Facebook Twitter

საქმე №ბს-978(კ-24) 24 დეკემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელის უფლებამონაცვლეები) – ი., ბ. და ე. ტ-ები

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 21 მაისს ი.ტ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 13 იანვარს მან მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, წარუდგინა ნოტარიუსის მიერ მოვალის - ა.ნ-ას მემკვიდრეების წინააღმდეგ გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც მოითხოვა იძულებითი აღსრულების დაწყება და მათთვის 2 292 000 აშშ დოლარის და 106 ლარის დაკისრება. ი.ტ-ემ წინასწარ გადაიხადა აღსრულების საფასური 5 000 ლარი. სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მოსარჩელეს განცხადებაზე დაუდგინა ხარვეზი იმ საფუძვლით, რომ აღსასრულებელი მოთხოვნის ვადა ჯერ არ იყო დამდგარი, შესაბამისად, თანხა უნდა დაკორექტირებულიყო. მოგვიანებით მოსარჩელემ სააღსრულებო ბიუროში წარადგინა ახალი სააღსრულებო ფურცელი, რომლის ფარგლებშიც აღსასრულებელი მოთხოვნა განისაზღვრა 50 500 აშშ დოლარით. მოსარჩელემ მიიჩნევს, რომ "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის "გ" ქვეპუნქტის თანახმად, მისი მოთხოვნიდან გამომდინარე, სააღსრულებო საფასურის სახით გადასახდელი იყო 1340 ლარი. შესაბამისად, ი.ტ-ემ მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა ზედმეტად გადახდილი აღსრულების საფასურის - 3660 ლარის უკან დაბუნება. მოსარჩელის მოთხოვნა თანხის უკან დაბრუნების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც საჩივრით გასაჩივრდა ი.ტ-ის მიერ. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 18.04.2019წ. ბრძანებით ი.ტ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 18 აპრილის №1736 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის მის მიერ ზედმეტად გადახდილი წინასწარი საფასურის - 3660 ლარის უკან დაბრუნების დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით ი.ტ-ის უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ ეკატერინე, ი. და ბ. ტ-ეები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ეკატერინე, ი. და ბ. ტ-ეების სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნოტარიუსმა - ზ.ბ-მა 2016 წლის 1 მარტს, მის მიერვე 2015 წლის 23 ივნისს დამოწმებული პარტნიორის წილის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების (ელექტრონულ რეესტრში რეგისტრაციის ნომერი...; ინდ. ნომერი...) საფუძველზე, მოვალის მიმართ გასცა სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ფურცლის თანახმად, აღსასრულებელი მოთხოვნის სახედ და მოცულობად განისაზღვრა მოვალის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი უძრავ/მოძრავი ქონების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეალიზაცია და 2 292 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და 106 ლარის (სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი) გადახდა.

საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ კრედიტორმა - ი. ტ-ემ 2017 წლის 13 იანვარს განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 1 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, მოითხოვა მოვალეებისთვის 2 292 000 აშშ დოლარისა და 106 ლარის გადახდის დაკისრება. აღსრულების წინასწარი საფასურის სახით ი. ტ-ემ გადაიხადა 5 000 ლარი.

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 24 იანვრის შეტყობინებით კრედიტორს ეცნობა განცხადებაზე ხარვეზის დადგენის შესახებ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების დრო არ იყო ვადამოსული, რამეთუ სააღსრულებო ფურცელში ვალდებულების შესრულების ვადად მითითებული იყო 2015 წლის 23 ივნისიდან 2025 წლის 23 ივნისის ჩათვლით პერიოდი.

ი.ტ-ემ 2017 წლის 22 თებერვალს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროში წარადგინა ნოტარიუს ზ.ბ-ის მიერ 2017 წლის 21 თებერვალს გაცემული №170174258 სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც ცვლილება შევიდა 2016 წლის 1 მარტის №160193608 სააღსრულებო ფურცლის მე-5 მუხლში. კერძოდ, 2015 წლის 23 ივნისის წინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების ოდენობად განისაზღვრა 50 499 აშშ დოლარი, ვალდებულების შესრულების დროდ კი - 2015 წლის 23 აგვისტოდან დაწყებული ყოველთვიურად 10 წლის განმავლობაში ყოველი საანგარიშო წლის 25 რიცხვი.

ი. ტ-ემ 2019 წლის 14 თებერვალს განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა აღსრულების საფასურის სახით წინასწარ ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნება, ვინაიდან დაკორექტირებული სააღსრულებო ფურცლით შემცირდა აღსასრულებელი მოთხოვნა. შესაბამისად, კრედიტორს აღსრულების საფასური უნდა გადაეხადა შემცირებული თანხის პროპორციულად. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 15 თებერვლის წერილით ი.ტ-ეს განემარტა, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო მოკლებული იყო სამართლებრივ და კანონისმიერ შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა.

ი.ტ-ემ 2019 წლის 18 მარტს საჩივრით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა მის მიერ წინასწარ ზედმეტად გადახდილი თანხის 3660 ლარის უკან დაბრუნება. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 18 აპრილის №1736 ბრძანებით ი.ტ-ეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე, 38-ე მუხლებზე, ასევე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული "საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანების მე-2 მუხლზე. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის გათვალისწინებით, აღსასრულებელი მოთხოვნის შემცირება არ განაპირობებდა წინასწარ გადახდილი საფასურის კრედიტორისთვის დაბრუნებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ი. ე. და ბ. ტ-ეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. ტ-ის, ბ. ტ-ის და ე.ტ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი. ტ-ის, ბ. ტ-ის და ე.ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 18 აპრილის №1736 ბრძანება; სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაევალა ზედმეტად გადახდილი წინასწარი საფასურის - 3 660 ლარის მოსარჩელეებისთვის დაბრუნება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით კანონმდებელი განსაზღვრავს სააღსრულებო წარმოების დაწყების წინაპირობას, თუმცა, აღნიშნული ჩანაწერი არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ კრედიტორის მიერ სააღსრულებო დოკუმენტით აღმასრულებლისთვის მიმართვა უპირობოდ წარმოშობს სააღსრულებო წარმოების დაწყების საფუძველს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი სააღსრულებო მოქმედებების დაწყების წინაპირობად არ იქნება მიჩნეული აღმასრულებლის მიერ სააღსრულებო დოკუმენტის (სააღსრულებო ფურცლის) კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის შემოწმება, მაშინ აზრს დაკარგავს კანონმდებლის მიერ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით სააღსრულებო ფურცლის აუცილებელი რეკვიზიტების დეტალურად გათვალისწინება. ამდენად, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ უნდა უზრუნველყოს განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში კი, დაადგინოს ხარვეზი წარდგენილ განცხადებაზე. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ საფასურის წინასწარ გადახდის მიზანია სააღსრულებო მოქმედებათა შესრულების უზრუნველყოფა - მომსახურების გაწევა, აღსრულების დაწყებამდე კრედიტორს არ შეიძლება შეეზღუდოს წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის დაბრუნების შესაძლებლობა. კრედიტორი რისკის ქვეშ არ უნდა დადგეს აღნიშნული საფასურის გადახდის მომენტიდან. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შემცირებული მოთხოვნის ნაწილში სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მოვალის მიმართ არ განუხორციელებია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მომსახურება იძულებითი სააღსრულებო მოქმედებების ჩატარების სახით, შესაბამისად, არ არსებობდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი აღსრულების საფასურის დაბრუნებაზე უარის თქმის კანონისმიერი საფუძველი, სააღსრულებო ფურცლის ფორმალურად წარმოებაში მიღება კი, აღსრულების საფასურის მიზნებისთვის, არ მიიჩნევა მომსახურების გაწევად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის დანაწესს. მითითებული საკანონმდებლო ნორმის თანახმად, ამ კანონის 34-ე (აღსრულების შეწყვეტა) და 35-ე (სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებელი გადაწყვეტილების უკან დაბრუნება) მუხლებით განსაზღვრულ ასევე სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების გამომტანი ორგანოს მიერ გამოთხოვის, მასში ცვლილების შეტანის ან გაუქმების შემთხვევაში წინასწარ გადახდილი საფასური კრედიტორს არ უბრუნდება. ხსენებული მუხლი იმპერატიულად ადგენს, რომ გადაწყვეტილების გამომტანი ორგანოს/პირის მიერ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის განხორციელებისას კრედიტორს გადახდილი წინასწარი მომსახურების თანხა არ უბრუნდება. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25.1 მუხლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, ი. ტ-ის აღასრულებელი მოთხოვნა განისაზღვრა 2 292 000 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც გამომდინარეობდა მის მიერ გადახდილი წინასწარი მომსახურების საფასურის ოდენობაც.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 სექტებრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

დავის საგანს წარმოადგენს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 18 აპრილის №1736 ბრძანების კანონიერება და მოპასუხისთვის მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის - 3360 ლარის უკან დაბრუნება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი. ტ-ემ 2017 წლის 13 იანვარს განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და წარუდგინა ნოტარიუს - ზ.ბ-ის მიერ 1.03.2016წ. წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, აღსასრულებელი მოთხოვნის მოცულობა განისაზღვრა მოვალის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი უძრავ/მოძრავი ქონების რეალიზაცია და 2 292 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და 106 ლარის (სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი) გადახდა. ი. ტ-ემ ზემოაღნიშნული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოითხოვა კრედიტორის სასარგებლოდ მოვალეებისთვის სააღსრულებო ფურცელში მითითებული თანხის გადახდის დაკისრება. აღსრულების წინასწარი საფასურის სახით ი. ტ-ემ გადაიხადა 5 000 ლარი. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 24 იანვრის წერილით კრედიტორს ეცნობა, რომ განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი იმ საფუძვლით, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ვადა ჯერ არ იყო დამდგარი. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით ვალდებულების შესრულების დროს წარმოადგენდა 2015 წლის 23 ივნისიდან 2025 წლის 23 ივნისის ჩათვლით პერიოდი.

2017 წლის 22 თებერვალს ი. ტ-ემ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროში წარადგინა ნოტარიუს ზ.ბ-ის მიერ 2017 წლის 21 თებერვალს გაცემული №170174258 სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც ცვლილება შევიდა 2016 წლის 1 მარტის სააღსრულებო ფურცლის მე-5 მუხლში. კერძოდ, 2015 წლის 23 ივნისის წინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების ოდენობად განისაზღვრა 50 499 აშშ დოლარი, ვალდებულების შესრულების დროდ კი - 2015 წლის 23 აგვისტოდან დაწყებული ყოველთვიურად 10 წლის განმავლობაში ყოველი საანგარიშო წლის 25 რიცხვი.

2019 წლის 14 თებერვალს ი. ტ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა აღსრულების საფასურის სახით წინასწარ ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნება, ვინაიდან ახალი სააღსრულებო ფურცლით შემცირდა აღსასრულებელი მოთხოვნა, რომლის შესაბამისადაც კრედიტორს უნდა გადაეხადა აღსრულების საფასური. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 15 თებერვლის წერილით ი. ტ-ეს განემარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული იყო სამართლებრივ და კანონისმიერ შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა. ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული აქტი ი.ტ-ემ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 18 აპრილის №1736 ბრძანებით ი.ტ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება კერძო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებებისა. ამავე კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. მითითებული კანონის 21-ე მუხლით 31 ქვეპუნქტით დადგენილია ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის რეკვიზიტები. კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 35-ე მუხლის "ე" ქვეპუნქტის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი/აღასრულებელი გადაწყვეტილება, რომლითაც არ მოხდა ან ნაწილობრივ მოხდა აღსრულება, უბრუნდება კრედიტორს თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელია ფატობრივი გარემოების ან/და სამართლებრივი საფუძვლის გამო. ამ შემთხვევაში სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნების საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.

"სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების საფასური (შემდგომ – საფასური) არის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი (დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით), რომელიც ირიცხება აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლის აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეტანისას გადასახდელი საფასურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღსასრულებეული მოთხოვნის 2%-ს და არ უნდა იყოს 50 ლარზე ნაკლები. საფასურის სახით გადახდილი თანხა კრედიტორს უბრუნდება ამოღებული მოთხოვნის პროპორციულად. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 34-ე და 35-ე მუხლებით განსაზღვრულ, ასევე სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების ამ გადაწყვეტილების გამომტანი ორგანოს/პირის მიერ გამოთხოვის, მასში ცვლილებების შეტანის ან მისი გაუქმების შემთხვევაში წინასწარ გადახდილი საფასური კრედიტორს არ უბრუნდება.

"სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე გადასახდელი საფასურის ოდენობაა აღსასრულებელი მოთხოვნის 7% (არანაკლებ 50 ლარისა, თუ აღსასრულებელი მოთხოვნა აღემატება 50 ლარს). ამავე ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე კრედიტორი სააღსრულებო ფურცლის სააღსრულებო ბიუროში შეტანისას იხდის: ა) აღსასრულებელი მოთხოვნის 2%-ს (მაგრამ არანაკლებ 50 ლარისა, თუ აღსასრუბელი მოთხოვნა აღემატება 50 ლარს) – თუ აღსასრულებელი მოთხოვნა ნაკლებია 50 000 ლარზე; ბ) აღსასრულებელი მოთხოვნის 1,5%-ს – თუ აღსასრულებელი მოთხოვნა ტოლია ან აღემატება 50 000 ლარს; გ) აღსასრულებელი მოთხოვნის 1%-ს – თუ აღსასრულებელი მოთხოვნა ტოლია ან აღემატება 100 000 ლარს. ამასთან, კრედიტორი ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) მიერ აღსრულების საფასურის წინასწარ გადასახდელი ოდენობა, მიუხედავად აღსასრულებელი მოთხოვნისა, არ უნდა აღემატებოდეს 5000 ლარს (მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი)

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ „კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს კანონმდებლის ნამდვილი მიზნის, განზრახვის ადეკვატურად. სასამართლომ უნდა გამოიყენოს განმარტების ისეთი წესები, რომლის მიხედვით კანონი უნდა იყოს განმარტებული კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს კანონმდებლის განზრახვით, როგორც ნორმის განმარტების საშუალებით. კანონის განმარტება ემყარება გარკვეულ პრინციპებს: ობიექტურობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ განმარტება უნდა ეფუძნებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას; ერთიანობის პრინციპს, კერძოდ, ყოველი ნორმა განმარტებული უნდა იქნეს არა ფრაგმენტულად, არამედ სისტემური და ტელეოლოგიური მეთოდებით, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში; გენეტიკური განმარტების პრინციპს - გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კანონი უნდა განიმარტოს აღნიშნული პრინციპების დაცვით. ნორმის, მისი ფაქტობრივი ელემენტებისა და სამართლებრივი შედეგის დაკონკრეტება ხორციელდება ნორმაში გამოყენებული ცნებების განმარტების გზით. ხსენებული განმარტების საშუალებით ხდება სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაცია და მისი შინაარსის განსაზღვრა“ (სუსგ №ბს-479-459(კ-10), 21.10.2010წ.).

საქმეზე “აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ” ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულების დაწყებისთვის საჭირო ხარჯების მომჩივანისთვის დაკისრება სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების დარღვევად მიიჩნია. ევროსასამართლომ ერთ-ერთ საქმეში ასევე განმარტა, რომ სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება, შეიმუშავოს სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების როგორც სამართლებრივად, ასევე, პრაქტიკულად ეფექტური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მათ აღსრულებას არაგონივრული გაჭიანურების გარეშე (ფუკლევი უკრაინის წინააღმდეგ (Fuklev v. Ukraine), no. 71186/01, 30 ნოემბერი 2005, § 85).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააღსრულებო დოკუმენტების შეუსრულებლობა ყოველთვის არ უკავშირდება მოვალის მიერ მოვალეობის შესრულებისაგან თავის არიდებას. კრედიტორის მიერ სააღსრულებო დოკუმენტით აღმასრულებლისთვის მიმართვა უპირობოდ არ წარმოშობს სააღსრულებო წარმოების დაწყების საფუძველს. იმ შემთხვევაში, თუკი სააღსრულებო მოქმედებების დაწყების წინაპირობად არ იქნება მიჩნეული აღმასრულებლის მიერ სააღსრულებო დოკუმენტის (სააღსრულებო ფურცლის) კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის შემოწმება, მაშინ აზრს დაკარგავს კანონმდებლის მიერ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით სააღსრულებო ფურცლის აუცილებელი რეკვიზიტების დეტალურად გათვალისწინება. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ უნდა უზრუნველყოს განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების სრულყოფილად შემოწმება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში კი, დაადგინოს ხარვეზი წარდგენილ განცხადებაზე.

განსახილველ შემთხვევაში, ი. ტ-ემ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში მის მიერ თავდაპირველად წარდგენილი ნოტარიუსის 1.03.2016წ. სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული მოთხოვნის გათვალისწინებით გადაიხადა წინასწარი მომსახურების საფასური 5000 ლარი, თუმცა უდავოა, რომ მოგვიანებით სწორედ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, მოსარჩელემ იმავე ნოტარიუსის მიერ გაცემული 21.02.2017წ. ახალი სააღსრულებო ფურცელი წარადგინა, რომლითაც აღსასრულებელი მოთხოვნა შემცირდა და ნაცვლად 292 000 აშშ დოლარისა შეადგინა 50 500 აშშ დოლარი. მოსარჩელის ინტერესსა და მიზანს აღსრულების რეალურად განხორციელება და კუთვნილი თანხის მიღება წარმოადგენს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 38-ე მუხლი არ უნდა განიმარტოს ფორმალურად მხოლოდ სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით, არამედ რეალურად უნდა შეფასდეს აღმასრულებელი ორგანოს მიერ განხორციელებული სააღსრულებო მოქმედებების ხასიათი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მოვალეების მიმართ არ განუხორციელებია კანონმდებლობითი გათვალისწინებული მომსახურება იძულებითი სააღსრულებო მოქმედებების ჩატარების სახით, შესაბამისად, არ არსებობდა აღსრულების საფასურის დაბრუნებაზე უარის თქმის კანონისმიერი საფუძველი. სააღსრულებო ფურცლის ფორმალურად წარმოებაში მიღება კი აღსრულების საფასურის გადახდის მიზნებისთვის, არ მიიჩნევა მომსახურების გაწევად.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, იძულებითი აღსრულების დაწყებამდე კრედიტორს არ შეიძლება შეეზღუდოს აღსასრულებელი მოთხოვნის შემცირების პროპორციულად წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის უკან დაბრუნების შესაძლებლობა. წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასური კრედიტორისთვის დამატებით ფინანსურ ტვირთად არ უნდა იქცეს. კრედიტორი რისკის ქვეშ არ უნდა დადგეს აღნიშნული საფასურის გადახდის მომენტიდან. ამდენად, მართებულია სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 18 აპრილის №1736 ბრძანების ბათილად ცნობა და მოსარჩელეებისთვის წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის – 3360 ლარის უკან დაბრუნება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს საკასაციო საჩივარზე 31.07.2024წ. №13653 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №30077315.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 31.07.2024წ. №13653 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა