Facebook Twitter

ას-1149-1393-05 6 მარტი, 2006 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებლი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – პ. ს-ინა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. კ-ევი და ნ. ბ-ვა (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 14 ივლისის განჩინება

დავის საგანი – აღსრულების განაწილვადება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პ. ს-ინამ განცხადებით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს ვ. კ-ვისა და ნ. ბ-ვას მიმართ გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ.

განმცხადებელმა მიუთითა, რომ მას ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნ. ბ-ვას სასარგებლოდ დაეკისრა 261,44 დოლარის გადახდა, ხოლო ვ. კ-ვის სასარგებლოდ – 343,6 დოლარის გადახდა.

პ. ს-ინამ ასევე მიუთითა, რომ ის არის მარტოხელა პენსიონერი, პენსიის გარდა მას სხვა შემოსავალი არ გააჩნია და მოითხოვა ეტაპობრივად დაკისრებული თანხის გადახდა. ასევე აღნიშნა, რომ მასთან ერთად ცხოვრობს შვილის ოჯახი, რომლებიც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებილი პირები არიან და ამიტომ არ შეუძლია ბინის გაყიდვა. მან მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 14 აპრილის განჩინებით სარჩელი არ დაკმყოფილდა, რაზეც კერძო საჩივარი შეიტანა პ. ს-ინამ.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა ქუთაისის საოლქო სასამართლოში.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 14 ივლისის განჩინებით პ. ს-ინას კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პ. ს-ინას განცხადება ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

საოლქო სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული განცხადება განიხილა წყალტუბოს რაიონულმა სასამართლომ, რისი უფლებაც განსჯადობის მიხედვით არ ჰქონდა. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლის გადადებასაც ითხოვს განმცხადებელი, არის ქუთაისის საოლქო სასამართლოს მიერ გამოტანილი და მასვე უნდა განეხილა გადაწყვეტილების შეჩერების საკითხიც.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა პ. ს-ინამ და მიუთითა, ვინაიდან მისი მოთხოვნა დაყადაღებული ბინის საკითხსაც ეხებოდა, ამიტომ მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს.

2005 წლის 7 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და, შემდგომი განხილვის მიზნით, გადაიგზავნა უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ პ. ს-ინას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირევლი ნაწილის თანახმად, სასამართლო, რომელმაც საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით გადადოს ან განაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე, შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.

მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილება, რომლის გადადებასაც ითხოვს პ. ს-ინა, გამოტანილია ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების სააპელაციო პალატის მიერ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბინა დაყადაღებულია, მაგრამ მოსარჩელემ მოითხოვა არა ყადაღის მოხსნა ან იმ სააღსრულებო ფურცლის შეჩერება, რითაც იქნა დაყადაღებული, არამედ იმ გადაწყვეტილებით, რომლითაც მას დაეკისრა 611,04 დოლარის გადახდა, მოპასუხეების სასარგებლოდ განაწილვადებულიყო (და არა შეჩერებულიყო) ანუ აღნიშნულ თანხას ის პენსიიდან ნაწილ-ნაწილ გადაიხდიდა. აქედან გამომდინარე, სწორად მიუთითა საოლქო სასამართლომ, რომ არაგანსჯადმა სასამართლომ განიხილა აღნიშნული განცხადება. აღნიშნული საკითხი არა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს უნდა განეხელა, არამედ საოლქო სასამართლოს, ე.ი. გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე, მართალია, მოითხოვს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებას, მაგრამ განცხადების შინაარსიდან ირკვევა, რომ ის მოითხოვს გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადებას, კერძოდ, ის უთითებს, რომ გადაიხდის დაკისრებულ თანხას პენსიიდან ნაწილ-ნაწილ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საოლქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ კერძო საჩივრის ავტორი ვერ ასაბუთებს, თუნდაც გადაწყვეტილების განაწილვადების შემთხვევაში, როგორ გადაიხდის დაკისრებულ თანხას.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ პ.ს-ინა ვერ ასაბუთებს, რომ 611.04 აშშ დოლარის ვალის გადასახდელად მას საჭირო ქონება არ გააჩნია. ამრიგად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადებისათვის აუცილებელი ობიექტურ გარემოებების არსებობას პ.ს-ინა ვერ ასაბუთებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ” პუნქტის თანახმად, მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგებით ან, თუ, არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში.

კერძო საჩივრის ავტორი ვერ მიუთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლითაც შეიძლებოდა ეჭვის შეტანა მოსამართლეთა მიკერძოებასა და არაობიექტურობაში, ამიტომ საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აცილების საკითხი სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საოლქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება ამ საქმეზე კანონის დაცვით არის მიღებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე, 414-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

პ. ს-ინას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 14 ივლისის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.