საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-982(კ-23) 21 იანვარი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გენადი მაკარიძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ე. გ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 16 ივნისს ე. გ-ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: 1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის ე. გ-ეის სამსახურიდან გათავისუფლებისა და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის თაობაზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 16 მაისის ბრძანების ბათილად ცნობა; 2. ტყიბულის მერიისთვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც ე. გ-ე აღდგება ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის პოზიციაზე; 3. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ე. გ-ეის სასარგებლოდ 2022 წლის 16 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება ყოველთვიურად თანამდებობრივი სარგოს - 1100 ლარის ოდენობით, ასევე, საკლასო დანამატის დაკისრება 22 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის განმარტებით, იგი 1999 წლიდან მუშაობდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში სხვადასხვა პოზიციაზე. სამსახურიდან გათავისუფლებამდე იგი იკავებდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის პოზიციას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მერიაში დაწყებული რეორგანიზაცია განხორციელდა კანონდარღვევით, მერმა თავისი ინიციატივით, მოხელის გადაყვანის წესებისა თუ მობილობის წესების გვერდის ავლით, ახლად შექმნილ შტატებზე დანიშნა თავისთვის სასურველი კადრები, ხოლო იმ პირებს, რომლებსაც შესაბამისი კვალიფიკაცია და მსგავსი ფუნქციების შესრულების გამოცდილება ჰქონდათ, კონკურსში მონაწილეობის საშუალებაც კი არ მისცა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 ივნისის განჩინებით ე. გ-ეის სარჩელი, განსჯადობის წესის დაცვით, გადაეგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს - ტყიბულის მაგისტრატ სასამართლოს.
ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს 2022 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. გ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 16 მაისის ბრძანება ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის ე. გ-ეის სამსახურიდან გათავისუფლებისა და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის თაობაზე; ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილად შესწავლის და გამოკვლევის საფუძველზე, ასევე წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ე. გ-ეის მიმართ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. დანარჩენ ნაწილში ე. გ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მაგისტრატმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რეორგანიზაციის შემდგომ მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა აღარ არსებობდა და მისი თანამდებობის მსგავსი (ფუნქციური დატვირთვით) საშტატო ერთეული არ შექმნილა, თუმცა რეორგანიზაციის ხასიათიდან გამომდინარე არ გამოირიცხებოდა მოხელის გადაყვანა სხვა, მათ შორის, რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ, ახალ, თუნდაც რანგით უფრო დაბალ პოზიციაზე, ვინაიდან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტით იმპერატიულად არის განსაზღვრული თავდაპირველად საჯარო მოხელის უწინდელი თანამდებობის ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის შეთავაზება, ხოლო რამდენიმე კანდიდატის არსებობის პირობებში უპირატესობის მინიჭება იმ საჯარო მოხელისათვის, რომელსაც უფრო მაღალი იერარქიული რანგი, გამოცდილება, კვალიფიკაცია, კომპეტენცია, პიროვნული თუ სხვა სახის თვისებები გააჩნია. ამასთან, მნიშვნელოვანია აღნიშნული უპირატესობა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასაბუთებული იყოს შესაბამის საპროცესო დოკუმენტში, რათა სასამართლოს შეეძლოს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებაზე ეფექტური კონტროლის განხორციელება.
ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს 2022 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ე. გ-ემ და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით ე. გ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ტყიბულის მაგისტრატი მოსამართლის 2022 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ე. გ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე თანამდებობიდან გათავისუფლდა კანონის შესაბამისად, რეორგანიზაციის გამო, რასაც თან სდევდა შტატის შემცირება. სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ე. გ-ეის თანამდებობის გაუქმება ჩატარებული რეორგანიზაციის ფარგლებში, ასევე ის გარემოება, რომ ახალი ტოლფასი თანამდებობა არ შექმნილა. რეორგანიზაციის დაწყების წინაპირობები, პროცესი და შედეგები ცალსახად ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ არ არსებობდა სხვა მუშაკი, რომლის გამოცდილებასთან ერთად შესწავლილი იქნებოდა მოსარჩელე ე. გ-ეის გამოცდილება, მათ შორის უპირატესობის დადგენის მიზნით. რაც შეეხება დაბალი რანგის შტატს - ის რეორგანიზაციის პროცესში შენარჩუნებული შტატია თავისი ფუნქციური დანიშნულებით და მასზე დასაქმებულ პირთა მხრიდან საქმიანობის გაგრძელება კანონიერია, რამდენადაც რეორგანიზაციის პროცესს გავლენა არ მოუხდენია მასზე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. გ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად საორგანიზაციო განყოფილება გაუქმდა, სადაც მუშაობდნენ ი. ფ-ე და ნ. ჩ-ი. ადმინისტრაციული და საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ახლად შექმნილ შტატებზე კი გადაყვანილ იქნა რეორგანიზაციამდე ადმინისტრაციულ სამსახურზე დაქვემდებარებული ერთ-ერთი განყოფილების - ... სპეციალისტი - ი. ფ-ე და ...ის სპეციალისტი - ნ. ჩ-ი. რეორგანიზაციის შედეგად, მათი შტატები გაუქმებულია, ვინაიდან მათი განყოფილება აღარ არსებობს, თუმცა ისინი „ჰორიზონტალური“ პრინციპით გადაიყვანეს ახლად შექმნილ შტატებზე. მერიის მითითებით ისინი ტოლფას თანამდებობაზე იქნენ გადაყვანილნი, ხოლო ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტი - ე. გ-ე, სამსახურიდან გაათავისუფლეს. რეორგანიზაციის პროცესში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ განიხილა რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ რომელიმე პოზიციაზე ე. გ-ეის გადანიშვნის საკითხი, თუნდაც უფრო დაბალ პოზიციაზე. საქმის მასალებით არ ირკვევა, შეფასდა თუ არა ე. გ-ეის პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა ახალი სამსახურებისათვის არსებული კადრების საჭიროებებთან მიმართებით, არ ირკვევა შეფასების კრიტერიუმები თანამშრომელთა მიმართ გადარჩევის პროცესში. კასატორის მოსაზრებით, სამსახურიდან გაშვება რეორგანიზაციამდე მოგებულმა პროცესმა განაპირობა და არა რეორგანიზაციის საბოლოო შედეგმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე. გ-ეის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. გ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. შესაბამისად, კონსტიტუციით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან განთავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი (ამჟამად მოქმედი რედაქციის 25-ე მუხლი) იცავს მოქალაქის უფლებას საჯარო სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად განთავისუფლებისაგან (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი „იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“. ამდენად, საჯარო მოხელის სამსახურიდან განთავისუფლების მატერიალური საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში 31.01.2022 წლის №ბ74.74220313 ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ განსაზღვრული საჭიროებების გათვალისწინებით, 17.02.2022 წლიდან 16.05.2022 წლამდე პერიოდში განხორციელდა რეორგანიზაცია, რის შესახებაც თანამშრომლები ინფორმირებულნი იყვნენ. რეორგანიზაციის საფუძველზე შეიქმნა მერიის ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციის პროცესს თან ახლდა შტატების შემცირება. დადგენილია, რომ რეორგანიზაციამდე ...ის - ე. გ-ეის ფუნქციები იყო: საჯარო ინფორმაციის დროული მომზადება-მიწოდება; საინფორმაციო-ტექნოლოგიური და პროგრამული მომსახურება; სოციალური გამოკითხვის ორგანიზება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული "პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის" მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, შტატების შემცირება არის საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის გამო საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხით განსაზღვრული საშტატო თანამდებობების ზღვრული ოდენობის შემცირება ან/და არსებული საშტატო ერთეულისათვის დადგენილი ფუნქციის გაუქმება. საშტატო ერთეულის გაუქმება თავის თავში გულისხმობს იმავე ფუნქციური დატვირთვის და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე საშტატო ერთეულის, საშტატო ნუსხიდან ამოღებას (გაუქმებას). ამდენად, რეორგანიზაციის საფუძვლით მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ამ პროცესს თან სდევს შესაბამისი საშტატო ერთეულის შემცირება/გაუქმება, ხოლო საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ტოლფასი შტატი.
დადგენილია, რომ „ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის №20 დადგენილების მიხედვით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურაში შედიოდა ადმინისტრაციული სამსახური, რომელიც ჯამში აერთიანებდა 15 თანამშრომელს, რეორგანიზაციის შედეგად ადმინისტრაციული სამსახური შეუერთდა საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს, ეს უკანასკნელი შედგებოდა 11 საშტატო ერთეულისაგან. სამსახურების გაერთიანების შედეგად კი ადმინისტრაციული და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის შემადგენლობა განისაზღვრა სულ 21 საშტატო ერთეულით, ანუ შტატების რიცხვი შემცირდა.
ასევე დადგენილია, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 მაისის №16 დადგენილებით დამტკიცებული „ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულებითა“ და 13.05.2022 წლის მერიის სამსახურებში მოხელეთა ფუნქციათა გადანაწილების თაობაზე ბრძანებების მიხედვით, მოსარჩელის მიერ დაკავებული პოზიციის ტოლფასი თანამდებობა, ანუ ფუნქციური დატვირთვით მსგავსი ან ზუსტად იგივე პოზიცია არ შექმნილა.
რაც შეეხება რეორგანიზაციის პროცესში ჰორიზონტალური გადაყვანის წესის დარღვევას, საკასაციო პალატა იზიარებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ... სპეციალისტების - ნ. ჩ-ისა და ი. ფ-ეის გადაყვანისას კანონის მოთხოვნათა დარღვევა არ იკვეთება. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე სადავოდ არ ხდის აღნიშნული პირების დასაქმების მიზნით გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ნ. ჩ-ისა და ი. ფ-ეის მიერ რეორგანიზაციის შემდგომ დაკავებული პოზიციები წარმოადგენს იმავე რანგისა და კატეგორიის პოზიციებს (... სპეციალისტები), რასაც ისინი რეორგანიზაციამდე იკავებდნენ, უცვლელი დარჩა აღნიშნული პოზიციების დასაკავებლად საჭირო ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და არ შეცვლილა მათი შრომის ანაზღაურების ოდენობა. ისინი რეორგანიზაციამდე წარმოადგენდნენ ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის - საორგანიზაციო განყოფილების სპეციალისტებს, რეორგანიზაციის შემდგომაც აღნიშნული პოზიციები ისევ სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის სპეციალისტებად განისაზღვრნენ და ამ პოზიციებზე დასაქმებულნი გადაყვანილ იქნენ ადმინისტრაციული და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში. დასახელებული თანამდებობები ატარებდნენ მოხელეების მიერ რეორგანიზაციამდე დაკავებული საშტატო ერთეულის იდენტურ ფუნქციურ დატვირთვას. ამრიგად, ნ. ჩ-ისა და ი. ფ-ეის მიერ დაკავებული თანამდებობებისათვის რეორგანიზაციამდე და რეორგანიზაციის შემდგომ დაკისრებული უფლება-მოვალეობების წრე შინაარსობრივად არ შეცვლილა.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებული ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის 2022 წლის 15 აპრილის სხდომის ოქმით ირკვევა, რომ სამუშაო ჯგუფმა მოახდინა იმ მოხელეთა იდენტიფიცირება, ვისი გადაყვანაც შესაძლებელი იყო „ჰორიზონტალური გადაყვანით“, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ გაუქმდა სტრუქტურული ერთეული - სამსახური ან განყოფილება, თანამდებობები ანალოგიური ფუნქციებით შეიქმნა სხვა სტრუქტურულ ერთეულში, შესაბამისად, ამ თანამდებობებს არ შეეხო რეორგანიზაცია. ოქმზე თანდართული ცხრილის შესაბამისად, „ჰორიზონტალური გადაყვანა“ შეეხო 27 პირს. ახლადშექმნილ ადმინისტრაციულ და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დაქვემდებარებაში არსებულ ბიუჯეტირებისა და ანგარიშგების განყოფილებაში გადაიყვანეს 4 პირი, კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტის განვითარების და კომუნიკაციების მართვის განყოფილებაში - 5 პირი, საქმისწარმოების და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში - 3 პირი.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობას მასზედ, რომ სამსახურის საჭიროებების შეფასებისა და აღნიშნულის შედეგად საკადრო საკითხების გადაწყვეტისას ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობს მიხედულების ფართო ფარგლებით. შესაბამისად, განსაზღვრა იმისა, კონკრეტულად რომელი შტატის/შტატების არსებობაა საჭირო და საკმარისი ადმინისტრაციული ორგანოს სრული, ეფექტური და მაქსიმალურად ეკონომიური ფუნქციონირებისათვის, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს განეკუთვნება.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებულ „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესზე“, რომლითაც განსაზღვრულია საჯარო დაწესებულებების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას შესაბამისი პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი და პირობები, მობილობის პროცესში ჩართული სუბიექტების უფლებამოსილების განხორციელების საკითხები. დასახელებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, შტატების შემცირება გულისხმობს – საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხით განსაზღვრული საშტატო თანამდებობების ზღვრული ოდენობის შემცირებას ან/და არსებული საშტატო ერთეულისათვის დადგენილი ფუნქციის გაუქმებას. ამავე წესის მე-5 მუხლის მე-2-მე-4 პუნქტების შესაბამისად, რეორგანიზაციად არ მიიჩნევა საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში: ა) თანამდებობ(ებ)ის იერარქიული რანგის ან/და კატეგორიის ცვლილების გარეშე სტრუქტურული ერთეულის/თანამდებობის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა, საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის/თანამდებობისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება; ბ) თანამდებობ(ებ)ის იერარქიული რანგის ან/და კატეგორიის ცვლილებით ან მის გარეშე საჯარო დაწესებულების ვაკანტური შტატების გადაადგილება ან/და შემცირება; გ) ინსტიტუციური მოწყობის ცვლილების გარეშე საშტატო ერთეულის დამატება. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი გამოსცემს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის დაწყების შესახებ შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს და განსაზღვრავს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებს. მითითებული „წესის“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციისას და აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციას ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმას თან სდევს საჯარო დაწესებულების საშტატო რიცხოვნობის შემცირება, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და შერწყმის დასრულებამდე ერთი თვით ადრე განსაზღვროს თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელეთა სია და აცნობოს მათ რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და შერწყმის შესაძლო შედეგები (პირველი პუნქტი). საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელ მოხელეთა სხვა საჯარო დაწესებულებაში მობილობის ეტაპზე საჯარო დაწესებულება ვალდებულია, ითანამშრომლოს ბიუროსთან თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელეების კომპეტენციის შესაბამისი თანამდებობის მოძიებისა და მათი ხელახალი დასაქმების მიზნით (მე-2 პუნქტი). მობილობის ეტაპი გრძელდება საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის დასრულებამდე 1 თვის განმავლობაში (მე-3 პუნქტი).
„პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელი მოხელის მობილობა განახორციელოს იმავე საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის ან მოხელის თანხმობის არარსებობისას - სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ სხვა საჯარო დაწესებულებაში ვერ განხორციელდა პირის მობილობა ტოლფას თანამდებობაზე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, მოხელის მობილობა განახორციელოს იმავე საჯარო დაწესებულებაში დაბალ თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის ან მოხელის თანხმობის არარსებობისას – სხვა საჯარო დაწესებულებაში დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2022 წლის 6 მაისს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა მიმართა თერჯოლის და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას, ასევე საკრებულოს ვაკანტურ ადგილებზე ე. გ-ეის მობილობის წესით გადასვლის საკითხის განხილვის მიზნით, თუმცა ყველა მათგანმა უარი განაცხადა მოსარჩელის გარე მობილობის წესით გადაყვანაზე. 2022 წლის 13 მაისს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსს აცნობა, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტის რიგი მოხელეების მობილობა შეუძლებელი იყო, აღნიშნულიდან გამომდინარე, 9 მოხელე მათი თანხმობით გადაიყვანეს მოხელეთა რეზერვში. ამ მოხელეთა შორის მითითებული იყო მოსარჩელე ე. გ-ე.
ამდენად, ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის, ასევე საქმის მასალების ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული აქტი კანონშესაბამისია, ხოლო, სასარჩელო მოთხოვნა თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ უსაფუძვლოა და მართებულად არ დაკმაყოფილდა სააპელაციო სასამართლოს მიერ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. გ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
გ. მაკარიძე
გ. აბუსერიძე