Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-843(კ-24) 15 იანვარი, 2025 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - დ. გ-ი, ნ. პ-ა, რ. გ-ი, ს. გ-ი, ლ. გ-ი, მ. გ-ი, ა. გ-ი;

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 02 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

დ. გ-იმა 2023 წლის 15 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ ამავე სააგენტოს 2023 წლის 14 თებერვლის №IDP 6 2300000206 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის, მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით, დ. გ-ის, ნ. პ-ას, რ. გ-ის, ს. გ-ის, ლ. გ-ის, მ. გ-ისა და ა. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 14 თებერვლის №IDP 6 2300000206 ბრძანება; დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელეთა ოჯახის თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 02 მაისის განჩინებით აპელანტ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას მასზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ ყოფილა შესწავლილი და გამოკვლეული საქმის გარემოებები. ოჯახის მოკვლევის მიზნით არაერთი მონიტორინგი განხორციელდა როგორც მოსარჩელის გასხვისებულ მისამართზე, ასევე სიძის საკუთრებაში, მეზობლებმა დაადასტურეს, რომ ს. გ-ი - მოსარჩელის შვილი, რომელიც ასევე შეყვანილია განაცხადში, ცხოვრობს მეუღლის საკუთრებაში. თავად დ. გ-იც ცხოვრობს სახელმწიფო საკუთრებაში, სადაც, როგორც მოკვლევისას გაირკვა, მიმდინარეობს მშენებლობა, რომელსაც ოჯახი აწარმოებს (კერძო სახლი).

კასატორის მითითებით, საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი მთლიანად საჭიროებებზეა მორგებული და ყველა ფაქტობრივი გარემოების თუ წერილობითი მტკიცებულების კვლევისა და შესწავლის საფუძველზე, ადმინისტრაციული ორგანო იკვლევს მთლიანად საჭიროებებს, საცხოვრებლის პირობებს, სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და აღნიშნულის გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის დანაწესზე მითითებით, აღინიშნა, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს. დევნილ ოჯახთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება აქვს სახელმწიფოს, თუმცა მატერიალური და ფინანსური რესურსის მოცულობიდან და სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა რიგითობას განსაზღვრავს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, აღნიშნული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაბამისი პრიორიტეტულობის საფუძველზე. ამრიგად, სახელმწიფოს ვალდებულება, უზრუნველყოს დევნილი ოჯახი გრძელვადიანი საცხოვრებლით, როგორც წესი ხორციელდება კრიტერიუმების საფუძველზე, საჭიროებათა პრიორიტეტულობის პრინციპით, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში, მათ შორის იმ შემთხვევაში როდესაც დევნილ ოჯახს გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, უპირატესობა ენიჭება იმ ოჯახებს, რომლებსაც ამის გადაუდებელი საჭიროება აქვთ. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაა სწორად განსაზღვროს დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების პრიორიტეტულობა და გადაწყვეტილება მიიღოს გადაწყვეტილების მიღების დროისათვის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით. სააგენტოს მიაჩნია, რომ სათანადოდ და დამაჯერებლად არის დასაბუთებული ადმინისტრაციული ორგანოს უარი მოსარჩელეთა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო სახელმწიფო ფართში ქირის გარეშე ცხოვრების მოტივით.

კასატორის განმარტებით, მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი N1) პირველი მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დასტურდება, რომ სააგენტომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება შეისწავლა და გამოიკვლია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ სააგენტოს გადაწყვეტილება მოსარჩელესთან მიმართებით არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელი, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიერ ის უნდა გაუქმდეს, საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება და სარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ივლისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული განჩინების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს დ. გ-ის დევნილი ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ 6.1 მუხლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ 2022 წლის 25 ნოემბერს დ. გ-იმა განცხადებით მიმართა სამინისტროს და მოითხოვა საცხოვრებელი ფართის გადაცემა. განმცხადებელმა ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მიუთითა: თბილისი, ..., ... ... მ/რ, ... კვ. კორ. ..., ბ. .... განმცხადებელმა ოჯახის შემადგენლობაში, მასთან ერთად, მიუთითა: მეუღლე - ნ. პ-ა და შვილები - რ., მ., ლ., ა. და ს. გ-იები.

საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმით დგინდება, რომ კრიტერიუმების გათვალისწინებით დ. გ-ის ოჯახს მიენიჭა 4.5 ქულა (1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები - 2 წევრი - 2 ქულა; 18 წლამდე ასაკის წევრები - 2 არასრულწლოვანი - 1 ქულა; ომში მონაწილეობა - ომის ვეტერანი - 1.5 ქულა). შეფასების ფორმაში დამატებით მითითებულია, რომ დ. გ-ის სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს მეუღლე, ხუთი შვილი და შვილიშვილი. განაცხადს აკეთებს მეუღლესთან და ხუთ შვილთან ერთად. განმცხადებელს გააჩნდა საკუთრება (მის.: თბილისი, ...ს დასახლება, ... მ/რ, ... კვარტალი, კორპ. №..., ბინა №..., 113.77 კვმ.), რომელიც გაასხვისა დ. კ. ლ-ეზე 01.10.2019 წელს. ასევე მიუთითა, რომ სიძეს - ი. ო-ეს გააჩნია საკუთრება, ქ. თბილისში, ...ს ქ. ჩიხი I, №... (68 კვ.მ.), რომელიც ამჟამად ციხეშია, ამერიკაში. მისი თქმით, აღნიშნული ბინის შეძენისას საჯარო რეესტრში წარმომადგენელი იყო ს. გ-ი, სავარაუდოდ, ი. ო-ეის მინდობილობით.

მონიტორინგის ფარგლებში, საკითხის განმხილველი ორგანოს წარმომადგენლები 2023 წლის 10 იანვარს გამოცხადდნენ დ. გ-ის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე - ...ში, ...ის დასახლებაში, სადაც ადგილზე დახვდნენ განმცხადებელი, მისი მეუღლე - ნ. პ-ა და შვილები - ლ. და ა. გ-იები. მათი განმარტებით, აღნიშნულ მისამართზე იმყოფებიან 2016 წლიდან. დ. გ-ის განმარტებით, მან შეიძინა ბინა (მდებარე: თბილისში, ...ს დასახლება ... კვ., კორპ. №..., ბინა №...) ბანკის კრედიტით, რომელიც ვერ დაფარა და 2019 წელს გაასხვისა დ. კ. ლ-ეზე. ასევე მიუთითა, რომ სიძეს - ი. ო-ეს (ს. გ-ის მეუღლე), რომელიც ამჟამად იმყოფება ციხეში, გააჩნია საკუთრება ქ. თბილისში, ...ს ჩიხი I, №.... მონიტორინგის ჯგუფი დამატებითი მოკვლევის მიზნით გამოცხადდა შემდეგ მისამართზე: თბილისი, ...ს დასახლება ... მ/რ, ... კვ., კორპ. №..., ბინა №.... აღნიშნულ მისამართზე მეზობლის განმარტებით, გ-იების ოჯახმა ბინა გაყიდა დაახლოებით 3 წლის უკან. ახლა ცხოვრობენ ...ში, მამისეულ სახლში, რომელიც მისცეს დევნილობის პერიოდში. მონიტორინგის ჯგუფი დამატებითი მოკვლევის მიზნით გამოცხადდა ასევე ი. ო-ეის საკუთრებაში არსებულ ბინაში, მისამართზე: თბილისი, ..., თ. ...ს ... ჩიხი, კორპ. ..., სართ. ..., ბ. .... მეზობლის - ა. ჯ-ეის განმარტებით, ს. გ-ი ნამდვილად ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე, ხოლო მეუღლე - ი. ო-ე, მისი ინფორმაციით საქართველოში არ იმყოფება.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 25 იანვრის №6 სხდომის ოქმის თანახმად, დ. გ-ის (პირადი №...; სარეგ. №...) უარი ეთქვა ქ. თბილისში 4 (ოთხი) ოთახიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, რადგან ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა სახელმწიფო ფართში ქირის გარეშე ცხოვრების გამო.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 14 თებერვლის №IDP 6 23 00000206 ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №6), დ. გ-ის ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესი ითვალისწინებს იმ შემთხვევებსაც, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი ცხოვრობს ნათესავის ბინაში, ქირით ან ქირის გარეშე და ამ გარემოებიდან გამომდინარე, შეფასების საერთო სისტემაში დაინტერესებულ პირს ენიჭება კონკრეტული ქულა. დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე (იხ. სუსგ Nბს-156(კ-20) 18.03.2020წ.).

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დ. გ-ის მიერ სასამართლოს სხდომაზე მიცემულ განმარტებაზე, რომლის თანახმად მოსარჩელეთა ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილას ...ში, ...ის დასახლებაში მოსარჩელის ოჯახის გარდა ცხოვრობს მოსარჩელის - დ. გ-ის უმცროსი ძმის ოჯახი (4 სული), მისი და შვილთან ერთად, ასევე, მისი უფროსი ძმა 4 შვილით. ამასთან, მისი თქმით, საცხოვრებელ ფართში არის ერთი საპირფარეშო და ერთი სამზარეულო. სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01- 30/ნ ბრძანების 6.1. მუხლის იმპერატიული მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებს. ამასთან, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართში ცხოვრების გამო, დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმა გათვალისწინებული არ არის მოქმედი სამართლებრივი ნორმებით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რამდენადაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სარწმუნო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ დაადასტურა მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების გამომრიცხველი გარემოებების არსებობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არცერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 02 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ნ. სხირტლაძე