საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1271(კ-23) 21 იანვარი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გენადი მაკარიძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოსარჩელეები) - ლ. ვ-ი, გ. ვ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტო
მესამე პირი - დ. რ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ივლისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 30 აპრილს ლ. ვ-იმა და გ. ვ-იმა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელეებმა სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 28 თებერვლის №... და 2020 წლის 30 მარტის №... გადაწყვეტილებების, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 4 აპრილის №... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 2 აპრილის №... და 2020 წლის 29 მაისის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა. ასევე, სააგენტოსათვის ლ. და გ. ვ-იების 2019 წლის 22 აგვისტოს №... განცხადების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია ქ. თბილისში, ...ში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე უძრავ ნივთზე (ს/კ ...).
მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და მოპასუხეს უნდა დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით ლ. ვ-ისა და გ. ვ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ვ-იმა და გ. ვ-იმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ივლისის განჩინებით ლ. ვ-ისა და გ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებზე მითითებით განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდებოდა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეთა მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამებოდა მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდიოდა სადავო ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.
სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 11 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ვ-იმა და გ. ვ-იმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორების განმარტებით, საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე შეიძინეს უძრავი ქონება, თუმცა საჯარო რეესტრი ტექაღრიცხვის ბიუროში არსებული ჩანაწერის საფუძველზე უარს აცხადებს მთლიან უძრავ ქონებაზე შემძენის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. აღნიშნული ვითარება არ ემსახურება საკუთრების უფლების რეალურ დაცვას. სადავო ქონება წილობრივად იყო გადანაწილებული თანამესაკუთრეთა შორის, რომლებმაც აღნიშნული ქონება საკუთარი სურვილით საკუთრებაში გადასცეს გ. ვ-ისა და ლ. ვ-ის. შესაბამისად, საკუთრების წარმოშობის უფლება თავიდანვე ჩანდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და არსებობდა უფლების დამდგენი დოკუმენტებიც, რომლითაც დასტურდებოდა მთლიანი უძრავი ქონების ახალი მესაკუთრეებისადმი კუთვნილება. ამდენად, კასატორები მიიჩნევენ, რომ ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად არ შეფასდა, რამაც გამოიწვია საქმეზე დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. ვ-ისა და გ. ვ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ვ-ისა და გ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ - სააგენტო) უფლება-მოვალეობებს. მითითებული კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
ხსენებული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი ასევე განსაზღვრავს სარეგისტრაციო დოკუმენტის დეფინიციას, კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო „ლ“ პუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია განმარტებულია, როგორც რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ პირი, რომელიც მიმართავს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციის მოთხოვნით, იგი, იმავდროულად, ვალდებულია წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც წარმოშობს მოთხოვნის რეგისტრაციის შესაძლებლობასა და საფუძველს. ამასთან, რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები გათვალისწინებულია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 22-ე, 23-ე მუხლებით.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონის 41 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა სისტემური რეგისტრაციისა და იმ შემთხვევისა, როდესაც სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელეთა მიერ მომზადებული აზომვითი ნახაზის მიხედვით წარდგენილი მიწის ნაკვეთი სცდებოდა საინვენტარიზაციო გეგმაზე წარდგენილი ნაკვეთის საზღვრებს (ტ.1, გვ. 221, 231-232), სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება და მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენის მოთხოვნით მიმართა მთაწმინდის რაიონის გამგეობას, რომელსაც 2020 წლის 24 თებერვლის №... გადაწყვეტილებით უკვე დადგენილი ჰქონდა მიწის ნაკვეთების იდენტურობა (ტ.1, გვ. 213). მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ სადავო გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა იდენტურობის დადგენის შემდგომ, მისი მიღებით არ დასტურდება მოსარჩელეთათვის არსებითი ზიანის მიყენება, რამეთუ სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტა განხორციელდა ამავე სააგენტოს 2020 წლის 30 მარტის N... და 4 აპრილის N... გადაწყვეტილებებით დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რაც სრულიად სხვა საფუძველს წარმოადგენდა. შესაბამისად, დაუსაბუთებელია მოსარჩელე მხარის ინტერესი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 28 თებერვლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მიმართ. რაც შეეხება №... განცხადებაზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტას, აღნიშნულის საფუძველი გახდა დ. რ-ის თანხმობის წარუდგენლობა, რომლის წარდგენაც მოსარჩელე მხარეს დაევალა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 30 მარტის №... და 4 აპრილის №... გადაწყვეტილებებით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა. ჩ-ას სამკვიდრო, უძრავი ქონების 1/7 ნაწილი მიიღო თ. ჩ-ამ, ხოლო 2019 წლის 20 აგვისტოს თ. ჩ-ასა და ლ. ვ-ის შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა ქალაქ თბილისში, ...ში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე უძრავი ქონებიდან თ. ჩ-ის კუთვნილი 1/7 ნაწილი, რაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 22 აგვისტოს №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, საკუთრების უფლებით აღირიცხა ლ. ვ-ის სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1993.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, №2, №3, №4, №5 (ტ. 2, გვ. 279-280, 288, 289-290).
საქმეში წარმოდგენილი 2011 წლის 23 სექტემბრის №111027384 სამკვიდრო მოწმობით დგინდება, რომ ლ. რ-ი წარმოადგენს აწ გარდაცვლილი ლ. ს-ას პირველი რიგის მემკვიდრეს - შვილს. მან, როგორც მემკვიდრემ საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო, რომელიც წარმოადგენს უძრავ ქონებას, საერთო სარგებლობის 3715 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მდებარე საცხოვრებელ სახლში 1/7 ნაწილს, (მისამართზე - ...ი, ...ს ქუჩა №...) (ტ.2, გვ. 43-46). ზემოაღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 19 მარტის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისში, ...ში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე უძრავი ქონების 1/7 ნაწილი (საკადასტრო კოდი: ...) საკუთრების უფლებით აღირიცხა ლ. ს-ას მემკვიდრის - ლ. რ-ის სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1993.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, №2, №3, №4, №5 (ტ.2, გვ. 55, 56-57). 2017 წლის 6 სექტემბერს, ლ. რ-ისა და ლ. ვ-ის შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა ქალაქ თბილისში, ...ში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე უძრავი ქონებიდან (ს/კ ...) ლ. რ-ის კუთვნილი 1/7 ნაწილი, რაც 2017 წლის 8 სექტემბრიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა ლ. ვ-ის სახელზე (ტ. 2, გვ. 89-90, 94-95).
2017 წლის 2 ნოემბრის №171287976 სამკვიდრო მოწმობით დგინდება, რომ დ. რ-ი წარმოადგენს აწ გარდაცვლილი გ. რ-ის პირველი რიგის მემკვიდრეს - შვილს, რომელმაც საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება სრულად, მასში შემავალი აქტივებითა და პასივებით (ტ.2, გვ. 101-104). ზემოაღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 ნოემბრის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, ქ. თბილისში, ...ში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე უძრავი ქონების 3/7 ნაწილი, საკადასტრო კოდით ..., საკუთრების უფლებით აღირიცხა გ. რ-ის მემკვიდრის - დ. რ-ის სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1993.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, №2, №3, №4, №5 (ტ. 1, გვ. 227, 228- 229). 2017 წლის 16 ნოემბერს დ. რ-ისა და ლ. ვ-ის შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა ქალაქ თბილისში, ...ში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე უძრავი ქონებიდან (ს/კ ...) დ. რ-ის კუთვნილი 3/7 ნაწილი, რაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 18 ნოემბრის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, საკუთრების უფლებით აღირიცხა ლ. ვ-ის სახელზე (ტ. 2, გვ. 232-233, 236, 237-238).
დადგენილია, რომ 2017 წლის 31 ივლისს ქ. ვ-ისა და გ. გ-ეს შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა ქალაქ თბილისში, ...ში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე უძრავი ქონებიდან (1993 კვ.მ დაზუსტებული ფართობიდან) ქ. ვ-ის კუთვნილი 1/7 ნაწილი (ტ. 2, გვ. 81-82), რომლის საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 2 აგვისტოს №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისში, ...ში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე უძრავი ქონების 1/7 ნაწილი, საკადასტრო კოდით ..., საკუთრების უფლებით აღირიცხა გ. გ-ეის სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1993.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, №2, №3, №4, №5 (ტ. 2, გვ. 84, 85-86). ამასთან, 2019 წლის 21 მარტს, გ. გ-ესა და ლ. ვ-ის შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, ...ში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე უძრავი ქონებიდან (ს/კ ...) გ. გ-ეის კუთვნილი 1/7 ნაწილი, რაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 27 მარტის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, საკუთრების უფლებით აღირიცხა ლ. ვ-ის სახელზე (ტ. 2, გვ. 265-266, 269, 270-271).
2018 წლის 10 მაისის №180524915 სამკვიდრო მოწმობით დასტურდება, რომ ლ. ვ-ი წარმოადგენს აწ გარდაცვლილი მ. ვ-ის პირველი რიგის მემკვიდრეს - შვილს. მან, როგორც მემკვიდრემ საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება, კერძოდ, ქ. თბილისში, ...ში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე უძრავი ქონებიდან (ს/კ ...), მამკვიდრებლის - მ. ვ-ის კუთვნილი 1/7 ნაწილი (ტ. 2, გვ. 241-244). ზემოაღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 მაისის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, ქ. თბილისში, ...ში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე უძრავი ქონების 1/7 ნაწილი, საკადასტრო კოდით ..., საკუთრების უფლებით აღირიცხა ლ. ვ-ის სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1993.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, №2, №3, №4, №5 (ტ. 2, გვ. 246, 247-248).
ასევე, დადგენილია, რომ 2018 წლის 30 მაისს ლ. ვ-ისა („მჩუქებელი“) და გ. ვ-ის („დასაჩუქრებული“) შორის დაიდო უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ჩუქების საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, ...ში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე, ლ. ვ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ ...) 5/7 ნაწილიდან 1/7 ნაწილი (ტ. 1, გვ. 251-253). ზემოაღნიშნული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 4 ივნისის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, ქ. თბილისში, ...ში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე უძრავი ქონების 1/7 ნაწილი, საკადასტრო კოდით ..., საკუთრების უფლებით აღირიცხა გ. ვ-ის სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1993.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, №2, №3, №4, №5 (ტ. 2, გვ. 260, 261-262).
ამგვარად, ირკვევა, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი 2011 წლის 10 ოქტომბრის ცნობა-დახასიათების თანახმად, ...ში, ...ს ქუჩის №...-ში აღრიცხულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3715 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი, რომლის მესაკუთრეებად/მოსარგებლეებად აღრიცხული არიან: ა. ჩ-ა 1/7 ნაწილი, ლ. ს-ა 1/7 ნაწილი, გ. რ-ი 3/7 ნაწილი, მ. ვ-ი 1/7 ნაწილი და ქ. ვ-ი 1/7 ნაწილი. სააღრიცხვო ბარათის აღრიცხვის თარიღად მითითებულია 1992 წლის 30 მარტი (ტ. 1, გვ. 171-172; ტ. 2, გვ. 72-73, 74, 41-42). შესაბამისად, მარეგისტრირებელმა ორგანომ, მოსარჩელეს მოსთხოვა უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული პირების/მათი მემკვიდრეების თანხმობების წარდგენა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებული მონაცემების ცვლილებასთან დაკავშირებით. დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი იყო ქ. ვ-ის, თ. ჩ-ის და ლ. რ-ის თანხმობები, მაგრამ დ. რ-ის თანხმობა წარდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, სწორედ აღნიშნული გარემოება გახდა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. აღნიშნული გარემოება არ გაიზიარა მოსარჩელე მხარემ და განმარტა, რომ დ. რ-ისგან შეიძინა უძრავი ქონების სრული წილი, რაც აღრიცხული იყო უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში.
საკასაციო სასამართლო მხარის ყურადღებას მიაქცევს დ. რ-ისა და ლ. ვ-ის შორის 2017 წლის 16 ნოემბერს დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, რომელშიც მითითებულია, რომ ნასყიდობის საგანზე გამყიდველის უფლება დასტურდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან №.... ამონაწერში დაზუსტებულ ფართობად მითითებულია 1993 კვ.მ, ხოლო დ. რ-ის საკუთრებად 3/7 ნაწილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ლ. ვ-იმა დ. რ-ისგან შეიძინა 1993 კვ.მ-ის 3/7 ნაწილი და არა 3715 კვ.მ-ის 3/7 ნაწილი. შესაბამისად, სრულ ფართზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა მესაკუთრეების თანხმობასთან ერთად წარდგენილი იქნებოდა დ. რ-ის თანხმობაც.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და მოეთხოვა დაინტერესებული პირებისთვის ტექნიკური აღრიცხვის არქივში აღრიცხული ყველა მესაკუთრის ან მათი უფლებამონაცვლეების, მათ შორის, დ. რ-ის თანხმობის წარდგენა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საჯარო რეესტრში წარდგენილი იყო დ. რ-ის წარმომადგენლის - ნ. ღ-ეს განცხადება, რომლითაც არ ეთანხმებოდა უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. თ. გ-ეს ლ. ვ-ისა და გ. ვ-ის საკასაციო საჩივარზე 17.11.2023წ. №19411169762 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 600 ლარის ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საკასაციო საჩივრისათვის, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარს, აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, თ. გ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი და ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, სულ 510 ლარი (300+210=510) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ვ-ისა და გ. ვ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ივლისის განჩინება;
3. თ. გ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ლ. ვ-ისა და გ. ვ-ის საკასაციო საჩივარზე 17.11.2023წ. №19411169762 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 510 (ხუთას ათი) ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
გ. მაკარიძე
გ. აბუსერიძე