Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-97(2კ-24) 21 იანვარი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობა

მოწინააღმდეგე მხარე - ზ. ჭ-ი, ნ. ჭ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 23 იანვარს ზ. და ნ. ჭ-იების წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 4 მაისს განცხადებით მიმართა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობას, რომლითაც ქალაქ თბილისში, ...ის ... ქუჩის №...-ში (...ის ქუჩა №..., ყოფილი ...ის ქუჩა №...) მდებარე ბინის პრივატიზება მოითხოვა. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის 2019 წლის 21 მაისის №36-01191413176 წერილით განმცხადებელს ეცნობა, რომ გამგეობა მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა, ვინაიდან წარდგენილი არ იყო აღნიშნული ფართით კანონიერად სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი - ვერ დგინდებოდა, რომ ზ. და ნ. ჭ-იებს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაეცათ შესაბამისი ბინა. სარჩელის ავტორმა მითითებული წერილი ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, რომლის 2019 წლის 16 დეკემბრის №1986 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ქ. თბილისში, ...ს ქ. №...ა-ში (იგივე №...) განთავსებულია სამი ერთსართულიანი საუწყებო სახლი, რომელიც თავდაპირველად ირიცხებოდა საქართველოს სსრ კავშირგაბმულობის სახლმმართველობის სახელზე, ხოლო შემდეგ გადავიდა თბილისის ... სახელმწიფო გაერთიანების ბალანსზე, მათ შორის ...ს ქ. №...ა-ში (იგივე №...) ოთხბინიანი ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლიც, რომელშიც ზ. ჭ-ისა და ნ. ჭ-ის კანონიერ სარგებლობაში აქვთ საქართველოს სსრ კავშირგაბმულობის სახლმმართველობის მიერ გადაცემული საცხოვრებელი ფართობი იმ საფუძვლით, რომ ზ. ჭ-ი მუშაობდა კავშირგაბმულობის სისტემაში და მას და მის ოჯახს საბინაო ფონდიდან გადაეცა ფართი. თუმცა მოსარჩელის მითითებით, დღეის მდგომარეობით აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც უნდა ინახებოდეს თბილისის ... სახელმწიფო გაერთიანების არქივში არ არსებობს, რადგან აღნიშნული არქივი დამწვარია. სახლმმართველობის იმდროინდელი ხელმძღვანელიც ადასტურებს, რომ ბინის ორდერები ხანდაზმულობის გამო, არც სერვისცენტრებში და არც მობინადრეებთან არ ინახება. დაკარგულია ასევე საბინაო წიგნაკი, რომელშიც ფიქსირდება სამივე საუწყებო საცხოვრებელი სახლის მობინადრეთა შესახებ მონაცემები. მოცემულ შემთხვევაში, საინფორმაციო ბარათით დასტურდება, რომ ზ. ჭ-ი 1979 წლის 17 მაისიდან, ხოლო ნ. ჭ-ი 1994 წლის 24 ივლისიდან დღემდე რეგისტრირებულები არიან ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის 2019 წლის 21 მაისის №36-01191413176 წერილისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 16 დეკემბრის №1986 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №...-ში (ყოფილი ...ის ქუჩა №...) მდებარე საცხოვრებელი ფართის ზ. და ნ. ჭ-იებისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით ზ. ჭ-ისა და ნ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 16 დეკემბრის №1986 ბრძანება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის 2019 წლის 21 მაისის №36-01191413176 წერილი და მოპასუხეს დაევალა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ზ. ჭ-ისა და ნ. ჭ-ის მიმართ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განმარტებით, ზ. და ნ. ჭ-იების მოთხოვნის განხილვის პროცესში ისნის რაიონის გამგეობას ჯეროვნად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და სათანადოდ არ შეუფასებია დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის ხელახლა განხილვისას უნდა დაადგინოს, როგორც მოსარჩელეთა მიერ სადავო ფართის მართლზომიერი სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების, ისე მათ მიერ ფართის ფაქტობრივად ფლობისა და სარგებლობის ფაქტის არსებობა, ასევე უნდა დაადგინოს სსიპ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, მითითებულ მისამართზე რეგისტრირებული სამი მესაკუთრის გარდა არსებული უძრავი ქონების სხვა თანამესაკუთრის ვინაობა, მით უფრო, რომ მითითებული სამი მესაკუთრის საკუთრებაში არსებული საერთო ფართი შეადგენს 159,67 კვ.მ-ს, ხოლო რეგისტრაციის მიღმა დარჩენილი 20 კვ.მ. ფართის მესაკუთრის ვინაობა უცნობია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობამ.

კასატორის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებულ „კანონიერი მოსარგებლისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ მიზნებიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ პირი ჩაითვალოს ბინის კანონიერ მოსარგებლედ და მონაწილეობა მიიღოს ბინის პრივატიზების პროცესში, აუცილებელია ორი პირობის ერთდროულად არსებობა: პირს უნდა ჰქონდეს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით სარგებლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი და ამავე დროს იგი კანონიერად უნდა სარგებლობდეს საპრივატიზაციო ფართით. ამავე წესის თანახმად, კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტებად მოიაზრება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ მითითებული დადგენილება არ შეიცავს კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების ამომწურავ ჩამონათვალს. შესაბამისად, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სათანადო სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს საქმის მასალებში წარმოდგენილ დოკუმენტებსა და ფაქტობრივ გარემოებებს.

კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტად მოსარჩელე მიიჩნევს, „თბილისის ... სახელმწიფო გაერთიანების ბალანსზე რიცხული ...ს ქ. №...-ში მდებარე ერთსართულიანი ოთხბინიანი საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერიის 1994 წლის 31 აგვისტოს №754 განკარგულებას. კასატორის განმარტებით, მითითებული დოკუმენტი ვერ იქნება მიჩნეული კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ მტკიცებულებად, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტით განხორციელდა ...ს ქ. №...-ში არსებული საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღება, რაც თავის მხრივ, გულისხმობს შენობის ვარგისად აღიარებას, კანონიერ ჩარჩოში მოქცევას და არა მოსარჩელეებისათვის პრივატიზებამოთხოვნილი ფართის კანონიერ სარგებლობაში გადაცემას. შესაბამისად, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია მოსარჩელეთა წარმომადგენლის აპელირება იმის თაობაზე, რომ მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი მიჩნეულ უნდა იქნას კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ მტკიცებულებად და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისათვის საკმარის საფუძვლად. ხოლო რაც შეეხება საქმის მასალებში არსებულ საინფორმაციო ბარათებს, კასატორის მითითებით, მხოლოდ საინფორმაციო ბარათი ვერ იქნება მიჩნეული სადავო ფართის კანონიერად სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტად, ვინაიდან ხსენებული დოკუმენტი სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ადასტურებს ფართის ფლობის ფაქტს, რაც ასევე პრივატიზების განხორციელების აუცილებელი საფუძველია, მაგრამ ვერ მიიჩნევა სადავო ფართის სარგებლობის უფლების წარმოშობის საფუძვლად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის განმარტებით, გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცვას მსჯელობას, თუ რა უნდა გამოეკვლია ისნის რაიონის გამგეობას. გაუგებარია, კანონმდებლობის კონკრეტულად რომელი ნორმის თუ წესის დარღვევით მოხდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და რომელი გარემოება არ იქნა გამოკვლეული. რაც შეეხება მოწმეების ჩვენებას, ქალაქ თბილისში, ...ა, მე-2 ქუჩის №...-ში მდებარე ბინის ზ. და ნ. ჭ-იების მიერ მართლზომიერად ფლობის თაობაზე, კასატორის მითითებით, მოწმის ჩვენება დამოუკიდებლად, სხვა მტკიცებულებით გამყარების გარეშე, არ წარმოადგენს რელევანტურ მტკიცებულებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის 2019 წლის 21 მაისის №36-01191413176 წერილისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 16 დეკემბრის №1986 ბრძანების კანონიერება, რომლითაც მოსარჩელეებს უარი ეთქვათ მოთხოვნილი ფართის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემაზე, ბინის მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის საფუძვლით.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე, რომლის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით აღიარებულია საკუთრების ინსტიტუტის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ საფუძვლად არსებული ღირებულების კონსტიტუციური მნიშვნელობა, რომელიც ინდივიდის პიროვნული თავისუფლებისა და ინდივიდუალური თვითრეალიზების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი“ არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის, 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს (მუხ. 1). ამავე „წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს კანონიერი მოსარგებლის დეფინიციას, რომლის მიხედვით, კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე. იმავე „წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 4 მაისს ზ. და ნ. ჭ-იებმა განცხადებით მიმართა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობას, რომლითაც ქალაქ თბილისში, ...ის ... ქუჩის №...-ში (...ის ქუჩა №..., ყოფილი ...ის ქუჩა №...) მდებარე ბინის პრივატიზება მოითხოვა. განმცხადებელმა სხვა დოკუმენტებთან ერთად ისნის რაიონის გამგეობას წარუდგინა: ა) ამონაწერი სსიპ საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისში, ...აში, ... ქუჩის №...-ში მდებარე, ... საკადასტრო კოდის უძრავ ქონებაზე, რეგისტრირებულია ე. გ-ის, ვ. ბ-ეისა და ს. მ-ის საკუთრების უფლება. მესაკუთრეების შესახებ მონაცემებში ასევე დაფიქსირებულია, რომ არსებობს უძრავი ქონების სხვა თანამესაკუთრეც; ბ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 აპრილის წერილი, რომლითაც ნ. ო-ის შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ეცნობა, რომ: 1) არქივში წარდგენილია ტექნიკური აღრიცხვის ბარათი უძრავ ნივთზე შემდეგი მისამართით - „...ს ქუჩა ...ა, ...ს ქუჩა ...“. საარქივო მასალაში აღნიშნულ უძრავ ნივთზე გრაფაში „მესაკუთრე/მოსარგებლეთა სია“ დაფიქსირებულია ... ქარხანა კერძო თანამფლობელებთან ერთად შემდგომში წარდგენილი ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელთა მიხედვით, 1996-1998 წლებში პრივატიზაცია განხორციელებულია ისნის რაიონის №129 საბინაო საექსპლოატაციო უბნის მიერ, ხოლო 1994 წელს ხელშეკრულება შედგენილია ... ქარხნის მიერ; 2) იგივე უძრავ ნივთზე საარქივო მასალაში მითითებული, მთლიანი სახლთმფლობელობის საერთო მონაცემების მიხედვით, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით არსებულ ფართად ფიქსირდება ლიტერ „ა“ 104,91 კვ.მ საცხოვრებელი ფართით, 146,26 კვ.მ საერთო ფართით, 41,5 კვ.მ დამხმარე ფართითა და 29,82 კვ.მ სარდაფის ფართით, ასევე, ლიტერ ბ-ვ-გ (სათავსო) 33,00 კვ.მ საერთო ფართით, მიწის ნაკვეთის საერთო ფართად კი აღნიშნულია 857 კვ.მ;) მისამართზე „...ს ქუჩა ...ა, ...ს ქუჩა ...“ უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალაში წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციით (ხელშეკრულებები) აღრიცხულია 3 ინდივიდუალური საკუთრების საგანი შესაბამისი მოსარგებლეების მითითებით. მიმდინარე პერიოდისათვის უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრში ქალაქ თბილისში, ...აში, ... ქუჩის №...-ში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი ...) ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით ამავე უძრავი ნივთის მოსარგებლედ მითითებული პირების ან/და მათი უფლებამონაცვლეების საკუთრების უფლების რეგისტრაცია სრულად არის განხორციელებული; 4) მისამართზე „...ს ქუჩა ..., ...ს ქუჩა ...“ უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალაში აღრიცხულ სარდაფზე ფართით 29,82 კვ.მ და დამხმარე სათავსოზე ფართი 33.00 კვ.მ, უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ არის განხორციელებული. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის თბილისის არქივის მიერ 2017 წლის 16 ოქტომბერს გაცემული საარქივო ცნობა №AA2017037791-03 და მასზე დართული დოკუმენტები (ქალაქ თბილისის მერიის 1994 წლის 31 აგვისტოს №754 განკარგულება და მასზე დართული დოკუმენტები), რომელთა შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 1994 წლის 31 აგვისტოს №754 განკარგულების საფუძველზე მიღებულ იქნა ექსპლოატაციაში თბილისის ... სახელმწიფო გაერთიანების ბალანსზე რიცხული, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე ერთსართულიანი, ოთხბინიანი საცხოვრებელი სახლი. აღნიშნულ განკარგულებას დართული, თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის ისნის რაიონის გამგეობის 1994 წლის 11 ივლისის მიმართვის მიხედვით, თბილისის ... სახელმწიფო გაერთიანების გენერალური დირექტორის მოადგილეს ეთხოვა, არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოს წინაშე დაეყენებინა საკითხი მის ბალანსზე რიცხული, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე სახლის ექსპლოატაციაში მიღების შესახებ, რათა იქ მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებმაც გამგეობას კოლექტიური განცხადებით მიმართეს შესაბამისი ბინების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით, მისცემოდათ სახლის პრივატიზების შესაძლებლობა. იგივე განკარგულებას დართული, თბილისის ... სახელმწიფო გაერთიანების გენერალური დირექტორის მოადგილის 1994 წლის 6 მაისის მიმართვით თბილისის მერს ეთხოვა, გაეცა სათანადო დოკუმენტაცია ...ს ქუჩა №...-ში მდებარე სახლის ექსპლოატაციაში მისაღებად ამ სახლში მცხოვრები 4 ოჯახის მიმართ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის 2018 წლის 24 მაისის წერილით ზ. და ნ. ჭ-იების წარმომადგენელს №36-0118443061 განცხადებასთან დაკავშირებით ეცნობა, რომ მითითებული განცხადებით გათვალისწინებული მოთხოვნის განსახილველად წარსადგენი იყო საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 განსაზღვრული დოკუმენტები.

2019 წლის 3 მაისს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობას №19/01191233727 განცხადებით მიმართა ზ. და ნ. ჭ-იების წარმომადგენელმა ნ. ო-იმა და 2018 წლის 4 მაისის №19/01181241014-36 განცხადების განხილვა მოითხოვა იმაზე მითითებით, რომ სრულად წარადგინა აღნიშნულ განცხადებაზე დართული დოკუმენტების დედნები.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის 2019 წლის 21 მაისის №36-01191413176 წერილით ნ. ო-ის ეცნობა, რომ გამგეობა მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაეკმაყოფილებინა მისი მარწმუნებლების მოთხოვნა ქალაქ თბილისში, ...აში, ... ქუჩის №...-ში მდებარე ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ, ვინაიდან წარდგენილი არ იყო აღნიშნული ფართით კანონიერად სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი - ვერ დგინდებოდა, რომ ზ. და ნ. ჭ-იებს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაეცათ შესაბამისი ბინა.

2019 წლის 21 ივნისს ზ. და ნ. ჭ-იების წარმომადგენელმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის 2019 წლის 21 მაისის №36-01191413176 წერილის ბათილად ცნობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 16 დეკემბრის №1986 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ზ. და ნ. ჭ-იების წარმომადგენლის 2019 წლის 21 ივნისს ადმინისტრაციული საჩივარი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი“ ითვალისწინებს არაპრივატიზებული ფართობის საკუთრებაში გადაცემის განცხადებისათვის დასართავი და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს. „წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულია, რომ განცხადებას უნდა დაერთოს არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.). აღნიშნულ ნორმაში, მართალია, მითითებულია იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რომლებითაც დადასტურებული უნდა იქნეს კანონიერი სარგებლობის ფაქტი, თუმცა კანონმდებელი არ იძლევა ამ დოკუმენტების ამომწურავ ჩამონათვალს და ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას, დაეყრდნოს უძრავი ქონების კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ სხვა დოკუმენტსაც. ზემოაღნიშნული „წესის“ მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, განმცხადებელს უფლება აქვს განცხადებას დაურთოს ასევე სხვა დოკუმენტი, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საქმეში არსებულ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 დეკემბრის №... გადაწყვეტილებაში მითითებულ გარემოებაზე, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მასალებით დგინდება, რომ საცხოვრებელი 104.91 კვ.მ-დან შემდგომში წარმოდგენილი ხელშეკრულებების საფუძველზე განიკარგა 98 კვ.მ აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის მიზნით, 2017 წლის 8 დეკემბერს ჩატარდა ქ. თბილისში, ...ა, ქუჩა მე-2, №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი ...) და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობაში არსებული ბინა-ერთეულების (..., ... და ...) ადგილზე დათვალიერება. ადგილზე დათვალიერების შედეგად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ სართულებრივ გეგმაზე მონიშნეს რეგისტრირებული ბინა-ერთეულები და დაურეგისტრირებელი საცხოვრებელი ფართი. ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ქ. თბილისში, ...ა, ქუჩა მე-2, №...-ში მდებარე შენობა-ნაგებობაში არსებობს დაურეგისტრირებელი საცხოვრებელი ფართი, რომელზეც რეგისტრირებული მესაკუთრეების უფლება არ დგინდება.

ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათებიდან ირკვევა, რომ მისამართზე - ქალაქი თბილისი, ...ს ქუჩა №..., ზ. ა.-ის ძე ჭ-ი დარეგისტრირდა 1979 წლის 17 მაისს, ხოლო ნ.. ზ.-ს ასული ჭ-ი - 1994 წლის 24 ივლისს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობა საკითხის გადაწყვეტისას ძირითადად ყურადღებას აქცევს მხოლოდ იმას, წარმოდგენილია თუ არა საკითხის მომწესრიგებელი ნორმატიული აქტით გათვალისწინებული რომელიმე კონკრეტული დოკუმენტი და უგულებელყოფს ცნებას - „სხვა დოკუმენტი“, აღნიშნულ ცნებაში მოაზრებულ კანონმდებლის მიზანსა და განზრახულობას. ნორმატიულ აქტში მოხსენიებული სიტყვათა კონსტრუქცია „სხვა დოკუმენტი“ განმარტებულ უნდა იქნეს ფართოდ და მასში გათვალისწინებულ უნდა იქნეს მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც ადასტურებენ მოსარჩელის კანონიერი სარგებლობის ფაქტს საცხოვრებელ ბინაზე.

ზ. და ნ. ჭ-იების მოთხოვნის განხილვის პროცესში ისნის რაიონის გამგეობას ჯეროვნად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და სათანადოდ არ შეუფასებია დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის ხელახლა განხილვისას უნდა დაადგინოს, როგორც მოსარჩელეთა მიერ სადავო ფართის მართლზომიერი სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების, ისე მათ მიერ ფართის ფაქტობრივად ფლობისა და სარგებლობის ფაქტის არსებობა, ასევე უნდა დაადგინოს საჯაროო რეესტრის ამონაწერის თანახმად, მითითებულ მისამართზე რეგისტრირებული სამი მესაკუთრის გარდა არსებული უძრავი ქონების სხვა თანამესაკუთრის ვინაობა. გამგეობას არ შეუფასებია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 აპრილის წერილში მითითებული გარემოება, რომ აღნიშნული უძრავი ნივთის ამონაწერში განხორციელებულ ჩანაწერში „თანამესაკუთრე“ - იგულისხმება უძრავი ნივთის ის ნაწილი, რომელზედაც ამავე უძრავი ნივთის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით უძრავი ნივთის მოსარგებლედ მითითებული პირ(ებ)ის ან/და მისი უფლებამონაცვლის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში არ განხორციელებულა.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 28 ივლისის განჩინებაზე, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ საბჭოთა პერიოდის „ჩაწერის ინსტიტუტი” ნიშნავდა საცხოვრებელი ადგილის არსებობას, იმ დროინდელი კანონმდებლობის საფუძველზე კი, ბინაში ჩაწერა წარმოადგენს სახლის ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უტყუარ დამადასტურებელ საბუთს (სუსგ №ბს180-177(კ-15); №ბს-257-254(კ-12)).

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას, აძლევს რა საშუალებას გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ზაკ-ის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და მტკიცებულებათა შეგროვება მოახდინოს დაინტერესებულ მხარეთა მოსმენის, მოწმეთა დაკითხვის ან კანონით სხვა ნებისმიერი განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე