Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1000(კ-24) 15 იანვარი, 2025 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ. მ-ა

მესამე პირები - გ. გ-ა, გვ. გ-ა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. მ-ამ 2022 წლის 10 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ ამავე სააგენტოს 2022 წლის 28 იანვრის №03-319/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის, ნ. მ-ას დევნილი ოჯახის ქალაქ ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე არის აფხაზეთიდან დევნილი, რომელიც 2014 და 2016 წლებში დაბადებულ არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს მეუღლის დის სახლში. მული აპირებს სახლის გაყიდვას, რის შემდეგაც მოსარჩელე შვილებთან ერთად დარჩება ქუჩაში. ამასთანავე, მოსარჩელის ოჯახი არის სოციალურად დაუცველი და მისი შემოსავლის ძირითადი წყაროა ყოველთვიური სოციალური დახმარება. სააგენტომ კი უარი უთხრა განცხადების დაკმაყოფილებაზე ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო იმ საფუძვლით, რომ იგი ცხოვრობს მეუღლის მამა-პაპისეულ სახლში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. მ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ ამავე სააგენტოს 2022 წლის 28 იანვრის №03-319/ო ბრძანება; მოპასუხეს, ნ. მ-ას დევნილი ოჯახის ქალაქ ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივლისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ მართალია, ნ. მ-ასათვის მინიჭებული ქულათა ოდენობა ქმნიდა საცხოვრებლით უზრუნველყოფილს შესაძლებლობას, თუმცა დევნილ ოჯახს უარი ეთქვა არა ქულათა არასაკმარისი ოდენობის, არამედ ალტერნატიული საცხოვრებლის ქონის - მეუღლის მამა-პაპისეულ სახლში ცხოვრების გამო.

კასატორი ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ქალაქ ზუგდიდში გასანაწილებელი იყო 671 ბინა. ახალაშენებულ შენობებში საცხოვრებელი ფართს მიღების თაობაზე განაცხადებთან ერთად განხილულ იქნა, ასევე, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე გამოყოფილი ორი ნგრევადი ობიექტიდან ოჯახთა განსახლების საკითხი. ამდენად, რადგან ნ. მ-ა ცხოვრობდა მეუღლის მამა-პაპისეულ სახლში, ასევე მის დედას ჰქონდა მამა-პაპისეული სახლი ...ში, პრიორიტეტი მიენიჭა დანარჩენ განაცხადებს და მას უარი ეთქვა ამ ეტაპზე განსახლებაზე. აქედან გამომდინარე, სადავო აქტის გამოცემას საფუძვლად დაედო წარმოდგენილი ბინების სიმწირე, ნგრევადი ობიექტიდან გამოსახლებულ პირთა რაოდენობა და იმ გარემოების გათვალისწინება, რომ არ დადასტურდა ნ. მ-ას ოჯახის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოცემულ ეტაპზე ნ. მ-ას დევნილი ოჯახისთვის კრიტერიუმების გარეშე გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება, ოჯახის გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის საფუძვლით, ალტერნატიული საცხოვრებლის ქონის გამო.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამასთან, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ დანართი №1-ის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება.

განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის დევნილი ოჯახის მდგომარეობა, დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით, შეფასდა 5 ქულით, კერძოდ, საცხოვრებლის ფინანსურ პირობებში - ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე ცხოვრების გამო მიანიჭა 1.5 ქულა, 18 წლამდე ასაკის წევრების ყოლის გამო (ორი არასრულწლოვანი) - 1 ქულა, ხოლო სოციალურ კრიტერიუმში (30001-57000 შორის სარეიტინგო ქულით) – 2.5 ქულა.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე, რომლისთვისაც ბოლო 5 წლის განმავლობაში უცნობია ყოფილი მეუღლის ადგილსამყოფელი, ზრდის ორ არასრულწლოვანს. სადავო არ არის ის გარემოება, რომ მას საკუთრებაში არ გააჩნია საცხოვრებელი სახლი, თუმცა უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად მითითებულია, რომ ნ. მ-ა ცხოვრობს მეუღლის მამა-პაპისეულ სახლში. ამდენად, გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არარსებობა გახდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნ. მ-ასათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 28 იანვრის №03-319/ო ბრძანების გამოცემის საფუძველი.

საკასაციო სასამართლო, მოსარჩელის მეუღლის მამა-პაპისეულ სახლში ცხოვრებისა და ალტერნატიული საცხოვრებლის ქონის ფაქტთან დაკავშირებით ყურადღებას გაამახვილებს მონიტორინგის ფორმაზე არსებულ გრაფაზე, რომელშიც მოცემულია წინა საცხოვრებელ მისამართებზე ქირით თუ ქირის გარეშე ცხორების ხანგრძლივობა. აღნიშნული ფორმის მიხედვით, ნ. მ-ა 2015 წლიდან დღემდე ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე ქირის გარეშე მეუღლის მამა-პაპისეულ სახლში. 2013 წლიდან 2015 წლამდე ცხოვრობდა ქალაქ თბილისში, ...ში, ...ის ქუჩაზე ქირით, 1995 წლიდან 2013 წლამდე ...ში, დედის ძირსახლში, 1993 წლიდან 1995 წლამდე ცხოვრობდა ფოთში, ...ში, ...ში. მითითებული საცხოვრებელი ადგილების ცვალებადობის სიხშირე და თავად უძრავი ქონების მესაკუთრეების მოსარჩელესთან ნათესაური კავშირის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე მეუღლის მამა-პაპისეულ სახლში ცხოვრება, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ცალსახად არ წარმოშობს მოსარჩელის ოჯახისათვის ქალაქ ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველს. მეუღლის მამა-პაპისეულ სახლში ცხოვრება არ ნიშნავს, რომ ის უზრუნველყოფილია საცხოვრებლით. ამასთან, მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელეს შეუძლია დროებით, აუცილებლობიდან გამომდინარე, ისარგებლოს სხვის საკუთრებაში არსებული ფართით, არ იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ იგი ალტერნატიული ფართით უზრუნველყოფილია და არ საჭიროებს სახელმწიფოს გადაუდებელ დახმარებას. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ, მეზობლების ნოტარიულად დამოწმებულ წერილზე, რომელიც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ნ. მ-ას და ბავშვების მამიდას შორის მწვავე კონფლიქტია, რაც უარყოფით გავლენას ახდენს არასრულწლოვანების ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ამავე წერილში აღნიშნულია, რომ ბავშვების მამა ბოლო 5 წელია არ ცხოვრობს ოჯახთან ერთად.

აღსანიშნავია, რომ ნ. მ-ას დევნილი ოჯახის წევრებს წარმოადგენენ ასევე მისი არასრულწლოვანი შვილები. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. ამასთან, ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად კი, ბავშვის უფლებებზე გავლენის მომხდენი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს, ხოლო ქმედება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასების საფუძველზე.

მოცემულ შემთხვევაში, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნ. მ-ასთან ერთად გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ასევე უარი ეთქვათ მის არასრულწლოვან შვილებს, რომელთა უპირატესი ინტერესების დაცვაც ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევ ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ ნ. მ-ას დევნილ ოჯახს უკანონოდ ეთქვა უარი გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე, რაც გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის მოსარჩელის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობებს წარმოადგენს.

ამდენად, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ნ. სხირტლაძე