საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-266(2კ-24) 21 იანვარი, 2025 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოწინააღმდეგე მხარეები) - 1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – SCP „M...“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
SCP „M...“-მ 2020 წლის 6 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 4 მარტის №004050 დადგენილებისა და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 10 თებერვლის №124 ბრძანების ბათილად ცნობა.
მოსარჩელის განმარტებით, ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №...-ში (ს/კ ...) მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენს SCP „M...“-სა და შ. ს-ეის საერთო საკუთრებას. ქონების ½ ნაწილი 2016 წლის 4 მაისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ შეიძინა ჟ. მ-ისგან. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნულ შენობაზე სამშენებლო დარღვევა გამოვლინდა, რომელიც განხორციელებული იყო უძრავი ნივთის შეძენამდე წინა მესაკუთრის მიერ. კანონდარღვევით განახორციელა მშენებლობა თანამესაკუთრე შ. ს-ეემაც, რომლის საჩივრის საფუძველზეც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2019 წლის 4 მარტს დააჯარიმა მოსარჩელე. მოცემული აქტი გასაჩივრდა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომლის 2020 წლის 10 თებერვლის ბრძანებით მოსარჩელეს ეთქვა უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მოსარჩელე მხარე სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს არ დაეთანხმა და მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები არ გამოკვლეულა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით SCP „M...“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა SCP „M...“-მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით SCP „M...“-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც SCP „M...“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 4 მარტის №004050 დადგენილება და მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ამასთან, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 10 თებერვლის №124 ბრძანება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 4 მარტის №004050 დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 10 თებერვლის №124 ბრძანება დაუსაბუთებელი იყო, საქმეზე არ იყო სრულყოფილად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო სადავო აქტები არ აკმაყოფილებდნენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნებს.
სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ.
კასატორები აღნიშნავენ, რომ განსახილველ შემთხვევაში უტყუარად არ დგინდება თუ კონკრეტულად როდის განხორციელდა სადავოდ გამხდარი სამშენებლო სამუშაოები, ხოლო სამშენებლო სამართალდარღვევა, თავისი ბუნებით, წარმოადგენს დენად სამართალდარღვევას, რაც გულისხმობს დარღვევის დროში უწყვეტად განგრძობას, სანამ არ მოხდება მისი აღმოფხვრა და სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა, დამრღვევი სუბიექტის მიმართ სამართალდარღვევის საქმის დაწყება და შესაბამისი პასუხისმგებლობა უკავშირდება დარღვევის ფაქტის გამოვლენის მომენტს და იმ დროისათვის მოქმედ კანონმდებლობას. პირი, რომელიც გეგმავს მშენებლობის განხორციელებას, ვალდებულია, სამშენებლო სამუშაოები წარმართოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით, წინააღმდეგ შემთხვევაში, უნებართვო მშენებლობის სახით ადგილი ექნება სამშენებლო სამართალდარღვევას, რისთვისაც პასუხისმგებლობა განისაზღვრება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში ჩატარებული სამშენებლო სამუშაოებს ესაჭიროებოდა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ნებართვა, რაც საქმეში წარმოდგენილი არ არის. აღნიშნული კი ცალსახად მიუთითებს სამშენებლო სამუშაოების უნებართვო ხასიათზე, რაც მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, წარმოადგენს დამრღვევზე შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 4 მარტის №004050 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 10 თებერვლის №124 ბრძანების კანონიერების შეფასება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილების თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება. მითითებული მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44-ე მუხლის პირველი ნაწილის სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქციის მიხედვით, მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 25 000 ლარით; ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, გარდა ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობისა, – 8 000 ლარით; გ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე − მესამე ან მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობაზე – 20 000 ლარით.
ამდენად, მითითებული მუხლის შესაბამისად, სამართალდარღვევადაა მიჩნეული როგორც უნებართვო მშენებლობა, ასევე უნებართვო რეკონსტრუქციის წარმოება, თუ მან გამოიწვია შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილება. ზემოხსენებული კოდექსის 44-ე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტის თანახმად, გაბარიტების ცვლილებად განიხილება ისეთი სამშენებლო საქმიანობა, რომლის დროსაც იცვლება შენობა-ნაგებობის საძირკვლის, გარე შემომზღუდავი კონსტრუქციების ან/და სახურავის პარამეტრები (მიშენება, დაშენება, შენობა-ნაგებობის სიმაღლის გაზრდა და ა. შ.), ხოლო მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ობიექტი არის შენობა-ნაგებობის არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევება შეუძლებელია მთლიანი შენობა-ნაგებობის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეუცვლელადაც წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევას, თუმცა აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 20 სექტემბერს SCP „M...“-ის მიმართ შედგა №004050 მითითება, სადაც სამართალდარღვევად დაფიქსირდა ქ. თბილისში, ...ს ქ. №21-ის მიმდებარედ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება, კერძოდ, ფასადის ნაწილი მოპირკეთებულია აგურის ფაქტურით, დამატებულია სათვალთვალო კამერა და წყლის გამათბობელი აგრეგატი, ფასადებზე და შიდა მზიდ კედლებში მოწყობილია კარ-ფანჯრების ღიობები, რაც არ ემთხვევა საინვენტარიზაციო ნახაზებში ასახულს, მეორე სართულზე შენობის პერიმეტრზე გაუქმებულია შუშაბანდის ნაწილი და მოწყობილია კაპიტალური კედელი, შენობაში მზიდ კედლებში დამატებულია ნიშები, აგრეთვე ...ს ქუჩის მხარეს მოწყობილი კიბის ნაწილი და შენობის კედლის ნაწილი სცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
ასევე დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 7 ნოემბრის №004050 შემოწმების აქტით დაფიქსირდა ამავე სამსახურის 2018 წლის 20 სექტემბრის №004050 მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 4 მარტის №004050 დადგენილებით SCP „M...“ უნებართვოდ სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისათვის დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამასთან, უძრავი ნივთის მესაკუთრეს დაევალა უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი.
საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ფასადის ნაწილი აგურის ფაქტურით მოპირკეთებულია, ასევე, სათვალთვალო კამერა და წყლის გამათბობელი აგრეგატი დამატებულია SCP „M...“-ის მიერ, თუმცა აღსანიშნავია, რომ ...ს ქუჩის მხარეს მოწყობილი კიბის ნაწილი და შენობის კედლის ნაწილი, რომელიც სცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მოწყობილი იყო ჯერ კიდევ 90-იან წლებში წინამორბედი მესაკუთრეების მხრიდან. საგულისხმოა, რომ მხოლოდ აღნიშნული ნაწილის რეკონსტრუქციითაა განპირობებული უძრავი ნივთის გაბარიტების შეცვლა, ხოლო SCP „M...“-ის მიერ ნაწარმოები სამუშაოებით შენობა-ნაგებობის გაბარიტები არ შეცვლილა. ასევე უდავოა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოები სრულად განეკუთვნება პირველი კლასის მშენებლობას, რომლისთვისაც, დღეს მოქმედი კანონმდებლობითაც არ არის დადგენილი მშენებლობის ნებართვის გაცემის ვალდებულება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, მართალია, სამშენებლო სამართალდარღვევის დენადი ხასიათის გათვალისწინებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი ითვალისწინებს უძრავი ნივთის მესაკუთრისათვის, უნებართვო მშენებლობის გამო პასუხისმგებლობის დაკისრებას, თუმცა აღნიშნული დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაუდგენელია მშენებლობის უშუალოდ მწარმოებელი პირი (კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის). გარდა ამისა, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სამშენებლო სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად აუცილებელია დადგინდეს მშენებლობის განხორციელების დრო, რამეთუ სხვადასხვა პერიოდში კანონმდებლობა ითვალისწინებდა მშენებლობის განხორციელებისთვის განსხვავებულ წინაპირობებს, კერძოდ, გარკვეულ პერიოდში კანონმდებლობა პირს არ აკისრებდა მშენებლობის დაწყებისთვის შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსათვის შეტყობინების ვალდებულებას (არათუ მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულებას).
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას ცალმხრივად დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს არ გააჩნდა არსებული ობიექტის რეკონსტრუქციის დოკუმენტაცია. მოპასუხეებს საქმის სწორად გადაწყვეტის მიზნებისათვის საქმის გარემოებათა გამოკვლევის შედეგად არ დაუდგენიათ, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ის გარემოებები თუ ვინ, როდის და რა მოცულობით განახორციელა სარეკონსტრუქციო სამუშაოები და იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით საჭიროებდა თუ არა განხორციელებული საქმიანობა მშენებლობის ნებართვას (შეტყობინებას) და წარმოადგენდა თუ არა სამართალდარღვევას. გასაჩივრებული აქტიდან არ დგინდება, თუ როგორ შეძლო ადმინისტრაციულმა ორგანომ დაედგინა ის გარემოება, რომ ადგილი ჰქონდა ახალ მშენებლობას ...ს ქუჩის მხარეს კიბის ნაწილისა და შენობის კედლის მოწყობის სახით, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, 1991 წლის საინვენტარიზაციო გეგმით ირკვეოდა, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივში ჯერ კიდევ ამ დროისთვის დატანილი იყო სადავო კიბე და კედელი. ამასთან, ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე მოსარჩელე განმარტავდა, რომ რაიმე სახის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც იწვევდა შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, მის მიერ არ განხორციელებულა. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერიდან დგინდება, რომ SCP „M...“ აღნიშნული ქონების მესაკუთრე გახდა 2016 წლის 4 მაისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რა დროისთვისაც ...ს ქუჩის მხარეს მოწყობილი კიბე და კედელი უკვე არსებობდა. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას, დამატებით მტკიცებულებათა მოპოვების გზით, უნდა დაედგინა საქმისთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც საშუალებას მისცემდა დაედგინა სადავო ობიექტის განთავსების პერიოდი და განესაზღვრა მისი შესაბამისობა იმ პერიოდში არსებულ სამართლებრივ მოწესრიგებასთან.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 4 მარტის №004050 სადავო დადგენილება არასაკმარისად შეიცავს ფაქტობრივ და სამართლებრივ მოტივაციას, არ შეიცავს საკითხის იმგვარად გადაწყვეტის დასაბუთებას, რასაც იმპერატიულად ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, ხოლო 97-ე მუხლი მოითხოვს გადაწყვეტილების მიღებას მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები, რომლის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.
ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 4 მარტის №004050 დადგენილება, შესაბამისად, ასევე მართებულად იქნა ბათილად ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 10 თებერვლის №124 გასაჩივრებული ბრძანება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა SCP „M...“-ის 2019 წლის 11 აპრილის №20/011911014024-10 ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2019 წლის 4 მარტის №004050 დადგენილება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე