Facebook Twitter

ბს-703 (2კ-22) 12 დეკემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და ნ. ო-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.03.2020წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ო-მა 30.05.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ნ. ო-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის 14.05.2019წ. №... ბრძანების ბათილად ცნობა, ნ. ო-ის სპეციალური პენიტენციური სამსახურის ... დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექიმის (ფსიქიატრის) თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალდებულება, ასევე ნ. ო-ის სასარგებლოდ სამსახურიდან დათხოვნის დღიდან, 2019 წლის 14 მაისიდან, აღდგენამდე პერიოდისათვის განაცდური ხელფასის (შრომითი გასამრჯელოს) ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.09.2019წ. გადაწყვეტილებით ნ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის 14.05.2019წ. №... ბრძანება ნ. ო-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალა ნ. ო-ის სპეციალური პენიტენციური სამსახურის ... დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექიმის (ფსიქიატრის) თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალა ნ. ო-ის სასარგებლოდ სამსახურიდან დათხოვნის დღიდან, 2019 წლის 14 მაისიდან, აღდგენამდე პერიოდისათვის განაცდური ხელფასის (შრომითი გასამრჯელოს) ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.03.2020წ. გადაწყვეტილებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.09.2019წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ნ. ო-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის 14.05.2019წ. №... ბრძანება და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა კანონით განსაზღვრულ ვადაში ნ. ო-თან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტში 07.02.2019წ. დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება ... პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულის - ე. ხ-ას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. სამსახურებრივი შემოწმება ჩატარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ... პენიტენციური დაწესებულების საექიმო - სამედიცინო პუნქტის ექიმის (ფსიქიატრის) ნ. ო-ის მიმართაც და სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე 07.05.2019წ. მომზადდა №... დასკვნა. დასკვნაში დაფიქსირდა, რომ ექიმმა (ფსიქიატრმა) ნ. ო-მა შესაბამისი საფუძვლების მიუხედავად სწორად ვერ შეაფასა მსჯავრდებულის ე. ხ-ას ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა, აღნიშნულის გამომწვევი მიზეზები და შესაძლო რისკები, ის არ ჩათვალა სუიციდის რისკის მქონედ და სუიციდის პრევენციის პროგრამის ადგილობრივ კოორდინატორთან კონსულტაცია არ გაიარა. ამასთან, მსჯავრდებულთან დაკავშირებით არ გასცა რეკომენდაციები სამედიცინო და არასამედიცინო საჭიროებების, მათ შორის, ვიზუალური მეთვალყურეობის გაგრძელების შესახებ. მან ზოგადი ფსიქიატრიული კონსულტაცია გაუწია მსჯავრდებულს და პაციენტის გასინჯვის ფურცელში მხოლოდ აღნიშნულის დაფიქსირებით შემოიფარგლა. ნ. ო-ის ჩანაწერი დაედო ერთ-ერთ საფუძვლად ე. ხ-ას საექიმო-სამედიცინო პუნქტში არსებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერით აღჭურვილი ოთახიდან საცხოვრებელ საკანში გადაყვანას. ამასთან, მან არ გამართა კონსულტაცია სუიციდის პრევენციის პროგრამის ადგილობრივ კოორდინატორთან მსჯავრდებულის სუიციდის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით. მითითებული დასკვნით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ... პენიტენციური დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექიმის (ფსიქიატრის) ნ. ო-ის მიმართ, ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შინაარსის, სიმძიმის, შედეგების, ჩადენის გარემოებების და მოსამსახურის პიროვნების გათვალისწინებით, დისციპლინური სახდელის სახით სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების გამოყენება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით მიხედვით მოსარჩელის მიმართ ადრე არ ყოფილა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რაიმე ღონისძიება. სააპელაციო პალატის მოსაზრებით მოსამსახურეს მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის შეიძლება დაეკისროს დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომის დაკისრებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ მკაფიოდ უნდა დაასაბუთოს მისი გამოყენების აუცილებლობა. მოცემულ შემთხვევაში ის ფაქტები, რაც მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ნ. ო-ის დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნია, არ ქმნის მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების უპირობო და ლეგიტიმურ საფუძველს. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით მონიტორინგის სამსახურის მიერ მოსარჩელის საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევის ხასიათი პირდაპირ მიუთითებს მოსარჩელის მხრიდან გარკვეული გადაცდომის არსებობის თაობაზე, რაც არ უნდა დარჩეს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან რეაგირების გარეშე, კერძოდ, მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს სამსახურიდან განთავისუფლების ნაცვლად „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ" კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის ერთ-ერთი ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის შესაბამისი ღონისძიება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფლებამოსილებას წარმოადგენს ნ. ო-ის არა მარტო სამსახურიდან განთავისუფლების საკითხის გადაწყვეტა, არამედ ამ ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს ასევე აღნიშნული პირისათვის სხვა სახის დისციპლინური სახდელის დაკისრებაც. საქმეში დაცული მტკიცებულებებისა და საქმის განხილვისას გამოვლენილი გარემოებების არსებობის პირობებში მოპასუხე მხარის პოზიცია სააპელაციო პალატისთვის არ იქნა საკმარისად მიჩნეული იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ ნ. ო-ის ქმედება იყო იმ სიმძიმის, რაც განაპირობებდა მის მიმართ უკიდურესი დისციპლინური სახდელის დაკისრების საფუძვლიანობასა და კანონიერებას. სააპელაციო პალატის მოსაზრებით სახეზე იყო სადავო ბრძანების სასკ-ის 32.4 მუხლით ბათილად ცნობის საფუძველი, რამეთუ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი განეხორციელებინა ადმინისტრაციული ორგანოსადმი კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.03.2020წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ნ. ო-ისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ.

ნ. ო-მა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ის ფაქტობრივი გარემობა, რომ ნ. ო-ის მხრიდან ჩადენილი იყო დისციპლინური გადაცდომა. ნ. ო-ს არ დაურღვევია "საექიმო საქმიანობის შესახებ" კანონის 56.2 მუხლით დადგენილი მოთხოვნები. კასატორის მოსაზრებით ნ. ო-მა პირნათლად შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა. კასატორმა მიუთითა, რომ ვიდრე ნ. ო-ი არ გასცემდა ახალ რეკომენდაციას, ძველი რეკომენდაცია რჩებოდა ძალაში, რამეთუ ნ. ო-ს არ ევალებოდა ერთიდაიმავე რეკომენდაციების დაწერა. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ ერთის მხრივ ბათილად სცნო სადავო ბრძანება და მიიჩნია, რომ ნ. ო-ის სამსახურიდან დათხოვნა მოხდა კანონის არსებითი დარღვევით, ხოლო მეორე შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარეს არ დაავალა მოსარჩელის სამსახურში აღდგენა. კასატორი თვლის, რომ ასეთი მიდგომით აზრი ეკარგება ნ. ო-ის ბრძოლას, პენიტენციური სამსახური არ არის ობიექტური მის მიმართ და პენიტენციური სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კვლავ დავის საგანი გახდება.

კასატორმა - სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნა, რომ მონიტორინგის დეპარტამენტმა მკაფიოდ დაასაბუთა ნ. ო-ის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ჩადენილი დარღვევები. ნ. ო-ი ახსნა-განმარტების დროს თავადაც აღნიშნავდა, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მეტი ყურადღებისა და მობილიზების შემთხვევაში, მდგომარეობის მსგავსი სცენარით განვითარების რისკების შემცირება შესაძლებელი იქნებოდა. კასატორმა მიუთითა, რომ მსჯავრდებულ ე. ხ-ას ფსიქო-ემოციური მდგომარეობის სიმძიმე ექიმ-ფსიქიატრის ნ. ო-ის მიერ არ იქნა სწორად შეფასებული. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ნ. ო-ი პირველად 06.03.2018წ. შეხვდა მსჯავრდებულ ე. ხ-ას. ნ. ო-ის მიერ ამავე თარიღში შევსებულ გასინჯვის ფურცელში მითითებულია, რომ პაციენტს სხეულზე აღენიშნებოდა ძველი თვითდაზიანების ნიშნები, ხოლო ამავე გასინჯვის ფურცელში დიაგნოზად აღნიშნულია ემოციური არასტაბილური პერსონოლოგიური აშლილობა. კასატორის მოსაზრებით 06.03.2018წ. ნ. ო-ის მიერ დასმული დიაგნოზი და დედის გარდაცვალების შეტყობინებიდან გამომდინარე მსჯავრდებულ ე. ხ-ას მიერ 14.11.2018წ. განხორციელებული ქმედება, უდაოდ იძლეოდა მსჯავრდებულის მულტიდისციპლინურ პროგრამაში ჩართვის საფუძველს ყოველგვარი გადადების გარეშე.

კასატორმა მიუთითა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 20.03.2007წ. N92/ნ ბრძანებით დამტკიცებული "ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტისათვის ფიზიკური შეზღდუვის მეთოდების გამოყენების წესისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქციის" მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად პაციენტის მიმართ ფიზიკური შეზღუდვის მეთოდების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მკურნალი ექიმი ან სტაციონარის მორიგე ექიმი, რომელიც აფიქსირებს პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში ფიზიკური შეზღუდვის მიზეზსა და არსს, შეზღუდვის დაწყების დროის ზუსტი მითითებით. ამავვე ინსტრუქციის მე-7 პუნქტის თანახმად, ფიზიკური შეზღუდვის ნებართვა გაიცემა 4 საათით, ხოლო მე-13 პუნქტით განსაზღვრულია, რომ თუ 4 საათის გასვლის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა კვლავ საჭიროებს ფიზიკური შეზღუდვის მეთოდების გამოყენებას, ფსიქიატრი ხელახლა აკეთებს ჩანაწერს და გრძელდება მეთვალყურეობა იმავე პირობებით. კასატორის მოსაზრებით ნ. ო-ის მიერ დარღვეულია ზემოაღნიშნული ინსტრუქციის მოთხოვნები. ნ. ო-მა არ გააკეთა ჩანაწერი იმის თაობაზე ესაჭიროებოდა თუ არა პაციენტს დაწესებული შეზღუდვების გაგრძელება, კერძოდ საჭიროებდა თუ არა პაციენტი საექიმო-სამედიცინო ნაწილში დატოვებას და მეთვალყურეობის გაგრძელებას. ნ. ო-მა პაციენტი მოინახულა 15:00 საათზე საექიმო-სამედიცინო პუნქტში და გააკეთა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც პაციენტი იყო კარგად, მშვიდად და არ ნერვიულობდა. ექიმ-ფსიქიატრის მიერ გაკეთებული ჩანაწერი იძლეოდა იმ დასკვნის საფუძველს, რომ ე. ხ-ა არ საჭიროებდა საექიმო-სამედიცნო ნაწილში ყოფნას და მეთვალყურეობის ქვეშ დარჩენას. კასატორი მიუთითებს, რომ აღნიშნული ჩანაწერი დაედო ერთ-ერთ საფუძვლად ე. ხ-ას საკანში გადაყვანას. ნ. ო-მა არ ჩათვალა რისკის შემცველად მსჯავრდებულისათვის დედის გარდაცვალების შეტყობინების ფაქტი. კასატორის მოსაზრებით ოჯახის წევრის გარდაცვალება რისკის შემცველი ფაქტორია და ნ. ო-მა სრულიად უსაფუძვლოდ გადადო მეორე დღისათვის მსჯავრდებულის მონახულება. კასატორი მიუთითებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 11.02.2016წ. N13 ბრძანებით დამტკიცებულ "ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამის" მე-10 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის მულტიდისციპლინური დახმარების საჭიროების განსაზღვრისა და მისი პროგრამაში ჩართვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების ფსიქოლოგი ან ექიმ-ფსიქიატრი.

კასატორმა აღნიშნა, რომ ნ. ო-ის მიერ სუიციდის პრევენციის პროგრამის ადგილობრივ კოორდინატორთან შეხვედრის მეორე დღისათვის გადადებამ, მისმა დაბნეულობამ, პაციენტის გასინჯვის ფურცელში არასრულყოფილად გაკეთებულმა ჩანაწერმა, საჭიროზე ნაკლები ყურადღების დათმობამ, დიდი როლი შეასრულა იმ შედეგის დადგომაში რაც დადგა. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ნ. ო-ის მიმართ გამოყენებული ადმინისტრაციული სახდელი - სამსახურიდან გათავისუფლება არის შეუსაბამო, ამასთან, სააპელაციო სასამართლო სადავოდ არ ხდის, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა დისციპლინურ გადაცდომას. კასატორი თვლის, რომ ნ. ო-მა თავი ვერ გაართვა მისთვის დაკისრებულ მოვალეობას, რის გამოც უმძიმესი შედეგი დადგა. დამდგარი შედეგიდან გამომდინარე ზიანი მიადგა სამსახურის რეპუტაციას, შეილახა სამსახურში დასაქმებული პირების რეპუტაცია. ამდენად, ექიმ-ფსიქიატრმა ნ. ო-მა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ვერ შეაფასა მისთვის დაკისრებული კანონიერი მოვალეობა. კასატორის მოსაზრებით სადავო ბრძანება არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და ნ. ო-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალების თანახმად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტში 07.02.2019წ. დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება ... პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულის - ე. ხ-ას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნული ფაქტის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 14.11.2018წ., დილის საათებში ... პენიტენციურ დაწესებულებაში გათავსებულ მსჯავრდებულ ე. ხ-ას სატელეფონო საუბრისას შეატყობინეს დედის გარდაცვალების შესახებ. აღნიშნული ინფორმაციით გამოწვეული სტრესის შედეგად მსჯავრდებული ცუდად გახდა, ძირს დაეცა და მცირე ხნით გონებაც დაკარგა. ადგილზე მყოფმა ინსპექტორ-კონტროლიორებმა იგი დაუყოვნებლივ დაწესებულების "…" კორპუსის პირველადი ჯანდაცვის პუნქტში გადაიყვანეს და დახმარების აღმოჩენა პირველადი ჯანდაცვის ექიმს რ. ბ-ეს სთხოვეს, რომელიც თავის მხრივ პაციენტის ჯანმრთელობისა და ფსიქო-ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე დაწესებულების ექიმ-ფსიქიატრს ნ. ო-ს დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა. ეს უკანასკნელი პჯდ პუნქტში მალევე გამოცხადდა. ნ. ო-ს პაციენტი დახვდა სამედიცინო ტახტზე თვალდახუჭულ მდგომარეობაში, იგი კონტაქტში არ შედიოდა, მუშტები ჰქონდა შეკრული და ცრემლები მოსდიოდა. ნ. ო-მა სამედიცინო დოკუმენტაციისა და პაციენტის მდგომარეობის შესწავლის შემდეგ შეავსო კონსულტაციის ფურცელი, ამავე დროს მსჯავრდებულს მედიკამენტ დიაზეპამის ინექცია გაუკეთა და პაციენტზე მეთვალყურეობა გაგრძელდა. მოულოდნელად ე. ხ-ა წამოხტა, დაიწყო ყვირილი, ნივთების გადაყრა და აგრესიის გამოხატვა. შესაბამისად, მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, რ. ბ-ემ, ნ. ო-მა და ნ. რ-მა მიიღეს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში შემდგომი დაკვირვების/მეთვალყურეობის ქვეშ გადაყვანის თაობაზე. მათივე გადაწყვეტილებით ინსპექტორ-კონტროლიორებმა მსჯავრდებული დღის 12:00 საათზე გადაიყვანეს დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში არსებულ ვიდეოსამეთვალყურეო კამერით აღჭურვილ ერთ-ერთ საკანში. აღნიშნულ საკანში მსჯავრდებულზე მეთვალყურეობა საექიმო-სამედიცინო პუნქტის პჯდ ექიმმა ე. ბ-ემ გააგრძელა. იმავე დღის დაახლოებით 15:00 საათზე მსჯავრდებულს განმეორებითი კონსულტაცია ჩაუტარდა ექიმ-ფსიქიატრის ნ. ო-ის მიერ, რომელმაც პაციენტის გასინჯვის ფურცელში მიუთითა, რომ პაციენტი ფსიქომოტორულად შედარებით მშვიდი იყო, აღარ ნერვიულობდა და თავს უკეთესად გრძნობდა, თვითდესტრუქციულ და სუიციდურ აზრებს არ გამოთქვამდა, შემოწმების ეტაპზე აგრესიას არ ავლენდა. მას რჩევა-დარიგებები მიეცა. აღნიშნულიდან რამდენიმე საათის შემდეგ მსჯავრდებულმა თვითონვე მიმართა დაწესებულების პერსონალს და საექიმო - სამედიცინო პუნქტიდან საკუთარ საცხოვრებელ საკანში დაბრუნება მოითხოვა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ ერთხელ შემოწმდა პჯდ ექიმ ე. ბ-ის მიერ, რომელმაც ნახა, რომ პაციენტი სტრესიდან გამოსული და დამშვიდებული იყო. მან ექიმ-ფსიქიატრის ნ. ო-ის მიერ ჩატარებული კონსულტაციების ამსახველი დოკუმენტაციაც გადაამოწმა და დაწესებულების მთავარ ექიმ ნ. რ-თან შეთანხმებით მსჯავრდებულის საექიმო-სამედიცინო პუნქტიდან გაწერის გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, საკუთარ საცხოვრებელ საკანში დაბრუნების წინ მსჯავრდებული მოინახულა და კონსულტაცია შესთავაზა დაწესებულების სოციალური განყოფილების ფსიქოლოგმა ე. ქ-ემ, თუმცა მსჯავრდებულმა ფსიქოლოგთან კონსულტაციაზე უარი განაცხადა. იმავე დღეს ე. ხ-ა საექიმო-სამედიცინო პუნქტიდან საკუთარ საკანში დააბრუნეს. ამის შემდეგ დაწესებულების სამედიცინო პერსონალს ე. ხ-ასთან კონტაქტი აღარ ჰქონია. საკანში გადაყვანიდან რამდენიმე საათის შემდეგ მსჯავრდებულმა სუიციდს მიმართა, კერძოდ, 15.11.2018წ. დაახლოებით 3:30 საათზე იგი საკუთარი საკანის საპირფარეშო ოთახში გარდაცვლილი იპოვეს.

სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე 07.05.2019წ. №... დასკვნაში მითითებულია, რომ ექიმმა (ფსიქიატრმა) ნ. ო-მა შესაბამისი საფუძვლების მიუხედავად სწორად ვერ შეაფასა მსჯავრდებულის ე. ხ-ას ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა, აღნიშნულის გამომწვევი მიზეზები და შესაძლო რისკები, ის არ ჩათვალა სუიციდის რისკის მქონედ და სუიციდის პრევენციის პროგრამის ადგილობრივ კოორდინატორთან კონსულტაცია არ გაიარა. ამასთან, მსჯავრდებულთან დაკავშირებით არ გასცა რეკომენდაციები სამედიცინო და არასამედიცინო საჭიროებების, მათ შორის, ვიზუალური მეთვალყურეობის გაგრძელების შესახებ. მან ზოგადი ფსიქიატრიული კონსულტაცია გაუწია მსჯავრდებულს და პაციენტის გასინჯვის ფურცელში მხოლოდ აღნიშნულის დაფიქსირებით შემოიფარგლა. ნ. ო-ის ჩანაწერი დაედო ერთ-ერთ საფუძვლად ე. ხ-ას საექიმო-სამედიცინო პუნქტში არსებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერით აღჭურვილი ოთახიდან საცხოვრებელ საკანში გადაყვანას. ამასთან, მან არ გამართა კონსულტაცია სუიციდის პრევენციის პროგრამის ადგილობრივ კოორდინატორთან მსჯავრდებულის სუიციდის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით. მითითებული დასკვნით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ... პენიტენციური დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექიმის (ფსიქიატრის) ნ. ო-ის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების გამოყენება. ზემოაღნიშნული დასკვნის საფუძველზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 14.05.2019წ. N... ბრძანებით ნ. ო-ს დაეკისრა დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან გათავისუფლება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირის სამსახურიდან გათავისუფლება დისციპლინური პასუხისმგებლობის ყველაზე მკაცრი ზომაა და მისი შეფარდებისთვის დადგენას საჭიროებს კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობა. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია დისციპლინური გადაცდომისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომა განსაზღვროს და იხელმძღვანელოს თანაზომიერების პრინციპით. პირის გათავისუფლება სამსახურიდან სარწმუნოდ უნდა დასაბუთდეს. მოხელის მიერ ჩადენილი დარღვევა უნდა შეფასდეს მისი სიმძიმის და იმ შედეგების გათვალისწინებით, რაც დამრღვევი პირის ქმედებებს მოჰყვა.

საქმეში დაცული მონიტორინგის დეპარტამენტის 07.05.2019წ. N... დასკვნის თანახმად, ნ. ო-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა "სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ" კანონის 12.2 მუხლის "ა" და "დ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დისციპლინური გადაცდომების ჩადენას, კერძოდ, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებასა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შეუსრულებლობას. ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ ნ. ო-მა პაციენტის გასინჯვის ფურცელში დეტალურად არ ასახა მსჯავრდებულის მდგომარეობა და არ მიუთითებია ელექტრო/ვიზუალური მეთვალყურეობის გაგრძელების საჭიროების შესახებ. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 19.03.2009წ. №108/ნ ბრძანებით დამტკიცებული "სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის" მე-2 მუხლის 21-ე პუნქტზე, რომლის თანახმად პაციენტის გასინჯვის ფურცელი არის სამედიცინო ბარათის ძირითადი შემადგენელი ნაწილი. დაუშვებელია მასში არსებული ჩანაწერების გაორება ან თვითნებური ჩანაწერების წარმოება. მკურნალი ექიმი მასში ჩანაწერებს (პაციენტის გასინჯვის ფურცელში (დღიურში) აღნიშნული დანიშნულებების შესაბამისად) აკეთებს მკაფიოდ და გასაგებად, მიუთითებს მედიკამენტის დანიშვნისა და მოხსნის თარიღს. ამავე წესის დანართი №1-ით განისაზღვრა პაციენტის გასინჯვის ფურცელის ფორმა, რომლის თანახმად, მასში უნდა დაფიქსირდეს დაგეგმილი გამოკვლევები, სპეციალისტის კონსულტაციები, დანიშნულება. საქმის მასალებში დაცული პაციენტის გასინჯვის ფურცელი ნ. ო-ის მიერ შევსებულია პაციენტის რეალური ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე. მასში აღნიშნულია, რომ 14.11.2018წ. 15:00 საათისათვის ე. ხ-ა ფსიქომოტორულად შედარებით მშვიდად იყო და არ ავლენდა აგრესიას. ე. ხ-ას აღნიშნული მდგომარეობა დადასტურებულია სამსახურებრივი მოკვლევის დროს გამოკითხული პირების ახსნა-განმარტებებითაც. მართალია მსჯავრდებულისათვის ელექტრო/ვიზუალური მეთვალყურეობის გაგრძელების საჭიროების თაობაზე ნ. ო-ს ჩანაწერში არაფერი მიუთითებია, მაგრამ აღნიშნული რომ ნ. ო-ის ვალდებულებას წარმოდგენდა საქმის მასალებით არ დასტურდება. კასატორი საკასაციო საჩივარში უთითებს ნ. ო-ის მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 20.03.2007წ. N92/ნ ბრძანებით დამტკიცებული "ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტისათვის ფიზიკური შეზღუდვის მეთოდების გამოყენების წესისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქციის" დარღვევაზე. აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული ინსტრუქციის დარღვევაზე მითითებას მონიტორინგის დეპარტამენტის 07.05.2019წ. დასკვა არ შეიცავს. ამასთან, საქმეში დაცული დოკუმენტაციის თანახმად, მსჯავრდებული ე. ხ-ა არ წარმოადგენდა ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზის მქონე პაციენტს, ვის მიმართაც შესაძლებელი იყო აღნიშნული ინსტრუქციით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენება. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პაციენტის მიმართ უკვე არსებული მეთვალყურეობის შეწყვეტის და მისი საცხოვრებელ საკანში დაბრუნების გადაწყვეტილებაში ნ. ო-ს უშუალო მონაწილეობა არ მიუღია, აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილება პჯდ ექიმის ე. ბ-ისა და მთავარი ექიმის ნ. რ-ის მიერ იქნა მიღებული. ეს გარემოება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამსახურებრივი შემოწმების დროს არ შეფასებულა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 11.02.2016წ. №13 ბრძანებაზე, რომლის თანახმად ექიმ-ფსიქიატრი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს სუიციდის რისკის შეფასებაში. ნ. ო-ი მიუთითებდა, რომ მან შეაფასა პაციენტის მდგომარეობა, თუმცა იგი სუიციდის რისკის მატარებელ მსჯვრდებულად არ ჩაუთვლია. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს დროში ხანგრძლივ პროცესებს, კერძოდ სარისკო გარემოებათა და სარისკო ქცევის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, გუნდის მობილიზაციას, გუნდის მიერ მსჯავრდებულთა ინდივიდუალური დახმარების გეგმის შემუშავებას და სხვ.. ამდენად, კასატორის ის მოსაზრება, რომ სუიციდის პრევენციის პროგრამის ადგილობრივ კოორდინატორთან შეხვედრის მეორე დღისათვის გადადებამ და იმავე დღესვე მსჯავრდებულის სუიციდის რისკის მქონედ არ მიჩნევამ სავალალო შედეგი გამოიწვია, არ არის სათანადოდ დასაბუთებული. ამასთან, ე. ხ-ას ქმედებებში სარისკო ქცევის არარსებობასა და სუიციდის მატარებელ მსჯავრდებულად მიჩნევის უსაფუძვლობაზე მიუთითებდა ასევე ... პენიტენციური დაწესებულების სოციალური განყოფილების ფსიქოლოგი თავის ახსნა-განმარტებაში.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციის ორგანოს მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა მოხდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით, საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება ხდება დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით (იხ. სუსგ 17.01.2019წ. Nბს-809-805(3კ-17)). მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა თვლის, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო მოსარჩელის მიერ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის და შესაბამისად დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ჩადენილ გადაცდომასთან პროპორციულობის დადასტურება. სადავო ბრძანება არ შეიცავს დასაბუთებას იმის შესახებ თუ რატომ გამოიყენა ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელის მიმართ ყველაზე მძიმე დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან გათავისუფლება და რატომ იყო შეუძლებელი მის მიმართ უფრო მსუბუქი სახდელის გამოყენება, იმ პირობებში, როდესაც "სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ" კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი) მე-12 მუხლი ითვალისწინებდა დისციპლინური სახდელის სხვა სახეებსაც. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ცალსახად არაპროპორციულია ჩადენილ გადაცდომასთან. ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუფასებია და არ დაუსაბუთებია გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის პროპორციულობა ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ხელახლა ჩატარების ფარგლებში გამოკვლეული გარემოებები შესაძლოა ქმნიდეს უფრო მსუბუქი დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს (იხ. სუსგ 27.10.22წ. Nბს-832(2კ-22), 28.09.23წ. ბს-761(2კ-23), 14.02.24წ. Nბს-931(2კ-23)). ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეაფასოს ნ. ო-ის მიერ ჩადენილი შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ფაქტი და მისი ხასიათის გათვალისწინებით უნდა იქნას გამოყენებული ადეკვატური ხასიათის ღონისძიება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და ნ. ო-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და ნ. ო-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.03.2020წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი

თ. ოქროპირიძე