საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე № ბს-21(კ-24) 21 იანვარი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ...“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 29 ოქტომბერს შპს ,,მ...მ“ სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის 2021 წლის 12 აპრილის 10-08/604 გადაწყვეტილების შესაბამისად პაციენტების: თ. გ-ის, ლ. ნ-ისა და რ. ბ-ის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურება არ ანაზღაურდა N36 დადგენილების დანართი N1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე (წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მოწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს). აღნიშნული გადაწყვეტილება შპს ,,მ...მ“ ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში, რომელმაც არ დააკმაყოფილა ადმინისტრაციული საჩივარი.
მოსარჩელის განმარტებით, პაციენტების სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული ინფორმაცია სრულად შეესაბამება პორტალზე არსებულ ინფორმაციას. პაციენტებს კლინიკაში ჩატარებული კვლევების შედეგად დაუდასტურდათ ... და მათი კლინიკაში შემოსვლის პერიოდში შპს „მ...ს“ კასპის კლინიკა არ წარმოადგენდა ახალი ...თ გამოწვეული ინფექციის (...) მართვის სახელმწიფო პროგრამის მიმწოდებელს. სწორედ ამიტომ, ინფექციის დადასტურებისთანავე არაერთი სატელეფონო შეტყობინება განხორციელდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში პაციენტების ...კლინიკებში გადაყვანის მოთხოვნით, თუმცა ადგილების არარსებობის გამო ვერ მოხერხდა მათი გადაყვანა (აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს ისტორიაში არსებული ჩანაწერები, სადაც დეტალურად, დროების მიხედვით არის ჩანიშნული საგანგებო სამსახურში განხორციელებული ზარები, პასუხისმგებელი თანამშრომლების/ოპერატორების სახელის მითითებით). ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კასპის კლინიკას იმ პერიოდისათვის არ შეეძლო პორტალზე გადაეცა პაციენტები ...ის კოდით, ვინაიდან არ იყო აღნიშნული პროგრამის მიმწოდებელი. თუმცა პაციენტებს ესაჭიროებოდათ სტაციონარული მკურნალობა და ვინაიდან არ ხდებოდა მათი გადაყვანა საგანგებოს მხრიდან, პორტალზე გადაცემული იქნა შეტყობინება 36-ე დადგენილების ფარგლებში.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების 14.1. მუხლის თანახმად, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება: ა) მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადარება ფორმა NoIV-100/ა-სა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შემთხვევათა რეესტრთან; ბ) შემთხვევათა რეესტრსა და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში ჯამური ფინანსური მონაცემების სისწორის გადამოწმება; გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება მიმწოდებლის მიერ შეტყობინებისას დაფიქსირებულ მონაცემებთან და მონიტორინგის შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში). აღნიშნულ ნორმაში ამომწურავად არის ჩამოთვლილი სამი გარემოება, რისი შესწავლაც ევალება ანაზღაურების გაცემამდე მოპასუხე - ადმინისტრაციულ ორგანოს. ამასთან, ნორმა არ არის ბუნდოვანი და იგი არ იძლევა სხვადასხვა ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. შესაბამისად, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მის მიერ დაცულია ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ 14.1 მუხლის მოთხოვნები, კანონმდებლობის შესაბამისად, შევსებულია ყველა მონაცემი და რაიმე უზუსტობა წარდგენილ დოკუმენტაციებს შორის არ არსებობს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების, პაციენტების - თ. გ-ისათვის, ლ. ნ-ისა და რ. ბ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის 2021 წლის 12 აპრილის N 10-08/604 გადაწყვეტილებისა და ზემოაღნიშნული პაციენტების სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 20 სექტემბრის N 10/8798 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის თ. გ-ისათვის, ლ. ნ-ისა და რ. ბ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების შპს ,,მ...სთვის" ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,მ...ს” სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თ. გ-ისათვის, ლ. ნ-ისა და რ. ბ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის 2021 წლის 12 აპრილის N10-08/604 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 20 სექტემბრის N10/8798 გადაწყვეტილება; სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა განახორციელოს თ. გ-ისათვის, ლ. ნ-ისა და რ. ბ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების შპს ,,მ...სთვის" ანაზღაურება. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „მ...ს“ იმ პერიოდისათვის არ შეეძლო პორტალზე გადაეცა პაციენტები ...ის კოდით, ვინაიდან არ იყო აღნიშნული პროგრამის მიმწოდებელი. აღნიშნულის გამო შპს „მ...ს“ მიერ მითითებულ იქნა მისი მართვის ქვეშ არსებული კოდი. გადაცემული კოდები შეესაბამება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებას, რომლის დანართი 1.2-ის მიხედვით, პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა გულისხმობს ინტენსიურ მკურნალობას/მოვლას პაციენტებისათვის, რომლებიც ვიტალური ფუნქციების მოსალოდნელი გაუარესების გამო, საჭიროებენ მუდმივ ინტენსიურ მეთვალყურეობას და ფარმაკოლოგიურ ან/და მინიმალურ აპარატურულ მხარდაჭერას.
სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტი შპს „მ...ს“ მიერ პაციენტებისათვის სათანადო სამედიცინო მომსახურების გაწევას სადავოდ არ ხდის. ამასთან, თავად აპელანტის წარმომადგენელმა ზეპირი მოსმენის სხდომაზე განმარტა, რომ სავარაუდოდ, ...ის კოდით მოთხოვნის შემთხვევაში უფრო მეტ ანაზღაურებას მიიღებდა სამედიცინო დაწესებულება, ვიდრე „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“, ვინაიდან ...ის კოდით გადაცემული სამედიცინო შემთხვევები ანაზღაურდება 100%-ით. შესაბამისად, იმ პირობების გათვალისწინებით, რომ პაციენტებს სჭირდებოდათ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება და ...ის დადასტურების შემდეგ, ვერ მოხდა მათი ...კლინიკაში გადაყვანა, ასევე იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ შპს ,,მ...” არ წარმოადგენდა ...-ის მართვის სახელმწიფო პროგრამის მიმწოდებელს და შეუძლებელი იყო ანაზღაურების მოთხოვნა ...-ის მართვის სახელმწიფო პროგრამის კოდის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ დაუსაბუთებლად უთხრა უარი შპს „მ...ს“ სტაციონარული მომსახურების ხარჯის ანაზღაურებაზე, რამდენადაც აღნიშნული მკურნალობა ექვემდებარება სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.
კასატორის განმარტებით, აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მსჯელობა არ არის დაფუძნებული მოქმედ საკანონმდებლო რეგულაციებზე და არ წარმოადგენს სამართლებრივ შეფასებას, ვინაიდან ...ს ინფექციის მართვა ხდებოდა ,,2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის N674 დადგენილების დანართი N1-ის პირობების შესაბამისად, ხოლო შპს ,,მ...ს“ მიერ გადმოცემული დიაგნოზები და ჩარევები პაციენტების თაობაზე (გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება) რეგულირდება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით. აღნიშნულ შემთხვევაში, ორივე დადგენილებას გააჩნია სხვადასხვა ბიუჯეტი და სასამართლოს ამგვარი განმარტებით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი, რომელიც თავის მხრივ მოიცავს დიაგნოზთა ძალიან ფართო ჩამონათვალს, მოხმარდა ...ის ინფექციის მართვას, რომლისთვისაც სხვა პროგრამის ფარგლებში იყო გათვალისწინებული ფინანსური სახსრები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თ. გ-ის, ლ. ნ-ისა და რ. ბ-ის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს უარის კანონშესაბამისობა. პაციენტთათვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების მე-15 მუხლის მეორე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაზე, რომლის დანართი №1-ის პირველი მუხლის მიხედვით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 21-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის. ამავე დადგენილების 22-ე მუხლის მე-5 და მე-10 პუნქტების მიხედვით, მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით წარდგენილი ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს პროგრამული შემთხვევის დასაწყისიდან მის დასრულებამდე სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტისთვის აღმოჩენილ ყველა სამედიცინო აუცილებლობით განპირობებულ ჩარევას, მათ შორის, გაუტკივარების, გამოყენებული მედიკამენტების, სხვა სამკურნალო თუ სახარჯი მასალისა და ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ღირებულებას, პოსტანესთეზიური მოვლისა და ინტენსიური მკურნალობის/მოვლის განყოფილებაში პაციენტის დაყოვნების გათვალისწინებით, როდესაც პაციენტები იმყოფებიან ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ და ვიტალური ფუნქციების მოსალოდნელი გაუარესების გამო საჭიროებენ მუდმივ ინტენსიურ მეთვალყურეობასა და ფარმაკოლოგიურ ან/და მინიმალურ აპარატურულ მხარდაჭერას. ორი და მეტი ნოზოლოგიური კოდის არსებობის შემთხვევაში ანაზღაურდება ძირითადი ნოზოლოგიური კოდის ლიმიტის მთლიანი ღირებულების და თითოეული დამატებითი კოდის ლიმიტის 50%-ის ჯამი, გარდა კრიტიკული მდგომარეობებისა.
დადგენილია, რომ თ. გ-ი, ლ. ნ-ი და რ. ბ-ი წარმოადგენენ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების მოსარგებლე პირებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, შემთხვევათა კლასიფიკაცია შეიძლება ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. მოცემულ შემთხვევაში, სწორედ აღნიშნული პირობის დარღვევა გახდა მოსარჩელისათვის ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თ. გ-ი შპს ,,მ...ში“ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში მკურნალობდა 2020 წლის 1 ნოემბრიდან 2020 წლის 4 ნოემბრის ჩათვლით, დიაგნოზით: ..., დაუზუსტებელი. ...ით გამოწვეული დაავადება ლაბორატორიულად იდენტიფიცირებულია 01.11.2020წ.
პაციენტი ლ. ნ-ია შპს „მ...ში“ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში მკურნალობდა 2020 წლის 11 ნოემბრიდან 2020 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით, დიაგნოზით: ..., .... გამოსავალი: რეფერალი, სხვა სტაციონარში. ...ით გამოწვეული დაავადება ლაბორატორიულად იდენტიფიცირებულია 14.11.2020წ; აღნიშნულ კვლევაზე შედეგი უარყოფითი იყო 11.11.2020წ; ..., დაუზუსტებელი, ....
რ. ბ-ი შპს „მ...ში“ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში მკურნალობდა 2020 წლის 19 ნოემბრიდან 2020 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით, დიაგნოზით: ..., ... დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა და ..., ..., ... დონეების ინტენსიური მკურნალობა/მოვლა. გამოსავალი: რეფერალი, სხვა სტაციონარში. ჩატარებული დიაგნოსტიკური კვლევებით პაციენტს აღენიშნებოდა: ...ით გამოწვეული დაავადება ლაბორატორიულად იდენტიფიცირებულია 19.11.2020წ; ..., ...ით გამოწვეული ... დაუზუსტებელი.
ასევე დადგენილია, რომ ყველა აღნიშნულ სამედიცინო შემთხვევებს განესაზღვრა სტატუსი ,,არ ანაზღაურდება", იმ საფუძვლით, რომ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში ახალი კორონა ვირუსით გამოწვეული ინფექციის მართვის პროგრამული შემთხვევის მიწოდებით ადგილი აქვს „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ განსაზღვრული წესების დარღვევას და შესაბამისად, დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, აღნიშნულ შემთხვევებს ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრა სტატუსი არ ექვემდებარება ანაზღაურებას.
დადგენილია, რომ სამივე პაციენტს ... გამოუვლინდა კლინიკაში ჩატარებული კვლევების შემდეგ და ამ პერიოდში მოსარჩელე არ წარმოადგენდა ...-ის მართვის სახელმწიფო პროგრამის მიმწოდებელს.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-14 მუხლით განსაზღვრულია საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების ფარგლები. ინსპექტირების მიზანი წარდგენილი დოკუმენტაციის გამართულობის შემოწმებაა, რაც შეიძლება გამოიხატოს მიმწოდებლის მიერ პროგრამის განმახორციელებლისათვის მატერიალურად წარდგენილი დოკუმენტაციის და პროგრამულად შეტყობინების სისტემით წარდგენილი ინფორმაციის შედარებაში, მათი ურთიერთშესაბამისობის თუ შეუსაბამობის დადგენაში, რაც შემდგომ გავლენას ახდენს შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების საკითხზე. აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილ პირს უნდა შეეფასებინა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ 14.1 მუხლში მოცემული საანგარიშგებო დოკუმენტაცია. კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „მ...ს“ ამ პერიოდისათვის არ შეეძლო პორტალზე გადაეცა პაციენტები ...ის კოდით, ვინაიდან არ იყო აღნიშნული პროგრამის მიმწოდებელი. აღნიშნული მიზეზით შპს „მ...ს“ მიერ მითითებულ იქნა მისი მართვის ქვეშ არსებული კოდი. გადაცემული კოდები შეესაბამება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებას, რომლის დანართი 1.2-ის მიხედვით, პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა გულისხმობს ინტენსიურ მკურნალობას/მოვლას პაციენტებისათვის, რომლებიც ვიტალური ფუნქციების მოსალოდნელი გაუარესების გამო, საჭიროებენ მუდმივ ინტენსიურ მეთვალყურეობას და ფარმაკოლოგიურ ან/და მინიმალურ აპარატურულ მხარდაჭერას.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ შპს „მ...მ“ 2020 წლის 19 ნოემბერს წერილით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ასევე, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა ...დადასტურებული პაციენტების ოპერატიული გადაყვანა და ...დადასტურებული პაციენტებისათვის კლინიკაში გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ პაციენტებისათვის ლაბორატორიულად დადასტურებული ... არ წარმოადგენს შემთხვევის კორექტირების საფუძველს და გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: პაციენტებს კლინიკაში ჩატარებული კვლევების შედეგად დაუდგინდათ ..., მათი კლინიკაში შესვლის დროისათვის შპს „მ...“ არ წარმოადგენდა ახალი ...თ გამოწვეული ინფექციის მართვის სახელმწიფო პროგრამის მიმწოდებელს. კლინიკა შეეცადა პაციენტების შესაბამის კლინიკებში გადაყვანას, თუმცა სხვა კლინიკებში ადგილების არქონის გამო ვერ მოხერხდა პაციენტების გადაყვანა. ვინაიდან სპეციალიზირებულ დაწესებულებებში ადგილები არ იყო, პაციენტების მკურნალობა გაგრძელდა შპს „მ...ში“, რადგან მოსარჩელისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ ხერხდებოდა სხვა კლინიკებში პაციენტების გადაყვანა და პაციენტები რჩებოდნენ სამედიცინო მომსახურების გარეშე, რაც მათ განსაცდელში მიტოვებას ნიშნავდა.
შესაბამისად, იმ პირობების გათვალისწინებით, რომ პაციენტებს სჭირდებოდათ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება და ...ის დადასტურების შემდეგ, ვერ მოხერხდა მათი ... კლინიკაში გადაყვანა, ასევე იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ შპს ,,მ...” არ წარმოადგენდა ...-ს მართვის სახელმწიფო პროგრამის მიმწოდებელს და შეუძლებელი იყო ანაზღაურების მოთხოვნა ...-ს მართვის სახელმწიფო პროგრამის კოდის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს, სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დაუსაბუთებლად უთხრა უარი შპს „მ...ს“ სტაციონარული მომსახურების ხარჯის ანაზღაურებაზე, რამდენადაც აღნიშნული მკურნალობა ექვემდებარება სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სასკ-ის 17.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის დაძლევა და ვერ წარმოადგინა ისეთი სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების N1 დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევების არსებობას.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, შესაბამისად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 20.02.2024წ. N05211 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 20.02.2024წ. N05211 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე