საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-860(კ-24) 23 იანვარი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - შპს „გ...“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - საქართველოს გენერალური პროკურატურა
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივნისის განჩინება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
შპს „გ...ს“ წარმომადგენელმა მ. ფ-ემ 2018 წლის 04 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ და მოითხოვა საქართველოს გენერალურ პროკურატურას შპს „გ...ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 4 695 000 (ოთხი მილიონ ექვსას ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაერთო საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „გ...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შპს „გ...ს“ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „გ...ს“ წარმომადგენელმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივნისის განჩინებით შპს „გ...ს“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „გ...ს“ წარმომადგენელმა.
კასატორმა აღნიშნა, რომ პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე სამჯერ დაყადაღდა მისი კუთვნილი კომპანია - 2016 წლის 14 დეკემბერს, 2017 წლის 08 სექტემბერს და 2023 წლის 26 იანვარს. გენერალური პროკურატურის ორმა პროკურორმა კი შპს ,,გ...ს“ მილიონობით ღირებულების ქონება შესანახად არავის გადასცა. სასამართლომ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ უმსჯელია პროკურორების მიერ მიყენებულ ზიანზე, სამაგიეროდ ყურადღება გაამახვილა მასზედ, რომ მ. ფ-ემ მინდობილობები მისცა ყოფილი ცოლის ძმას ლ. მ-ის და ყოფილ სიძეს (შვილის ქმარს) - ე. ს-ის.
კასატორმა აღნიშნა, რომ მან მინდობილობის გაცემიდან რვა თვის შემდეგ გააუქმა ლ. მ-იის მიმართ გაცემული მინდობილობა. ასევე ორი თვის შემდეგ გააუქმა სიძის მიმართ გაცემული მინდობილობა, რომელიც ოჯახური ძალადობის ბრალდებით ციხეში მოხვდა. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე მითითებულია, რომ 2017 წლის 17 იანვრის ხელწერილის თანახმად, ლ. მ-იმა ჩაიბარა კომპანიის ქონება. თუმცა გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული თუ ვინ გადააბარა კომპანიის ქონება გ. ფ-ეს, რომელსაც კომპანიასთან არ აქვს არანაირი კავშირი და მხოლოდ ლაგოდეხის რაიონის სოფელ ...ის პოლიციის აგენტია. გ. ფ-ემ კომპანიის ქონების ნაწილი ოფიციალურად ქალაქ მარნეულში, ...ს ქ.N...-ში დარეგისტრირებულ სალარო აპარატით N ... გაყიდა. აღნიშნულ სალარო აპარატს შპს ,,გ...თან“ არავითარი კავშირი არ ჰქონდა. აღნიშნულის შემდეგ კომპანიას გაუჩნდა 46 000 ლარი დღგ-ს გადასახადი, შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურს მიეცა საშუალება ქონება ხელში ჩაეგდო. რაც შეეხება ქონების გაყიდვით მიღებულ თანხას, რომელიც დაახლოებით 500 000 ლარია პროკურატურა არ იძიებს.
კასატორის განმარტებით, შემოსავლების სამსახურმა ნაწილი ქონება ოფიციალურად გაყიდა, ნაწილი კი გ. ფ-ეის დახმარებით გაიქურდა. კასატორმა ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლზე, რომელიც მატერიალური ზიანის ანაზღაურების სავალდებულო პირობად ადგენს, რომ ზიანი უნდა წარმოიშვას სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეული შესრულების საფუძველზე. აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ფინანსური ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. შპს „გ...ს“ წარმომადგენლის მ. ფ-ეის განმარტებით, საქმის მასალებში წარმოდგენილია სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ პროკურორ ვ. ო-ეის მიერ, 2016 წლის 14 დეკემბერს დაყადაღებული ქონება 2018 წლის 17 იანვარს კომპანიის ვითომ წარმომადგენლის გ. ფ-ეის თანდასწრებით შეაფასეს და გასაყიდად გაამზადეს. დასახელებულმა პროკურორმა შპს ,,გ...ს“ ქონება შეგნებულად არავის არ გადააბარა, რასაც მოჰყვა კომპანიის გაქურდვა და განადგურება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „გ...ს“ საკასაციო საჩივარი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „გ...ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის შპს „გ...ს“ მიმართ საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლიანობა.
საკასაციო პალატა თავდაპირველად მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით (№1/719-17 საქმეზე) მ. ფ-ე დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. მ. ფ-ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან 2016 წლის 16 დეკემბრიდან. განაჩენის თანახმად, სასამართლომ დაადგინა, რომ შპს „ს...“ (ს/ნ ...) რეგისტრირებულია 2013 წელის 14 აგვისტოს. საზოგადოების ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა მოსახლეობისაგან გარკვეული საპროცენტო სარგებლით (დაახლოებით 20%-დან 35%-მდე) თანხების მიღება და მათი შემდგომი ინვესტირება. მისი ერთპიროვნული დამფუძნებელი იყო თ. მ-ი, ხოლო დირექტორის პოზიციას იკავებდა თ. ლ-ე. შპს „ს...ს“ საქმიანობას ფაქტობრივად სრულად წარმართავდა თ. მ-ის მეუღლე - მ. ფ-ე. კლიენტთა მოზიდვის მიზნით, საზოგადოება აქტიურად ეწეოდა სარეკლამო კამპანიას, რის საფუძველზეც არაერთმა მოქალაქემ განახორციელა ფულადი შენატანი, კერძოდ: 2013-2016 წლებში, შპს „ს...მ“ მოქალაქეებისაგან ჯამში სესხის სახით აიღო 34 359 020 ლარი, 70 194 445 აშშ დოლარი და 4 603 089 ევრო. აღნიშნული თანხები, შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით უნდა გამოყენებულიყო უფრო მომგებიანი ეკონომიკური საქმიანობისათვის, რათა საზოგადოებას მიეღო შემოსავალი და უზრუნველეყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების დროულად და სრულყოფილად შესრულება. მიუხედავად აღნიშნულისა, შპს „ს...ს“ დირექტორმა, რომელიც სრულად იყო პასუხისმგებელი საზოგადოების გამართულ საქმიანობაზე, მ. ფ-ეის წაქეზებით და თ. მ-ის დახმარებით, ყოველგვარი უზრუნველყოფისა და ეკონომიკური გათვლების გარეშე, გასცა სესხები როგორც თავად მ. ფ-ეის სახელზე, ისე ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ, არამომგებიან საწარმოებზე. ჯამში, სესხის სახით მ. ფ-ეზე გაცემულ იქნა მსესხებელთა მიერ შეტანილი 10 326 096 ლარი, 13 904 534 აშშ დოლარი და 796 136 ევრო, ხოლო შპს „გ...ზე“ – 328 000 ლარი და 108 300 აშშ დოლარი, რაც არ იქნა უკან დაბრუნებული და მ. ფ-ემ გამოიყენა პირადი შეხედულებისამებრ. მიღებული თანხების არამიზნობრივი ხარჯვიდან გამომდინარე, შპს „ს...მ“ ვეღარ უზრუნველყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების შესრულება და 2 343 მოქალაქეს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ფ-ემ ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის წაქეზება, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში.
განაჩენის მიხედვით, შპს „გ...ს“ ოფისისა და მ. ფ-ეის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა შემდეგი საგნები და დოკუმენტები: ე.წ. შავი ჩანაწერები; ხუთი ცალი კომპიუტერის პროცესორი; სამი ცალი ლეპტოპი; ერთი ცალი პროცესორიანი მონიტორი; ერთი ცალი ...-ის ფირმის დრონი; ...-ს ფირმის ვიდეოკამერა და მისი აქსესუარები; ორი ცალი სამაჯური, ოთხი ცალი ბეჭედი, ექვსი წყვილი საყურე, ერთი ცალი ყელსაბამი, ერთი ცალი ყელსაბამი ჯვარი, სამი ცალი ყელსაბამი კულონით და ერთი ცალი ჯვარი; ერთი ცალი ...-ის ფირმის თოფი - სარეგისტრაციო მოწმობით; ერთი ცალი ...-ის ფირმის თოფი - სარეგისტრაციო მოწმობით; ერთი ცალი ...-ის ფირმის თოფი - სარეგისტრაციო მოწმობით; ერთი ცალი ...-ს ფირმის თოფი - სარეგისტრაციო მოწმობით; ერთი ცალი ...-ის ფირმის ფისტოლეტი მჭიდით და ვაზნები 202 ცალი; 6 380 ლარი და 500 აშშ დოლარი; 1104.90 ლარი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაბრუნებოდა მის კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს. ამასთან, განაჩენით ყადაღა უნდა მოხსნილიყო შპს „გ...ს“ სახელზე რეგისტრირებულ 49 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 8 სექტემბრის განჩინებით №12/7890 საქმეზე ყადაღა დაედო მ. ფ-ეის სახელზე რეგისტრირებულ 13 ერთეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, 25 ერთეულ უძრავ ქონებას, შპს „გ...ს“ სახელზე რეგისტრირებულ 49 ერთეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას. განჩინების შესრულება დაევალა შესაბამის უწყებას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლებს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს 2017 წლის 11 სექტემბრის №0010039764 წერილით აღნიშნული განჩინება აღსრულების მიზნით გადაეგზავნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს შს სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს.
2017 წლის 19 სექტემბრის ყადაღის დადების ოქმის თანახმად, შპს „გ...სა“ და მ. ფ-ეის წარმომადგენლის ე. ს-ის, ასევე საქმეზე მოწვეული რუსული ენის თარჯიმნის გ. ფ-ეის მონაწილეობით განხორციელდა შპს „გ...სა“ და მ. ფ-ეის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების დაყადაღება. მოძრავი ქონების, კერძოდ, ავტოტრანსპორტისა და სპეცტექნიკის დაყადაღება განხორციელდა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ...ში. ყადაღის ოქმის მიხედვით, ე. ს-ის მიერ წარდგენილ იქნა 2017 წლის 8 სექტემბრის №12/7890 და 2017 წლის 15 სექტემბრის №12/8142-17 განჩინებებში მითითებული ის მოძრავი ქონება (ავტოსატრანსპორტო და სპეციალური ტექნიკა), რომელიც მისი განცხადებით მის მფლობელობაში იმყოფებოდა. ე. ს-ის მიერ ლაგოდეხის სოფელ ...ში წარდგენილ იქნა: მ. ფ-ეის სახელზე რეგისტრირებული 18 სატრანსპორტო საშუალება და შპს „გ...ს“ სახელზე რეგისტრირებული 41 სატრანსპორტო საშუალება. ყადაღის დადების ოქმის თანახმად, მას შემდეგ რაც აღნიშნული ქონება წარდგენილ იქნა ე. ს-ის მიერ ისინი ამოღებულ იქნა და ამის შემდეგ შესანახად ჩაბარდა ე. ს-ის. ყადაღის დადების ოქმის მიხედვით, ე. ს-ის განემარტა, რომ ხსენებული განჩინებებით ყადაღა ასევე დადებული ჰქონდა მ. ფ-ეის სახელზე რეგისტრირებულ კიდევ 7 სატრანსპორტო საშუალებას და შპს „გ...ს“ სახელზე რეგისტრირებულ 6 სატრანსპორტო საშუალებას. ე. ს-ის განემარტა, რომ აღნიშნული ქონებები, რომლებიც მისი განცხადებით, მის მფლობელობაში არ არის, სასამართლოს გადაწყვეტილებით წარმოადგენს დაყადაღების ობიექტს და მათი მის მფლობელობაში გადაცემის შემთხვევაში უნდა აცნობოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სასმახურს მათი დაყადაღებისა და ამოღების მიზნით. მასვე განემარტა, რომ ეკრძალება ქონების განკარგვა, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში აგრეთვე ამ ქონებით სარგებლობა. მასვე განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ.
სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების 2018 წლის 22 იანვრის №44262/09/17 დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი შპს „გ...ს“ კუთვნილი ქონების მთლიანი საბაზრო ღირებულება ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე შეფასების თარიღისათვის შეადგენდა 555 000 ლარს. 2016 წლის 14 დეკემბრის შპს „გ...ში“ თემატური შემოწმების ჩატარების აქტის თანახმად, შპს „გ...ს“ 2016 წლის 16 ნოემბრის მდგომარეობით ნაშთად ერიცხებოდა ქონება, რომლის პირვანდელი ღირებულება შეადგენდა 6 072 103 ლარს, ხოლო ნარჩენი საბალანსო ღირებულება 5 253 433 ლარს.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 21 თებერვლის №3775 ბრძანებით დაინიშნა შპს „გ...ს“ თემატური კამერალური შემოწმება აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 22 თებერვლის №4296 ბრძანების საფუძველზე ჩატარებულ საგადასახადო შემოწმებასთან დაკავშირებით შედგენილი 2017 წლის 22 დეკემბრის საგადასახადი შემოწმების აქტით გამოვლენილი სმფ-ების დანაკლისის მოგებისა და დღგ-ის შესაბამის საგადასახადო დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე გამოიცა 2018 წლის 23 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტი და შპს „გ...ს“ წარედგინა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 30 მარტის №7205 ბრძანება, რომლითაც გადამხდელს დამატებით დაერიცხა ძირითადი გადასახადი 421 230 ლარი და ჯარიმა 210 615 ლარი. 2017 წლის 10 აგვისტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „გ...ს“ დირექტორად და 100%-იანი წილის მესაკუთრედ რეგისტრირებულია მ. ფ-ე.
2016 წლის 26 დეკემბერს მ. ფ-ემ მინდობილობით უფლებამოსილება მიანიჭა ლ. მ-ის მასზედ, რომ მან მართოს შპს „გ...“, განახორციელოს მისი როგორც შპს-ს 100%-იანი წილის მფლობელის და დირექტორის უფლება-მოვალეობები, ასევე განახორციელოს ყველა ის უფლებამოსილებები, რაც შპს-ს წესდებით მინიჭებული აქვს დირექტორს. იყოს შპს „გ...ს“ წარმომადგენელი ნებისმიერ სახელმწიფო/არასახელმწიფო დაწესებულებებში, ფიზიკურ/იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, სანოტარო ბიუროში, ყველა ინსტანციის სასამართლოში, ყველა საბანკო დაწესებულებაში, სადაც წარადგინოს და დაიცვას შპს-ს ინტერესები, წარადგინოს/გამოითხოვოს/მიიღოს ნებისმიერი სახის დოკუმენტაცია/ცნობა/ამონაწერები. ასევე, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო მოქმედება/პროცედურები და ხელი მოაწეროს მისი სახელით ყველა საჭირო დოკუმენტებს. მინდობილობა გაიცა 1 (ერთი) წლის ვადით.
2017 წლის 14 აგვისტოს მ. ფ-ემ მინდობილობით უფლებამოსილება მიანიჭა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, ე. ს-ის მასზედ, რომ მან მართოს/განკარგოს შპს „გ...“, წარმოადგინოს შპს-ს ინტერესები, სახელმწიფო/არასახელმწიფო დაწესებულებებში, საგადასახადო ორგანოებში, ნებისმიერ სანოტარო ბიუროში, საფინანსო ორგანიზაციებში, ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში (მათ ნებისმიერ ფილიალში), კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო მოქმედება/პროცედურები, რაც დაკავშირებულია შპს-ს მართვა/განკარგვასთან და ხელი მოაწეროს საჭირო დოკუმენტებს. მასვე მიენიჭა უფლებამოსილება, წარადგინოს/დაიცვას მ. ფ-ეის ინტერესები სახელმწიფო/არასახელმწიფო დაწესებულებებში, საგადასახადო ორგანოებში, სსიპ-ებში, ნებისმიერ სანოტარო ბიუროში, საფინანსო ორგანიზაციებში, ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში (მათ ნებისმიერ ფილიალში), კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში. ამ დავალებების შესასრულებლად მიენიჭა უფლებამოსილება განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო მოქმედება/პროცედურები, რაც მინიჭებული აქვს წარმომადგენელს და ხელი მოაწეროს საჭირო დოკუმენტებს. მინდობილობა გაიცა 2 (ორი) წლის ვადით. აღნიშნული სანოტარო აქტი გაუქმდა მ. ფ-ეის მიერ 2017 წლის 18 ოქტომბრის სანოტარო აქტით.
ლ. მ-იის 2017 წლის 17 იანვრის ხელწერილის თანახმად, ლ. მ-იმა, როგორც შპს „გ...ს“ მინდობილმა პირმა შესანახად ჩაიბარა შპს „გ...ს“ საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება და მ. ფ-ეის საკუთრებაში არსებული 38 სული მსხვილფეხა პირუტყვი, 12 სული ღორი, 2 ცხენი, 14 სკა ფუტკარი, 1500ც. თივის პრესი, დაახლოებით 4 ტონა ქერი და დაახლოებით 20 ტონა სიმინდი.
გ. ფ-ეის ხელწერილის თანახმად, მან შესანახად ჩაიბარა შპს „გ...სა“ და მ. ფ-ეის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, პირუტყვი და ფუტკრის სკა. ხსენებული ქონება განთავსებულია სოფელ ...ში, სოფელ ...ში, სოფელ ...ში, სოფელ ...ში და ...ზე. აღნიშნული ხელწერილით გ. ფ-ემ დაადასტურა, რომ ჩაიბარა, ასევე სიმინდი, ქერი და თივის პრესები, რომელიც განთავსებულია სოფელ ...ის ფერმაში არსებულ შენობა-ნაგებობაში.
2017 წლის 28 აგვისტოს სანოტარო აქტით (რეგისტრირებულია რეესტრში №...) მ. ფ-ემ გააუქმა №8 დაწესებულების დირექტორის მიერ 28.12.2016 წელს დამოწმებულ მინდობილობა (მინდობილობის №...), რომლითაც მ. ფ-ემ ლ. მ-ის მიანიჭა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება საქართველოში ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში და უძრავ-მოძრავი ქონების მართვა-განკარგვის უფლება. მ. ფ-ემ და მისმა წარმომადგენელმა 2017 წლის ოქტომბერ-ნოემბრის თვეებში განცხადებებით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, შსს კახეთის რეგიონალურ სამხარეო სამმართველოს, საქართველოს მთავარ პროკურატურას, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ...ის პოლიციის უფროს და მოითხოვეს რეაგირება შემდეგ ფაქტებზე: შპს „გ...ს“ იჯარით აღებულ, ლაგოდეხის რ-ნის სოფელ ...ში 2500 ჰექტარი, ტყეში გაჩენილი ხანძართან დაკავშირებით და შპს „გ...ს“ საკუთრებაში არსებული მსხვილფეხა და წვრილფეხა შინაური ცხოველების, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მოძრავი ქონების გაყიდვა/განადგურებასთან დაკავშირებით.
გურჯაანის რაიონული პროკურატურის 2017 წლის 25 დეკემბრის №13/17-83721 წერილის თანახმად, 2017 წლის 14 დეკემბერს შსს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის №030141217001 საქმეზე, სამონადირეო მეურნეობა შპს „გ...ს“ ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო გაჩეხვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით; ასევე სისხლის სამართლის №030141217002 საქმეზე, ხანძრის შედეგად მ. ფ-ეის ტრაქტორის დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით. შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს ...ის პოლიციის განყოფილების უფროსის 2018 წლის 10 თებერვლის №MIA41800331535 წერილის თანახმად, 2018 წლის 23 იანვარს შს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს ...ის პოლიციის განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №030230118001 საქმეზე, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ...ში მდებარე მ. ფ-ეის კუთვნილი სამედიცინო ცენტრიდან სხვადასხვა ნივთების ქურდობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მ. ფ-ეის შვილის ვ. ფ-ეის განცხადება. საქმეზე ჩატარებულია რიგი სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა დამნაშავე პირის (პირთა) პიროვნებების დადგენა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა, ამასთან, განემარტა, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი პირის/პირების დადგენის მიზნით.
შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს ...ის პოლიციის განყოფილების 2018 წლის 4 მაისის №MIA91801044790 წერილის თანახმად, 2017 წლის 11 ნოემბერს შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს ...ის პოლიციის განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №030011117004 საქმეზე, შრომითი ხელშეკრულების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით. 2017 წლის 18 სექტემბერს კი შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს ...ის პოლიციის განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №030180917001 საქმეზე, მ. ფ-ეის ვენახიდან ყურძნის თვითნებურად დაუფლების შესახებ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით.
გურჯაანის რაიონული პროკურატურის 2018 წლის 14 დეკემბრის №13/17-93983 წერილის თანახმად, პროკურატურაში განხილულ იქნა მ. ფ-ეის 2018 წლის 19 ოქტომბრის და 14 ნოემბრის განცხადებები, სადაც მ. ფ-ე მიუთითებდა მის მიმართ ჩადენილ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე. მ. ფ-ეს ეცნობა, რომ 2018 წლის 2 ნოემბერს შსს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის №030021108002 საქმეზე, დაყადაღებული ქონების გასხვისების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნული დანაწესით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, სახელმწიფო სახსრებიდან აანაზღაუროს მისი მოსამსახურეების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანი.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოხელის ქმედება, რომელმაც ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურებრივი მოვალეობიდან და უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული, რაც გამოიხატება პირის შეგნებულ, მიზანმიმართულ უმოქმედობაში ან უხეშ გაუფრთხილებლობაში, ანუ პირი შეგნებულად უნდა უშვებდეს პირისათვის ზიანის მიმყენებელი გარემოების დადგომას და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს მის თავიდან ასაცილებლად. ამასთან, არსებითია დადასტურდეს ქმედების უკანონობა, ხოლო ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი. ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანი შესაბამისმა სახელმწიფო დაწესებულებამ უნდა აანაზღაუროს სრულად. ამასთან, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის უნდა დადასტურდეს ნორმატიულად განსაზღვრული შემდეგი წინაპირობების კუმულაციურად არსებობა: სახელმწიფო ორგანოს თანამშრომლის ქმედების უკანონობა; პირისთვის ზიანის მიყენება; შესაბამისად, მოსარჩელისთვის ზიანის ანაზღაურებისათვის აუცილებელია უტყუარად დადასტურდეს, რომ სწორედ საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომელთა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეულმა ქმედებამ განაპირობა მისი უზედამხედველოდ დარჩენილი ქონების განადგურება და დაკარგვა, აღნიშნული უნდა დასტურდებოდეს უტყუარი მტკიცებულებებით, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელისთვის ზიანის ანაზღაურების წინაპირობის დადასტურება სწორედ მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენს.
საკასაციო პალატა მიუთითებს მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეში არსებულ მასალებზე, რომლის თანახმად, ქონების ნაწილი, რომელიც ეკუთვნოდა მ. ფ-ეს, შპს გ...ს“, შპს ,,ს...ს“ და სხვა ბრალდებულებს, დაყადაღებულ იქნა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, როგორც ნივთმტკიცება და ისინი შესანახად და მოსავლელად ჩაბარდა კონკრეტულ პირებს, რაც დასტურდება სისხლის სამართლის საქმის მასალებით.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებულ პირს, ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, ხანდაზმული მშობელი, ან მის კმაყოფაზეა სხვა პირი, რომელიც ზედამხედველობისა და დახმარების გარეშე რჩება, პროკურორი და სასამართლო ვალდებული არიან, ისინი სამეურვეოდ გადასცენ ნათესავს, სხვა პირს ან შესაბამის დაწესებულებას, ხოლო თუ პირს უზედამხედველოდ რჩება ქონება, – განახორციელონ მისი დაცვის ღონისძიება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს თავისუფლებაშეზღუდული პირის მთელი ქონების დაცვის უზრუნველყოფის ვალდებულებას - როგორც უძრავი, ასევე მოძრავი ქონების, მათ შორის ძვირფასეულობის, ფულადი თანხის, ანტიკვარული ნივთების, სატრანსპორტო საშუალების, შინაური პირუტყვის და ა.შ. შესაბამისად, დასაცავად გადაცემული ქონება უნდა იქნეს აღწერილი და შეფასებული იმავე წესების დაცვით, რაც გამოიყენება ქონებაზე ყადაღის დადების შემთხვევაში.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზიანის არსებობის ფაქტი, არ ქმნის ადმინისტრაციული ორგანოსათვის ამ ზიანის დაკისრების სამართლებრივ საფუძველს. მოქმედი სამართლებრივი ნორმების თანახმად, აუცილებელია არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებასა (მოქმედება/უმოქმედობა) და დამდგარ შედეგს (ზიანი) შორის. კასატორის ძირითადი არგუმენტი მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების არის ის, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურამ შპს ,,გ...ს“ მილიონობით ღირებულების ქონება, მისი დაკავების შემდეგ, შესანახად არავის გადასცა, რამაც გამოიწვია კომპანიის უზედამხედველოდ დარჩენილი ქონების განადგურება და დაკარგვა. საკასაციო პალატა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსგავსად ვერ გაიზიარებს კასატორის აღნიშნულ პოზიციას და მისი არგუმენტაციის საპირწონედ მიუთითებს საქმეში არსებულ მასალებზე, რომლების თანახმად დადგენილია, რომ მ. ფ-ემ დაკავებიდან მალევე 2016 წლის 26 დეკემბერს მინდობილობა გასცა ლ. მ-იზე, რომელსაც მიანიჭა უფლებამოსილება, განეხორციელებინა ყველა ის უფლებამოსილებები, რაც შპს-ს წესდებით მინიჭებული აქვს დირექტორს. ლ. მ-იმა, 2017 წლის 17 იანვრის ხელწერილით, შესანახად ჩაიბარა შპს „გ...ს“ საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება და მ. ფ-ეის საკუთრებაში არსებული 38 სული მსხვილფეხა პირუტყვი, 12 სული ღორი, 2 ცხენი, 14 სკა ფუტკარი, 1500ც. თივის პრესი, დაახლოებით 4 ტონა ქერი და დაახლოებით 20 ტონა სიმინდი. საქმეში წარმოდგენილია 2017 წლის 14 აგვისტოს მინდობილობის ასლი, რომლითაც მ. ფ-ემ მინდობილობით უფლებამოსილება მიანიჭა ე. ს-ის შპს „გ...ს“ მართვა/განკარგვასთან დაკავშირებით. ასევე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 8 სექტემბრის განჩინებით №12/7890 სისხლის სამართლის საქმეზე, ყადაღა დაედო მ. ფ-ეის სახელზე რეგისტრირებულ 13 ერთეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, 25 ერთეულ უძრავ ქონებას, შპს „გ...ს“ სახელზე რეგისტრირებულ 49 ერთეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას.
2017 წლის 19 სექტემბრის ყადაღის დადების ოქმის თანახმად, შპს „გ...სა“ და მ. ფ-ეის წარმომადგენლის ე. ს-ის, ასევე საქმეზე მოწვეული რუსული ენის თარჯიმნის გ. ფ-ეის მონაწილეობით, განხორციელდა შპს „გ...სა“ და მ. ფ-ეის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების დაყადაღება. მოძრავი ქონების, კერძოდ ავტოტრანსპორტისა და სპეცტექნიკის დაყადაღება განხორციელდა ლაგოდეხის რაიონ სოფელ ...ში. ყადაღის ოქმის მიხედვით, ე. ს-ის მიერ წარდგენილი იქნა 2017 წლის 8 სექტემბრის 21 №12/7890 და 2017 წლის 15 სექტემბრის №12/8142-17 განჩინებებში მითითებული ის მოძრავი ქონება (ავტოსატრანსპორტო და სპეციალური ტექნიკა), რომელიც მისი განცხადებით, მის მფლობელობაში იმყოფებოდა. ე. ს-ის მიერ ლაგოდეხის რაიონის სოფელ ...ში წარდგენილი იქნა: მ. ფ-ეის სახელზე რეგისტრირებული 18 სატრანსპორტო საშუალება და შპს „გ...ს“ სახელზე რეგისტრირებული 41 სატრანსპორტო საშუალება. ყადაღის დადების ოქმის თანახმად, მას შემდეგ, რაც აღნიშნული ქონება წარდგენილი იქნა ე. ს-ის მიერ, ისინი ამოღებული იქნა და ამის შემდეგ შესანახად ჩაბარდა ე. ს-ის.
გარდა ზემოაღნიშნულისა საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს დავალების საფუძველზე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილი იქნა პასუხი, სადაც განმარტებულია, რომ 2018 წლის 20 დეკემბერს შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში გამოძიება დაიწყო, სისხლის სამსართლის N030201218001 საქმეზე, შპს ,,გ...ს“ ადმინისტრაციული შენეობიდან ტელევიზორების ქურდობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით. მიმდინარეობს გამოძიება და ამ ეტაპზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის (ტ-2, ს.ფ. 178).
სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 აპრილის საოქმო განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეს - საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაევალა სასამართლოსთვის წარმოედგინა ინფორმაცია: ვის მიერ იქნა ჩაბარებული შესანახად 2017 წლის 17 იანვრის ხელწერილში მითითებული უძრავი და მოძრავი ქონება ლ. მ-იისათვის, 2017 წლის 19 აგვისტოს ხელწერილში მითითებული ქონება - გ. ფ-ეისათვის, ასევე ე. ს-ისათვის (ასეთის არსებობის პირობებში). აღნიშული დავალების შესრულების მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილი იქნა პასუხი, სადაც მითითებულია, რომ ლ. მ-იზე, გ. ფ-ესა და ე. ს-იზე შპს ,,გ...ს“ ქონების გადაცემა განხორციელდა სისხლის სამართლის საქმის წარმოების ფარგლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლების მეშვეობით. მტკიცებულების სახით განცხადებას თან ერთვის, 2017 წლის 17 იანვრის დათვალიერების და 2017 წლის 19 სექტემბრის ყადაღის დადების ოქმები (ტ-2. ს.ფ. 305). საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს 2017 წლის 17 იანვრის დათვალიერების ოქმის თანახმად დგინდება, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას მოწმის სტატუსით ესწრებოდა ლ. მ-იი, რომელსაც ამოღებული ქონება ხელწერილით შესანახად ჩაბარდა (ტ-2, ს.ფ. 306-310). რაც შეეხება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს 2017 წლის 19 სექტემბრის ყადაღის დადების ოქმს, მასში მოხსენიებულია გ. ფ-ე, როგორც რუსული ენის თარჯიმანი, ხოლო ე. ს-ი არის წარმოდგენილი, როგორც შპს ,,გ...სა“ და მ. ფ-ეის მინდობილი პირი. ე. ს-ის მიერ წარმოდგენილი იქნა გამოძიებისთვის ის მოძრავი ქონება, რომელიც მის მფლობელობაში იყო. წარმოდგენილი ქონება ამოღებული იქნა და ამის შემდეგ შესანახად ჩაბარდა ე. ს-ის (ტ-2, ს.ფ. 311-319).
ამდენად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ მ. ფ-ეის დაკავებისა და მისი მსჯავრდების შემდეგ, შპს „გ...ს“ კუთვნილ ქონებაზე განხორციელდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებები, შესაბამისად, იგი არ ყოფილა დატოვებული უმეთვალყურეოდ და მათზე ზრუნვა დაევალა მ. ფ-ეის მხრიდან ნდობააღჭურვილ პირებს. მართალია, მინდობილობები მოგვიანებით გაუქმდა, მაგრამ ქონების ზემოაღნიშნული პირებისთვის შესანახად მიბარების დროისათვის, წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები ძალაში იყო და ისინი არ ყოფილა ქონების შესანახად გადაცემის მომენტისათვის გაუქმებული. ურთიერთობა რწმუნებულსა და მარწმუნებელს შორის წარმოადგენს კერძო-სამართლებრივ ურთიერთობას. შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად განმარტეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მ. ფ-ეს აქვს პრეტენზია შპს „გ...ს“ კონკრეტული ქონების განკარგვა/განადგურებასთან დაკავშირებით, რომელიც განხორციელდა მისი წარმომადგენლების მხრიდან მასთან შეთანხმების გარეშე, აღნიშნულისათვის პასუხისმგებლობა ვერ დაკისრება საქართველოს გენერალურ პროკურატურას, ვინაიდან დამდგარ ზიანსა და ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებას (მოქმედება/უმოქმედობა) შორის არ იკვეთება მიზეზობრივი კავშირი, რაც ზიანის ანაზღაურების საფუძველი გახდებოდა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ შპს ,,გ...ს“ მისი კუთვნილი ქონებისათვის ზიანის მიყენებასა და გაქურდვასთან დაკავშირებით მიმართული აქვს სამართალდამცავი ორგანოებისათვის, რაც დასტურდება საქმის მასალებით. კერძოდ, 2017 წლის ოქტომბერ-ნოემბრის თვეებში განცხადებებით აქვს მიმართული საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე, საქართველოს მთავრობის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, შსს კახეთის რეგიონალურ სამხარეო სამმართველოს, საქართველოს მთავარი პროკურატურის, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ...ის პოლიციის უფროსისთვის, რეაგირების მოთხოვნით შემდეგ ფაქტებზე: შპს „გ...ს“ იჯარით აღებულ, ლაგოდეხის რ-ნი სოფელ ...ში 2500 ჰექტარ ტყეში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით და შპს „გ...ს“ საკუთრებაში არსებული მსხვილფეხა და წვრილფეხა შინაური ცხოველების, ავტოსატრანსპრტო საშუალებებისა და სხვა მოძრავი ქონების გაყიდვა/განადგურებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ ფაქტებზე, როგორც საქმის მასალებით დგინდება, უფლებამოსილი ორგანოების მიერ მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა მოცემულ ეტაპზე არ არის დადგენილი ვინმეს ბრალეულობა, რომლის უკანონო ქმედებებიდან გამომდინარე მ. ფ-ეს, როგორც დაზარალებულს, წარმოეშვება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. შპს „გ...ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ.გოგიაშვილი
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ნ. სხირტლაძე