდა დადგინდეს.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამხვილა იმ გარემოებაზე, რომ გ. პ-მა, როგორც კომლის ერთ-ერთმა წევრმა მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მიწის ნაკვეთზე უფლებათა სპორადული რეგისტრაცია. სააპელაციო სასამართლომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მასალებში დაცული საარქივო ცნობის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ გ. პ-ის კომლის უფროსი არის ე. პ-ი. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოება ასევე დასტურდება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის გასაჩივრებული წერილითაც. სააპელაციო სასამართლომ საგულისხმოდ მიიჩნია, რომ გ. მ-ის მიერ გასაჩივრებული არაა მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება, რომლითაც მესამე პირების სახელზე უძრავი ქონება (ს.კ ...) შესაბამისი კონფიგურაციითა და საზღვრებით დარეგისტრირდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, სათანადოდ არ შეაფასა მოწმეთა ჩვენებები და დაინტერესებული პირი არ მიიწვია ადმინისტრაციულ წარმოებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაინტერესებულ მხარეს მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. ხსენებული წესი ადმინისტრაციული წარმოების უმნიშვნელოვანესი პრინციპია, რომელიც მიზნად ისახავს იმ პირების მაქსიმალურ დაცვას, რომელთა უფლებებზე გავლენის მომხდენიც შეიძლება იყოს მიღებული გადაწყვეტილება. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა მოწმეთა ჩვენებებზე, რომლის თანახმადაც, მათთვის არავის გაუცნია დათვალიერების ოქმის შინაარსი, არ იცოდნენ მიწის ნაკვეთის ზუსტი კონფიგურაცია და ფლობასთან დაკავშირებული გარემოებები. დათვალიერების ოქმი ნაწარმოებია ვ. ბ-ის მიერ, რომელიც არ იყო ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. მ-ის საკასაციო საჩივარი. ამავე განჩინებით კასატორს - გ. მ-ს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 17 ივნისის უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების N01042 ოქმის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 17 ივნისის N3629/13 წერილის კანონიერება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. პ-ის და ე. მ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ახალქალაქის რაიონის სოფელ ... მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1705 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები (ს/კ ...). ზემოაღნიშნული რეგისტრაციის საფუძველია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 17 ივნისის უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების N01042 ოქმი და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 17 ივნისის N3629/19 წერილი.
დადგენილია, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბალახოში მდებარე 4000 კვ.მ. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით, გ. და ხ. მ-ების საკუთრებაა (ს/კ N...). უდავოა, რომ N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მომიჯნავედ მდებარეობს N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.03.2021წ. წერილით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას ეცნობა, რომ გ. პ-ის სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში საკუთრების უფლების/მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოუძიებლობის პირობებში, დასადგენი იყო სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი აკმაყოფილებდა თუ არა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
ზემოაღნიშნული კორესპოდენციის პასუხად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 17.06.2021წ. წერილით ეცნობა, რომ „მიწის ნაკვეთებზე სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში წარდგენილ მიწის ნაკვეთზე 2021 წლის 17 ივნისს ჩატარდა ადგილზე დათვალიერება, რომლითაც დადგინდა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი გაცემულია ე. პ-ზე (მის ოჯახზე) საკარმიდამოდ და წარმოადგენს საკარმიდამოდ გაცემულ მიწის ნაკვეთს. ასევე სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი აკმაყოფილებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 17 ივნისის მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ოქმში უძრავი ნივთის (ს/კ ...) მესაკუთრე-მოსარგებლე კომლის წევრად მითითებულია გ. პ-ი. ამავე ოქმის თანახმად, ხ. ს-ი, მ. მ-ი და გ. მ-ი არიან მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები. დათვალიერებისა და გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი ეკუთვნის ე. პ-ის ოჯახს და წარმოადგენს საკარმიდამოდ გაცემულ მიწის ნაკვეთს. მიწის ნაკვეთი ე. პ-ის ოჯახის მიერ ფაქტობრივად დაკავებულია 2007 წლის 20 სექტემბრამდე. ადგილზე დათვალიერებას ესწრებოდნენ ე. ტ-ი, ა. მ-ი, მ. მ-ი, ხ. ს-ი, გ. მ-ი, აღნიშნული დასტურდება ზემოჩამოთვლილ პირთა ხელმოწერით, გ. მ-მა უარი განაცხადა ოქმის ხელმოწერაზე. დადასტურებულია ის გარემოებაც, რომ ოქმი ითარგმნა სომხურ ენაზე. დათვალირების მონაწილე პირების მოსაზრებები/შენიშვნების გრაფის მიხედვით: ე. ტ-ის განმარტებით, სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ე. პ-ის ოჯახის საკუთრებას. მიწის ნაკვეთის აზომვით ნახაზზე ასახულია, რეალურად სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი, შესაბამისი მიწის ნაკვეთის საზღვრებითა და კონფიგურაციით. რაც ასევე ასახულია ტექ. პასპორტში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ "მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონი განსაზღვრავს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკარმიდამო მიწის ნაკვეთი − სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც, უფლების დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად, გაცემულია საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად, მასზე განთავსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), სამეურნეო ნაგებობით ან/და დამხმარე ნაგებობით ან მის გარეშე; მიწის ნაკვეთი, რომელზედაც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ იძებნება (არ გაცემულა ან დაკარგულია), ამასთანავე, მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ ეს მიწის ნაკვეთი გაცემულია საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად და მისი ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰა-ს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰა-ს.
2019 წლის 31 დეკემბრის N487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთზე, რომელზეც არ იძებნება (არ გაცემულა/დაკარგულია) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და მუნიციპალიტეტის ცნობით დადასტურდება, რომ ის გაცემულია საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად, რეგისტრირდება დაინტერესებული პირის ან მისი კომლის წევრების საკუთრების უფლება, ცნობაში მითითებული ფართობის შესაბამისად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ბარში 1.25 ჰა-ს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებებში – 5 ჰა-ს. ამავე ინსტრუქციის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სპორადული რეგისტრაციის შემთხვევაში მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების დაზუსტებასა და ცვლილებას სააგენტო ახორციელებს დაინტერესებული პირის განცხადების, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე და ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გ. პ-ის განცხადების საფუძველზე მარეგისტრირებელ ორგანოში განმცხადებლის მიმართ უფლებისდამდგენი დოკუმენტის მოუძიებლობის გამო მიმართულ იქნა ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოსადმი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
„საჯარო რეესტრის შესახებ" ინსტრუქციის 35-ე მუხლის მე-12 პუნქტით დადგენილია, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ოქმი უნდა შეიცავდეს: ა) ადგილზე დათვალიერებაში მონაწილე უფლებამოსილი პირ(ებ)ის თანამდებობას, სახელსა და გვარს; ბ) უძრავი ნივთის მფლობელის (მოსარგებლის) სახელს, გვარსა და საიდენტიფიკაციო მონაცემებს; გ) უძრავი ნივთის მისამართსა და მის მონიშვნას სიტუაციურ ნახაზზე; დ) ინფორმაციას მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების/მფლობელების (მოსარგებლეების) შესახებ; ე) ადგილზე დათვალიერების თარიღსა და დროს; ვ) ადგილზე დათვალიერებაში მონაწილე პირების/ექსპერტების/სპეციალისტების სახელებს, გვარებსა და საიდენტიფიკაციო მონაცემებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ზ) ფაქტობრივად არსებული მდგომარეობის აღწერას; თ) ადგილზე დათვალიერების მონაწილე პირების/ექსპერტების/სპეციალისტების მოსაზრებებს/შენიშვნებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ი) იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე არანაკლებ ორი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების/მფლობელების (მოსარგებლეების) სახელს, გვარსა და საიდენტიფიკაციო მონაცემებს და მათ ჩვენებას იმის შესახებ, ფლობს თუ არა დაინტერესებული პირი აგეგმილ/აზომილ მიწის ნაკვეთს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ გასაჩივრებული ადგილზე დათვალიერების ოქმი შეიცავს კანონით დადგენილ ყველა რეკვიზიტს. მითითებული ოქმის შემდგენია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის საორგანიზაციო განყოფილების უფროსი: ვ. წ-ი. საგულისხმოა, რომ საქმეში დაცულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის 15.03.2021წ. ბრძანება, რომლის თანახმად, "სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლად დაინიშნა ვ. წ-ი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას მასზედ, რომ გასაჩივრებული ოქმი შედგენილია არაუფლებამოსილი პირის - თარჯიმნის ვ. ბ-ის მიერ. მითითებულ ოქმში არსებული მითითება, რომ ოქმი სომხურ ენაზე ითარგმნა ვ. ბ-ის მიერ, არ გულისხმობს, რომ ის არის აღნიშნული ოქმის შემდგენი პირი. ცალსახაა, რომ ოქმი შედგენილია სხვა პირის მიერ, რომელსაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაბამისი უფლებამოსილება მინიჭებული ჰქონდა.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას მასზედ, რომ სადავო ოქმში მითითებულმა პირებმა არ იცოდნენ მათ მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის შინაარსი, რის გამოც გასაჩივრებული აქტები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ წარმოება ჩატარდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, კერძოდ მასში ჩაბმული იქნენ სადავო უძრავი ქონების მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები: გ. მ-ი, ხ. ს-ი და მ. მ-ი. გ. მ-მა ოქმის ხელმოწერაზე უარი განაცხადა, ხოლო ხ. ს-მა და მ. მ-მა ხელმოწერით დაადასტურეს ოქმში მითითებული რიგი გარემოებები. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ ოქმზე ხელმომწერნი სრულწლოვანი და ქმედუნარიანი პირები არიან, რომელთაც დოკუმენტის ხელმოწერამდე უნდა გაეზრებინათ მათი ნების გამოვლენის სამართლებრივი შედეგები. იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული პირები ნაკვეთის ზუსტი კონფიგურაციის, საზღვრების და მფლობელ პირთა შესახებ არ ფლობდნენ ინფორმაციას, ისინი უფლებამოსილნი იყვნენ უარი განეცხადებინათ ოქმის ხელმოწერით დადასტურებაზე. შესაბამისად, მოწმეთა ჩვენებების ცვლა არსებით გავლენას ვერ მოახდენს სადავო აქტის კანონიერებაზე.
რაც შეეხება გ. პ-ის მოთხოვნას ს/კ ... უძრავი ნივთის დარეგისტრირების კუთხით, ამ მხრივ, მნიშვნელოვანია საქმეში დაცული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 23.06.2021 წერილი, რომლის თანახმად, საარქივო ცნობის თანახმად, სოფელ ... 1986-2006 წლების საკომლო წიგნში არსებული ჩანაწერებით დასტურდება, რომ კომლის უფროსად ფიქსირდება ე. პ-ი, მითითებულ კომლში ფიქსირდებიან პ-ი გ. (შვილიშვილი) და პ- ე. (შვილიშვილი). ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით ასევე დასტურდება ის გარემოება, რომ გ. პ-ის კომლის უფროსი ე. პ-ია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე თავდაპირველად გ. პ-მა დაირეგისტრირა უძრავი ქონება, ხოლო მოგვიანებით იმავე უძრავი ქონების თანამესაკუთრეებად საჯარო რეესტრში აღირიცხნენ ე. მ-ი და გ. პ-ი. საგულისხმოა, რომ გ. მ-ს სადავოდ არ გაუხდია მესამე პირების სახელზე სადავო უძრავი ქონების საკუთრევაბ დარეგისტრირების თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო კიდევ აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერის თანახმად, გ. მ-ს 4 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) დარეგისტრირებული აქვს 2019 წელს. ნიშანდობლივია, რომ ზემოაღნიშნულ რეგისტრაციის საფუძველია საარქივო ცნობა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 18.04.2019წ. მიმართვა თანდართული ადგილზე დათვალიერების ოქმით და მიღება-ჩაბარების აქტი. გ. მ-ის მიერ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კი მიღებულია 2021 წელს. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ მიწის ნაკვეთების დაზუსტებული რეგისტრაცია, რაც მოიცავს მათი კონფიგურაციის და საზღვრების ზუსტად დადგენას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან, გ. მ-ს სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაუვადდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კასატორს უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 30%-ის - 90 ლარის გადახდა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება;
3. გ. მ-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 30%-ის - 90 ლარის გადახდა, შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა