Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-126(კ-24) 6 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

კასატორი - შპს „T...“

მოწინააღმდეგე მხარეები - სსიპ შემოსავლების სამსახური, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის განჩინება შპს „T...“-ს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 5 ივნისს შპს „T...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველო ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტის მიმართ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ივნისის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

სარჩელზე საბოლოოდ მოპასუხე მხარეებად განისაზღვრნენ სსიპ შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ხოლო სასარჩელო მოთხოვნებად განისაზღვრა ფასნამატის საფუძველზე კომპანიაზე დამატებით დღგ-ს თანხის 7% მარჟის გაანგარიშებით დარიცხვისა და 2015 წლის დეკემბრის თვის თავდაპირველ დეკლარაციაში კომპანიის მიერ ფასნამატთან დაკავშირებული სარგებლის აუსახველობის გამო დამატებით დარიცხული სანქციის ნაწილში შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 15 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 15 დეკემბრის №36479 ბრძანების, სსიპ შემოსავლების სამასახურის 2016 წლის 15 დეკემბრის №081-271 საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 17 თებერვლის №3872 ბრძანების, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 29 მარტის შემოწმების შედეგების გადაანგარიშების შესახებ დასკვნის, 2017 წლის 3 აპრილის დარიცხული თანხების კორექტირების შესახებ №8806 ბრძანების, 2017 წლის 3 აპრილის №... საგადასახადო მოთხოვნის, დარიცხული გადასახადების გადაანგარიშების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 27 ივნისის აქტის, სსიპ შემოსავლების სამასახურის 2017 წლის 30 ივნისის №17614 ბრძანების, სსიპ შემოსავლების სამასახურის 2017 წლის 30 ივნისის №... საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 22 სექტემბრის №25091 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 4 მაისის №14253/2/17 და №4781/2/2017 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 სექტემბრის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება შპს „T...“-ს სარჩელის გამო - შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 29 მარტის შემოწმების შედეგების გადაანგარიშების შესახებ დასკვნის, 2017 წლის 3 აპრილის დარიცხული თანხების კორექტირების შესახებ №8806 ბრძანების და 2017 წლის 3 აპრილის №... საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის ნაწილში.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით კი, შპს „T...“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „T...მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ ნაწილში სარჩელის არსებითად განხილვის მიზნით საქმის იმავე ინსტანციის სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „T...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით შპს „T...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება. ამავე განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს „T...ის“ კერძო საჩივარი და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 სექტემბრის განჩინება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით სრულად გაასაჩივრა შპს „T...მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „T...ის“ მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. ამავე კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრით საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, კერძო საჩივრით გასაჩივრება კი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საპროცესო კანონმდებლობა პირდაპირ მიუთითებს ასეთი გასაჩივრების შესაძლებლობაზე.

აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში შპს „T...ი“ სადავოდ ხდის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის განჩინებას, რომელიც თავის მხრივ უკავშირდებოდა შპს „T...ის“ სამი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 სექტემბრის განჩინების კანონიერებას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 274-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განჩინებაზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნილია გასაჩივრებული განჩინების იმ ნაწილის გაუქმება, რომლის კანონიერების შემოწმებაც საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, სამართალწარმოება დასრულდა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, რის შესახებაც ასევე განემარტა მხარეს თავად გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილით, რომელშიც მითითებულია, რომ კერძო საჩივრის ნაწილში განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. ამდენად, მოსარჩელის მიერ კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სადავოდ გამხდარი სააპელაციო სასამართლოს განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, არ საჩივრდება არც საკასაციო და არც კერძო საჩივრით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „T...ის“ საკასაციო საჩივარი კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით, რამდენადაც არ არსებობს განსახილველად მისი დაშვების პროცესუალური წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 390-ე, 399-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „T...ის“ საკასაციო საჩივარი, კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე