საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-579(კ-24) 15 იანვარი, 2025 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „გ...“
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის 15 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - შპს „გ...-ის“ მიმართ და მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისთვის სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით (ს/კ ...) არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა მოითხოვა, 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2021 წლის 2 მარტამდე პერიოდში, 48996.14 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ასევე მხარეთა მიერ მტკიცების ტვირთის განაწილების თაობაზე და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში იმის მტკიცების ტვირთი, რომ სარგებლობდა, ასევე თუ რა პერიოდით სარგებლობდა მოპასუხე შპს „გ...“ აღნიშნულ უძრავ ნივთს ეკუთვნის მოსარჩელე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომელიც თითოეული ასეთი შემთხვევის დროს ვალდებულია მუდმივი მონიტორინგი გაუწიოს არამართლზომიერად სახელმწიფო ქონების დაუფლების ფაქტს და იგი ასახოს ადგილზე დათვალიერების ოქმში, სადაც დატანილი იქნება უკანონო მფლობელის დასტური ან სათანადო აღნიშვნა, ასახოს ფოტოზე და ა.შ. ამასთან, მიიღოს სათანადო, კანონით გათვალისწინებული ზომები ასეთი ფაქტების აღსაკვეთად.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია ოქმები, რომლებზეც არ არის შპს "გ...-ის“ წარმომადგენლის ხელმოწერა, სასამართლომ არ მიიჩნია საკმარის მტკიცებულებებად მოპასუხე იურიდიული პირის მიერ სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერი სარგებლობის ფაქტის დასადასტურებლად. სასამართლოს განმარტებით, ხელმოწერის არარსებობა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა დამკვიდრებული პრაქტიკით ახსნეს, თუმცა იქვე მიუთითეს, რომ ოქმის შედგენის დროს შპს „გ...“-ის წარმომადგენელს გაესაუბრნენ და მან სიტყვიერად დაუდასტურა ქონებით უკანონოდ ფლობის ფაქტი. პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის აუხსნელია, თუ რატომ არ დაიტანეს ოქმის შემდგენმა პირებმა თუნდაც შპს „გ...“-ის წარმომადგენლის დასტური იმ პირობებში, როდესაც ოქმის შედგენის დროს მათ სიტყვიერი დასტური მიიღეს აღნიშნული პირისაგან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „გ...“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაევალა სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით - ს/კ ... არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა 2019 წლის 25 დეკემბრიდან 2021 წლის 02 მარტამდე პერიოდში - 8760 (რვა ათას შვიდას სამოცი) ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ თავდაპირველად ყურადღება გაამახვილა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, კერძოდ, 2019 წლის 19 დეკემბრის N7/74543 გაფრთხილების წერილზე და ფოსტის უკუგზავნილებზე, რომლის თანახმადაც გზავნილი ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს - ჯ. გ-ის (ს/ფ 138); 2020 წლის 03 თებერვლის გაფრთხილების წერილს N7/7079, თან ერთვის ფოსტის უკუგზავნილიც, რომლის თანახმადაც გზავნილი ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს - ჯ. გ-ის (ს/ფ 137). ჯ. გ-ის კავშირი შპს "გ...-თან“ უარყო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში, ისე სააპელაციო წარმოების დროს, ზეპირი განხილვის სხდომაზე. სააპელაციო პალატამ აღნიშნულის გათვალისწინებით, 2024 წლის 4 მარტის განჩინების საფუძველზე, მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა ინფორმაცია იმის თაობაზე, ერიცხება (ერიცხებოდა) თუ არა ჯ. გ-ის შპს "გ..."-დან ხელფასი, პერიოდის მითითებით. სსიპ შემოსავლების სამსახურის N21-11/19254 წერილის მიხედვით, 2024 წლის 11 მარტის მდგომარეობით, აღნიშნულ პიროვნებას მიღებული აქვს შემოსავალი შპს "გ...-დან“ ხელფასის სახით 2008 წლიდან - 2023 წლის განმავლობაში. პალატის შეფასებით, აღნიშნული მტკიცებულება ცალსახად ადასტურებს ჯ. გ-ის სამართლებრივ კავშირს მოპასუხე კერძო სამართლის იურიდიულ პირთან, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარე სათანადო წესით იქნა ინფორმირებული სახელმწიფო ქონებით უკანონოდ სარგებლობის თაობაზე და ჰქონდა შესაძლებლობა ემოქმედა კანონის შესაბამისად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტი - ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია და მოპასუხეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონებით არამართლზომიერი სარგებლობისათვის 2019 წლის დეკემბრიდან 2021 წლის მარტამდე პერიოდში დააკისრა - 8760 (რვა ათას შვიდას სამოცი) ლარის გადახდა, ხოლო დარანჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი განმარტავს, რომ ...ზე მდებარე უძრავი ქონება - N...-ში (...) წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. მისი ნაწილით (შენობა N12, განაშენიანების ფართი 292 კვ.მ) არამართლზომიერად სარგებლობს და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებს შპს "გ...", რაც დასტურდება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 16 დეკემბრის აქტით, 2020 წლის 14 მაისის აქტით და ფოტომასალით. მოპასუხეს ასევე გაეგზავნა გაფრთხილების წერილიც (2020 წლის 03 თებერვლის N7/7079), რომლითაც განესაზღვრა ვადა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართის გამოსათავისუფლებლად, თუმცა უშედეგოდ - მოპასუხეს არ შეუსრულებია კანონით გათვალისწინებული ვალდებულება. სააგენტოს აღრიცხვისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2021 წლის 2 მარტს განხორციელებული მოკვლევის შედეგებით დადგინდა, რომ შპს "გ..."-ს ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება გამოთავისუფლებული ჰქონდა. ამრიგად, სარჩელისა და საკასაციო საჩივრის მოთხოვნაა დაეკისროს მოპასუხეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთით (... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე განთავსებული შენობა N12), არამართლზომიერი სარგებლობისთვის საფასურის გადახდა 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2021 წლის 2 მარტამდე სამეწარმეო საქმიანობის მიზნით, 48996.14 ლარის ოდენობით.
კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფოს სახელზე უძრავი ნივთის რეგისტრაცია განხორციელდა 2008 წელს, ხოლო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთი შპს „გ...-ს“ საკუთრებაში აქვს აღრიცხული 2005 წლიდან, რაც მის მიერ სახელწმიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფლობისა და სამეწარმეო მიზნით არამართლზომიერად სარგებლობის ფაქტს უტყუარს ხდის, შესაბამისად, მისთვის თანხის დაკისრება უნდა მომხდარიყო 2012 წლიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს შპს „გ...-ისთვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად, სამეწარმეო საქმიანობისთვის სარგებლობის საფასურის დაკისრება წარმოადგენს.
საკასაციო პალატა თავდაპირველად მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:
სსიპ საჯარო რეესტრიდან ამონაწერებით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ...ზე, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ №12 შენობა-ნაგებობაზე, 2020 წლის 3 იანვრიდან რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრების უფლება. 2019 წლის 16 დეკემბერს, ასევე 2020 წლის 14 მაისს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ადგილზე დათვალიერების შედეგად გამოავლინა, რომ ქ. თბილისში, ...ზე მდებარე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონებით, არამართლზომიერად სარგებლობდა მოპასუხე - შპს „გ...“. ამასთან, არც ერთ მითითებულ აქტზე მოპასუხის წარმომადგენლის ხელმოწერა არ არის.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის 3 თებერვლის №7/7079 წერილით მიმართა შპს „გ...“-ს და მოითხოვა სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით (მდებარექ. თბილისში, ...ზე, მდებარე უძრავი ქონება, ს/კ ...) არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, 2012 წლის 17 სექტემბრიდან არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. დღეის მდგომარეობით, დავალიანება მოპასუხე მხარის მიერ დაფარული არ არის.
საკასაციო პალატა თავდაპირველად მიუთითებს, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. ამრიგად, აღნიშნული ნორმის საფუძველზე, თანხის გადახდა შეიძლება დაეკისროს პირს, რომელიც სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს სახელმწიფოსთან შეთანხმების გარეშე სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებს. ამასთანავე, ვინაიდან სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას, მის კომპეტენციას განეკუთვნება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევაზე რეაგირება, მანვე უნდა უზრუნველყოს მოთხოვნის საფუძვლიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარდგენა. მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებებისა და წარდგენილი მტკიცებულებების გასაბათილებლად კი, მოპასუხემ საწინააღმდეგო მტკიცებულებები უნდა წარადგინოს. ამდენად, სამეწარმეო მიზნებისათვის სახელმწიფო ქონებით უკანონო სარგებლობის ფაქტის დადასტურება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, წარდგენილი მტკიცებულების სრულყოფილი და ყოველმხრივი შეფასების შედეგად უნდა განხორციელდეს.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ 2019 წლის 19 დეკემბრის N7/74543 გაფრთხილების წერილზე, რომელსაც თან ერთვის ფოსტის უკუგზავნილი, რომლის თანახმადაც გზავნილი ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს - ჯ. გ-ის (ს/ფ 138); ასევე საქმეში წარმოდგენილია 2020 წლის 03 თებერვლის გაფრთხილების წერილი N7/7079, რომელსაც აგრეთვე თან ერთვის ფოსტის უკუგზავნილიც, რომლის თანახმადაც გზავნილი ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს - ჯ. გ-ის (ს/ფ 137). ჯ. გ-ის კავშირი შპს "გ...-თან“ უარყო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში, ისე სააპელაციო წარმოების დროს, ზეპირი განხილვის სხდომაზე. თუმცა სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე მითითებით 2024 წლის 4 მარტის განჩინების საფუძველზე, მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა ინფორმაცია იმის თაობაზე, ერიცხება (ერიცხებოდა) თუ არა ჯ. გ-ის შპს "გ...-დან“ ხელფასი, პერიოდის მითითებით. სსიპ შემოსავლების სამსახურის N21-11/19254 წერილის მიხედვით, 2024 წლის 11 მარტის მდგომარეობით, აღნიშნულ პიროვნებას მიღებული აქვს შემოსავალი შპს "გ...-დან“ ხელფასის სახით 2008 წლიდან - 2023 წლის ჩათვლით.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ აღნიშნული მტკიცებულება ადასტურებს ჯ. გ-ის სამართლებრივ კავშირს მოპასუხე კერძო სამართლის იურიდიულ პირთან, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარე სათანადო წესით იქნა ინფორმირებული სახელმწიფო ქონებით უკანონოდ სარგებლობის თაობაზე და ჰქონდა შესაძლებლობა ემოქმედა კანონის შესაბამისად, ხოლო მის მიერ აღნიშნულზე რეაგირების არქონა ნიშნავს თანხმობას დარღვევის არსებობასა და გადასახადის გადახდის ვალდებულების არსებობაზე. გარდა ზემოაღნიშნულისა, განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით ცალსახად დადასტურდა, რომ შპს ''გ...'' ინფორმირებულ იქნა არამართლზომიერი სარგებლობის თაობაზე, შესაბამისად, მას წარმოეშვა თანხის გადახდის ვალდებულებაც.
რაც შეეხება დასაკისრებელი თანხის ოდენობასა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერი სარგებლობის დაწყების მომენტის დადგენას, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მითითებას შპს „გ...-სთვის“ 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2021 წლის 2 მარტამდე პერიოდში თანხის დაკისრების თაობაზე, ვინაიდან 2012 წლის სექტემბრიდან - 2019 წლის დეკემბრამდე პერიოდთან მიმართებით, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება უშუალოდ დროის ამ მონაკვეთში შპს "გ..."-ის მიერ სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერი სარგებლობის ფაქტი. საქმეში არ არის წარმოდგენილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შედგენილი ადგილზე დათვალიერების ოქმი ან სხვა რაიმე მტკიცებულება ფოტოსურათების სახით, რაც დაადასტურებდა შპს „გ...-ის“ მიერ აღნიშნულ პერიოდში სახელმწიფო საკუთრებით არამართლზომიერ სარგებლობის ფაქტს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით პირველი ფაქტობრივი გარემოება, რომლითაც გამოვლინდა შპს "გ...-ის“ მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერი სარგებლობის ფაქტი, დათარიღებულია 2019 წლის 16 დეკემბრით, ხოლო თავად სააგენტო განმარტავს, რომ 2021 წლის 02 მარტის მდგომარეობით, ფართი უკვე გამოთავისუფლებული იყო. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით დასტურდება შპს "გ...-ის“ მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერი სარგებლობა 2019 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით, რაც იმას ნიშნავს, რომ მას წარმოეშვა ვალდებულება გადაუხადოს თანხა სახელმწიფოს, დაკავებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობის გამო. საქმეში წარმოდგენლი სსპ ლევან სამხარაულის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N00566320 დასკვნის თანახმად, საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება თბილისში, ... N...-ში მდებარე შენობა - ნაგებობა N12-ის მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულების თანხას შეადგენს 2019 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით 584 ლარს, 2020 წლის იანვრიდან დღემდე 584 ლარს. ამრიგად, 2019 წლის დეკემბრიდან - 2021 წლის თებერვლის ჩათვლით არსებული 15 თვისათვის საიჯარო ქირის თანხა შეადგენს 8760 ლარს. ხოლო რაც შეეხება 2019 წლის 16 დეკემბრამდე პერიოდს საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში გამყარებული არ არის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლით, რაც აღნიშნულ ნაწილში მოთხვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
ნ. სხირტლაძე