საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-299(კ-24) 21 იანვარი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბადრი შონია, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - სს „ს...“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 12 ივნისს სს „ს...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართ „ფიქსირებული საცალო ხმოვანი, მაუწყებლის ტრანზიტის საცალო და ფიქსირებული ინტერნეტის საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ ამავე კომისიის 2019 წლის 30 აპრილის №266/9 გადაწყვეტილების, „მობილური ქსელით საცალო ხმოვანი მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2019 წლის 30 აპრილის №267/9 გადაწყვეტილებისა და „მობილური ქსელით ინტერნეტ მომსახურების და მოკლე ტექსტური შეტყობინებების ("SMS") ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2019 წლის 30 აპრილის №268/9 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მოსარჩელის განმარტებით, კომისიის სადავო გადაწყვეტილებები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან, კერძოდ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე, ევრო დირექტივების მოთხოვნებთან, რომლის შესრულების ვალდებულება საქართველოს აღებული აქვს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით. აღნიშნულით ზიანი ადგება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის - სს „ს...ს“ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით სს „ს...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ს...მა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სს „ს...ს“ სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ იმოქმედა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, გამოიყენა მის ხელთ არსებული საკანონმდებლო ჩარჩო, ჩაატარა კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოება და იხელმძღვანელა კანონითვე დადგენილი ძირითადი და მეორეული კრიტერიუმების შეფასებისა და ანალიზის შედეგებით. არ დასტურდება ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოებისას სრულყოფილად არ გამოიკვლია ან არ შეაფასა რაიმე იმგვარი გარემოება, რისი გამოკვლევის/შეფასების შემთხვევაშიც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება. პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე არ არის დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონით დადგენილი ფარგლების გადაცილებით ან/და იმ მიზნის უგულებელყოფით, რა მიზნითაც მას მინიჭებული აქვს აღნიშნული უფლებამოსილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრა სს „ს...მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, კომისიამ სადავო გადაწყვეტილებებით ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების, მობილური ინტერნეტ საცალო მომსახურებისა და ფიქსირებული ინტერნეტის საცალო მომსახურებისა და ფიქსირებული ინტერნეტის საცალო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კვლევა და ანალიზი განახორციელა კანონდარღვევით, მოქმედი კანონმდებლობის ნორმების უგულებელყოფით არასწორი შედეგების გათვალისწინებით სს „ს...“ (მ...თან ერთად) უკანონოდ ცნო მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად და დააკისრა დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს უნდა გაეანალიზებინა რას ნიშნავს და საქართველოს კანონმდებლობით როგორ არის განმარტებული ერთობლივი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება და როგორ ხდება ერთობლივად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების დადგენა, შეემოწმებინა კომისიის მიერ ჩატარებული კვლევის დროს გამოყენებული კრიტერიუმები, რის საფუძველზეც ნათლად დაინახავდა კომისიის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული სს „ს...ს“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს...ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა, პირველ რიგში მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კონკრეტულად, განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ „ფიქსირებული და მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის 31 იანვრის №37/23 გადაწყვეტილებით, კომისიამ დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ფიქსირებული და მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე (ფიქსირებული ინტერნეტის საცალო მომსახურება, ფიქსირებული საცალო სატელეფონო ხმოვანი მომსახურება, მაუწყებლობის ტრანზიტი, მობილური საცალო ხმოვანი მომსახურება, მობილური ინტერნეტ მომსახურება და მოკლე ტექსტური შეტყობინებები) კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით.
საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომისიამ 2019 წლის 30 აპრილს მიიღო „ფიქსირებული საცალო ხმოვანი, მაუწყებლობის ტრანზიტის საცალო და ფიქსირებული ინტერნეტის საცალო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ №266/9 სადავო გადაწყვეტილება, რომლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ბოლო მომხმარებელზე (აბონენტზე) ფიქსირებული ინტერნეტის საცალო მომსახურების მიწოდების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებად დადგენილ იქნენ სს „ს...“ და შპს „მ...“, ამავე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესაბამისად, სს „ს...ს“ ბოლო მომხმარებელზე (აბონენტებზე) ფიქსირებული ინტერნეტის მომსახურების მოწოდების ბაზრის სეგმენტზე ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისრა შემდეგი სპეციფიკური ვალდებულებები: დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება, შემდეგი კონკრეტული პირობით: ა) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია არ დაუშვას კონკურენციის შემზღუდავი ქმედებები, მათ შორის მომხმარებელთა რომელიმე ჯგუფის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა ავტორიზებულ პირთა ან მომხმარებელთა ჯგუფების ხარჯზე; კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვის და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მიხედვით მომზადებული ყოველწლიური შემოსავლების და დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარდგენა. ანგარიში განცალკევებული უნდა იყოს ფიზიკური/იურიდიული პირების, ასევე მაუწყებლობის ტრანზიტის საცალო მომსახურების ყოველწლიური შემოსავლები და დანახარჯები.
დადგენილია, რომ ბოლო მომხმარებელზე (აბონენტებზე) ფიქსირებული საცალო ხმოვანი ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არ იქნა გამოვლენილი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირები და ბაზრის შესაბამისი სეგმენტი ჩაითვალა კონკურენტულად; ბოლო მომხმარებელზე (აბონენტებზე) მაუწყებლის ტრანზიტის საცალო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არ იქნა გამოვლენილი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირები და ბაზრის შესაბამისი სეგმენტი ჩაითვალა კონკურენტულად.
„მობილური ქსელით საცალო ხმოვანი მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ №267/9 სადავო გადაწყვეტილებით განისაზღვრა ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის გეოგრაფიულ საზღვრად - საქართველოს მთელი ტერიტორია. ბოლო მომხმარებლებზე მოძრავი სატელეფონო მოძრავი ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირებად განისაზღვრა: შპს „მ...“, შპს „ვ...“, სს „ს...“. ბოლო მომხმარებელზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე დადგინდა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე შემდეგი ავტორიზებული პირები: სს „ს...“, შპს „მ...“. ბოლო მომხმარებელზე მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტზე ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისრა შემდეგი სპეციფიკური ვალდებულება: დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია უზრუნველყოს შემდეგი კონკრეტული პირობებით: ა) არ დაუშვას კონკურენციის შემზღუდავი ქმედებები, მათ შორის, მომხმარებელთა რომელიმე ჯგუფის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა ავტორიზებულ პირთა ან მომხმარებელთა ჯგუფის ხარჯზე; ბ) კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მიხედვით მომზადებული ყოველწლიური შემოსავლების და დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარდგენა.
დადგენილია, რომ „მობილური ქსელით ინტერნეტ მომსახურების და მოკლე ტექსტური შეტყობინების ("SMS") ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ №268/9 სადავო გადაწყვეტილებით განისაზღვრა ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მობილური ქსელით ინტერნეტ მომსახურების და მოკლე ტექსტური შეტყობინებების ("SMS") ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გეოგრაფიულ საზღვრად - საქართველოს მთელი ტერიტორია. ბოლო მომხმარებლებზე მობილური ქსელით ინტერნეტ მომსახურების და მოკლე ტექსტური შეტყობინებების ("SMS") ბაზრის შესაბამის სეგმენტზე საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირებად განისაზღვრა: შპს „მ...“, შპს „ვ...“, სს „ს...“. ბოლო მომხმარებელზე (აბონენტებზე)მობილური ქსელით ინტერნეტ მომსახურების და მოკლე ტექსტური შეტყობინებების ("SMS") ბაზრის შესაბამის სეგმენტზე დადგინდა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ, შემდეგი ავტორიზებული პირები: სს „ს...“, შპს „მ...“. ბოლო მომხმარებელზე მობილური ქსელით ინტერნეტ საცალო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში დაეკისრა შემდეგი სპეციფიკური ვალდებულება: დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია უზრუნველყოს შემდეგი კონკრეტული პირობებით: ა) არ დაუშვას კონკურენციის შემზღუდავი ქმედებები, მათ შორის, მომხმარებელთა რომელიმე ჯგუფის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა ავტორიზებულ პირთა ან მომხმარებელთა ჯგუფის ხარჯზე; ბ) კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მიხედვით მომზადებული ყოველწლიური შემოსავლების და დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარდგენა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის 21-ე მუხლის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის წინასწარი რეგულირება ხორციელდება კომისიის მიერ განსაზღვრული მომსახურების ბაზრის შესაბამისი და მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტების, ბაზრის შესაბამისი გეოგრაფიული საზღვრების მიხედვით. მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების და გეოგრაფიული საზღვრების განმსაზღვრელი კრიტერიუმების მიხედვით კომისია განსაზღვრავს კონკურენციის წინასწარი რეგულირების მიზნით. მომსახურების ბაზრის კვლევასა და ანალიზს, რომლებიც ხორციელდება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების დადგენის მიზნით, კომისია ატარებს ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგიის და პროცედურების საფუძველზე, რომლებიც მტკიცდება კომისიის დადგენილებით. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის რეგულირების უზრუნველყოფა, მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის უზრუნველყოფა და ამ სეგმენტებზე პირველადი და მეორეული კრიტერიუმების შესაბამისად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირთა დადგენა ხორციელდება ობიექტურობის, ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის, ფუნქციონალური ეკვივალენტობის (ფუნქციონალური კრიტერიუმების ერთგვაროვანი გამოყენების), მინიმალური საჭირო რეგულირების, პროპორციულად თანაზომადი სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრების, ეფექტიანი კონკურენციის წახალისების, გამჭვირვალობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპების გათვალისწინებით. მომსახურების ბაზრის კვლევისა და ანალიზის ჩატარების, ავტორიზებული პირების მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ დადგენის, ასევე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილებების მიღებისას კომისია ითვალისწინებს საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პირობებს, მათ შორის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალურ შეთანხმებას „მომსახურებისა და ვაჭრობის შესახებ“.
ზემოხსენებული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მომსახურების ბაზრის კვლევა და ანალიზი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) მომსახურების ბაზრის შესაბამისი და მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტების, ბაზრის შესაბამისი გეოგრაფიული საზღვრების განსაზღვრა; ბ) მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კონკურენტუნარიანობის ანალიზის ჩატარება; გ) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა; დ) პირველადი და მეორეული კრიტერიუმების გათვალისწინებით მომსახურების ბაზრის შესაბამის და მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების დადგენას და მათთვის ამ კანონის V თავით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრებას კონკრეტული პირობებით. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კონკურენტუნარიანობის კვლევისა და ანალიზის ჩატარებისას მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმი არის ავტორიზებული პირის ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა ჯგუფის მიერ ბაზრის ამ სეგმენტზე დაკავებული ფარდობითი საბაზრო წილი. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებული პირის მიერ დაკავებული ფარდობითი საბაზრო წილი განისაზღვრება მის მიერ მიღებული შემოსავლების, ბოლო მომხმარებელთა ან აბონენტთა რაოდენობის ან გარკვეულ პერიოდში მიწოდებული მომსახურების ჯამური მოცულობის (ტრაფიკის) წილობრივი მაჩვენებლების, აგრეთვე მის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული ქსელის შესაბამისი ელემენტების დატვირთული და თავისუფალი სიმძლავრეების ან ფუნქციონალური რესურსების რეზერვების გათვალისწინებით. ბაზრის შესაბამისი სეგმენტის მახასიათებლების გათვალისწინებით კომისია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ობიექტურობის პრინციპიდან გამომდინარე, იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზებული პირის მიერ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე დაკავებული წილის გაზომვისა და სათანადო ძირითადი კრიტერიუმის გამოყენების შესახებ. დასახელებული კანონის 22-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების დადგენის ძირითადი კრიტერიუმის შესაბამისად ავტორიზებული პირი განისაზღვრება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ, თუ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე უკავია საბაზრო წილის არანაკლებ 40 პროცენტისა. ხოლო ამავე მუხლის მე-11 პუნქტის მიხედვით, რამდენიმე ავტორიზებული პირი განიხილება ერთობლივი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ, თუ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე: ა) ორი ავტორიზებული პირის ჯამური საბაზრო წილი აღწევს სულ მცირე 60 პროცენტს, ამასთანავე, თითოეულის საბაზრო წილი უნდა იყოს არანაკლებ 25 პროცენტისა; ბ) სამი ავტორიზებული პირის ჯამური საბაზრო წილი აღწევს სულ მცირე 80 პროცენტს, ამასთანავე, თითოეულის საბაზრო წილი უნდა იყოს არანაკლებ 15 პროცენტისა.
ამდენად, ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების დადგენის ძირითადი კრიტერიუმი არის ბაზრის ამ სეგმენტზე დაკავებული ფარდობითი საბაზრო წილი. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ გამოკვლეულ იქნა საბაზრო ხვედრითი წილები შემოსავლების და აბონენტებისა და კომპანიების მიხედვით 2015-2018 წლებთან მიმართებით, სამივე სადავო გადაწყვეტილების ფარგლებში, რომლის საფუძველზეც გამოვლინდა, რომ აღნიშნული მონაცემები აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ იმ პროცენტულ მაჩვენებლებს, რაც აუცილებელია მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების დადგენის მიზნით.
აღსანიშნავია, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის დადგენისას და მისთვის სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრებისას ძირითადი კრიტერიუმის გარდა გამოიყენება მეორეული კრიტერიუმები, რომლებიც ობიექტურად განსაზღვრავს ძირითადი კრიტერიუმების შესაბამისად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების მიერ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის შეზღუდვისა და არაკონკურენტული ქმედებების განხორციელების შესაძლებლობებს. მეორეულ კრიტერიუმებს ანალიზური ფაქტორების გათვალისწინებით განსაზღვრავს კომისია. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კონკურენტუნარიანობის ანალიზის ჩატარებისას კომისია ითვალისწინებს შემდეგ ანალიზურ ფაქტორებს: ა) მომსახურების ბაზრის შესაბამის და მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებზე ჩამოყალიბებულ კონიუნქტურას, კონცენტრაციის დონეს და ავტორიზებული პირების მიერ დაკავებულ ფარდობით საბაზრო წილებს; ბ) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მომსახურების სახეებზე მოთხოვნისა და მიწოდების მახასიათებლებს (ელასტიურობა, მოთხოვნის ზრდა და სხვ.), აგრეთვე მოთხოვნისა და მიწოდების მხარეების ჩანაცვლების პირობებს; გ) პოტენციურად არაკონკურენტული მომსახურების და ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეებზე ჩამოყალიბებული ტარიფების დონეებს და მათ ისტორიულ ცვალებადობას; დ) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებული პირების ფინანსურ- ეკონომიკურ მაჩვენებლებს, მათი ურთიერთდამოკიდებულების ხარისხს და ავტორიზაციის მსურველი პირების მიერ ამ სეგმენტზე საქმიანობის დაწყების შესაძლებლობებს, ბაზარზე შესვლის დამაბრკოლებელ ინფრასტრუქტურულ და დინამიკურ ფაქტორებს, შესაბამის საინვესტიციო რისკებს; ე) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოქმედი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების ვერტიკალურად ინტეგრირებულობის ხარისხს და ხასიათს; ზ) სხვა დაკავშირებულ მახასიათებლებს, რომლებიც განისაზღვრება კომისიის დადგენილებით.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებულია „მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესები“. აღნიშნული „წესების“ 21-ე მუხლის პირველის პუნქტის თანახმად, ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კონკურენტუნარიანობის კვლევისა და ანალიზის ჩატარებისას მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ განსაზღვრის ძირითადი (აუცილებელი) კრიტერიუმია ავტორიზებული პირის მიერ ბაზრის ამ სეგმენტზე დაკავებული ფარდობითი საბაზრო წილის რაოდენობრივი შეფასება. მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების დადგენის ძირითადი კრიტერიუმის შესაბამისად ავტორიზებული პირი ერთპიროვნულად განისაზღვრება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ, თუ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე უკავია ფარდობითი საბაზრო წილის არანაკლებ 40 პროცენტისა (HHI ინდექსის მაჩვენებელი აღემატება 1600 ერთეულს და CR3-ის მნიშვნელობა აღემატება 40 პროცენტს). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რამდენიმე ავტორიზებული პირი განიხილება ერთობლივი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ, თუ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ორი ავტორიზებული პირის ჯამური საბაზრო წილი აღწევს სულ მცირე 60 პროცენტს, ამასთანავე, თითოეულის საბაზრო წილი უნდა იყოს არანაკლებ 25 პროცენტისა (HHI ინდექსის მაჩვენებელი აღემატება 1850 ერთეულს და CR3-ის მნიშვნელობა აღემატება 60 პროცენტს).
„წესების“ აღნიშნული მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის (ან პირთა ჯგუფის) დადგენის და სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრების მიზნით, ძირითადი კრიტერიუმთან ერთად გამოიყენება ამ დებულების 22-ე მუხლის შესაბამისად დადგენილი მეორეული კრიტერიუმები, რომლებიც ობიექტურად განსაზღვრავენ ძირითადი კრიტერიუმების შესაბამისად განსაზღვრული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების მიერ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე საბაზრო უპირატესობის ფლობის და მისი უხეშად გამოყენების, კონკურენციის შეზღუდვის, არაკონკურენტული ერთობლივი ქმედებების განხორციელების, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე შესვლის დაბრკოლებების შექმნის შესაძლებლობებს. კონკრეტულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია, კვლევისა და ანალიზის ჩატარებისას გამოიყენოს სხვა მეორეული კრიტერიუმები ამ დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრული პრინციპების გათვალისწინებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული „მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების“ 22-ე მუხლის მიხედვით, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის ან ერთობლივად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირთა დადგენის და მათთვის სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრების მიზნით, ძირითადი კრიტერიუმის გარდა გამოიყენება შეფასების შემდეგი ერთი ან რამდენიმე მეორეული კრიტერიუმები: ა) ეკონომიკური აგენტის საბაზრო უპირატესობის შეფასების კრიტერიუმი; ბ) ქსელებისა და საშუალებების (საქსელო ინფრასტრუქტურის) კონტროლის ხარისხის შეფასების კრიტერიუმი; გ) საქსელო ექსტერნალიების (გარეშე ეფექტების) გავლენის შეფასების კრიტერიუმი; დ) ტექნოლოგიური უპირატესობის შეფასების კრიტერიუმი; ე) მომხმარებლის უპირატესი ძალაუფლების შეფასების კრიტერიუმი; ვ) მომსახურების დივერსიფიცირებული ნაკრები და მისი მახასიათებლების შეფასების კრიტერიუმი; ზ) მასშტაბით ან მრავალფეროვნებით განპირობებული ეკონომიის ფაქტორის შეფასების კრიტერიუმი; თ) ვერტიკალურად ინტეგრირებულობის ხარისხობრივი შეფასების კრიტერიუმი; ი) ურთიერთდამოკიდებულების ხასიათის და ერთობლივი ქმედების განხორციელების შესაძლებლობების შეფასების კრიტერიუმი; კ) დისტრიბუციის და გაყიდვების, საფასურის ინკასაციის ქსელის ეფექტიანობის შეფასების კრიტერიუმი; ლ) სატარიფო დისკრიმინაციის შეფასების კრიტერიუმი; მ) პოტენციური კონკურენტების არარსებობის შეფასების კრიტერიუმი; ნ) საქმიანობის შემდგომი გაფართოების დაბრკოლებების შეფასების კრიტერიუმი; ო) ბაზარზე შესვლის დაბრკოლებების შეფასების კრიტერიუმი; პ) არაკონკურენტულად მაღალი ტარიფის დაწესების და არაგონივრული მოგების მიღების შესაძლებლობების შეფასების კრიტერიუმი; ჟ) კონკურენციის ფაქტორების (სატარიფო, ხარისხობრივი და სხვა) შეფასების კრიტერიუმი; რ) ჭარბი რესურსებისა და სიმძლავრეების შეფასების კრიტერიუმი; ს) მომხმარებლებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეფასების კრიტერიუმი; ტ) შეფასების სხვა კრიტერიუმები.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის 30 აპრილის №266/9 სადავო გადაწყვეტილება შეეხება ფიქსირებული საცალო ხმოვანი, მაუწყებლობის ტრანზიტის საცალო და ფიქსირებული ინტერნეტის საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგებს და მათ საფუძველზე მიღებულ დასკვნას. კომისიამ დაადგინა თითოეული მომსახურების გეოგრაფიული საზღვრები, შეისწავლა საბაზრო ხვედრითი წილები, ასევე ჩაატარა სამი კრიტერიუმის ტესტი და დაადგინა, რომ აღნიშნული ბაზრის სეგმენტი წინასწარ რეგულირებას უნდა დაქვემდებარებოდა. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ფლობის ანალიზისას შეფასდა ის კრიტერიუმები, რომლებიც საცალო მომსახურებისთვის რელევანტურად იქნა მიჩნეული და დადგინდა, რომ ბაზრის შესაბამისი სეგმენტი მაღალი სტრუქტურული ბარიერებით ხასიათდება, რადგან საცალო ინტერნეტ მომსახურების მიწოდება მაღალ საინვესტიციო ხარჯებთან და ქსელის აგების ხანგრძლივ დროსთანაა დაკავშირებული. განსახილველ შემთხვევაში, ორი ქსელის ოპერატორი - შპს „მ...“ და სს „ს...“ ვერტიკალურად ინტეგრირებული ავტორიზებული პირებია. მათ ფიქსირებული ინტერნეტის მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე თითქმის ყველა რეგიონში გააჩნიათ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება. დადგენილია, რომ შპს „მ...“ 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ქვეყნის მთელი მასშტაბით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გარდა, მნიშვნელოვან საბაზრო წილს (15 პროცენტზე მეტს) ფლობს. ხოლო სს „ს...“, გურიასა და მცხეთა-მთიანეთის გარდა, ქვეყნის მთელი მასშტაბით მნიშვნელოვანი საბაზრო წილის მფლობელია. 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რუსთავში (ქვემო ქართლი), შიდა ქართლში და იმერეთში, სადაც ბაზრის ამ სეგმენტზე მნიშვნელოვან საბაზრო წილს შპს „ა...“ და შპს „ც...“ ფლობდა შპს „მ...ს“ საბაზრო პოზიცია უფრო გაძლიერდა, რაც ბაზრის ამ სეგმენტზე კონკურენციის შესუსტების მაჩვენებელია. ავტორიზებული პირების მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ცნობის თაობაზე დასკვნას ამყარებს ის ფაქტიც, რომ ამ კომპანიებს მნიშვნელოვნად დიდი ქსელი გააჩნიათ, რომელიც არსებულ ბაზარზე შესვლისა და საბაზრო პოზიციის შენარჩუნების აუცილებელი აქტივია. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ რეგიონში სხვა ავტორიზებული პირების მიერ ფიქსირებული ინტერნეტის მომსახურებაზე დაწესებული ფასები შპს „მ...სა“ და სს „ს...ს“ მიერ დაწესებულ ფასებზე დაბალია, ამან ვერ უზრუნველყო ავტორიზებულ პირებს შორის კონკურენციის გამძაფრება. ბაზარზე მომსახურების არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებს არ გააჩნიათ მომსახურების შეძენის ფასზე ან მომსახურების სხვა პირობების ცვლილებაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა. კომისიამ ასევე დადასტურებულად მიიჩნია, რომ წლების განმავლობაში მაღალი საბაზრო ხვედრითი წილები არაეფექტურ კონკურენციაზე მიუთითებს.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის 30 აპრილის №267/9 გადაწყვეტილება კი შეეხება მობილური ქსელით საცალო ხმოვანი მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, გარდა ძირითადი კრიტერიუმისა (საბაზრო წილების განსაზღვრა), აღნიშნულ წარმოებაშიც მიმართა სამი კრიტერიუმის ტესტს (შეფასდა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე შესვლის სტრუქტურული ან/და სამართლებრივი ბარიერი, ბაზარზე კონკურენციის პოტენციური ტენდენციები, „კონკურენციის შესახებ“ კანონის მოქმედების საკმარისობა,) და მიუთითა, რომ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს - შპს „მ...სა“ და სს „ს...ს“ გააჩნიათ ბაზარზე შესვლის დაბრკოლებების ხელოვნურად შექმნის და /ან გაზრდის განზრახვა და შესაძლებლობა. შესაბამისად, ბაზრის შესაბამისი სეგმენტის წინასწარი რეგულირება უფრო ეფექტიანია, ვიდრე „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ქმედებები. ამასთან, დაასკვნა, რომ მობილური საცალო ხმოვანი მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტი წინასწარ რეგულირებას უნდა დაქვემდებარებოდა. ამავე გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ კომისიამ გამოიყენა იმ კრიტერიუმთა კომბინაცია, რომლებიც მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენტული გარემოს შესაფასებლად, კერძოდ, ავტორიზებული პირის საბაზრო წილი და მისი საერთო მოცულობა, რთულად დუბლირებადი ინფრასტრუქტურა, მსყიდველობითი ძალაუფლების დაბალი დონე და/ან არარსებობა, დივერსიფიცირებული მომსახურების სახეები, მასშტაბის ეკონომია, ვერტიკალური ინტეგრაცია, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებული პირის გაფართოებასთან დაკავშირებით არსებული ბარიერები, მომგებიანობა და დაადგინა, რომ შპს „მ...ს“ და სს „ს...ს“ მობილური ხმოვანი საცალო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გააჩნიათ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებული პირის მიერ დაკავებული საბაზრო ხვედრითი წილის განსაზღვრისთვის, გამოყენებულ იქნა ბოლო სამი წლის მანძილზე ამ მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლების შესახებ მონაცემები. ავტორიზებული პირების მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ცნობის თაობაზე დასკვნა გამყარებულია იმ ფაქტითაც, რომ ამ კომპანიებს გააჩნიათ მნიშვნელოვნად დიდი ქსელი, რომელიც არსებულ ბაზარზე შესვლისა და საბაზრო პოზიციის შენარჩუნების აუცილებელი აქტივია. მიუხედავად იმისა, რომ შპს „ვ...ს“ მიერ მობილურ ხმოვან მომსახურებაზე დაწესებული ფასები შპს „მ...ს“ და სს „ს...ს“ მიერ დაწესებულ ფასებზე მნიშვნელოვნად დაბალია (დაახლოებით 20%-ით) მობილური ხმოვანი საცალო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე შპს „ვ...ს“ კონკურენტულმა ქმედებამ (ფასების ზრდის შეზღუდვამ) ვერ უზრუნველყო ავტორიზებულ პირებს შორის კონკურენციის გამძაფრება. ამდენად, კომისიამ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებად მიიჩნია შპს „მ...“ და სს „ს...“.
რაც შეეხება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის 30 აპრილის №268/9 გადაწყვეტილებას, აღნიშნული სადავო აქტით კომისიამ იმსჯელა მობილური ქსელით ინტერნეტ მომსახურების და მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ, შეაფასა ბაზრის ხვედრითი წილები, იხელმძღვანელა სამი კრიტერიუმის ტესტით, შეარჩია მისი შეფასებით ყველაზე უფრო რელევანტური მეორეული კრიტერიუმები: ავტორიზებული პირის საბაზრო წილი და მისი საერთო მოცულობა, რთულად დუბლირებადი ინფრასტრუქტურა, მსყიდველობითი ძალაუფლების დაბალი დონე და/ან არარსებობა, დივერსიფიცირებული მომსახურების სახეები, მასშტაბის ეკონომია, ვერტიკალური ინტეგრაცია, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებული პირის გაფართოებასთან დაკავშირებით არსებული ბარიერები, მომგებიანობა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების შესაფასებლად, სხვა შედეგებთან ერთად დაასკვნა, რომ შპს „მ...სა“ და სს „ს...ს“ გააჩნიათ მნიშვნელოვნად დიდი ქსელი, რომელიც არსებულ ბაზარზე შესვლისა და საბაზრო პოზიციის შენარჩუნების აუცილებელი აქტივია. ამასთან, მათი დაწესებული ფასები უფრო მაღალია ვიდრე შპს „ვ...ს“ მიერ იმავე მომსახურებაზე შეთავაზებული პაკეტების ღირებულებები, რაც მომგებიანია აღნიშნული პირებისათვის და მათი საბაზრო ძალაუფლების მაჩვენებელია.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კომისიამ, სადავო გადაწყვეტილებების მიღებისას, იხელმძღვანელა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული „მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესებით“ დადგენილი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების განსაზღვრისათვის განკუთვნილი როგორც ძირითადი, ისე მეორეული კრიტერიუმებით, კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიკვლია ბაზრის ფარდობითი წილი, ასევე, მომხმარებლის უპირატესი ძალაუფლების შეფასების კრიტერიუმი, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე შესვლის სტრუქტურული ან/და სამართლებრივი ბარიერი, ბაზარზე კონკურენციის პოტენციური ტენდენციები, მომსახურების ფასების კონკურენტუნარიანობა და სხვა კრიტერიუმები, რამაც, საბოლოოდ, განაპირობა სს „ს...სა“ და შპს „მ...ს“ მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებად მიჩნევა.
საკასაციო პალატა მხარის ყურადღებას მიაქცევს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ავტორიზებული პირების ერთობლივი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება არის მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ორი ან მეტი ავტორიზებული პირის ერთობლივი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება, ანუ ისეთი მდგომარეობა, როცა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჩატარებული ანალიზი ადასტურებს, რომ ბაზრის ამ სეგმენტზე ჩამოყალიბებული კონიუნქტურა და კონკურენციის მახასიათებლები მათი შეთანხმებულად მოქმედებისა და ბაზარზე არაკონკურენტული უპირატესობის ერთობლივად მოპოვების შესაძლებლობას იძლევა, მაშინაც კი, თუ მათ შორის არ არსებობს სტრუქტურული ან სხვა სახის, მათ შორის, სახელშეკრულებო ურთიერთობები. პალატა ასევე მიუთითებს ამავე კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის მიხედვით, კონკურენცია მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ეფექტიანია, თუ ამ სეგმენტზე არ საქმიანობს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი. კონკურენცია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არ არის ეფექტიანი, თუ ამ სეგმენტზე მოქმედ ერთ ან რამდენიმე ავტორიზებულ პირს აქვს ერთობლივი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება. თუ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებულ პირს აქვს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება, მას მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება აქვს ასევე ბაზრის მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტზე. ამდენად, კონკურენცია არ ჩაითვლება ეფექტიანად, თუ საკვლევ სეგმენტზე საქმიანობს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ერთი ან რამდენიმე პირი. განსახილველ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ სს „ს...“ და შპს „მ...“ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებად არიან მიჩნეული.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გადაწყვეტილების გამოტანისას საქმის გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევას, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის, ასევე საქმის მასალების ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ არ არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს სადავო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სს „ს...ს“ საკასაციო საჩივარზე 01.03.2024წ. №1741073529 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სს „ს...ს“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს...ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინება;
3. სს „ს...ს“ (ს/კ ...)) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 01.03.2024წ. №1741073529 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
ბ. შონია
გ. აბუსერიძე