Facebook Twitter

ბს-599 (კ-23) 20 იანვარი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.01.2023წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. გ-ემ 25.09.2020წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ მოითხოვა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის 22.11.2019წ. N319-16 და N319-20 სხდომის ოქმების ბათილად ცნობა, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 24.08.2020წ. N SSVA 00016024 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, თ. გ-ეის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დადგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისათვის გამოცემის დავალდებულება, რ. გ-ეის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დადგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისათვის გამოცემის დავალდებულება, ნ. გ-ეისათვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისათვის გამოცემის დავალდებულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.04.2022წ. გადაწყვეტილებით ნ. გ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის 22.11.2019წ. N319-16 და N319-20 სხდომის ოქმები, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 24.08.2020წ. N SSVA 00016024 გადაწყვეტილება, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა თ. გ-ეის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დადგენის შესახებ, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა რ. გ-ეის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დადგენის შესახებ, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ. გ-ეისათვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.01.2023წ. განჩინებით სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.04.2022წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ" კანონის პირველი მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, ეს კანონი ვრცელდება იმ პირთა ოჯახებზე, რომლებიც იყვნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (მათ შორის, ყოფილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს), საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (მათ შორის, ყოფილი სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, საგარეო დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, ფინანსური პოლიციის) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი სამხედრო ან გასამხედროებული ორგანიზაციების მოსამსახურეები და მუშაკები (მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი)), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებებში ჩარიცხული სამოქალაქო პირები – მოხალისეები, რომლებიც ა) დაიღუპნენ საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის; ბ) საბრძოლო მოქმედებების პერიოდში ასრულებდნენ მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას. ამავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ამ კანონით დადგენილი სოციალური დაცვის ღონისძიებები ვრცელდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ მებრძოლთა ოჯახების შემდეგ წევრებზე: ა) შრომისუუნარო მეუღლეზე, მშობლებსა და შვილებზე; ბ) არასრულწლოვან შვილებზე 18 წლის ასაკის მიღწევამდე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 26.08.2016წ. N281 ბრძანებით დამტკიცებული "„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, მოწმობების გაცემის, სტატუსის შეწყვეტის და აღდგენის შესახებ" ინსტრუქციის მე-6 მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საბრძოლო მოქმედებების მონაწილის და ომის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამადასტურებელი ვეტერანის მოწმობის მაძიებელმა უნდა წარადგინოს: ,,დ.ბ“) მოხალისეებზე, რომლებიც არ იყვნენ ჩარიცხული ოფიციალურ სამხედრო ფორმირებებში, წარდგენილ უნდა იქნეს იმ პერიოდში მიღებული ჯილდოების, სამხედრო ტრამვების შესახებ ცნობების და მათ ხელთ არსებული სხვა შესაძლო დოკუმენტების დედნები და სათანადოდ დამოწმებული ასლები; საბრძოლო მოკვლევა, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს იმავე ქვედანაყოფის არანაკლებ სამი პირი - ერთი მეთაურთა შემადგენლობიდან და ორი თანამებრძოლი, ხელმოწერები დადასტურებულ უნდა იქნეს ნოტარიულად; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილების ფაქტის დამდგენი სპეციალური კომისიის ოქმი; ასევე, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და დაბადების მოწმობა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმის მასალებში დაცული სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის 22.11.2019წ. N319-16 და N319-20 სხდომის ოქმებით ნ. გ-ეს უარი ეთქვა თ. გ-ეისა და რ. გ-ეის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დადგენაზე. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში დაცულ 14.06.2019წ. სანოტარო წესით დამოწმებულ საბრძოლო მოკვლევებზე და აღნიშნა, რომ თ. გ-ე და რ. გ-ე მონაწილეობას იღებდნენ ცხინვალის რეგიონში საქართველოს ერთიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში მოხალისეებად და 20.05.1992წ. დაიღუპნენ საბრძოლო მოქმედებების დროს, რაც წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მონაწილის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დადგენის საფუძველს.

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.01.2023წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ.

კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, არ შეიცავს კასატორის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების უარყოფის და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გაზიარების დასაბუთებას. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 24.08.2020წ. N SSVA 00016024 სადავო გადაწყვეტილება დასაბუთებულია და შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მოსარჩელეს - ნ. გ-ეს მისი შვილების საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და დაღუპვის ფაქტის დასადასტურებლად წარმოდგენილი ჰქონდა მხოლოდ საბრძოლო მოკვლევა, რომელიც წარმოადგენს სტატუსის მაძიებლის მიერ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის თუ დაღუპვის ფაქტის დამადასტურებელ ერთ-ერთ და არა ერთადერთ მტკიცებულებას (იხ. სუსგ 05.06.2018წ. Nბს-838-834(კ-17)). კასატორი მიუთითებს, რომ რ. და თ. გ-ეების შესახებ ინფორმაცია არ მოიძებნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საარქივო მასალებში. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლოს არ უმსჯელია კომისიის აუდიო-ვიდეო ჩანაწერზე, სადაც კომისიაზე მოწვეული პირი გ. ბ-ი ერთმნიშვნელოვნად განმარტავს მოსარჩელის შვილების დაღუპვის რეალურ ფაქტს. კასატორის მოსაზრებით სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა ასევე იმ გარემოებაზე, რომ რ. და თ. გ-ეები საბრძოლო მოკვლევის მიხედვით დაიღუპნენ ...ში, ცნობა გარდაცვალების შესახებ კი გაცემულია ცხინვალის პოლიკლინიკის მიერ. სასამართლო არ დაინტერესებულა და არ გამოუკვლევია იყო თუ არა ცხინვალი იმ პერიოდში ოკუპირებული ოსი სეპარატისტების მიერ და რამდენად იქნებოდა შესაძლებელი ოკუპაციის პრობებში, საქართველოს მოქალაქეების გადასვენება ცხინვალის ტერიტორიაზე არსებულ პოლიკლინიკაში მათი გარდაცვალების ფაქტის დასადგენად. კასატორმა აღნიშნა, რომ ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მისანიჭებლად და შესაბამისად სოციალური გარანტიებით სარგებლობისათვის მაძიებელმა უნდა დაადასტუროს, რომ მისი ოჯახის წევრი დაიღუპა სწორედ ომში მონაწილეობის დროს, სხვა პირობებში გარდაცვალება ვერ გახდება საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის მიზეზი (იხ. სუსგ 15.07.2020წ. Nბს-1257(კ-19)). კასატორმა მიუთითა, რომ საქმეში არსებული და სამსახურის მიერ მოპოვებული დოკუმენტაციით ერთმნიშვნელოვანდ დგინდება, რომ მოსარჩელის შვილები არ იყვნენ ჩარიცხულნი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რომელიმე შეიარაღებულ ნაწილში და მათი დაღუპვა ომთან (საბრძოლო მოქმედებებთან) დაკავშირებული არ არის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები ვეტერანთა კატეგორიას განეკუთვნებიან. ამავე კანონის მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუქნტის შესაბამისად, საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებებში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები მიეკუთვნებიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს. "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ" კანონით დადგენილი სოციალური დაცვის ღონისძიებები ვრცელდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ მებრძოლთა ოჯახების შემდეგ წევრებზე: ა) შრომისუუნარო მეუღლეზე, მშობლებსა და შვილებზე; ბ) არასრულწლოვან შვილებზე 18 წლის ასაკის მიღწევამდე (მე-4 მუხ.). ოჯახის შეღავათები ხორციელდება აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ დადგენილი ერთიანი ნიმუშის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში, ოჯახის წევრობის დამადასტურებელი მოწმობის ნიმუში დგინდება და გაცემა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით („საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზოუკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ კანონის მე-8 მუხ.). საქართველოს მთავრობის 22.08.2014წ. დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერანის მოწმობის ნიმუშის“ თანახმად, ვეტერანის მოწმობა გაიცემა ომში დაღუპულის ოჯახის წევრზე. განსახილველ შემთხვევაში ნ. გ-ეის ინტერესს შეადგენს საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მოპოვება შემდგომში კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური შეღავათებით სარგებლობის მიზნით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. გ-ეის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს და მოითხოვა ნ. გ-ეის შვილების - თ. გ-ეის და რ. გ-ეის მოხალისის სახით საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დადგენა. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის 22.11.2019წ. N319-16 და N319-20 სხდომის ოქმების თანახმად, ნ. გ-ეს უარი ეთქვა თ. გ-ეის და რ. გ-ეის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დადგენაზე, ვინაიდან თ. გ-ეს და რ. გ-ეს არ დაუდასტურდათ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტი. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 24.08.2020წ. N SSVA 00016024 წერილით მოსარჩელე მხარეს გადაეგზავნა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის სხდომის ოქმები და ამასთან ეცნობა, რომ ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის წევრთა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით ნ. გ-ეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმის გამო, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არ მოიპოვება ინფორმაცია მისი შვილების საბრძოლო ქვედანაყოფში ჩარიცხვა-ამორიცხვის და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ, ასევე 22.11.2019წ. კომისიის სხდომაზე პასუხისმგებელმა პირმა ვერ დაადასტურა თ. გ-ეის და რ. გ-ეის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 14.11.2011წ. N871 ბრძანებით დამტკიცებული „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემის შესახებ" ინსტრუქციის მე-6 მუხლით განისაზღვრა იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალი, რომლებიც ვეტერანის მოწმობის მაძიებლის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს შესაბამის სამსახურში. მითითებული მუხლის "თ.ვ" ქვეპუნქტის მიხედვით, ომში დაღუპული ოჯახის წევრის და მარჩენალდაკარგულის მოწმობის მაძიებელმა სხვა დოკუმენტებთან ერთად უნდა წარადგინოს გარდაცვლილის ომში მონაწილეობის დამადასტურებელი საბუთი (დედანი და ასლი). ამავე მუხლის ,,ვ.ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოხალისეებზე, რომლებიც არ იყვნენ ჩარიცხული ოფიციალურ სამხედრო ფორმირებებში, წარდგენილ უნდა იქნეს იმ პერიოდში მიღებული ჯილდოების, სამხედრო ტრავმების შესახებ ცნობების, საბრძოლო მოკვლევის აქტების და მათ ხელთ არსებული სხვა შესაძლო დოკუმენტების ასლები და დედნები. მსგავს რეგულაციას ითვალისწინებს სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 26.08.2016წ. N281 ბრძანებით დამტკიცებული „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, მოწმობების გაცემის, სტატუსის შეწყვეტის და აღდგენის შესახებ“ ინსტრუქცია, რომელიც ომში დაღუპულის ოჯახის წევრის მაძიებლისთვის ითვალისწინებს მოხალისეებზე, რომლებზეც არ მოიპოვება ოფიციალურ სამხედრო ფორმირებებში ჩარიცხვის თაობაზე დოკუმენტაცია, ხელთ არსებული რაიმე შესაძლო დოკუმენტების, საბრძოლო მოკვლევის, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს ვეტერანების სტატუსის მქონე იმავე ქვედანაყოფის არანაკლებ სამი პირი, წარდგენის საჭიროებას, რათა ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსი იქნეს მოპოვებული (მე-6 მუხ. „დ.ბ“, „ე.ზ“ ქვ.პ.). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნ. გ-ეის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ იქნა 14.06.2019წ. სანოტარო წესით დამოწმებული საბრძოლო მოკვლევები. ორივე საბრძოლო მოკვლევაში თ. გ-ეისა და რ. გ-ეის გარდაცვალების გარემოებები და თარიღები ერთგვაროვნად არის მითითებული. ერთ შემთხვევაში ს. კ-იი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ნ. გ-ეის შვილები - თ. გ-ე (დაბ.: ...წ) და რ. გ-ე (დაბ.: ...წ.) იბრძოდნენ ცხინვალის რეგიონში, საქართველოს ერთიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში მოხალისეთა იმ ბატალიონში, რომლის მეთაურიც თავად იყო და ორივე ერთად დაიღუპნენ ბრძოლაში 20.05.1992წ., ხოლო მეორე შემთვევაში, გ. დ-ი და მ. ყ-ი ადასტურებენ თ. გ-ეისა და რ. გ-ეის ცხინვალის რეგიონში, საქართველოს ერთიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში 20.05.1992წ. დაღუპვის ფაქტს. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 24.08.2020წ. N SSVA 00016024 წერილში აღნიშნულია, რომ კომისიის სხდომაზე პასუხისმგებელმა პირმა ვერ დაადასტურა თ. გ-ეის და რ. გ-ეის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტი, თუმცა საქმეში დაცული კომისიის სხდომის ვიდეო-ჩანაწერის მიხედვით ს. კ-იმა დაადასტურა თ. გ-ეის და რ. გ-ეის ბატალიონში მოხალისედ განმწესების ფაქტი. მან განმარტა, რომ იყო ბატალიონის მეთაური და იცავდნენ ...ის სოფლის ადგილობრივ მოსახლეობას, რ. გ-ე და თ. გ-ე საბრძოლო მოქმედებებში იღებდნენ მონაწილეობას და დაიღუპნენ 20.05.1992წ. საბრძოლო მოქმედებების განხორციელების დროს. აღნიშნული განმარტების არასარწმუნოდ მიჩნევა კომისიას სათანადოდ არ დაუსაბუთებია. არ არის დასაბუთებული აგრეთვე ადმინისტრაციულ ორგანოში ნ. გ-ეის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა, მათ შორის გარდაცვალების მოწმობებისა და საბრძოლო მოკვლევების გაზიარებაზე უარი. საფუძველს მოკლებულია კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა კომისიაზე მოწვეული პირის გ. ბ-ის განმარტება მოსარჩელის შვილების დაღუპვის რეალურ ფაქტთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გაურკვეველია რა სტატუსით ესწრებოდა 22.11.2019წ. კომისიის სხდომას გ. ბ-ი, რადგან არ დასტურდება მისი არც კომისიის წევრის სტატუსით და მით უფრო, სპეციალისტის სახით მოწვევა. ამასთან, კომისიის ოქმის ვიდეო-ჩანაწერის მიხედვით იგი გადმოსცემს სხვა პირებთან პირადი საუბრის შინაარსს, რის შედეგადაც კომისიას დადასტურებულად მიაჩნია, რომ თ. გ-ე და რ. გ-ე არ დაღუპულან საბრძოლო მოქმედებებისას. საქმეში არ არის დაცული იმ პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემებიც კი, რომელთაგან აღნიშნული განმარტების მიღება მოხდა. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეაგროვოს დამატებითი ცნობები (სზაკ-ის 97-ე მუხ. „ბ“ ქვ.პ.), მათ შორის ჩამოართვას მოწმეს ახსნა-განმარტება, თუმცა ეს უნდა განხორციელდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად (სზაკ-ის 97.2 მუხ.) ან ნორმატიულად განსაზღვრული სხვა სპეციალური წესით და არა ინფორმაციის მქონე პირთან პირადი კომუნიკაციის შედეგად. განსახილველ შემთხვევაში სადავო ოქმებით დამდგარი შედეგი, საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების დადგენა დაეყრდნო იმ პირთა განმარტებებს, რომელთა ვინაობა და მიცემული განმარტების ზუსტი შინაარსი უცნობია და არ დასტურდება სათანადო მტკიცებულებებით. ადმინისტრაციული წარმოება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 53-ე, 96-ე მუხ.), რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის სამართლიანი განხილვის კონსტიტუციური უფლების (საქართველოს კონსტიტუციის 18.1 მუხ.) მნიშვნელოვანი პირობაა. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა სათანადო წესით გამოკვლეული ადმინისტრაციული წარმოების დროს. ვეტერანთა აღრიცხვაზე პასუხისმგებელი უწყება ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხისმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზედმიწევნით ზუსტად დაადგინოს და შეაფასოს დაინტერესებული პირის/განმცხადებლის ფაქტობრივი გარემოებების ნორმატიული აქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის საკითხი.

დაუსაბუთებელია კასატორის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ ვინაიდან ნ. გ-ეის შვილები არ ყოფილან ჩარიცხულნი საქართველოს თავდაცვის სამინიტროს რომელიმე შეიარაღებულ ნაწილში, მათი დაღუპვა ომთან დაკავშირებული ვერ იქნება. საკასაციო პალატა თვლის, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ საბრძოლო ქვედანაყოფებში თ. გ-ეისა და რ. გ-ეის ჩარიცხვა-ამორიცხვის ბრძანებები არ მოიპოვება, არ გამორიცხავს მათი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და დაღუპვის ფაქტს, მით უფრო, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 14.11.2011წ. N871 ბრძანებით და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 26.08.2016წ. N281 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციები ომში დაღუპულის ოჯახის წევრის მაძიებლისთვის ითვალისწინებს მოხალისეებზე, რომლებზეც არ მოიპოვება ოფიციალურ სამხედრო ფორმირებებში ჩარიცხვის თაობაზე დოკუმენტაცია, საბრძოლო მოკვლევის წარდგენის შესაძლებლობას.

ამასთანავე, მიმდინარე დავისაგან განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებების გამო, არარელევანტურია კასატორის მიერ უზენაესი სასამართლოს განჩინებებზე მითითება. კასატორის მიერ მითითებულ საქმეში (სუსგ 05.06.2018წ. Nბს-838-834(კ-17)) საბრძოლო მოკვლევა არ იქნა სარწმუნოდ მიჩნეული იმის გამო, რომ მოსარჩელეების მიერ ვერ იქნა მითითებული საბრძოლო მოქმედებების ამსახველი ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო მეორე შემთხვევაში (სუსგ 15.07.2020წ. Nბს-1257(კ-19)) მოსარჩელის მეუღლის გენოციდის შედეგად დაღუპვა სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია. განსახილველი დავის ფარგლებში საბრძოლო მოკვლევაში მითითებული გარემოებები კომისიის სხდომაზე დადასტურდა უფლებამოსილი პირის მიერ. ამასთან, მოსარჩელის შვილების სხვა პირობებში გარდაცვალება საქმის მასალებით არ არის დადგენილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.01.2023წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი