Facebook Twitter

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

№ბს-1076 (კს-24) 22 იანვარი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ო. გ-ეის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.09.2024წ. განჩინებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.09.2024წ. განჩინებით ო. გ-ეის სააპელაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 23.05.2024წ. გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა ო. გ-ეის წარმომადგენლების - დ. მ-ეისა და მ. მ-ეის მიერ.

საკასაციო სასამართლოს 11.10.2024წ. განჩინებით კერძო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი იმ საფუძვლით, რომ იგი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ, კერძო საჩივრის ავტორს არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენა. მასვე განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, კერძო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.10.2024წ. განჩინება გაეგზავნა კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლებს - დ. მ-ეს და მ. მ-ეს საქმეში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა 04.12.2024წ. უფლებამოსილ პირს.

11.12.2024წ. ო. გ-ეის წარმომადგენლებმა განცხადებით მომართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას ხარვეზის შესავსებად განკუთვნილი საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე. განმცხადებლებმა მიუთითეს, რომ ო. გ-ე არ იმყოფებოდა საქართველოში, რის გამოც ვერ მოახერხეს მასთან კავშირზე გასვლა და ინფორმირება ხარვეზის არსის თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოითხოვეს ხარვეზის შესავსებად განკუთვნილი საპროცესო ვადის გაგრძელება გონივრული ვადით.

საკასაციო სასამართლოს 20.12.2024წ. განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს - ო. გ-ეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა და დაევალა ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.2024წ. განჩინება გაეგზავნა კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლებს - დ. მ-ეს და მ. მ-ეს საქმეში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა 25.12.2024წ. უფლებამოსილ პირს, ამდენად, ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა ამოიწურა 30.12.2024წ. 24 საათზე (ორშაბათი). დადგენილ ვადაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით მოუმართავს სასამართლოსათვის.

სსკ-ის 61.3 მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად.

სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 396.3 და 399-ე მუხლების თანახმად, ო. გ-ეის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.09.2024წ. განჩინებაზე ო. გ-ეის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი

თ. ოქროპირიძე