Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

№ბს-115(კ-25) 31 იანვარი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ბ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ნოემბრის ბრძანებაზე.

2024 წლის 6 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა ირანის რესპუბლიკის მოქალაქის ბ. მ-ის (B. M-I, დაბ: ... წელი) საქართველოდან ირანის რესპუბლიკაში გაძევების შესახებ, ბრძანების გამოცემა. შუამდგომლობის ავტორმა, ასევე ითხოვა, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად, ირანის რესპუბლიკის მოქალაქის ბ. მ-ის საქართველოს ტერიტორიის ნებაყოფლობით დასატოვებლად განესაზღვროს 10 (ათი) კალენდარული დღე, გადაწყვეტილების გაცნობიდან, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ მისი ყოფნა ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ბ. მ-ის საქართველოში შემოსვლა უნდა აეკრძალოს 5 წლის ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 აგვისტოს ბრძანებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების შუამდგომლობა, დაკმაყოფილდა. ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ბ. მ-ი (B. M-I, დაბ: ... წ. დოკუმენტის ნომერი №...) გაძევებულ იქნა საქართველოდან ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. განისაზღვრა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ბ. მ-იმ (B. M-I, დაბ: ... წ. დოკუმენტის ნომერი №...) ნებაყოფლობით დატოვოს საქართველოს რესპუბლიკა ბრძანების გაცნობიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ბ. მ-ი (B. M-I, დაბ: ... წ. დოკუმენტის ნომერი №...) განსაზღვრულ ვადაში ნებაყოფლობით არ დატოვებს საქართველოს, მისი საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულება დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს. ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ბ. მ-ის (B. M-I, დაბ: ... წ. დოკუმენტის ნომერი №...) აეკრძალა საქართველოში შემოსვლა 5 წლის ვადით. აღნიშნული ბრძანება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ბ. მ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ნოემბრის ბრძანებით ბ. მ-ის (ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, B. M-I, დაბ: ...წ.) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 აგვისტოს ბრძანება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ნოემბრის ბრძანება საკასაციო წესით გასაჩივრდა ბ. მ-ის მიერ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ. მ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შუამდგომლობა აღძრულია უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებით, რაზეც ნამსჯელი აქვს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2139 მუხლის თანახმად, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ბრძანებას უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე. ამავე კოდექსის 2140 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში განიხილავს მას და გამოსცემს ბრძანებას უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე ან იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 2143 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანება ბრძანების გამომცემ სასამართლოში მხარისათვის მისი გადაცემიდან 5 დღის განმავლობაში. სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ ეგზავნება სააპელაციო სასამართლოს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მართალია, საქართველოს კონსტიტუციის 31.1 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, ამასთან, საერთო სასამართლოების სისტემა სამი ინსტანციის სასამართლოსაგან შედგება („საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 2.1 მუხლი), თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს გარკვეული კატეგორიის დავების მხოლოდ ორი ინსტანციით განხილვის შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებული საქმის წარმოება სასამართლო სისტემაში არის ორსაფეხურიანი. მოცემული საქმისწარმოება მიმდინარეობს მხოლოდ ორი ინსტანციის სასამართლოში და სრულდება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვით, საჩივრის წარდგენის შემთხვევაში. სააპელაციო პალატის მიერ მსგავს დავებზე მიღებული ბრძანება საბოლოოა და საკასაციო სასამართლოს მიერ გადასინჯვას არ ექვემდებარება.

შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნილია სააპელაციო სასამართლოს ბრძანების გაუქმება, რომელიც გამოცემულია ორსაფეხურიანი დავის ფარგლებში. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული ბრძანების საკასაციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას, რის შესახებაც ასევე განემარტა მხარეს თავად გასაჩივრებული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილით, რომელშიც მითითებულია, რომ სააპელაციო სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ. მ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2143 მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. შონია