Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-234(2კ-24) 21 იანვარი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბადრი შონია, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო

კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ...“

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 14 ივნისს სს „თ...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 28 დეკემბრის №QN1631226 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს „თ...ს” წერილობითი მოთხოვნა და გაიცა თანხმობა ქ.თბილისში, ...ს ქ. №...-ის მიმდებარედ, ელ. მომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოების განხორციელებისათვის, №1 დანართში მონიშნულ სავარაუდო მონაკვეთზე, №2 დანართით განსაზღვრული პირობების დაცვით. აღნიშნული №2 დანართის მე-10 პუნქტის თანახმად, ...ს ქუჩაზე, მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე უნდა მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლიანი ქვიშა-ხრეშოვანი დამუშავებით.

მოსარჩელის მითითებით, „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის No19-75 დადგენილების მე-4 მუხლის (ხაზობრივი ნაგებობის განთავსების პირობები და შეზღუდვები) პირველი ნაწილის „კ” ქვეპუნქტის თანახმად, ტროტუარი უნდა აღდგეს თხრილის ფარგლებში (სხვა შესაბამისი პირობებით), ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, გათხრითი სამუშაოების წარმოებისას ტროტუარი აღდგენილ უნდა იქნეს თხრილის ფარგლებში, ხოლო იმისათვის, რომ პირს დაეკისროს კანონით განსაზღვრულზე განსხვავებული სამუშაოს შესრულების პირობა (ტროტუარის მთლიან ფართზე მოეწყოს ახალი ასფალტის საფარი), დასაბუთებული უნდა იყოს აღნიშნული პირობის დაწესების აუცილებლობა, რასაც მოსარჩელის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელის განმარტებით, სადავო გადაწყვეტილების მიღებისას სააგენტომ გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას და დასაბუთების გარეშე მიიღო კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება, რომელიც არსებითად ლახავს სს „თ...ს” როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირის ინტერესს და ზიანს აყენებს მას, კერძოდ, ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობით გაწეული ხარჯის ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება იმ ხარჯს, რასაც გასწევდა კომპანია იმ შემთხვევაში თუკი ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გადათხრითი სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით ტროტუარი აღდგებოდა თხრილის ფარგლებში, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონმდებლობით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 28 დეკემბრის №QN1563122 გადაწყვეტილების დანართი №2-ის მე-10 პუნქტის ნაწილობრივ და სს „თ...ს“ წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2019 წლის 4 ივნისის №680 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს „თ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 28 დეკემბრის №QN1563122 გადაწყვეტილების დანართი №2-ის მე-10 პუნქტის ის ნაწილი, რომლითაც მოსარჩელე სს „თ...ს“ დაევალა, მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა. ასევე ბათილად იქნა ცნობილი სს „თ...“-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2019 წლის 4 ივნისის №680 ბრძანება. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში უნდა შეემოწმებინა სს "თ...ს" მოთხოვნა და გაეცა შესაბამისი ნებართვა მოთხოვნილი სამუშაოების განსახორციელებლად. გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რამ განაპირობა სს ,,თ...სათვის“ კანონისაგან განსხვავებული პირობის დაწესება (მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობის დავალება). ასევე, სადავო აქტში არ არის მოცემული მსჯელობა საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობიდან გამომდინარე, რატომ იყო აღნიშნული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები და გამოიწვევდა თუ არა დადგენილი პირობა პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესების შეზღუდვას. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტი მხარეების მითითება იმ საკითხზე, რომ მოცემულ შემთხვევაში დაუზიანებელი ასფალტის საფარის აყრით უნდა მომხდარიყო სამუშაოების განხორციელება, არ წარმოადგენს საკმარის დასაბუთებას რათა გამართლებულ იქნეს მთელ ზედაპირზე ახალი საფარის მოთხოვნის პირობის დაწესება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორმა - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესზე“ მითითებით, განმარტა, რომ ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე თანხმობის გასაცემად, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილების მისაღებად გააჩნია შესაძლებლობა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟთან დაკავშირებულ სამუშაოთა თავისებურებებისა და მახასიათებლების მხედველობაში მიღებით, შეაფასოს ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხი, რა მიზნითაც, მან ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის წარმომადგენელთან ერთად, უნდა შეისწავლოს, როგორც დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, აგრეთვე სამუშაოთა წარმოების ტერიტორიის დათვალიერების შედეგები. ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხაზობრივი ნაგებობის განთავსების თაობაზე თანხმობის გამცემ უფლებამოსილ ორგანოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, აქტის გამოცემისას განმცხადებელს კანონმდებლობის შესაბამისად დაუწესოს შეზღუდვა ან/და სხვა პირობები, განმცხადებლის მიმართ თითოეული შეზღუდვის/პირობის დაწესება, წარმოადგენს, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ, ყველა არსებითი გარემოების შესწავლის, განმცხადებლისა და საჯარო ინტერესების შეზღუდვის ურთიერთშედარების შედეგს.

კასატორმა ასევე განმარტა, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, კერძო და საჯარო ინტერესების გათვალისწინებით იმსჯელა მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილი ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟის პროექტთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ საპროექტო ტერიტორიაზე, მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარის მოწყობა უნდა განხორციელდეს ისე, რომ ასფალტის ნიშნული მიყვანილი იქნას არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით.

ამდენად, კასატორის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მხრიდან გადაწყვეტილების მიღების პროცესში დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლების გადამეტება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 აპრილის განჩინებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განჩინებაზე დარჩა განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 28 დეკემბრის №QN1563122 გადაწყვეტილების N2 დანართის მე-10 პუნქტის იმ ნაწილის, რომლითაც დადგინდა ქ. თბილისში, ...ს ქ. N...-ის მიმდებარედ მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2019 წლის 4 ივნისის №680 ბრძანების კანონიერების შემოწმება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია, რომ ტროტუარი უნდა აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმით კონკრეტულად არის განსაზღვრული ის პირობები და შეზღუდვები, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ხაზოვანი ნაგებობის განთავსებისას. ამასთან, საგულისხმოა, რომ მართალია, კანონმდებლობა სააგენტოს ანიჭებს უფლებამოსილებას, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა, თუმცა არა ყოველ ჯერზე, ნებისმიერ დროს, არამედ, მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული აქტით არ არის დასაბუთებული ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო გათხრითი სამუშაოების განხორციელებისათვის თანხმობის გაცემასთან დაკავშირებული გარემოებები. კერძოდ, სააგენტომ სს „თ...ს“ კანონისაგან განსხვავებული პირობა დაუწესა, რის უფლებასაც ზემოხსენებული დადგენილების დანაწესი იძლევა, თუმცა აღნიშნულის აუცილებლობა სადავო აქტით დასაბუთებული არ არის.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება მიიღო საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობიდან გამომდინარე. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს დასაბუთებას, რატომ იყო აღნიშნული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები, გამოიწვევდა თუ არა დადგენილი პირობა პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესების შეზღუდვას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მხარემ მიუთითა, რომ ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობისათვის გაწეული ხარჯის ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატებოდა იმ ხარჯს, რაც გასაწევი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ელექტრომამარაგების მიზნით საჭირო მიწის გადათხრითი სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემისას, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის“ მე-4 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობა იქნებოდა დადგენილი.

რაც შეეხება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2019 წლის 4 ივნისის №680 ბრძანების ბათილად ცნობის საკითხს, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, ვინაიდან სახეზეა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 28 დეკემბრის №QN1563122 გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობა, აღნიშნული გარემოება სს „თ...ს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 4 ივნისის №680 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველსაც ქმნის.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

ბ. შონია

გ. აბუსერიძე