საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბ-86-1(გან-25) 31 იანვარი, 2025 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ი. წ-ის უფლებამონაცვლის - თ. ტ-ეის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 დეკემბრის განჩინების განმარტების შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
ი. წ-იმა 2023 წლის 28 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ, მესამე პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაწილეობით და მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით - 30 000 ლარის, ხოლო მორალური ზიანის სახით - 20 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს - საქართველოს გენერალურ პროკურატურას ი. წ-ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით - 11610.5 ლარისა (მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული მატერიალური ზიანი) და მორალური ზიანის სახით - 5000 ლარის გადახდა დაეკისრა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აპრილის განჩინებით ი. წ-ისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ და ი. წ-ის წარმომადგენელმა - თ. ტ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის სრულად დაკმაყოფილების გარდა იშუამდგომლა მოცემულ საქმეში ი. წ-ის უფლებამონაცვლედ და კასატორის სტატუსით ჩაბმის თაობაზე იმ დასაბუთებით, რომ საკასაციო საჩივარზე თანდართული „მოთხოვნის დათმობის შესახებ“ ხელშეკრულებით ი. წ-ი თავის მოთხოვნის უფლებას საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ მთლიანად და შეუზღუდავად უთმობს თ. ტ-ეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 სექტემბრის განჩინებით ი. წ-ის (მოსარჩელის) უფლებამონაცვლედ მოცემულ საქმეში, მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, მოთხოვნის დათმობის საფუძველზე, ცნობილ იქნა თ. ტ-ე; მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. ტ-ეის საკასაციო საჩივარი; მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოთხოვნის დათმობის საფუძველზე, თ. ტ-ეს უარი ეთქვა ი. წ-ის (მოსარჩელის) უფლებამონაცვლედ დადგენაზე დაუშვებლობის მოტივით; ი. წ-ის სარჩელზე მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება მოსარჩელის გარდაცვალებისა და აღნიშნულ ნაწილში უფლებამონაცვლეობის დაუშვებლობის გამო. ამდენად, მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აპრილის განჩინება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 დეკემბრის განჩინებით ი. წ-ის უფლებამონაცვლის - თ. ტ-ეისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრები მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. შესაბამისად, მატერიალური ზიანის - 11610.5 ლარის ანაზღაურების ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აპრილის განჩინება.
2025 წლის 29 იანვარს თ. ტ-ემ №ბ-86-1(გან-25) განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 დეკემბრის განჩინების განმარტება მოითხოვა.
განმცხადებელი აღნიშნავს, რომ მან არაერთხელ მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს და მოითხოვა განჩინების აღსრულება, კერძოდ, თ. ტ-ეის ანგარიშზე თანხის - 11610.5 ლარის გადარიცხვა, თუმცა სახაზინო სამსახურმა უარი უთხრა მას ამ თანხის გადახდაზე. ამიტომ, განმცხადებელი ითხოვს იმის განმარტებას, თუ ვინ უნდა გადაუხადოს ასანაზღაურებელი თანხა მას საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 9 დეკემბრის განჩინების მიხედვით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ტ-ეის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 დეკემბრის განჩინების განმარტების შესახებ განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.
ამდენად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა განსაზღვრავს სასამართლოს მიერ მიღებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტების წესსა და პირობებს, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლი გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს ამგვარ უფლებამოსილებას ანიჭებს იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებები, შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობას მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მისი აღსრულების ხელშეწყობის მიზნით. განმარტების აუცილებლობა არსებობს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანების შემთხვევაში. გადაწყვეტილების განმარტებისას კი არ უნდა იქნეს შეცვლილი კანონიერ ძალაში შესული და განმარტებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და განმარტების საგანს უნდა წარმოადგენდეს მხოლოდ გადაწყვეტილების შინაარსი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების განმარტების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი პირობების არსებობისას.
განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლო არ წარმოადგენს გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს. მიუხედავად ამისა, მოთხოვნილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 დეკემბრის განჩინების განმარტება, რომლითაც ი. წ-ის უფლებამონაცვლის - თ. ტ-ეისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრები მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და მატერიალური ზიანის - 11610.5 ლარის ანაზღაურების ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აპრილის განჩინება. ამდენად, საკასაციო სასამართლოს აღნიშნულ საქმეზე არ მიუღია ახალი გადაწყვეტილება, შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 დეკემბრის განჩინება არ ექვემდებარება განმარტებას. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დასახელებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი არ არის ბუნდოვანი და გაურკვეველი, იგი არის ნათლად ჩამოყალიბებული და ადასტურებს, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება ძალაში იქნა დატოვებული.
რაც შეეხება სასამართლოს განჩინების აღსრულების შეუძლებლობას/ გართულებას, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 დეკემბრის განჩინებით მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში უცვლელად დარჩა ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დავის საგანთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, არსებითად კი დავა გადაწყვეტილია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. კერძოდ, როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო სასამართლოთა მიერ მიჩნეულ იქნა, რომ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით დავა კანონიერად და მართებულად არის გადაწყვეტილი. შესაბამისად, აღსრულებას ექვემდებარება სწორედ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც ი. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს - საქართველოს გენერალურ პროკურატურას ი. წ-ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით - 11610.5 ლარის გადახდა დაეკისრა.
ამასთან, საკასაციო პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს დამატებით მიუთითოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 სექტემბრის განჩინებაზე, რომლის მიხედვითაც, ი. წ-ის (მოსარჩელის) უფლებამონაცვლედ მოცემულ საქმეში, მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, მოთხოვნის დათმობის საფუძველზე, ცნობილ იქნა თ. ტ-ე. მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში კი მოთხოვნის დათმობის საფუძველზე, თ. ტ-ეს უარი ეთქვა ი. წ-ის (მოსარჩელის) უფლებამონაცვლედ დადგენაზე დაუშვებლობის მოტივით. შესაბამისად, ი. წ-ის სარჩელზე მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება მოსარჩელის გარდაცვალებისა და აღნიშნულ ნაწილში უფლებამონაცვლეობის დაუშვებლობის გამო და ამ ნაწილში გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აპრილის განჩინება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. წ-ის უფლებამონაცვლის - თ. ტ-ეის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 დეკემბრის განჩინების განმარტების შესახებ განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით და
დაადგინა:
1. ი. წ-ის უფლებამონაცვლის - თ. ტ-ეის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 დეკემბრის განჩინების განმარტების შესახებ დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე