Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-48(კ-24) 25 დეკემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 408-ე მუხლების შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა რ.ჭ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 07 დეკემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ი.ჭ-ა, მესამე პირი - გ.ჭ-ა, მოპასუხეები - მესტიის მუნიციპალიტეტის მერია, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 07 დეკემბრის განჩინებით რ.ჭ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა რ.ჭ-ას მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, რ.ჭ-ას დაევალა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 07 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა, ამავე განჩინებით რ.ჭ-ას შუამდგომლობა, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

კასატორის წარმომადგენელმა დადგენილ ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა და სახელმწიფო ბაჟის შემცირება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ რ.ჭ-ას მიესაჯა თვისუფლების აღკვეთა, ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყარო სწორედ რ.ჭ-ა იყო, ხოლო მის ოჯახს მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის განახევრებული ოდენობის - 150 ლარის გადახდა შეეძლო. განცხადებას თან ერთვოდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 01 თებერვლის განაჩენი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 მარტის განჩინებით რ.ჭ-ას გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 10 დღით. აღნიშნული განჩინება მხარეს ჩაბარდა 2024 წლის 21 ივნისს.

კასატორის წარმომადგენელმა დადგენილ ვადაში საკასაციო პალატაში წარმოადგინა განცხადება და ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის კიდევ 10 დღით გაგრძელება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივლისის განჩინებით რ.ჭ-ას გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 05 დღით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივლისის განჩინება რ.ჭ-ას წარმომადგენელს ი.ბ-ს (იხ. მინდობილობა ტ. 1, ს.ფ. 110) ჩაბარდა 2024 წლის 29 ივლისს. ამდენად, საკასაციო პალატის 2024 წლის 10 ივლისის განჩინებით დადგენილი 5-დღიანი საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 2024 წლის 30 ივლისს. შესაბამისად მხარისათვის ხარვეზის შევსების ბოლო ვადა იყო 2024 წლის 5 აგვისტო (ორშაბათი), 24 საათი. დადგენილ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით მოუმართავს სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ რ.ჭ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ.ჭ-ას საკასაციო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 07 დეკემბრის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

გიორგი გოგიაშვილი