საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-316(კ-24) 21 იანვარი, 2025 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბადრი შონია, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - შპს „ი...“
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ი...მა“ 2020 წლის 29 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 15 ივნისის №... დადგენილებისა და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 25 აგვისტოს №1101 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მოსარჩელის განმარტებით, შპს „ი...“ არ წარმოადგენს მშენებლობის მწარმოებელ პირს, მის სახელზე მშენებლობის ნებართვაც კი არ ყოფილა გაცემული. გარდა ამისა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერით დასტურდება, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა სიაში არ ფიქსირდება შპს „ი...“. ამდენად, კომპანიისთვის სრულიად გაუგებარია, რატომ დაჯარიმდა კომპანია 50 000 ლარით, ვინაიდან მას არანაირი კავშირი არ აქვს მიმდინარე მშენებლობასთან. კომპანია არც მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა და არც მშენებლობის ნებართვის მფლობელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ი...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ი...მა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინებით შპს „ი...ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ყველა ეტაპზე, სამართლებრივ აქტებს, რომლებიც შედგენილი იყო კომპანიის მიმართ, ეცნობოდა შპს-ს დირექტორი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ შპს „ი...ს“ სამშენებლო სამართალდამრღვევად მიჩნევის უსაფუძვლობის შესახებ მხარის პრეტენზია არ გაიზიარა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ი...მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორმა, სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად, ასევე მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2023 წლის 30 ნოემბრის საოქმო განჩინების გაუქმება.
კასატორის განმარტებით, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან სხვა პირი გააფრთხილეს დარღვევით მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შესახებ და მისცეს მას ვადა დარღვევის გამოსასწორებლად. სასამართლოს ეს გარემოება უნდა გაეთვალისწინებინა. კომპანია აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მიწის ნაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების განმახორციელებელი პირი შპს „ი...“ იყო.
საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე შუამდგომლობასთან დაკავშირებით კი კასატორმა მიუთითა, რომ სასამართლოსთვის წარდგენილ შუამდგომლობაში სრულყოფილად არის დასაბუთებული, თუ რატომ იყო დაუშვებელი საქმის წარმოების გაგრძელება ძირითადი დავის გადაწყვეტილების მიღებამდე, რაც ასევე არ გაითვალისწინა სააპელაციო პალატამ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „ი...ს“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ი...ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის, მშენებლობის ზედამხედველობის, სამშენებლო სამართალდარღვევათა ცალკეულ სახეებს, პასუხისმგებლობის ზომებს, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წესებს ადგენს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი (პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის მე-3 მუხლის „ჰ18“ ქვეპუნქტით უნებართვო მშენებლობა განმარტებულია, როგორც მშენებლობა, რომელიც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ან სამშენებლო დოკუმენტაციის ისეთი დარღვევით, რომლის დროსაც შენობა-ნაგებობის ფუნქცია იცვლება ან/და ხდება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტება. ამასთან, ამავე კოდექსის 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მშენებლობა, რომელიც ექვემდებარება შეტყობინებას, მაგრამ მის გარეშე დაიწყო, უნებართვო მშენებლობაა. უნებართვო მშენებლობად მიიჩნევა აგრეთვე მშენებლობის შეტყობინების დარღვევით განხორციელებული მშენებლობა, რომელიც სცდება შეტყობინების ვალდებულებისთვის განსაზღვრული კლასის შენობა-ნაგებობის მახასიათებლებს.
ამდენად, სამშენებლო სამუშაოების კანონიერად განხორციელების საფუძვლად კანონმდებლობა იმპერატიულად მიიჩნევს შესაბამის სანებართვო დოკუმენტაციას, მათ შორის, I კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში - უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განზრახული მშენებლობის შესაძლებლობის თაობაზე გაცემულ შეტყობინებას, ხოლო სხვა კლასის შენობა-ნაგებობების შემთხვევაში - მშენებლობის შესაბამის ნებართვას. ამრიგად, პირი, რომელიც გეგმავს მშენებლობის განხორციელებას, ვალდებულია სამშენებლო სამუშაოები წარმართოს ზემოხსენებული მოთხოვნების დაცვით, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი ექნება უნებართვო მშენებლობას.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 122-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევა არის ამ კოდექსის XV თავით გათვალისწინებული ქმედება, რომლის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ამ თავით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ კოდექსის XIV და XV თავების მიზნებისთვის სამშენებლო სამართალდამრღვევი შეიძლება იყოს: ა) მშენებლობის ნებართვის მფლობელი; ბ) უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი; გ) შენობა-ნაგებობის ან/და სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მოსარგებლე − თუ ვერ დგინდება მშენებლობის განმახორციელებელი პირი; დ) უნებართვო მშენებლობის განხორციელებისას, თუ მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაა − უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი, ხოლო თუ ეს პირი ვერ დგინდება − მიწის ნაკვეთით მოსარგებლე; ე) მესაკუთრე, რომლის შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, გარდა კულტურული/არქიტექტურული ძეგლის სტატუსის მქონე შენობისა, რომლის რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის შესახებ მესაკუთრემ მიმართა შესაბამის ორგანოს და ვერ მიიღო საჭირო ნებართვა.
ამავე კოდექსის 123-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს სამართალდამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად, ხოლო მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება შემოწმების აქტის შედგენით იწყება ამ კოდექსის 136-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევის არსებობისას. იმავე კოდექსის 124-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ, ხოლო 125-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ. აღნიშნული კოდექსის 127-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს მიმდინარე მშენებლობა, თუ ეს არის უნებართვო მშენებლობა ან ის სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარეობს და მისი გამოსწორება შეუძლებელია მშენებლობის შეჩერების გარეშე, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ დადგენილებასთან ერთად მიიღოს ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ − თუ უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი დადგენილია და მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. ამასთან, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) საქართველოს ტყის კოდექსითა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე − 25 000 ლარის ოდენობით. ამავე კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მშენებლობის შეჩერების შესახებ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას საქართველოს ტყის კოდექსითა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში – 50 000 ლარის ოდენობით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 19 თებერვლის №შ-48/20 დადგენილებით შეჩერებულ იქნა შპს „ი...ს“ მიერ ქ. თბილისში, ...ის (ყოფ. ...ს) ქ. №...-ში, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები (არსებულ შენობა-ნაგებობაზე სართულის დაშენების სამუშაოები). დადგენილების თანახმად, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შპს „ი...ს“ მიერ შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მიმდინარეობდა არსებულ შენობა-ნაგებობაზე სართულის დაშენების სამუშაოები. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 28 მაისის №... შემოწმების აქტით დაფიქსირდა ამავე სამსახურის 2020 წლის 19 თებერვლის №შ-48/20 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა, ვინაიდან გაგრძელდა უნებართვო სამშენებლო სამუშაოები. კერძოდ, მოეწყო გადახურვის კონსტრუქცია და მოწყობილია გარე შემომზღუდავი კონსტრუქცია. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 15 ივნისის სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე №... დადგენილებით შპს „ი...“ დაჯარიმდა 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 19 თებერვლის №4-1/დ275-20 №შ-48/20 დადგენილებით „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ (მშენებლობის შეჩერების შესახებ) გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის.
საყურადღებოა ასევე საქმეში დაცული ადმინისტრაციული წარმოების მასალა, რომელიც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 19 თებერვლის №შ-48/20 დადგენილება ჩაბარებული აქვს შპს „ი...ს“ დირექტორს - ვ. კ-ეს, პირადად, 2020 წლის 19 თებერვალს (ს.ფ. 89-90). ასევე 2020 წლის 11 თებერვალს შედგენილ დათვალიერების ოქმში ასახულია შპს „ი...ს“ დირექტორის - ვ. კ-ეის განმარტება, რომ ოქმში ასახულ მისამართზე დაშენების სამუშაოებს აწარმოებს შპს „ი...“. განმარტება დადასტურებულია ხელმოწერით - ვ. კ-ე, დასმულია თარიღი - 11.02.20წ. (ს.ფ. 99-100). ასევე აღსანიშნავია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 28 მაისის №... შემოწმების აქტით დაფიქსირდა ამავე სამსახურის 2020 წლის 19 თებერვლის №შ-48/20 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა, ვინაიდან უნებართვო სამშენებლო სამუშაოები გაგრძელდა კომპანიის მიერ, კერძოდ, მოეწყო გადახურვის კონსტრუქცია და ამოყვანილია გარე შემომზღუდავი კონსტრუქცია. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია ფოტომასალით, ხოლო შემოწმების აქტის ჩაბარება დადასტურებულია ვ. კ-ეის ხელმოწერით (ს.ფ. 91-93).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პრეტენზიას სამშენებლო სამუშაოების მაწარმოებელ სუბიექტთან დაკავშირებით, რამეთუ მხარის განმარტება წინააღმდეგობაში მოდის საქმეში არსებულ მასალებთან, რომლითაც დასტურდება სამშენებლო სამუშაოების შპს „ი...ს“ მიერ განხორციელება. ამასთან, საქმეში დაცული ფოტომასალის მიხედვით დასტურდება, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 19 თებერვლის №შ-48/20 დადგენილებისა (მშენებლობის შეჩერების თაობაზე) და 2020 წლის 11 მარტის დადგენილებით გამოყენებული სახდელის მიუხედავად, შპს „ი...ს“ დაშენების სამუშაოები არ შეუჩერებია, 2020 წლის 28 მაისის მდგომარეობით დამატებით მოწყობილი იყო გარე შემომზღუდავი კონსტრუქცია. აღნიშნული კი წარმოადგენს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას.
ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის, ასევე საქმის მასალების ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა სადავო აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების არარსებობასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლები დადგენილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე და 280-ე მუხლებით. 279-ე მუხლში ჩამოთვლილია ის პირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის განხილვა, ხოლო 280-ე მუხლი საქმის განმხილველ სასამართლოს აძლევს უფლებას შეაჩეროს საქმის წარმოება თავისი ინიციატივით ან მხარეთა განცხადებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის წარმოების შეჩერება, თავისი არსით, არის სასამართლოს მიერ სასამართლო განხილვის სტადიაში პროცესუალური მოქმედებების დროებითი შეჩერება, რომელიც გამოწვეულია პროცესის დამაბრკოლებელი ობიექტური, სასამართლოსგან დამოუკიდებელი გარემოებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. მითითებული ნორმის საფუძველზე საქმის წარმოების შეჩერებისას, სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რამდენად შეიძლება სხვა საქმეზე გამოტანილმა გადაწყვეტილებამ იქონიოს არსებითი მნიშვნელობა მოცემული საქმის გადაწყვეტაზე, ანუ საქმის წარმოების შეჩერებამდე უნდა დადგინდეს, თუ რა კავშირია სასამართლოს მიერ განსახილველ კონკრეტულ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელიც სხვა სასამართლოს მიერ განიხილება ან სხვა რომელიმე ორგანოს წარმოებაშია, რამდენად გამომდინარეობენ ისინი ერთი და იმავე ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ დაყენებული შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, ვინაიდან მოცემული საქმის დავის საგნიდან გამომდინარე, წინამდებარე საქმის განხილვა და მასზე გადაწყვეტილების გამოტანა არ არის დამაბრკოლებელი გარემოება სხვა საქმის გადაწყვეტისთვის. შესაბამისად, არ იკვეთებოდა გარემოება, რომელიც ქმნიდა სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე დავაზე საქმის (№3ბ-2556-23) წარმოების შეჩერების საფუძველს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „ი...ს“ საკასაციო საჩივარზე 01.05.2024წ. №8909 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს „ი...ს“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ი...ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინება;
3. შპს „ი...ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 01.05.2024წ. №8909 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
ბ. შონია
გ. აბუსერიძე