Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-514(კ-24) 15 იანვარი, 2025 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ. ბ-ე

მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირი - სს ,,თ...“

დავის საგანი - ქმედების განხორციელება და უძრავი ნივთების გაერთიანების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

თ. ბ-ემ 2017 წლის 13 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 სექტემბრის №..., 2017 წლის 20 სექტემბრის №..., სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2017 წლის 23 ოქტომბრის №... და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2017 წლის 13 ნოემბრის №... გადაწყვეტილებები; ასევე ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 12 ოქტომბრის N... გადაწყვეტილება და დაევალოს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ქმედების განხორციელება, კერძოდ: დაადასტუროს, რომ შპს „რ...ს“ მიერ შესრულებულ აზომვით ნახაზზე დატანილი კონფიგურაცია, ქ. თბილისი, ...ს გამზირი .../ ...ის ქუჩა N..., პირველი სართული, 74,00 კვ.მ ფართი, საკადასტრო კოდი - ... წარმოადგენს თ. ბ-ეის საკუთრებას; დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე - ქ. თბილისში, ...ს გამზირი N .../ ...ის ქუჩა N..., საკადასტრო კოდებით - ..., ... და ... გაერთიანების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. ბ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 01 თებერვლის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი განმარტავს, რომ 2017 წლის 12 ოქტომბრის №... წერილით თ. ბ-ეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ უარი ეთქვა თანხმობის გაცემაზე, იმ საფუძვლით, რომ არქივში დაცულ საპრივატიზებო დოკუმენტაციაში არსებულ სართულებრივ გეგმაზე პრივატიზებული ფართი მონიშნული არ იყო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო კი მოკლებულია შესაძლებლობას ემსჯელა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორის მითითებით, იმ პირობებში, როდესაც რეესტრს დაევალა საკადასტრო კოდების - ..., ... და ... გაერთიანება, გაუგებარია რა კანონიერი ინტერესი გააჩნია მოსარჩელეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს აქტის ბათილად ცნობისა და ქმედების განხორციელების დავალების მიმართ, ვინაიდან სარჩელის მიზანი ქონების გაერთიანების თაობაზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ დაყენებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში არის სრულიად მიღწევადი, შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ აყენებს მოსარჩელე მხარეს პირდაპირ და უშუალო ზიანს, რაც აღნიშნულ ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ თ. ბ-ეისთვის ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ფართის, შპს „რ...ს“ მიერ შესრულებულ აზომვით ნახაზზე დატანილი კონფიგურაციით დაზუსტებასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება.

საკასაციო პალატა თავდაპირველად მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

საქმეში წარმოდგენილი ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ თბილისში, ...ის გამზირ №.../ ...ს ქუჩა №...-ში მდებარე უძრავი ქონებების (ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო - სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 1293.00 კვ.მ ნაკვეთის წინა ნომერი: 33; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, №2, №3; სართული 1, ფართი 30.78 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №...); (ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო- სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 1293.00 კვ.მ ნაკვეთის წინა ნომერი: 33; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, №2, №3; სართული 1, ფართი 56.52 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №...) და (ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 1293.00 კვ.მ ნაკვეთის წინა ნომერი: 33; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, №2, №3; 74.00 კვ.მ მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №...) მესაკუთრეს წარმოადგენს თ. ბ-ე (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ კრების ოქმი №22, №170962718, გაფორმების თარიღი: 23/08/2017, ნასყიდობის ხელშეკრულება №1-1140, დამოწმების თარიღი: 19/02/2009, ნოტარიუსი ქ. მ-ი; უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება №101247421, დამოწმების თარიღი: 14/12/2010, ნოტარიუსი: ჯ. ა-ე, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ 1999 წლის 27 ოქტომბერს გაცემული №23/997-კ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა). ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთებზე რეგისტრირებულია სს „თ...ს“ იპოთეკის უფლება.

თ. ბ-ეის წარმომადგენელმა 2017 წლის 11 სექტემბერს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით, მოითხოვა უძრავი ნივთების გაერთიანების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: თბილისში, ...ის გამზირი №.../ ...ს ქუჩა №9. განცხადებაზე დართულ იქნა დოკუმენტები: წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან თითოეულ უძრავ ნივთზე, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, შიდა აზომვითი ნახაზი, სართულებრივი გეგმა მონიშვნით, სხვა სარეგისტრაციო დოკუმენტაცია №....

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 14 სექტემბრის №... წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომლითაც აცნობა, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული ინფორმაციისა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების თანახმად დადგინდა, რომ უძრავი ნივთის (მდებარე: თბილისი, ...ის გამზირი №.../ ...ს ქუჩა №9) ნაწილი წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ 1999 წლის 27 ოქტომბერს გაცემული №23/997-კ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობით განკარგულ 174 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართს, მათ შორის 100 კვ.მ სარდაფს; საჯარო რეესტრში არსებული დოკუმენტაციით არ იყო შესაძლებელი აღნიშნული ფართის იდენტიფიკაცია ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ სართულის გეგმებზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, მარეგისტრირებელმა ორგანომ ითხოვა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის სრული საპრივატიზაციო დოკუმენტაციის მიწოდება.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით, თ. ბ-ეის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ ფართის იდენტიფიკაციის დადგენის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში გაიგზავნა №... წერილი; სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა 2017 წლის 14 სექტემბრის №... წერილზე პასუხის მიღებისთანავე.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 სექტემბრის №... წერილის პასუხად, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 სექტემბრის №14/47338 მიმართვით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გაეგზავნა სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ 1999 წლის 27 ოქტომბერს გაცემული №23/997-კ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. მითითებული მოწმობით დგინდება, რომ თ. ბ-ეს საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, ...ს გამზ. №...-ში მდებარე 174.00 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, მათ შორის, 100.00 კვ.მ. სარდაფი.

სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 20 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით სააგენტომ განმარტა, რომ დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციით ვერ დგინდებოდა რა კონფიგურაციით განიკარგა საკადასტრო კოდით ... რეგისტრირებული უძრავი ქონება. სააგენტომ მიუთითა, რომ წარსადგენი იყო ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ფართის, შპს „რ...ს“ მიერ შესრულებულ აზომვით ნახაზზე დატანილი კონფიგურაციით დაზუსტებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანხმობა.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 12 ოქტომბრის №... წერილით თ. ბ-ეის წარმომადგენელს 2017 წლის 21 სექტემბრის განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ვინაიდან სააგენტოს არქივში დაცულ საპრივატიზებო დოკუმენტაციაში არსებულ სართულებრივ გეგმაზე პრივატიზებული ფართი მონიშნული არ იყო, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 23 ოქტომბერს, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.

2017 წლის 12 ოქტომბერს და შემდგომ 27 ოქტომბერს თ. ბ-ეის წარმომადგენელმა დაზუსტებული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 20 სექტემბრის №..., 6 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და N... სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით თ. ბ-ეის წარმომადგენელს - თ. ა-ის უარი ეთქვა 2017 წლის 12 ოქტომბრისა და 2017 წლის 27 ოქტომბრის (ნომერი - ..., №...) ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე.

დადგენილია, რომ თბილისში, ...ის გამზირში №.../ ...ს ქუჩა №...-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი: №...) თ. ბ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 1999 წლის 27 ოქტომბრის №23/997-კ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. აღნიშნული უფლებადამდგენი დოკუმენტი სადავოდ არ არის გამხდარი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე, რომლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით აღიარებულია საკუთრების ინსტიტუტის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ საფუძვლად არსებული ღირებულების კონსტიტუციური მნიშვნელობა, რომელიც ინდივიდის პიროვნული თავისუფლებისა და ინდივიდუალური თვითრეალიზების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლება არ არის მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. იგი წარმოადგენს მთელი რიგი ქონებრივი ურთიერთობებისა და სხვაგვარი სამართლებრივი შედეგების წარმოშობის უმთავრეს წინაპირობას. ამასთან, საკუთრების უფლების დაცულობის უზრუნველყოფის საჭიროება არ არის ფორმალური და სწორედ აღნიშნული ქმნის დემოკრატიული სახელმწიფოს ქვაკუთხედს, რამდენადაც საკუთრების უფლების დაცვით მიღწეულ უფლების ქმედით რეალიზებაზეა დამოკიდებული საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებულ ადამიანის მთელ რიგ უფლებათა შემდგომი განხორციელება. ამასთანავე, საკუთრების უფლება აღიარებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო აქტებითაც, კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი ადგენს, რომ ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. ამასთან, წინარე დებულებები არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახდებისა თუ მოსაკრებლების ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად (იხ. სუსგ #ბს-193(2კ-21), 2021 წლის 9 დეკემბერი). „სახელმწიფოები ვალდებული არიან უზრუნველყონ სასამართლო პროცედურები, რომლებიც სთავაზობს აუცილებელ პროცედურულ გარანტიებს და, შესაბამისად, შესაძლებელს ხდის ეროვნული სასამართლოებისთვისა და ტრიბუნალებისთვის, კერძო პირებს შორის ნებისმიერ დავაზე აწარმოონ სამართალწარმოება ეფექტიანად და სამართლიანად“ (სოვტრანსავტო ჰოლდინგი უკრაინის წინააღმდეგ (Sovtransavto Holding v. Ukraine), N 48553/99, 25.9.02. 96-ე პარაგრაფი).

დადგენილი ფაქტობრივი გარემოემებიდან გამომდინარე საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას და მიაჩნია, რომ კასატორის პრეტენზია დაუსაბუთებელია, იმასთან დაკავშირებით რომ იგი ვერ შეძლებს სსიპ სახელწმიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შექმნამდე განკარგული სახელმწიფო ქონების კონფიგურაციის დადასტურებას, რადგან უდავოა, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის საარქივო დოკუმენტაცია სრულად მას გადაეცა, ასევე - უდავოა, რომ, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, სწორედ კასატორია უფლებამოსილი - მიიღოს გადაწყვეტილებები სახელმწიფო ქონების განკარგვასთან დაკავშირებით. იმ პირობებში, როდესაც სადავოდ არაა გამხდარი 1999 წელს სახელმწიფო ქონების განკარგვა პრივატიზების ფორმით და თ. ბ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაცია ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, სწორედ ,,ქონების სააგენტოა“ ვალდებული - გადაჭრას მისი უფლებრივად წინამორბედი სახელმწიფო უწყების მიერ განკარგული ქონების იდენტიფიკაციის პრობლემა, რათა მოსარჩელის საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცული საკუთრების უფლება ფიქციად არ იქცეს, იმ პირობებში, როდესაც შპს „...ს“ მიერ შესრულებულ აზომვით ნახაზზე (ტ. I, ს.ფ. 27) დატანილი კონფიგურაციით დგინდება ..., ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების განლაგება. შესაბამისად, სრული ნაკვეთის (თბილისი, ...ის გამზირი №.../ ...ს ქუჩა №9) დაფიქსირებით შესაძლებელი ხდება სადავო ნაკვეთის (ს/კ ...) სასაზღვრო ზოლის დადგენა მის მეზობელ ნაკვეთებთან (ს/კ ... და ს/კ ...) ურთიერთშეჯერებისას. კერძოდ, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი მოქცეულია ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთებს შორის; მომზადებული აზომვითი ნახაზით დადგენილი უძრავი ნივთების ფართები შესაბამისობაში მოდის რეესტრში რეგისტრირებულ ფართებთან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ნ. სხირტლაძე