Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-338(კ-24) 27 იანვარი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ნ. ღ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისი

მესამე პირი - ი. ა-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ღ-იმა 2020 წლის 3 ივნისს სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს და მოპასუხეთა წრისა და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 13 ივნისის №... გადაწყვეტილების ზედდების ნაწილში ბათილად ცნობა, ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ნ. ღ-ის 2020 წლის 26 თებერვლის სარეგისტრაციო განცხადების დაკმაყოფილების შესახებ.

მოსარჩელის განმარტებით, მან 2020 წლის 4 თებერვალს თელავის რაიონის სოფელ ...ში თ. გ-ისგან შეიძინა უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი). 2020 წლის თებერვალში მანვე მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა მიწის ნაკვეთზე უფლებათა ცვლილების სპორადული რეგისტრაცია საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ტექნიკური პასპორტის მიხედვით. საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, ვინაიდან ადგილი ჰქონდა წარდგენილი განცხადებითა და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავი ნივთის მონაცემებს შორის ზედდებას. მოსარჩელის მიერ გამოთხოვილ იქნა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული დოკუმენტაცია, რომლის გაცნობის შემდეგ მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მოცემული მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია განხორციელდა უკანონოდ.

თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ. ღ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ღ-იმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით ნ. ღ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებზე მითითებით აღნიშნა, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული მონაცემები თანხვედრაშია მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდგომარეობასთან, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს, ფაქტობრივი საზღვრებით არ სცდება რეგისტრირებულ მონაცემებს და არ იჭრება ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ საზღვრებში. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. ღ-ის მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ღ-იმა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ გამოიკვლიეს და სათანადო შეფასება არ მისცეს, რომ მესამე პირმა - ი. ა-იმა ნებართვის გარეშე მოშალა სასაზღვრო ღობე და გადაწია მოსარჩელის მხარეს, რამაც გამოიწვია მესამე პირის შეჭრა ნ. ღ-ის საკუთრებაში. მოსარჩელის მითითებით, საინვენტარიზაციო გეგმასა და საჯარო რეესტრში არსებულ რეგისტრაციას შორის არსებობს ცდომილება, ე.ი. მიწის ნაკვეთები არასწორადაა რეგისტრირებული. ამასთან, ი. ა-ის მხრიდან მიწის ნაკვეთზე გადაფარვის ფაქტი ასევე დადასტურებულია ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში ექსპერტიზის კვლევისთვის საინვენტარიზაციო გეგმაზე დატანილი მიწის ნაკვეთის სამხრეთის საზღვარი მდებარეობს ფაქტობრივად არსებული საცხოვრებელი სახლის (ძირითადი შენობა-ნაგებობა ლიტერ „ა“) სამხრეთ-დასავლეთის მხარეს მდებარე კედლიდან სამხრეთ-დასავლეთის მხარეს მინიმუმ 1.10 მეტრში. თუმცა აღნიშნული საზღვარი გადმოწეულია თ. გ-ის მხარეს და დღეის მდგომარეობით, იგი შენობა-ნაგებობიდან დაშორებულია 0.40 მეტრით, ნაცვლად 1.10 მეტრისა. კასატორის მითითებით აღნიშნულ გარემოებაზე არცერთი ინსტანციის სასამართლომ არ იმსჯელა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ღ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ღ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მესამე პირის სახელზე რეგისტრაციის კანონიერების შეფასება იმ საფუძვლით, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილზე არასწორად განახორციელა მესამე პირის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, 2010 წლის 7 სექტემბერს ფ. ა-იმა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თელავში, სოფ. ...ში მდებარე უძრავ ნივთზე (ს/კ ...) საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 13 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით, ფ. ა-ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა თელავში, სოფ. ...ში მდებარე უძრავ ნივთზე (ს/კ ...). 2010 წლის 10 ოქტომბერს ი. ა-იმა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და თელავში, სოფ. ...ში მდებარე უძრავ ნივთზე (ს/კ ...) ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 26 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით, თელავში, სოფ. ...ში მდებარე უძრავ ნივთზე (ს/კ ...) დარეგისტრირდა ი. ა-ის საკუთრების უფლება. 2014 წლის 10 ივნისს ი. ა-იმა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა უძრავ ნივთზე, მდებარე: სოფ. ...ი, ს/კ .... აღნიშნული სარეგისტრაციო განცხადებით მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა მიწის ნაკვეთის ახალი საკადასტრო აზომვითი ნახაზი. რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 13 ივნისის №... გადაწყვეტილებით უძრავ ნივთზე, მდებარე: სოფ. ...ი, ს/კ ..., რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია განხორციელდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ - სააგენტო) უფლება-მოვალეობებს. ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მითითებული კანონის მე-9 მუხლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2014 წლის 27 მაისს თ. გ-იმა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და თელავში, სოფელ ...ში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 2 ივნისის №... გადაწყვეტილებით თ. გ-ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა თელავში, სოფელ ...ში მდებარე უძრავ ნივთზე (ს/კ ...). 2018 წლის 10 მაისს თ. გ-იმა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადებით მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა: 1) დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 2) საკადასტრო აზომვითი ნახაზი; 3) განცხადება; 4) მ. ბ-ის ახსნა-განმარტება; 5) ექსპერტიზის დასკვნა. განმცხადებლის მითითებით, მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთის საზღვრების კოორდინატები არასწორად იყო დაფიქსირებული, რაც დასტურდებოდა შპს „ტ...ს“ უფროსის - მ. ბ-ის წერილობითი ახსნა-განმარტებით.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 მაისის №... გადაწყვეტილებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარსადგენად განისაზღვრა ვადა - 30 კალენდარული დღე. აღნიშნული გადაწყვეტილებით მარეგისტრირებელმა ორგანომ მიუთითა, რომ №... სარეგისტრაციო განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ თუ ის ეთანხმებოდა მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) კონფიგურაციას და მდებარეობას, რომელთანაც ფიქსირდება სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ზედდება, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა წარედგინა კორექტირებული აზომვითი/აგეგმვითი ნახაზი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი არ ეთანხმებოდა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მდებარეობას და კონფიგურაციას, სარეგისტრაციო წარმოების ვადაში უფლებამოსილი იყო წარედგინა ინფორმაცია დავის არსებობის შესახებ.

დადგენილია, რომ მხარემ 2018 წლის 19 ივნისს, 11 ივლისს, 12 ივლისს, 27 ივლისს და 30 ივლისს №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით წარადგინა დამატებითი დოკუმენტაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება. მარეგისტრირებელმა ორგანომ მიუთითა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, განცხადებაზე დართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამება მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრება მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში (ს/კ ...). შესაბამისად, მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიჩნია, რომ წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი.

დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 2 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებაზე, კერძოდ, დადგენილია, რომ თ. გ-იმა სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ი. ა-ის მიმართ თელავის რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავი ნივთის მის მფლობელობაში არსებული ნაწილის ი. ა-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და მოპასუხისათვის საჯარო რეესტრის ჩანაწერისა და საკადასტრო რუკის შესაბამისად სამეზობლო მიჯნისა და საზღვრის აღდგენის დავალების მოთხოვნით. თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 აპრილის №2/286 გადაწყვეტილებით თ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თ. გ-იმა სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის (საქმე №2ბ/3766-12) გადაწყვეტილებით თ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით დადგინდა, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარეს, ფაქტობრივი საზღვრებით არ სცდება რეგისტრირებულ მონაცემებს და არ იჭრება ... (თ. გ-ის საკუთრება) საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ საზღვრებში.

საქმეზე დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 4 თებერვლის №... გადაწყვეტილებით თელავში, სოფელ ...ში მდებარე უძრავ ნივთზე (ს/კ ...), უძრავი ნივთის ნასყიდობის 2020 წლის 31 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე, დარეგისტრირდა ნ. ღ-ის საკუთრების უფლება.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი ასევე განსაზღვრავს სარეგისტრაციო დოკუმენტის დეფინიციას, კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო „ლ“ პუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია განმარტებულია, როგორც რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ პირი, რომელიც მიმართავს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციის მოთხოვნით, იგი, იმავდროულად, ვალდებულია წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც წარმოშობს მოთხოვნის რეგისტრაციის შესაძლებლობასა და საფუძველს. ამასთან, რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები გათვალისწინებულია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 22-ე, 23-ე მუხლებით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მართალია საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ წარმოადგენს უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, თუმცა იგი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაციაა საკუთრების უფლების გადაცემისას. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ საგანთა რეალური მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები იყოს თანხვედრაში, ერთი მხრივ, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მხოლოდ სათანადო საფუძვლით განხორციელების, მეორე მხრივ კი, სხვისი საკუთრების უფლების ხელყოფისა და საკადასტრო მონაცემების ზედდების გამორიცხვის საფუძვლით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ელი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას.

ამდენად, ვინაიდან რეგისტრაციის შესახებ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ მომხდარა მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილის მესამე პირის საკუთრებაში მოქცევა, აზომვით ნახაზზე კი მიწის ნაკვეთის ფართობის შემცირება გამოწვეულია აღნიშნული მიწის ნაკვეთის სხვა მხარეს არსებული ფართობის დაკლებით, შესაბამისად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა სადავო აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის თაობაზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ უძრავი ნივთი არსებული სახით შეიძინა. რაც შეეხება საკასაციო პრეტენზიას საინვენტარიზაციო გეგმაზე მითითებით, პალატა მხარის ყურადღებას მიაქცევს მასზედ, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული მონაცემები თანხვედრაშია მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდგომარეობასთან. ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს შორის არსებობს ფაქტობრივი საზღვარი (სასაზღვრო მიჯნა), რომელიც შესაბამისობაშია მესამე პირის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე დატანილ, რეგისტრირებულ მონაცემებთან. ასევე საგულისხმოა, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციისას (ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე), აღნიშნული უძრავი ქონება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 2 ივნისის №... გადაწყვეტილების საფუძველზე, დარეგისტრირდა დაზუსტებული მონაცემებით, ხოლო თ. გ-ის 2018 წლის 10 მაისის №... სარეგისტრაციო განცხადებასთან (სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია) დაკავშირებით მიღებული, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 2 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება თ. გ-ის მიერ არ გასაჩივრებულა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ლ. ჩ-ეს ნ. ღ-ის საკასაციო საჩივარზე 19.04.2024წ. №21480186440 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ლ. ჩ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ღ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინება;

3. ლ. ჩ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ნ. ღ-ის საკასაციო საჩივარზე 19.04.2024წ. №21480186440 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე