Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-39(კ-24) 21 იანვარი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ე...“

მოპასუხე - სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მესამე პირი - ს. შ-ა

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 დეკემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 14 მაისს სს „ე...მ“ სარჩელით მიმართა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი) მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის 1 მაისს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ №37/2425 წერილით მიმართა სს „ე...ს“ და თანდართული საკადასტრო ნახაზების მიხედვით მოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ გადადიოდა თუ არა მაღალი ძაბვის საჰაერო და საკაბელო ელ. გადამცემი ხაზები სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე და მათ შორის სამტრედიის მუნიციპალიტეტის, ...ს ადმინისტრაციული ერთეულის, სოფელ ...ში მდებარე მოქალაქე ს. შ-ას მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე. აღნიშნული წერილის საფუძველზე, კომპანიის გენერალური დირექტორის 2019 წლის 5 ივლისის №2273951 წერილით, საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ეცნობა, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტის, ...ს ადმინისტრაციული ერთეულის, სოფელ ...ის ტერიტორიაზე ს. შ-ას მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო სს „ე...ს“ კუთვნილი საჰაერო ელ. გადამცემი ხაზი და მიეთითა, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ ექვემდებარებოდა საკუთრების უფლების აღიარებას. მიუხედავად აღნიშნულისა, კომპანიისათვის ცნობილი გახდა, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ გამოსცა 2019 წლის 31 ივლისის №434 განკარგულება და №349 საკუთრების უფლების მოწმობა, რომლის საფუძველზეც ფიზიკურ პირს - ს. შ-ას საკუთრებაში გადაეცა სამტრედიის მუნიციპალიტეტის, ...ს ადმინისტრაციული ერთეულის, სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, ფართით 190 კვ.მ. დასახელებული საკუთრების მოწმობის საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 7 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით კი კერძო პირის საკუთრების უფლება აღირიცხა იმ მიწის ნაკვეთზე, სადაც განთავსებულია მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სამტრედიის მუნიციპალიტეტის, ...ს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ნივთზე (მიწის ნაკვეთი ფართობით 190 კვ.მ) ,,ს. შ-ას საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 31 ივლისის №434 განკარგულების და 2019 წლის 31 ივლისის №349 საკუთრების უფლების მოწმობისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 7 აგვისტოს №... და 2020 წლის 14 აპრილის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, მოითხოვა.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 18 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ს. შ-ა.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 14 ივნისის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელი და მოითხოვა სამტრედიის მუნიციპალიტეტის ...ს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ნივთზე (მიწის ნაკვეთი ფართობით 190 კვ.მ) გამავალი ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონის - 128 კვ.მ ნაწილში (სს ,,ე...ს’’ მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ნახაზის მიხედვით) ს. შ-ას საკუთრების უფლების აღიარების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 31 ივლისის №434 განკარგულების, 2019 წლის 31 ივლისის №349 საკუთრების უფლების მოწმობისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის ...ს ადმინისტრაციული ერთეულის, სოფელ ...ში მდებარე უძრავ ნივთზე (ნაკვეთის წინა ს/კ ..., ახალი ს/კ ...) გამავალი ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონის - 128 კვ.მ ნაწილში (სს ,,ე...ს“ მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ნახაზის მიხედვით) ს. შ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 7 აგვისტოს №... და 2020 წლის 14 აპრილის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით სს „ე...ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 31 ივლისის N434 განკარგულება და 2019 წლის 31 ივლისის N349 საკუთრების უფლების მოწმობა სამტრედიის მუნიციპალიტეტის, ...ს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ნივთზე (მიწის ნაკვეთი ფართობით 190 კვ.მ) ს. შ-ას საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მასზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონის - 128 კვ.მ-ის ნაწილში, სს ,,ე...ს’’ მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ნახაზის მიხედვით. ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 7 აგვისტოს N...; 2020 წლის 14 აპრილის N... და 2023 წლის 16 მაისის N... გადაწყვეტილებები სამტრედიის მუნიციპალიტეტის, ...ს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ნივთზე (მიწის ნაკვეთი ფართობით 128 კვ.მ ნაკვეთის წინა ს/კ .... ახალი ს/კ ...) ს. შ-ას საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მასზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონის - 128 კვ.მ ნაწილში, სს ,,ე...ს’’ მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ნახაზის მიხედვით.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონულმა ოფისმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 დეკემბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტზე. რომლის თანახმად საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები.

„ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი არის ღია ცის ქვეშ განთავსებული მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაა ანძებზე ან საინჟინრო ნაგებობებზე იზოლატორებითა და არმატურით დამაგრებული სადენებით ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემა/გადატანა; ბ) საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზი არის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემისათვის/გადატანისათვის განკუთვნილი იზოლირებული სადენი (სადენები), რომელიც შედგება ერთი ან რამდენიმე პარალელური შტოსაგან, შეერთებისათვის საჭირო აქსესუარებით (ქუროები, მომჭერები და სხვა არმატურა); ზ) ელექტრული ქსელი არის ქვესადგურების, გამანაწილებელი მოწყობილობების და მათი შემაერთებელი ელექტროგადამცემი ხაზების ერთობლიობა, რომელთა დანიშნულებაა ელექტროენერგიის გადაცემა და განაწილება. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონებად დგინდება: ა) საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზებისთვის: ა.ა) საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის გასწვრივ მიწის ნაკვეთი და საჰაერო სივრცე, შემოსაზღვრული ვერტიკალური სიბრტყეებით, რომლებიც ხაზის ორივე მხარეს გადაუხრელ მდგომარეობაში მყოფი განაპირა სადენებიდან დაშორებულია შემდეგი მანძილით: ა.ა.ა) 330, 400, 500 კვ - 30 მეტრი; ა.ა.ბ) 150, 220 კვ-25 მეტრი; ა.ა.გ) 110 კვ-20 მეტრი; ა.ა.დ) 35 კვ-15 მეტრი; ა.ა.ე) 1 – 20 კვ-10 მეტრი.

საქმის მასალებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სს „ე...“ საქართველოს ბაზარზე შემოსვლის დღიდან (2007 წლიდან) ექსპლუატაციას უწევს სადავო ტერიტორიაზე მდებარე 6 კვ. საჰაერო ელექტროგადამცემ ხაზს, რომელიც გადაეცა საქართველოს ენერგოსადისტრიბუციო კომპანიისგან. მეტიც, აღნიშნული ხაზოვანი ობიექტი, 2013 წლიდან საჯარო რეესტრშიც აღრიცხულია სს „ე...ს“ საკუთრებად. შესაბამისად, აღნიშნული გარემოებისა და ზემოთ მითითებული სამართლებრივი საფუძვლების მხედველობაში მიღებით, პალატამ მიიჩნია, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ უგულებელყო კანონის მოთხოვნები და მიუხედავად პირდაპირი აკრძალვისა, საკუთრების უფლების აღიარებას დაუქვემდებარა საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (ელექტროგაყვანილობის) ობიექტით განთავსებული და დაცვის ზონაში არსებული თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. მართალია, ადმინისტრაციული ორგანომ გამოიკვლია, გადიოდა თუ არა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი სადავო ტერიტორიაზე, მაგრამ დადებითი პასუხის მიღების მიუხედავად, მაინც აღიარა მესამე პირის საკუთრების უფლება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ასეთ ვითარებაში ჯერ განკარგულებაში და შემდეგ საჯარო რეესტრის ამონაწერში იმის დაფიქსირება, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე/მფლობელზე ვრცელდება „ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებით გათვალისწინებული ვალდებულებები, ვითარებას არ ცვლიდა, რადგან აღნიშნული შეზღუდვები ისედაც ვრცელდება ყველა შესაბამის ნაკვეთზე, იმის მიუხედავად მიეთითება თუ არა ამის შესახებ საჯარო რეესტრის ამონაწერში.

სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი, რომ ელექტროგადამცემი ხაზი უშუალოდ არ არის განთავსებული სადავო ტერიტორიაზე და მხოლოდ ჰაერში კვეთს ს. შ-ას საკუთრებად აღიარებულ ნაკვეთს და განმარტა, რომ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი წარმოადგენს ელექტრული ქსელის შემადგენელ ნაწილს, რომელზეც მთავრობის №366 დადგენილების შესაბამისად ვრცელდება დაცვის ზონები. ამასთან, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ პუნქტიც პირდაპირ გამორიცხავს საკუთრების უფლების აღიარებას თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, თუ ის წარმოადგენს დაცვის ზონას. მოცემულ შემთხვევაში კი სადავო არაა დაცვის ზონის არსებობა სადავო ტერიტორიაზე წარმოდგენილი ნახაზის შესაბამისად.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ (სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონულმა ოფისმა).

კასატორმა მიუთითა „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილების მე-2 მუხლზე და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ი“ ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ ზემოხსენებული ნორმებიდან გამომდინარე საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი არის ღია ცის ქვეშ განთავსებული მოწყობილობა, საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი ვერ იქნება მიწაზე განთავსებული, შესაბამისად საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის არსებობა და ის რომ ჰაერში კვეთს მიწის ნაკვეთს, ვერ იქნება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელი გარემოება. აღნიშნული დადგენილების მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად მიწათმოსარგებლე არის პირი რომლის სარგებლობაში ან საკუთრებაში არის ის მიწის ნაკვეთი ან უძრავი ქონება რომელზეც ვრცელდება ელექტრონული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონა. აქედან გამომდინარე მიწის ნაკვეთზე, რომელიც წარმოადგენს კერძო პირის საკუთრებას, შესაძლებელია გადადიოდეს ელექტროგადამცემი ხაზი და ამ ხაზს ჰქონდეს დაცვის ზონა.

კასატორის განმარტებით, არამართებულია ასევე სააპელაციო სასამართლოს განმარტება, რომ რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე შეზღუდვის დაწესება „ელექტრონული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N366 დადგენილების საფუძველზე არაფერს ცვლის, ვინაიდან ეს შეზღუდვები ისედაც ვრცელდება ყველა შესაბამის ნაკვეთზე, იმის მიუხედავად მიეთითება თუ არა იგი საჯარო რეესტრის ამონაწერში და მიუთითა, რომ სწორედ რომ მნიშვნელოვანია უძრავ ნივთებზე, შეზღუდვის სახით დაცვის ზონების რეგისტრაცია და მესაკუთრის ინფორმირება მისი ვალდებულების შესახებ იმ შემთხვევაში თუ საზოგადოებრივი და ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიის მიერ საჭირო იქნება გარკვეული სახის სამუშაოების ჩატარება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულის სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი) საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია სამტრედიის მუნიციპალიტეტის ...ს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ნივთზე (მიწის ნაკვეთი ფართობით 190 კვ.მ.) გამავალი ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონის - 128 კვ.მ. ნაწილში (სს ,,ე...ს’’ მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ნახაზის მიხედვით) ს. შ-ას საკუთრების უფლების აღიარების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 31 ივლისის №434 განკარგულების, 2019 წლის 31 ივლისის №349 საკუთრების უფლების მოწმობისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის ...ს ადმინისტრაციული ერთეულის, სოფელ ...ში მდებარე უძრავ ნივთზე (ნაკვეთის წინა ს/კ ..., ახალი ს/კ ...) გამავალი ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონის - 128 კვ.მ ნაწილში (სს ,,ე...ს“ მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ნახაზის მიხედვით) ს. შ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 7 აგვისტოს №... და 2020 წლის 14 აპრილის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის შესაბამისად ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანს წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ამავე კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თვითნებურად დაკავებულ მიწად ითვლება ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთანავე, სადავო პერიოდში, კანონით გათვალისწინებული იყო შემზღუდველი გარემოებებიც, რომლის არსებობის შემთხვევაში საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარებოდა თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა თუ მასზე განთავსებული იყო საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები (მითითებული კანონის 3.2 მუხლი).

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2019 წლის 5 აპრილს, ს. შ-ამ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სამტრედიის მუნიციპალიტეტის, ...ს ადმინისტრაციული ერთეულის, სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 19 აპრილის №137728 მიმართვით, ვინაიდან დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ს. შ-ას მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი განცხადება თანდართულ და რეესტრის მიერ მოძიებულ მასალებთან ერთად შესასწავლად გადაუგზავნა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2019 წლის 1 მაისის №37/2425 წერილით მიმართა სს „ე...ს" და გამოითხოვა ინფორმაცია, ხომ არ გადიოდა მაღალი ძაბვის საჰაერო და საკაბელო ელ. გადამცემი ხაზები სამტრედიის მუნიციპალიტეტის, ...ს ადმინისტრაციული ერთეულის, სოფელ ...ში მდებარე ს. შ-ას მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე.

სს „ე...ს“ 2019 წლის 5 ივლისის №2273951 მიმართვით კომისიას ეცნობა, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო სს „ე...ს“ კუთვნილი 6 კვ. ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 31 ივლისის №434 განკარგულებით სამტრედიის მუნიციპალიტეტის, ...ს ადმინისტრაციული ერთეულის, სოფელ ...ში მდებარე უძრავ ნივთზე (მიწის ნაკვეთი ფართობით 190 კვ.მ) აღიარებულ იქნა ს. შ-ას საკუთრების უფლება და გაიცა 2019 წლის 31 ივლისის №349 საკუთრების უფლების მოწმობა. ამავე განკარგულებაში მიეთითა, რომ მიწის ნაკვეთზე (შესაბამისად, აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე/მფლობელზე) ვრცელდებოდა „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 31 ივლისის №349 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, 2019 წლის 7 აგვისტოდან სამტრედიის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე 190 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე აღირიცხა (განცხადების რეგისტრაციის ნომერი: ...) ს. შ-ას (პ/ნ ...) საკუთრების უფლება. უძრავ ნივთს მიენიჭა საკადასტრო კოდი .... ამასთან, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 10 აპრილის №37/1538 მიმართვის საფუძველზე, „რეგისტრაციის შესახებ“ 2020 წლის 14 აპრილის №... გადაწყვეტილებით, უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით ..., საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამის გრაფაში მიეთითა შემდეგი: „აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე/მფლობელზე ვრცელდება „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.05.2023 წლის №... გადაწყვეტილებით სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ნაკვეთს მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი ....

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა: ....ი) თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები; ...ნ) სანიტარიული და დაცვითი ზონები.

ამდენად, საკანონმდებლო აკრძალვებიდან გამომდინარე, სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა აღიარებას არ ექვემდებარება, იმ შემთხვევაში, თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის, კერძოდ, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის ქსელი.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის მიხედვით, ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი – ღია ცის ქვეშ განთავსებული მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაა ანძებზე ან საინჟინრო ნაგებობებზე იზოლატორებითა და არმატურით დამაგრებული სადენებით ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემა/გადატანა; ბ) საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზი – ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემისათვის/გადატანისათვის განკუთვნილი იზოლირებული სადენი (სადენები), რომელიც შედგება ერთი ან რამდენიმე პარალელური შტოსაგან, შეერთებისათვის საჭირო აქსესუარებით (ქუროები, მომჭერები და სხვა არმატურა); ზ) ელექტრული ქსელი – ქვესადგურების, გამანაწილებელი მოწყობილობების და მათი შემაერთებელი ელექტროგადამცემი ხაზების ერთობლიობა, რომელთა დანიშნულებაა ელექტროენერგიის გადაცემა და განაწილება. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონებად დგინდება: ა) საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზებისთვის: ა.ა) საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის გასწვრივ მიწის ნაკვეთი და საჰაერო სივრცე, შემოსაზღვრული ვერტიკალური სიბრტყეებით, რომლებიც ხაზის ორივე მხარეს გადაუხრელ მდგომარეობაში მყოფი განაპირა სადენებიდან დაშორებულია შემდეგი მანძილით: ა.ა.ა) 330, 400, 500 კვ - 30 მეტრი; ა.ა.ბ) 150, 220 კვ - 25 მეტრი; ა.ა.გ) 110 კვ - 20 მეტრი; ა.ა.დ) 35 კვ-15 მეტრი; ა.ა.ე) 1 – 20 კვ-10 მეტრი.

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტობრივი გარემოება და საქმის მასალებითაც დასტურდება, რომ სს „ე...“ საქართველოს ბაზარზე შემოსვლის დღიდან (2007 წლიდან) ექსპლუატაციას უწევს სადავო ტერიტორიაზე მდებარე 6 კვ. საჰაერო ელექტროგადამცემ ხაზს, რომელიც გადაეცა საქართველოს ენერგოსადისტრიბუციო კომპანიისგან. მეტიც, აღნიშნული ხაზოვანი ობიექტი, 2013 წლიდან საჯარო რეესტრშიც აღრიცხულია სს „ე...ს“ საკუთრებად. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს, სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ აღნიშნული გარემოებისა და ზემოთ მითითებული სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ უგულებელყო კანონის მოთხოვნები და მიუხედავად პირდაპირი აკრძალვისა, საკუთრების უფლების აღიარებას დაუქვემდებარა საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (ელექტროგაყვანილობის) ობიექტით განთავსებული და დაცვის ზონაში არსებული თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. მართალია, ადმინისტრაციული ორგანომ გამოიკვლია, გადიოდა თუ არა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი სადავო ტერიტორიაზე, მაგრამ დადებითი პასუხის მიღების მიუხედავად, მაინც აღიარა მესამე პირის საკუთრების უფლება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე. ამასთან, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ სს ,,ე...ს’’ მის მფლობელობაში არსებულ ელექტროგადამცემ ხაზთან პირდაპირ შემხებლობაში მყოფ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მიმართ იურიდიული ინტერესი არ აქვს.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მართებულად მიაჩნია ქვედა ინსტანციის სასამართლოების პოზიცია სამტრედიის მუნიციპალიტეტის, ...ს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ნივთზე (მიწის ნაკვეთი ფართობით 190 კვ.მ.) ს. შ-ას საკუთრების უფლების აღიარების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 31 ივლისის N434 განკარგულების და 2019 წლის 31 ივლისის N349 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ მასზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონის - 128 კვ.მ-ის ნაწილში. ასევე მართებულია ზემოაღნიშნულ ქონებაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 7 აგვისტოს №... და 2020 წლის 14 აპრილის №... გადაწყვეტილებების ნაწილობრივ ბათილად ცნობა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (ს/კ 202238621) საკასაციო საჩივარზე 29.12.2023წ. №64103 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 დეკემბრის განჩინება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 29.12.2023წ. №64103 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე