Facebook Twitter

№ბს-3(კ-24) 11 დეკემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თამარ ოქროპირიძე, ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, მესამე პირი - შპს „...ი“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ. ს-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული მოთხოვნა), ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 21 აპრილის №SP201190257/837769 ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 ივლისის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაება შპს „...ი“.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით თ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა თ. ს-ის მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით თ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის დამატებითი განჩინებით თ. ს-ეს დაეკისრა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ოქტომბრის და 31 ოქტომბრის განჩინებები საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ს-ემ.

კასატორი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ ჰქონდა გამოეცა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ, რადგან იურიდიულად გაუმართლებელი იყო. სს „... ბანკში“ დარჩენილ ძირითად თანხაზე - 5817.22 ლარზე შპს „...ის“ მიერ წარდგენილი იყო 23619.18 ლარის მოთხოვნა 2021 წლის 19 ნოემბერს, რომლის მოთხოვნის ვადაც 2018 წელს იყო გასული.

კასატორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ კანონში არ არის განსაზღვრული თუ როგორ უნდა დადგინდეს უწყების ადრესატისთვის გადაცემის ფაქტი, რაც აგრეთვე შეფასების გარეშე დატოვა სასამართლომ. თ. ს-ის დედა უწყების ჩამბარებლისგან სრულად ინფორმირებული არ ყოფილა, მისთვის უცნობი იყო რა ვადაში უნდა გადაეცა შეტყობინება მოსარჩელისთვის და დაგვიანებით გადაცემა რა შედეგებს გამოიწვევდა. თ. ს-ეს შეტყობინება დაგვიანებით ჩაბარდა. აღნიშნული ინფორმაცია მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა 2021 წლის 2 ივნისს, რის შემდეგაც მან დაუყოვნებლივ მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და პროტესტი განაცხადა სრულ მოთხოვნაზე - 23619 ლარზე.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. ს-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2012 წლის 1 მაისს, თ. ს-ესა და სს ,,... ბანკს“ შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, კრედიტის თანხა შეადგენდა 8100 ლარს, კრედიტის მოქმედების ვადა - 01.05.2015-მდე, პირგასამტეხლო ათვისებული კრედიტის ან მასზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის დაბრუნების ვადის გადაცილებისთვის - 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. თ. ს-ემ ხელშეკრულებაში მის ფაქტობრივ მისამართად მიუთითა გორი, სოფ. ... . ხელშეკრულების 6.4 პუნქტის თანახმად, მხარეები ურთიერთობას განახორციელებენ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით განსაზღვრულ მისამართებზე (ან სხვა ნებისმიერ მისამართზე, რომელსაც ერთი მხარე აცნობებს მეორეს წერილობით). მხარე ვალდებულია აღნიშნული მისამართ(ებ)ის ან მათი რომელიმე მონაცემის ცვლილების შესახებ დროულად აცნობოს მეორე მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ აღნიშნულ მისამართზე განხორციელებული ურთიერთობა (შეტყობინების გაგზავნა და სხვა.) ჩაითვლება ჯეროვნად შესრულებულად (ს.ფ 76-88); ბ) 2019 წლის 8 მაისს, შპს „...სა“ და სს „... ბანკს“ შორის დაიდო მოთხოვნის დათმობის შესახებ შეთანხმება, რის საფუძველზეც მოთხოვნის მფლობელმა უფლების მიმღებს დაუთმო მის საკუთრებაში არსებული მოთხოვნები, მათ შორის, თ. ს-ის მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება (ს.ფ 89, 90-93); გ) 2020 წლის 19 ნოემბერს, შპს „...მა“ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული წარმოების დაწყება, რესპონდენტის - თ. ს-ის მიმართ. განცხადების თანახმად, განცხადების შეტანის დღისათვის აპლიკანტის - შპს ,,...ის“ მოთხოვნა, რესპონდენტის მიმართ შეადგენდა 23156.06 ლარს (ს.ფ 69-72, 112); დ) 2020 წლის 14 დეკემბერს, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურმა გამოსცა გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ №SP201190257/796397 შეტყობინება, რომლითაც რესპონდენტს - თ. ს-ეს განემარტა, რომ შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში შეეძლო განეხორციელებინა შეტყობინებაში მითითებული ერთ-ერთი მოქმედება: სრულად დაეფარა აპლიკანტის მიმართ არსებული დავალიანება; დაეფარა დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევდა; განეცხადებინა წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმებოდა მოთხოვნას; წერილობით ეღიარებინა მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევდა; წერილობით ეღიარებინა მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევდა; წარედგინა განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ, თუ სურდა აპლიკანტთან გადახდის პირობებზე შეთანხმება. რესპონდენტს ასევე განემარტა, რომ შეტყობინებაში მითითებული მოქმედებების განუხორციელებლობის შემთხვევაში გამოიცემოდა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ. მითითებული შეტყობინება თ. ს-ეს გაეგზავნა მისამართზე გორის რ-ნი, ს. ... . რესპონდენტისათვის გაგზავნილი შეტყობინება მისამართზე გორის რ-ნი, ს. ... ჩაბარდა რესპონდენტის დედას - ლ. ს-ეს (პირადი ნომერი: ...) 2021 წლის 30 მარტს (ს.ფ 112-113, 121-122); ე) 2021 წლის 21 აპრილს, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსცა №SP201190257/837769 ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლის თანახმადაც რესპონდენტს - თ. ს-ეს დაეკისრა დავალიანების გადახდა 23156.06 ლარის ოდენობით, აპლიკანტის - შპს ,,...ის“ მიმართ (ს.ფ 20).

მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისთვის დაკისრებული დავალიანების გადახდევინების შესახებ მოპასუხის მიერ გამოცემული ბრძანების კანონიერება, იმ მოტივით, რომ მოსარჩელე არ იყო ინფორმირებული მის მიმართ დაწყებული გამარტივებული წარმოების დაწყების თაობაზე. ამასთან, მოსარჩელის მოსაზრებით, გასაჩივრებული ბრძანების გამოცემა იურიდიულად არ იყო გამართლებული.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული წარმოება თავისი არსით აპლიკანტისთვის (კრედიტორი) პროცედურის გამარტივებას ისახავს მიზნად და აღსრულების პროცედურის ეკონომიურობასა და ეფექტურობაში ვლინდება. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 914 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია, მიზნად უნდა ისახავდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას. ამავე კანონის 917 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს: ა) გამარტივებული წარმოების ნომერს; ბ) აპლიკანტის დასახელებას, დაყენებულ მოთხოვნას და მოთხოვნის საფუძველს; გ) მითითებას იმის შესახებ, რომ რესპონდენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს დავალიანება, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, ან განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედებათაგან ერთ-ერთი: გ.ა) დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ბ) განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას; გ.გ) წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს; გ.დ) წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ე) წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ; დ) განმარტებას იმის შესახებ, თუ რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას; ე) გამარტივებული წარმოების საფასურის ოდენობას, ანგარიშსწორების წესს და აღსრულების ეროვნული ბიუროს საბანკო რეკვიზიტებს.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას თუ რესპონდენტი არ განახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ არც ერთ მოქმედებას – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დოკუმენტის ადრესატისთვის ჩაბარების წესებს არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლები. აღნიშნული კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად კი, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მითითებული კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება თ. ს-ეს გაეგზავნა საკრედიტო ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე გორი, ს. ... . უკუგზავნილის თანახმად, რესპონდენტისათვის გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარდა რესპონდენტის დედას - ლ. ს-ეს 2021 წლის 30 მარტს (გზავნილზე მითითებულია, რომ ლ. ს-ე არის თ. ს-ესთან მცხოვრები პირი). საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ კასატორი სადავოდ არ ხდის იმ მისამართის სისწორეს, რომელზეც მოპასუხის მიერ გაგზავნილ იქნა შეტყობინება. ასევე, სადავო არ არის, რომ გზავნილის მიმღები - ლ. ს-ე წარმოადგენს მოსარჩელესთან მცხოვრებ ოჯახის წევრს - დედას. დასახელებული გარემოებების მხედველობაში მიღების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების ჩაბარების ფორმა შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ წესს და იგი მიჩნეულ უნდა იქნეს გზავნილის სათანადო წესით მხარისათვის გადაცემად, რაც თ. ს-ის მხრიდან კანონით გათვალისწინებული მოქმედებების განუხორციელებლობის პირობებში (მათ შორის, წერილობითი პროტესტის წარუდგენლობა) გახდა მის მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემის საფუძველი. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თ. ს-ის მიმართ მიმდინარე გამარტივებული წარმოების პროცესში ადგილი არ ჰქონია არსებითი ხასიათის პროცედურულ დარღვევას და მოპასუხე უფლებამოსილი იყო გამოეცა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ.

რაც შეეხება კასატორის შედავებას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ ჰქონდა გამოეცა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ, რადგან იურიდიულად გაუმართლებელი იყო, საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას თუ რესპონდენტი არ განახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ არც ერთ მოქმედებას – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე. შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილი იყო გამოეცა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება შპს „...ის“ მოთხოვნის სრულ ოდენობაზე და კასატორის მიერ მითითებული გარემოება არ ქმნის გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველს.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 იანვრის განჩინებით აპელანტ თ. ს-ეს გადაუვადდა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის ოდენობით გადახდა საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ გადაწყვეტილების (განჩინების) მიღებამდე. ასეთ პირობებში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის დამატებითი განჩინებით თ. ს-ისათვის აღნიშნული ბაჟის გადახდის დაკისრება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, შეესაბამება კანონის მოთხოვნებს და არ არსებობს მითითებული დამატებითი განჩინების გაუქმების საფუძველი.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს 300 ლარს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, თუ კასატორს წინასწარ არ აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივარზე და ასევე მას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გადავადებული აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მისი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის შემთხვევაში, მას დაეკისრება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 30 პროცენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორს - თ. ს-ეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 იანვრის განჩინებით სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდა გადაუვადდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მას უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 90 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ოქტომბრის განჩინება და 2023 წლის 31 ოქტომბრის დამატებითი განჩინება;

3. თ. ს-ეს დაეკისროს საკასაციო საჩივარზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 30%-ის – 90 ლარის გადახდა (მიმღები - ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი - TRESGE22; ხაზინის ერთიანი ანგარიშის №200122900; საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150);

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ბ. სტურუა