ბს-122 (კ-23) 20 იანვარი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.10.2022წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა 16.09.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის ნ. ც-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის გამო ნ. ც-ისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 53 379,36 (ორმოცდაცამეტი ათას სამას სამოცდაცხრამეტი ლარი და ოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის გადახდის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.09.2019წ. განჩინებით სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სარჩელი მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში და დასაშვებად იქნა ცნობილი.
ნ. ც-იმა 09.01.2020წ. შეგებებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმართ. ნ. ც-იმა სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ მოითხოვა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 09.01.2019წ. MES 1 19 00011055 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ნ. ც-ის 24.12.2018წ. №1648592 განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ასევე მოითხოვა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისათვის ახალი გადაწყვეტილების მიღების დავალდებულება ნ. ც-ისათვის საქართველოში დასაქმების შესახებ ვალდებულების შესრულების გადავადებისა და ვალდებულების შესრულების ვადის ათვლის შესაბამისი პერიოდის ამოწურვისთანავე, კერძოდ 2019 წლის 01 თებერვლის შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვიდან - 2021 წლის 02 თებერვლიდან დაწყების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.12.2020წ. გადაწყვეტილებით სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ. ც-ის, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაეკისრა 53 379,36 (ორმოცდაცამეტი ათას სამას სამოცდაცხრამეტი ლარი და ოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის გადახდა, ნ. ც-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ. ც-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.10.2022წ. გადაწყვეტილებით ნ. ც-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.12.2020წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ნ. ც-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 09.01.2019წ. MES 1 19 00011055 გადაწყვეტილება და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა უცხო ქვეყანაში დარჩენის უფლების მინიჭების თაობაზე ნ. ც-ის 24.12.2018წ. MES 3 1801648592 განცხადებასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმის მასალების მიხედვით ნ. ც-იმა განცხადებით მიმართა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს და ითხოვა საზღვარგარეთ სტაჟირების გავლის მიზნით 1 წლით - 2019 წლის შემოდგომამდე დარჩენა. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 28.05.2018წ. №25-18 ბრძანებით შექმნილი კომისიის 09.11.2018წ. №17 სხდომის ოქმით ნ. ც-ის უარი ეთქვა საზღვარგარეთ სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით დარჩენის უფლების მინიჭებაზე, ვინაიდან მის მიერ წარდგენილი დასაქმების შესახებ დოკუმენტაციის მიხედვით, სამსახურებრივი პოზიცია და ფუნქცია-მოვალეობები შეუსაბამო იყო ცენტრის მიერ დაფინანსებული სამაგისტრო პროგრამის შესაბამის სფეროსთან/მიმართულებასთან. 24.12.2018წ. ნ. ც-იმა MES 3 18 01648592 განცხადებით ხელახლა მიმართა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს და მოითხოვა, რომ საკონკურსო კომისიას ხელახლა ემსჯელა დასაქმების მიზნით საზღვარგარეთ დარჩენის უფლების მინიჭების შესახებ. 26.12.2018წ. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ნ. ც-ის აცნობა, რომ მისი განცხადება და დოკუმენტაცია მიღებული იყო წარმოებაში. ამასთან, განუსაზღვრა დამატებით 10 კალენდარული დღის ვადა განცხადებაში მითითებული ობიექტური გარემოების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის წარმოსადგენად, რათა კომისიას განმეორებით ემსჯელა საზღვარგარეთ სამუშაო მიზნით დარჩენის უფლების მინიჭების შესახებ. 03.01.2019წ. ნ. ც-იმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წერილით მიმართა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს და აცნობა, რომ მან წარადგინა სრული დოკუმენტაცია, რაც ოფიციალურად ადასტურებდა მის ახალ სამსახურებრივ საქმიანობას. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 09.01.2019წ. MES 1 19 00011055 გადაწყვეტილებით ნ. ც-ის ეცნობა, რომ სახეზე იყო მისი მხრიდან კანონმდებლობით და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტი და 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში უნდა დაებრუნებინა 2016-2017 და 2017-2018 აკადემიური წლებისთვის გრანტის სახით მიღებული თანხა - 53 379,36 (ორმოცდაცამეტი ათას სამას სამოცდაცხრამეტი ლარი და ოცდათექვსმეტი თეთრი) ლარი. აღნიშნულ ვადაში ნ. ც-იმა არ დააბრუნა გრანტის სახით მიღებული თანხა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 28.05.2018წ. №25-18 ბრძანებით დამტკიცდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2018-2019“ საკონკურსო კომისიის შემადგენლობა. ამასთან, მითითებული ბრძანების მე-2 პუნქტით განისაზღვრა საკონკურსო კომისიის ფუნქციები, კერძოდ, „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონკურსო კომისია იღებს გადაწყვეტილებას ცენტრის ბენეფიციართათვის სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით, სწავლის დასრულებიდან არაუმეტეს ერთი წლის ვადით უცხო ქვეყანაში დარჩენის უფლების მინიჭების შესახებ. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ბენეფიციარისთვის სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით, სწავლის დასრულებიდან არაუმეტეს ერთი წლის ვადით უცხო ქვეყანაში დარჩენის უფლების მინიჭების საკითხის გადაწყვეტის დისკრეციული უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საკონკურსო კომისიას, რომელიც წარმოადგენს კოლეგიურ ორგანოს, კომისიაში გადაწყვეტილების მიღება ხდება რამდენიმე პირის მიერ ერთობლივად. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას ბენეფიციარისთვის უცხო ქვეყანაში დარჩენის უფლების მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ იღებს დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით (ხოლო ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა). სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ უცხო ქვეყანაში დარჩენის უფლების მინიჭების თაობაზე ნ. ც-ის 24.12.2018წ. MES 3 18 01648592 განცხადება (ხელახალი განცხადება) საკითხის განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოს - საკონკურსო კომისიას არ გადასცემია. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 09.01.2019წ. MES 1 19 00011055 სადავო აქტით ცენტრმა საკონკურსო კომისიისგან დამოუკიდებლად განიხილა ნ. ც-ის 24.12.2018წ. MES 3 18 01648592 განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია, იმსჯელა მის საფუძვლიანობაზე და მიიჩნია, რომ განცხადებაში მითითებული გარემოებები არ დასტურდებოდა. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც საზღვარგარეთ სამუშაო მიზნით დარჩენის უფლების მინიჭების საკითხი ცალსახად წარმოადგენს საკონკურსო კომისიის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხს, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ნ. ც-ის 24.12.2018წ. MES 3 18 01648592 განცხადება, მისი განხილვის, საფუძვლიანობის შემოწმების და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ადმინისტრაციულ ორგანოს ხელახლა განსახილველად უნდა დაბრუნებოდა.
რაც შეეხება სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მოთხოვნას, გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის გამო ნ. ც-ისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 53 379,36 (ორმოცდაცამეტი ათას სამას სამოცდაცხრამეტი ლარი და ოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ვინაიდან სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 09.01.2019წ. MES 1 19 00011055 გადაწყვეტილება და არსებული მდგომარებით არ დასტურდება გრანტის მიმღების მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტი, სააპელაციო პალატის მოსაზრებით აღნიშნულ ეტაპზე არ არსებობს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.10.2022წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 22.04.2016წ. N201 დადგენილებით დამტკიცებული "სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის" მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, გრანტის მიმღებს სწავლის დასრულებიდან არაუმეტეს ერთი წლის ვადით შეიძლება მიეცეს საზღვარგარეთ დარჩენის უფლება შესაბამისი სასტიპენდიო პროგრამის კომისიის გადაწყვეტილებით. თუ კანდიდატი წარმოადგენს ისეთ ორგანოში დასაქმების ცნობას, რომელიც არ ემთხვევა იმ მიმართულებას, რაც გრანტის მიმღებმა დაასრულა, აღნიშნული წარმოადგენს ვალდებულების გადავადებაზე უარის თქმის საფუძველს. ამდენად, ვალდებულების გადავადებისთვის აუცილებელი პირობაა, რომ გრანტის მიმღები დასაქმდეს იმ სფეროში და ასრულებდეს იმ ფუნქცია-მოვალეობებს, რაც შესაბამისობაში მოდის ცენტრის მიერ დაფინანსებული მიმართულების - სამაგისტრო პროგრამის შესაბამის სფეროსთან. კასატორმა მიუთითა, რომ ნ. ც-იმა 24.12.2018წ. განცხადებით მოითხოვა საკონკურსო კომისიას ხელახლა ემსჯელა დასაქმების მიზნით საზღვარგარეთ დარჩენის უფლების მინიჭების შესახებ და განცხადებაში უთითებდა ობიექტურ გარემოებაზე, რის გამოც ვერ მოახერხა ცენტრის ინფორმირება ახალი დასაქმების ადგილის შესახებ. ცენტრმა ნ. ც-ის განუსაზღვრა 10 კალენდარული დღის ვადა განცხადებაში მითითებული ობიექტური გარემოების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის წარმოსადგენად. ობიექტური გარემოების არსებობა მოსარჩელის მიერ ვერ დადასტურდა, შესაბამისად, გრანტის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის და აღნიშნული ვალდებულების შესასრულებლად განსაზღვრული დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა მიმართა ნ. ც-ის ხელშეკრულებით დადგენილი წესით, 90 კალენდარული დღის ვადაში დაებრუნებინა 53 379,36 ლარი, თუმცა აღნიშნულ ვადაში მოსარჩელემ გრანტის სახით გადაცემული თანხა არ დააბრუნა. კასატორმა მიუთითა, რომ გრანტის მიმღების მიერ საკონკურსო განაცხადის პირველ ეტაპზე, ასევე ნებისმიერი დოკუმენტის წარმოდგენის დროს, საკონსკურსო კომისიისთვის გადაცემამდე, დოკუმენტების ფორმალურ გამართულობას და სისწორეს ამოწმებს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აკადემიური პროგრამებისა და საერთაშორისო პროექტების სამსახური, მხოლოდ ფორმალურად გამართული დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ გადაეცემა საკონკურსო კომისიას განსახილველად გრანტის მიმღების დოკუმენტაცია, რაც არ წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესების დარღვევას. კასატორის მოსაზრებით კონკურსანტების შეფასების კრიტერიუმებსა და შეფასების ფორმებს შეიმუშავებს და ამტკიცებს საკონკურსო კომისია, ხოლო ელექტრონული განაცხადის და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციული (ფორმალური) შემოწმება ცენტრის აკადემიური პროგრამებისა და საერთაშორისო პროექტების სამსახურის ფუნქციაა. ცენტრი უფლებამოსილია კონკურსტანტს მოსთხოვოს წარმოდგენილი დოკუმენტის დაზუსტება, არასრული/არასწორი დოკუმენტაციის განხილვა ცენტრის ფუნქციაა და არა საკონკურსო კომისიის.
კასატორმა აღნიშნა, რომ ნ. ც-იმა ვერ წარადგინა 18.12.2018წ. განცხადებაში მითითებული შემაფერხებელი ობიექტური გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რის გამოც სწორად ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. კასატორის მოსაზრებით ნ. ც-ის ასეთი დოკუმენტაცია რომც წარმოედგინა, მისი მოთხოვნა მაინც ვერ დაკმაყოფილდებოდა, ვინაიდან ხელმეორედ წარმოდგენილი დასაქმების ცნობის მიხედვით მისი დაკავებული პოზიცია და ფუნქცია-მოვალეობები არ ემთხვეოდა ცენტრის მიერ დაფინანსებული პროგრამის სფეროს.
კასატორმა მიუთითა, რომ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის არსებობის მიზანს წარმოადგენს, როგორც საჯარო, ისე კერძო სფეროში დასაქმებული კვალიფიციური კადრების მომზადება. აღნიშნული მიზნის მიღწევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი გრანტის მიმღები პირები, რომლებიც ისწავლიან საზღვარგარეთ, სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნდებიან ქვეყანაში და დასაქმდებიან შესაბამის სფეროში. კასატორი თვლის, რომ სასამართლოს მიერ ამ ვალდებულების, როგორც ხელშეკრულების ძირითადი პირობის, უგულებელყოფა ხელს შეუწყობს ქვეყნიდან ე.წ. "ტვინების გადინებას", მით უფრო, რომ გრანტის მიმღები ბენეფიციარები ფინანსდებიან მხოლოდ "საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 26.04.2016წ. №10-16 ბრძანებით გამოცხადდა სასტიპენდიო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ნ. ც-ი. 28.07.2016წ. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და ნ. ც-ის შორის გაფორმდა გრანტის შესახებ ხელშეკრულება №5800/2016/22, ხოლო 25.09.2017წ. გაფორმდა გრანტის შესახებ ხელშეკრულება №320404/2017/9. აღნიშნული ხელშეკრულებებით განისაზღვრა გრანტის მიმღების უფლება მიემართა საკონკურსო კომისიისათვის სწავლის დასრულებიდან არა უმეტეს ერთი წლის ვადით, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამის სფეროში/მიმართულებით სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით, უცხო ქვეყანაში დარჩენის უფლების მინიჭების თხოვნით, რისთვისაც გრანტის მიმღები ვალდებული იყო წარედგინა დასაბუთებული განცხადება და დასაქმების ოფიციალური დოკუმენტი. საკონკურსო კომისიის მიერ გრანტის მიმღებისათვის უცხო ქვეყანაში დარჩენის უფლების მინიჭება ჩაითვლებოდა ამავე ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულების (სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნდეს საქართველოში არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, დარჩეს ქვეყანაში 3 წლით და დასაქმდეს საქართველოში, შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში) შესრულების ვადის გადავადებად და ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა დაიწყებოდა საკონკურსო კომისიის მიერ გრანტის მიმღებისათვის მინიჭებული უცხო ქვეყანაში დასაქმების უფლების ვადის ამოწურვისთანავე. ამასთანავე, აღნიშნული ხელშეკრულებებით, გრანტის მიმღების მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, გრანტის გამცემს უფლება ჰქონდა ცალმხრივად, საკუთარი გადაწყვეტილებით შეეწყვიტა ხელშეკრულების მოქმედება. აღნიშნული შემთხვევის დადგომისას განისაზღვრა გრანტის მიმღების მიერ დაფინანსების შედეგად მიღებული თანხის დაბრუნების ვალდებულება.
09.10.2018წ. ნ. ც-იმა განცხადებით მიმართა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს და ითხოვა საზღვარგარეთ სტაჟირების გავლის მიზნით 1 წლით - 2019 წლის შემოდგომამდე დარჩენა. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ 2016 წლის სექტემბერში ჩაირიცხა ... უნივერსიტეტის ...ის ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დაასრულა ... წლის ...ში. ნ. ც-ი განცხადებაში აღნიშნავდა, რომ იგი თანამშრომლობდა იაპონურ-ქართულ კომპანიასთან „T...-სთან“, რასაც ადასტურებდა შპს „T...-ს“ მიერ 09.10.2018წ. გაცემული ცნობა. სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 28.05.2018წ. №25-18 ბრძანებით შექმნილი კომისიის 09.11.2018წ. №17 სხდომის ოქმით ნ. ც-ის უარი ეთქვა საზღვარგარეთ სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით დარჩენის უფლების მინიჭებაზე, ვინაიდან მის მიერ წარდგენილი დასაქმების შესახებ დოკუმენტაციის მიხედვით, სამსახურებრივი პოზიცია და ფუნქცია-მოვალეობები შეუსაბამო იყო ცენტრის მიერ დაფინანსებული სამაგისტრო პროგრამის შესაბამის სფეროსთან/მიმართულებასთან. 24.12.2018წ. ნ. ც-იმა MES 3 18 01648592 განცხადებით ხელახლა მიმართა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს და მოითხოვა, რომ საკონკურსო კომისიას ხელახლა ემსჯელა დასაქმების მიზნით საზღვარგარეთ დარჩენის უფლების მინიჭების შესახებ. ნ. ც-ი განცხადებაში უთითებდა, რომ 2018 წლის 7 ნოემბრიდან ,,T...-ში" მუშაობის პარალელურად, სტაჟირებას გადიოდა ,,N...-ის" ტოკიოს ოფისში, რომელთანაც გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, 2019 წლის იანვრიდან იწყებდა სრულ განაკვეთზე მუშაობას. ამავე განცხადებაში ნ. ც-ი უთითებდა ობიექტურ მიზეზებზე, კერძოდ კომპანიის დირექტორის ადგილზე არყოფნაზე, რის გამოც დადგენილ ვადაში ვერ მოახერხა ცენტრის ინფორმირება. ამავე განცხადებით ცენტრს წარედგინა შპს „T...-ს" და „N...-ის" დასაქმების ცნობები. 26.12.2018წ. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ნ. ც-ის აცნობა, რომ მისი განცხადება და დოკუმენტაცია მიღებული იყო წარმოებაში. ამასთან, განუსაზღვრა დამატებით 10 კალენდარული დღის ვადა განცხადებაში მითითებული ობიექტური გარემოების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის წარმოსადგენად, რათა კომისიას განმეორებით ემსჯელა საზღვარგარეთ სამუშაო მიზნით დარჩენის უფლების მინიჭების შესახებ. 03.01.2019წ. ნ. ც-იმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წერილით მიმართა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს და აცნობა, რომ მან წარადგინა სრული დოკუმენტაცია, რაც ოფიციალურად ადასტურებდა მის ახალ სამსახურებრივ საქმიანობას. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა 09.01.2019წ. MES 1 19 00011055 გადაწყვეტილებით ნ. ც-ის განცხადება უსაფუძვლოდ მიიჩნია იმის გამო, რომ არ დასტურდებოდა განცხადებაში მითითებული შემაფერხებელი გარემოების არსებობა. ამავე გადაწყვეტილებით ნ. ც-ის ეცნობა, რომ სახეზე იყო მისი მხრიდან კანონმდებლობით და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტი და 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში უნდა დაებრუნებინა 2016-2017 და 2017-2018 აკადემიური წლებისთვის გრანტის სახით მიღებული თანხა - 53 379,36 (ორმოცდაცამეტი ათას სამას სამოცდაცხრამეტი ლარი და ოცდათექვსმეტი თეთრი) ლარი. აღნიშნულ ვადაში ნ. ც-ის გრანტის სახით მიღებული თანხა არ დაუბრუნებია.
საკასაციო პალატა მიუთითებს „გრანტების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველია წერილობითი ხელშეკრულება გრანტის გამცემსა (დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის.
საქართველოს მთავრობის 22.04.2016წ. №201 დადგენილებით დამტკიცებული "სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის" პროგრამის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გრანტის მიმღებს, რომელმაც მოიპოვა გრანტი საზღვარგარეთ, უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ პროგრამაზე სწავლისა და შესაბამისი აკადემიური ხარისხის მოპოვების მიზნით, უფლება აქვს მიმართოს საკონკურსო კომისიას თხოვნით, რათა სწავლის დასრულებიდან არაუმეტეს ერთი წლის ვადით მიეცეს საზღვარგარეთ დარჩენის უფლება შესაბამის სფეროში/შესაბამისი მიმართულებით სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით. სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით საზღვარგარეთ დარჩენის უფლება გრანტის მიმღებს ენიჭება შესაბამისი პროგრამის კომისიის გადაწყვეტილებით, მხოლოდ დაფინანსებული მიმართულებით საზღვარგარეთ დასაქმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში. აღნიშნულ უფლების მინიჭება განიხილება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დასაქმების ვალდებულების შესრულების გადავადებად და ამ ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა დაიწყება შესაბამისი პერიოდის ამოწურვისთანავე. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ როგორც კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ისე მხარეთა შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად, ბენეფიციარისთვის სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით, სწავლის დასრულებიდან არაუმეტეს ერთი წლის ვადით უცხო ქვეყანაში დარჩენის უფლების მინიჭების საკითხის გადაწყვეტის დისკრეციული უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საკონკურსო კომისიას. განსახილველ შემთხვევაში ნ. ც-ის 24.12.2018წ. განცხადება არ გადასცემია საკითხის განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოს - საკონკურსო კომისიას. სადავო აქტი, რომლითაც ნ. ც-ის განცხადება უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, გამოცემულია სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მიერ.
დაუსაბუთებელია კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ საკონკურსო განაცხადების ფორმალურ შემოწმებას ახდენს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აკადემიური პროგრამებისა და საერთაშორისო პროექტების სამსახური და ამის შემდეგ განაცხადები განსახილველად გადაეცემა საკონკურსო კომისიას. კასატორი ვერ უთითებს ზემოაღნიშნული პროცედურის ნორმატიულ მოწესრიგებაზე. ამასთან, არც საქართველოს მთავრობის 22.04.2016წ. №201 დადგენილება და არც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებს რაიმე სახის წინაპირობას უცხო ქვეყანაში დარჩენის უფლების მინიჭების თაობაზე განცხადების საკონკურსო კომისიისათვის გადასაცემად. აღსანიშნავია აგრეთვე საქმეში დაცული საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა 2016-2017, რომლის თანახმად ელექტრონული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასება საკონკურსო კომისიის უფლებამოსილებაა (ს.ფ 231).
საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ. ც-ის 24.12.2018წ. MES 3 18 01648592 განცხადება, მისი განხილვის, საფუძვლიანობის შემოწმების და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ადმინისტრაციულ ორგანოს ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს, კერძოდ, სადავო საკითხის გადაწყვეტაზე უფლებამოსილმა ორგანომ - სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის საკონკურსო კომისიამ უნდა იმსჯელოს სადავო საკითხზე და გადაწყვეტილება მიიღოს ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მათ შორის, საკონკურსო კომისიამ სადავო საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას სათანადოდ უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს ნ. ც-ის განცხადებაზე თანდართული შპს „T...-ს" და „N...-ის" დასაქმების ცნობები, ასევე ნ. ც-ის მიერ სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე დამატებით წარმოდგენილი ,,N... K.K.-სა" და ნ. ც-ის შორის 01.02.2019წ. გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება (ნოტარიულად დამოწმების თარიღი: 04.02.2020წ.), ,,N...-ის" გენერალური დირექტორის 22.12.2019წ. (ნოტარიულად დამოწმების თარიღი: 04.02.2020წ.) ცნობა სამუშაო ადგილიდან, ,,N... K.K.-ის" ... ოფიცრის 14.02.2020წ. (ნოტარიულად დამოწმების თარიღი: 17.02.2020წ.) წერილი, "R...-ის" (დამსაქმებელი კომპანია) მმართველი დირექტორის 10.03.2022წ. წერილი, თანდართულ დასაქმების წესებსა და პირობებთან ერთად. ნ. ც-ის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი დოკუმენტები მიუთითებს ნ. ც-ისა და ,,N...-ის" გენერალური დირექტორის შეხვედრის შეუძლებლობის მიზეზებზე, ,,N...-ში" ნ. ც-ის დასაქმების ვადებსა და მის უფლებამოსილებებზე, ასევე ნ. ც-ის ახალ დამსაქმებელთან - "R...-სთან" თანამშრომლობის დეტალებზე.
რაც შეეხება სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასარჩელო მოთხოვნას - ნ. ც-ისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 53 379,36 ლარის დაკისრების თაობაზე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად სცნო სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 09.01.2019წ. გადაწყვეტილება და ნ. ც-ის 24.12.2018წ. განცხადების ხელახლა განხილვა დაევალა საკონკურსო კომისიას, განცხადების ხელახალი განხილვის დროს ნ. ც-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტების შეფასების შემდეგ კომისიამ უნდა გადაწყვიტოს მისთვის უცხო ქვეყანაში დარჩენის უფლების მინიჭების საკითხი, სწორედ ამ საკითხის შეფასების შემდეგ იქნება შესაძლებელი ნ. ც-ის მიერ გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემოწმება. ამდენად, ვინაიდან არსებული მდგომარეობით სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს გრანტის მიმღების მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის ფაქტი, აღნიშნულ ეტაპზე შეუძლებელია სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმება.
დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება სასამართლოს მიერ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიზნისა და გრანტის შესახებ ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულების უგულებელყოფის თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ნ. ც-იმა საქართველოს მთავრობის 22.04.2016წ. №201 დადგენილებითა და მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული, საზღვარგარეთ დარჩენის უფლების გამოყენების თხოვნით მიმართა შესაბამის საკონსკურსო კომისიას. აღნიშნული უფლების მინიჭება ამავე დადგენილების მიხედვით საქართველოში დაბრუნებისა და დასაქმების ვალდებულების გადავადების საფუძველია და არა სახელშეკრულებო პირობის უგულებელყოფის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.10.2022წ. გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი