№ბს-1263(კ-24) 11 დეკემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - მ.ს-ა, ჯ.ჩ-ა, ნ.ჩ-ა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ.ს-ამ, ჯ.ჩ-ამ და ნ.ჩ-ამ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 28 თებერვლის №IDP 1 24 00000219 ბრძანება; ბ) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით მ.ს-ას ოჯახისთვის კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების მ.ს-ას, ჯ.ჩ-ას და ნ.ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 28 თებერვლის №IDP 1 24 00000219 ბრძანება. დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელეების მ.ს-ას, ჯ.ჩ-ას და ნ.ჩ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ფარგლებში კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლის/ბინა) შესყიდვის თაობაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ მ.ს-ას, ასევე მის შვილს - მ.ჩ-ას, განაცხადი შევსებული ჰქონდათ კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის შესყიდვაზე. მ.ჩ-ას, როგორც ერთსულიან ოჯახს, თანხმობის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო გადაუხდიდა 22 000 ლარს. მ.ს-ა განაცხადს აკეთებდა, როგორც სამსულიანი ოჯახი და თანხმობის შემთხვევაში მიიღებდა 28 000 ლარს. აღნიშნულით ოჯახი ცდილობდა იმაზე მეტი თანხა მიეღო სახელმწიფოსგან, ვიდრე გათვალისწინებულია კანონმდებლობით. რაც შეეხება სარჩელს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, საქმეში წარმოდგენილია, წინამდებარე დავაზე სასამართლო პროცესის ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე სასამართლოში წარდგენილი სარჩელი, საიდანაც ირკვევა, რომ როგორც მ.ს-ას სამსულიან ოჯახს, ასევე, მ.ჩ-ას მესაკუთრე ასახლებს საცხოვრებელი ფართიდან. აღნიშნული მტკიცებულებით ორივე ოჯახს სურდა სასამართლოსთვის დაედასტურებინა, რომ რჩებიან საცხოვრებლის გარეშე, რაც ხელოვნურად შექმნილი მტკიცებულებაა. გამოსახლების თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული. მოსარჩელე კი ოჯახს ხელოვნურად ყოფდა შვილთან - მ.ჩ-ასთან.
კასატორის განმარტებით, მოსარჩელე - მ.ს-ამ 2022 წელს შეავსო განაცხადი კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე. განაცხადის წინასწარი დამუშავების შედეგად მან მოიპოვა 5.5 ქულა. სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და შვილიშვილი. განაცხადს აკეთებს მეუღლესთან ერთად, რომელიც განცხადების საფუძველზე დაემატა განაცხადს. 2022 წლის 31 ოქტომბრის განცხადებით კი, განაცხადს დაემატა ნ.ჩ-ა (დედამთილი). განაცხადის ელექტრონულ ფორმაში მითითებულ ფაქტობრივ მისამართზე ზუგდიდი, ...ის ქუჩა, შესახვევი 2, სახლი ... (კერძო სახლი) მონიტორინგის განხორციელებისას იმყოფებოდნენ მ.ს-ა და ნ.ჩ-ა, ხოლო ჯ.ჩ-ა სახლში არ იმყოფებოდა. განმცხადებლის განმარტებით, 2017 წლიდან ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე ქირით. სახლის მესაკუთრეა ე.რ-ე (მაზლი). მოსარჩელის დედა - ჟ.ჩ-ა ცხოვრობს ...ში. მ.ჩ-ა ცხოვრობს მამიდასთან ...ში, ზუსტი მისამართი არ იცის. ნ.ჩ-ა ცხოვრობს ...ში მეუღლესთან, თ.რ-სთან ერთად. მონიტორინგის სამსახურის მიერ მოპოვებული მასალები წარედგინა დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას. კომისიამ 2023 წლის 28 ნოემბრის სხდომაზე იმსჯელა მოსარჩელის ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართის შესყიდვის საკითხზე და გადაწყვიტა, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვაზე უარი ეთქვა ოჯახის ხელოვნური გაყოფის გამო (შვილთან მ.ჩ-ასთან). როგორც დევნილთა დეპარატამენტის 2024 წლის 24 აპრილის №IDP 3 24 00461850 სამსახურებრივი ბარათით მიწოდებული ინფორმაციით და შესაბამისი მტკიცებულებებით დასტურდება, მ.ჩ-ა არის დედის - მ.ს-ას ოჯახის წევრი, ისინი რეგისტრირებულნი არიან ერთ ოჯახად სარეგისტრაციო ნომრით ..., თუმცა ამავდროულად ირკვევა, რომ მ.ჩ-ა დამოუკიდებლად აკეთებს განაცხადს კერძო სახლი/ბინის შესყიდვაზე. საქმეს ერთვის განაცხადი, კომისიის სხდომის ოქმი და მ.ჩ-ის მიმართ გამოცემული ბრძანება კერძო სახლი/ბინა შესყიდვაზე უარის თქმის თაობაზე მიზეზით ოჯახის ხელოვნური გაყოფა მშობლებთან მ.ს-ასთან და ჯ.ჩ-ასთან.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) მ.ს-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის სახელზე გაცემულია დევნილის მოწმობა №... აღნიშნული მოწმობის თანახმად, მ.ს-ას სარეგისტრაციო ნომერი არის ..., მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე - აფხაზეთი, გალი, ... დევნილის დროებით საცხოვრებელ ადგილად (რეგისტრაციის ადგილი) მითითებულია ზუგდიდი, ...ის ქ. №41. მ.ს-ა არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, რეგისტრირებულია შესაბამის ბაზაში და იღებს დახმარებას - 140 ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ 41, 92); ბ) ჯ.ჩ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის სახელზე გაცემულია დევნილის მოწმობა №... აღნიშნული მოწმობის თანახმად, ჯ.ჩ-ას სარეგისტრაციო ნომერი არის ..., მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე აფხაზეთი, გალი, .... დევნილის დროებით საცხოვრებელ ადგილად (რეგისტრაციის ადგილი) მითითებულია ზუგდიდი, ...ის ქ. №41 (ტ.1, ს.ფ 41, 92); გ) მ.ს-ამ 2022 წლის 7 ივნისს, განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოვილთა სამინისტროს კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე. (ტ.1, ს.ფ 78-79); 2022 წლის 7 ივნისს, მ.ს-ამ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართა განცხადებით და მოითხოვა მეუღლის ჯ.ჩ-ას დამატება მისი ოჯახის განაცხადში (ტ.1, ს.ფ 77, 87); 2022 წლის 31 ოქტომბერს, მ.ს-ამ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართა განცხადებით და მოითხოვა დედამთილის ნ.ჩ-ას დამატება მისი ოჯახი განაცხადში (ტ.1, ს.ფ 89); საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით, 2022 წლის მდგომარებით ოჯახი შეფასდა 5,5 ქულით (1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები - 2 წევრი, 2 ქულა; საცხოვრებლის ფინანსური პირობები ნაქირავები - 1,5 ქულა; მ.ს-ა - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, მნიშვნელოვნად გამოხატული - 2 ქულა). ამავე განაცხადში აღნიშნულია, რომ მ.ს-ას სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და შვილიშვილი, განაცხადს აკეთებს მეუღლესთან ერთად, რომელიც განაცხადის საფუძველზე დაემატა (ტ.1 75); დ) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად (ვიზიტის თარიღი 15.12.2022 წელი) მ.ს-ა, ჯ.ჩ-ასთან (მეუღლე) და ნ.ჩ-ასთან (დედამთილი) 2017 წლიდან ცხოვრობს ქირით ქ. ზუგდიდში, ...ის ქ. შესახვევი №2, სახლი №... (კერძო სახლი) ე.რ-ის (მძახალი) სახლში (ტ.1, ს.ფ 95-98); საჯარო რეესტრის 2020 წლის 19 მარტის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონება მდებარე ქ. ზუგდიდი, ...ის ქ. №5 (ს/კ...) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ე.რ-ის სახელზე (ტ.1, ს.ფ 94); საქმეში წარმოდგენილი სარჩელის ასლით დასტურდება, რომ ე.რ-ემ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონული სასამართლოსთვის მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე ქ. ზუგდიდი, ...ის ქ. №5, მ.ს-ას, ჯ.ჩ-ას და ნ.ჩ-ას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვაზე, აღნიშნული ქონებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთისა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისთვის გადაცემის მოთხოვნით (ტ.2, ს.ფ 73-89); ე) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 28 ნოემბრის №85 ოქმით დგინდება, რომ კომისიამ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების შესაბამისად განიხილა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის მიზნით შევსებული განაცხადები. კომისიის გადაწყვეტილებით, მ.ს-ას ოჯახის ხელოვნური გაყოფის გამო უარი ეთქვა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე. (ტ.1, ს.ფ 99-103); სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 28 თებერვლის №IDP 1 24 00000219 ბრძანებით მ.ს-ას ოჯახს (განცხადებაში გათვალისწინებულ პირებს) ოჯახის ხელოვნური გაყოფის გამო უარი ეთქვა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე (ტ.1, ს.ფ. 104); ვ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2024 წლის 24 აპრილის №IDP 3 24 00461850 მიმართვის თანახმად, მ.ჩ-ას (მ.ს-ას შვილი) ცალკე აქვს შევსებული განაცხადი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 28 ნოემბრის (ოქმი №85) გადაწყვეტილების საფუძველზე, მას უარი ეთქვა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე, მშობლებთან მ.ს-ასა და ჯ.ჩ-ასთან ოჯახის ხელოვნური გაყოფის გამო. საოჯახო ანკეტები და დევნილთა მონაცემთა ბაზის მონაცემები ადასტურებს ყველა ზემოაღნიშნული პირის ერთ ოჯახად რეგისტრაციის ფაქტს (№...) (ტ.1, ს.ფ 118, 145-149, 156); საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით (იურიდიული მისამართი - ზუგდიდი, ...ის ქ. 41; ფაქტობრივი მისამართი - თბილისი, ... მე-3 მ/რ, კორპ №..., სად. .., ბინა...). 2022 წლის 26 ოქტომბრის მდგომარებით, მ.ჩ-ა შეფასდა 4.50 ქულით (1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები - 1 წევრი, 1.5 ქულა; საცხოვრებელის ფინანსური პირობები ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ოჯახთან ერთად - 1,5 ქულა; ჟულია სხულუხია ომში დაღუპული წევრი/წევრები, გარდაიცვალა ან უგზოუკვლოდ დაიკარგა საქართველოში არსებული კონფლიქტების შედეგად - 1.5 ქულა). მ.ჩ-ას სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს ძმა, ძმისშვილი და მშობლები, განაცხადს აკეთებს მარტო (ტ.1, ს.ფ 119); უძრავი ქონების მდებარე - ქალაქი თბილისი, რაიონი ..., მიკრო/რაიონი 3, კორპუსი ..., საკადასტრო კოდით - .., ფართი - 36,00 კვ.მ, მესაკუთრე არის ე.ა-ა (ტ.2, ს.ფ 151-152); საქმეში წარმოდგენილი სარჩელის ასლით დასტურდება, რომ ე.ა-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე ქალაქი თბილისი, რაიონი ..., მიკრო/რაიონი 3, კორპუსი ..., სადარბაზო 6, ბინა .., მ.ჩ-ას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვაზე, აღნიშნული ქონებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთისა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისთვის გადაცემის მოთხოვნით (ტ.2, ს.ფ 137-150).
საკასაციო სასამართლო „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობები. დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ უნდა მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი). ამავე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით შინასამეურნეო საქმიანობა (საერთო საოჯახო მეურნეობა) განმარტებულია როგორც ოჯახის კეთილდღეობის უზრუნველყოფისაკენ მიმართული საქმიანობა, რომელიც ითვალისწინებს საცხოვრებელი ადგილის ერთობლივ გამოყენებას, მოვლა-პატრონობას, ოჯახისათვის საჭირო საარსებო საშუალებათა მოპოვებას და ამ საშუალებების (შემოსავლები და ხარჯები) ოჯახის საკეთილდღეოდ განკარგვა-განაწილებას.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1), რომლის მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა.
იმავე „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება - დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლად აშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით.
მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელეთათვის კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვაზე უარის თქმის საფუძველი გახდა არა მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება მ.ჩ-ას ოჯახთან ხელოვნური გაყოფის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონიდან გამომდინარე, პირი კონკრეტული ოჯახის წევრად მიიჩნევა იმ შემთხვევაში, თუ იგი ოჯახის სხვა წევრებთან მუდმივად ცხოვრობს განცალკევებულ ფართში და მათთან ერთად ეწევა შინასამეურნეო საქმიანობას. ამასთანავე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მიზნებისათვის, არსებითი მნიშვნელობა აქვს დევნილი ოჯახის წევრთა რაოდენობას, რამდენადაც, აღნიშნულმა გარემოებამ შეიძლება გავლენა იქონიოს ამავე „წესით“ განსაზღვრულ ქულათა რაოდენობასა და გადაცემული ფართის ოდენობაზე. დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, გადაამოწმოს განმცხადებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და დაადგინოს, ვინ არიან განმცხადებელთან მუდმივად მცხოვრები პირები, ადგილი ხომ არა აქვს ოჯახის ხელოვნურ გაყოფას ან გაერთიანებას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საკასაციო პალატა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე არ იზიარებს სადავო აქტის გამოცემის საფუძვლად მითითებულ გარემოებას ოჯახის ხელოვნური გაყოფის თაობაზე. მოპასუხე მხარემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ უზრუნველყო იმ გარემოების დადასტურება, რომ მ.ჩ-ა მოსარჩელეებთან ერთად მუდმივად ცხოვრობს განცალკევებულ ფართში და მათთან ერთად ეწევა შინასამეურნეო საქმიანობას. ასეთ პირობებში კასატორის მითითება მოსარჩელეებისა და მ.ჩ-ას დევნილის ერთიდაიგივე სარეგისტრაციო ნომრისა და რეგისტრაციის მისამართის არსებობის თაობაზე, არ ადასტურებს მათი ერთ ოჯახად მუდმივად ცხოვრების ფაქტს. მოპასუხე მხარეს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები - გასაჩივრებული აქტი ემყარება მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებას ოჯახის ხელოვნური გაყოფის თაობაზე, რაც არ დადასტურდა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით დასტურდება მოსარჩელის (განცხადებით გათვალისწინებული პირების) მიმდინარე ეტაპზე გრძელვადიანი განსახლების წინაპირობები, რის გამოც მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შესახებ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ბ. შონია