საქმე #ბს-1043(კ-24) 6 თებერვალი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – ლ. ა-ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირები (ასკ 16.2) – 1. ზ. ა-ი; 2. დ. ა-ი; 3. სს „ლ...“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივნისის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2021 წლის 23 ივნისს ლ. ა-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ (1) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 2 აგვისტოს #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (ზ. ა-ის სახელზე ს.კ. ... უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ), (2) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 29 ოქტომბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (დ. ა-ის სახელზე ს.კ. ... უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ), (3) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 25 ნოემბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (ა. გ-ის, აფ. გ-ის, ე.. გ-ის, ელ. გ-ისა და რ. გ-ას სახელზე ს.კ. ... უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ) და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის სადავო უძრავი ქონების ლ. ა-ას სახელზე რეგისტრაციის დავალება მოითხოვა.
ამავე სარჩელით მოსარჩელემ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 14 აგვისტოს #... გადაწყვეტილების, 2013 წლის 25 ნოემბრის #... გადაწყვეტილებისა და 2012 წლის 10 სექტემბრის #... გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 ივნისის განჩინებით, ლ. ა-ას სარჩელი მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში და ცნობილ იქნა დასაშვებად. ამავე განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ზ. ა-ი, დ. ა-ი, ა. გ-ი, აფ. გ-ი, ე.. გ-ი, ელ. გ-ი და რ. გ-ა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 ივნისის განჩინებით ლ. ა-ას შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე, შეჩერდა „რეგისტრაციის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 25 ნოემბრის #... გადაწყვეტილების მოქმედება; დანარჩენ ნაწილში შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
2022 წლის 3 ივნისს მოსარჩელე ლ. ა-ას წარმომადგენელმა - დ. ნ-იმა განცხადებით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს და დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები. სარჩელის დაზუსტების შემდგომ, საბოლოოდ, მოსარჩელემ (1) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2002 წლის 6 სექტემბრის #24358/2002 სააღრიცხვო ბარათის (მესაკუთრე: ა-ი ზ. ე. ო., ს.კ. ..., 0.095 ჰა), (2) სსიპ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 2 აგვისტოს #... გადაწყვეტილების (ს.კ. ... (წინა ს.კ. ..., ფართი - 950 კვ.მ) უძრავ ქონებაზე ზ. ა-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ), (3) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 29 ოქტომბრის #... გადაწყვეტილების (ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, დ. ა-ის სახელზე ს.კ. ... უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ) ბათილად ცნობა და (4) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის მარნეულში, სოფ. ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე ლ. ა-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
ამავე განცხადებით (03.06.2022წ.) მოსარჩელე ლ. ა-ას წარმომადგენელმა - დ. ნ-იმა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 25 ნოემბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, სარჩელის ნაწილობრივ გახმობის თაობაზე იშუამდგომლა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 6 ივნისის განჩინებით მოსარჩელე ლ. ა-ას შუამდგომლობა სარჩელის ნაწილობრივ გამოხმობის შესახებ დაკმაყოფილდა; ლ. ა-ას სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 25 ნოემბრის #... გადაწყვეტილების (ა. გ-ის, აფ. გ-ის, ე.. გ-ის, ელ. გ-ისა და რ. გ-ას სახელზე ს.კ. ... უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ) ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, დარჩა განუხილველად; გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა „რეგისტრაციის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 25 ნოემბრის #... გადაწყვეტილების მოქმედება. შედეგად, საქმეში მესამე პირებად ჩართული ა. გ-ი, აფ. გ-ი, ე.. გ-ი, ელ. გ-ი და რ. გ-ა ამოირიცხნენ მესამე პირთა რიგებიდან.
წარმოდგენილ სარჩელში მოსარჩელე განმარტავს, რომ მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან, სადავო მიწის ნაკვეთს ფლობდა მისი ოჯახი. ტექინვენტარიზაციის სააღრიცხვო მონაცემებით, სადავო ქონება აღრიცხული იყო ლ. ა-ას მეუღლის - გ. ა-ის სახელზე. მისი გარდაცვალების შემდეგ, სადავო ქონება შეცდომით აღირიცხა მესამე პირების სახელზე.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ქონება არ წარმოადგენს მესამე პირების საკუთრებას, რაც დასტურდება პირველადი რეგისტრაციის მასალებითაც. 2002 წლის 6 სექტემბერს ზ. ა-ის სახელზე განხორციელებული უძრავი ქონების რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო სია #1276, რომელიც არ არსებობს. ამასთან, 2002 წლის 6 სექტემბერის რეგისტრაციის საკადასტრო რუკის მიხედვით, ზ. ა-ის მიწის ნაკვეთის სიგრძე ერთ მხარეს არის 45.16 მ; მეორე მხარეს - 45.66 მ; სიგანე - 19.50 მ. 2012 წლის 29 ოქტომბერს, საკუთრების უფლების მონაცემების დაზუსტების შედეგად კი, ნაკვეთის ერთი მხარე 48 მ; მეორე მხარე - 49 მ; სიგანე ერთ მხარეს - 19 მ, მეორე მხარეს - 20 მ.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სწორედ ეს განსხვავება მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მესამე პირებს უკანონოდ აქვთ დარეგისტრირებული მოსარჩელის საკუთრება. სადავო მიწის ნაკვეთი და მოსარჩელის რეგისტრირებული საკუთრება წარმოადგენს ერთ მთლიან სივრცეს, სადაც მიწის ნაკვეთზე გაშენებულია მოსარჩელის ხეხილი, ბაღი. მესამე პირის მიწის ნაკვეთი კი გამიჯნულია, სადაც ნათლად ჩანს, რომ გაბმული იყო მავთულ ბადე, რომელიც მოხსნეს, თუმცა, საძირკველი დატოვებულია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე თვლის, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც, ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 22 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სს „ვ...“.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 აგვისტოს განჩინებით, სს „ლ...ს“ წარმომადგენლის - თ, ზ-ის განცხადება დაკმაყოფილდა; საქმეში ჩაბმული მესამე პირის - სს „ვ...ს“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს „ლ...“.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით ლ. ა-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ა-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივნისის განჩინებით ლ. ა-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე, მე-8 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, მე-9 მუხლის პირველ პუნქტზე, ასევე, 2002 წლის რეგისტრაციის დროს მოქმედი „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-2 მუხლის მე-4 პუნქტზე.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მესამე პირთა სახელზე განხორციელებულ სადავო რეგისტრაციებს საფუძვლად უდევს ძალაში მყოფი სარეგისტრაციო დოკუმენტები. ერთ შემთხვევაში, ეს არის მიწის გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო სია #1276 და, მეორე შემთხვევაში, ჩუქების ხელშეკრულება. ამ რეგისტრაციებთან მიმართებით არ იკვეთება ბათილად ცნობის რაიმე საფუძველი და არ არსებობს იმგვარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ აღნიშნული ქონების ნაწილი ეკუთვნოდა ლ. ა-ას ოჯახს.
რაც შეეხება თავად ლ. ა-ას სასარჩელო პრეტენზიას, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მხარის მითითებაზე, რომ მის ოჯახს ერიცხებოდა 4100 კვ.მ მიწის ნაკვეთი. აღნიშნული დადასტურებულია სსიპ ეროვნული არქივის 23.06.21წ #AA2021007823-05 ცნობით.
სააპელაციო პალატამ, ასევე, მიუთითა, რომ ლ. ა-ამ საკუთრებაში აღირიცხა შემდეგი უძრავი ქონება: ს.კ. ..., ფართი 640 კვ.მ (წინა საკადასტრო კოდი - ...), ს.კ. ... ფართი 790 კვ.მ (წინა საკადასტრო კოდი - ...) და ს.კ. ..., ფართი 1836 კვ.მ.
აღნიშნული ფართიდან მის მიერ შ. ა-იზე გასხვისებულ იქნა 790 კვ.მ ფართის მქონე ს.კ. ... უძრავი ქონება (წინა საკადასტრო კოდი - ...), რის შედეგადაც შ. ა-ის მითითებული ქონება აღრიცხული აქვს საკუთრებაში.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ რამდენადაც უფლებადამდგენი დოკუმენტებით ლ. ა-ას ოჯახს ერიცხებოდა 4100 კვ.მ მიწის ნაკვეთი და აქედან გასხვისებული იყო 790 კვ.მ, მართებული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ ლ. ა-ას შესაძლოა პრეტენზია ჰქონოდა 3310 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, თუმცა აღსანიშნავი იყო, რომ ეს ოდენობა ჩამორჩებოდა იმ ფართს, რომელზეც მიუთითებდა მოსარჩელე. დადგენილი იყო, რომ ადგილზე დათვალიერების შედეგად, მოსარჩელის მიერ მითითებული საზღვრების შესაბამისად, იგი მიუთითებდა 3508 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფლობის შესახებ. ამასთან, სადავო 351 კვ.მ ფართის მდებარეობას ლ. ა-ა მიუთითებდა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ტერიტორიაზე, ხოლო საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ მოსარჩელის საინვენტარიზაციო გეგმის საზღვრები არ უკავშირდებოდა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებს, მათ შორის, საინვენტარიზაციო გეგმის საზღვრებში მოქცეული არ იყო სადავო მიწის ნაკვეთი. ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის პრეტენზია დაუსაბუთებელი იყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ა-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა კანონი. სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის მასალები და არ გაითვალისწინა საქმეში არსებული დასკვნები, ასევე, აღმასრულებლის მიერ ფაქტის კონსტატაცია, რომელშიც პირდაპირ არის აღნიშნული, რომ სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ლ. ა-ას მიწის ნაკვეთის განუყოფელ ნაწილს, შეადგენს მისი ბაღის ნაწილს. ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მესამე პირებმა სასამართლოში სარჩელის აღძვრის შემდგომ მათ შორის არსებული მყარი გამყოფი ღობე მოშალეს.
კასატორის მითითებით, სადავო მიწის ნაკვეთს ფლობს და მისით სარგებლობს ლ. ა-ა, ხოლო მესამე პირებს ნაკვეთით არასდროს უსარგებლიათ. საარქივო ცნობით, ცნობა-დახასიათებით და ტექნიკური პასპორტით დასტურდება, რომ ლ. ა-ას და მის მეუღლეს - გარდაცვლილ გ. ა-იას ერიცხებათ 4100 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლიდანაც რეგისტრირებულია 3600 კვ.მ-მდე. თუმცა კასატორი აღნიშნავს, რომ იგი ფლობს და სარგებლობს იმ ფართით, რაც საარქივო ცნობებსა და ტექინვენტარიზაციის ბიუროში არის დაფიქსირებული. შემდგომში, რატომღაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ნახაზები არასწორად იქნა წარდგენილი, რაც თავად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამზომველებმაც დაადასტურეს სასამართლოში, თუმცა სასამართლომ ამ გარემოებაზეც არ გაამახვილა ყურადღება.
კასატორი თვლის, რომ იმ პირობებში, როდესაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოც აცხადებს, რომ ნახაზები ერთმანეთს არ ემთხვევა, სასამართლოს სადავო საკითხის გადაუწყვეტლად უნდა გაეუქმებინა გასაჩივრებული გადაწყვეტილებები და საქმე ხელახალი შესწავლისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა დაებრუნებინა ადმინისტრაციული ორგანოსათვის. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, სასამართლოებმა დაარღვიეს ამგვარ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა და შედეგად, შელახეს მისი საკუთრების უფლება.
კასატორი, ასევე, არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ თითქოს მას არ უდასტურდება 4100 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში არსებობა. კასატორი მიუთითებს, რომ საარქივო ცნობით, ცნობა-დახასიათებით, საკომლო ჩანაწერითა და ტექპასპორტით დასტურდება, რომ მოსარჩელეს საკუთრებაში ერიცხება 4100 კვ.მ მიწის ნაკვეთი. კასატორისათვის გაუგებარია, საიდან დაასკვნა სასამართლომ, რომ თითქოს აღნიშნული ფართი მოსარჩელეს 1991 წლამდე უფიქსირდება. 1991 წლის შემდგომ ლ. ა-ას დოკუმენტურად სხვა ფართი არ ერიცხება. გარდა ამისა, კასატორი აღნიშნავს, რომ იგი სადავო ქონებას დღემდე ფლობს და სარგებლობს მისით, სადაც მას გაშენებული აქვს ხეხილი, რაც დასტურდება სააღსრულებო ბიუროს მიერ ფაქტის კონსტატაციით. ამასთან, აღნიშნულს ადასტურებენ თავად მოპასუხე მხარის სპეციალისტები წარმოდგენილი ნახაზებით, რომ ფაქტობრივი მდგომარეობა და აზომვითი ნახაზები ერთმანეთს არ ემთხვევა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. ა-ას საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ა-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს (1) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2002 წლის 6 სექტემბრის #24358/2002 სააღრიცხვო ბარათის (მესაკუთრე: ა-ი ზ. ე. ო., ს.კ. ..., 0.095 ჰა), (2) სსიპ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 2 აგვისტოს #... გადაწყვეტილების (ს.კ. ... (წინა ს.კ. ..., ფართი - 950 კვ.მ) უძრავ ქონებაზე ზ. ა-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ), (3) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 29 ოქტომბრის #... გადაწყვეტილების (ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, დ. ა-ის სახელზე ს.კ. ... უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ) კანონიერება და (4) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის მარნეულში, სოფ. ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე ლ. ა-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა სარეგისტრაციო სამსახური პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. სწორედ ამიტომ, საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელმა ორგანომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, არამედ - მასთან რეგისტრირებული მონაცემები და დაცული ინფორმაციაც, რათა, ერთი მხრივ, საკუთრების უფლების რეგისტრაცია მხოლოდ სათანადო საფუძვლით და შესაბამისი კონფიგურაციით განხორციელდეს, მეორე მხრივ კი, გამოირიცხოს სხვისი საკუთრების უფლების ხელყოფა და საკადასტრო მონაცემების ზედდება.
ამავე კანონის 8-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. დასახელებული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია წარმოებს უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო, ასევე, ყურადღებას მიაქცევს 2002 წლის რეგისტრაციის განხორციელების დროს მოქმედი „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, მიწის და სხვა უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაცია ხდება სარეგისტრაციო ბარათის შედგენით ამ კანონისა და ყველა სხვა იმ ნორმატიული აქტის მოთხოვნათა შესაბამისად, რომლებითაც განისაზღვრებოდა ამ ქონების უფლებრივი და ვალდებულებითი დატვირთვა. იმავე კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მიწის და მასთან დაკავშირებულ უძრავი ქონების მიმართ წარმოშობილი უფლებები ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო რეგისტრაციას ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ამ კანონის მიღების შემდეგ წარმოშობილი უფლებები იურიდიულ ძალას იძენს სახელმწიფო რეგისტრაციის შემდეგ.
დადგენილია, რომ 2021 წლის 4 ივნისს ლ. ა-ამ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მარნეულში, სოფ. ...ში მდებარე 338 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #... (10.06.2021წ.) გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციოდ წარდგენილ მოთხოვნაზე დადგინდა ზედდება რეგისტრირებულ მონაცემებთან ს.კ. ... (მესაკუთრე - დ. ა-ი). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #... (12.07.2021წ.) გადაწყვეტილებით, ლ. ა-ას განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთი და მის სახელზე რეგისტრირებული საკუთრება წარმოადგენს ერთ მთლიან სივრცეს, სადაც გაშენებულია მოსარჩელის ხეხილი, ბაღი. შესაბამისად, მოსარჩელე თვლის, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე მესამე პირის საკუთრების უფლების რეგისტრაცია არასწორად განხორციელდა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავოა 2002 და 2012 წლის რეგისტრაციები, რომლითაც ჯერ ზ. ე. ო.-ს, ხოლო შემდგომ ზ. ა-ის სახელზე აღირიცხა ს.კ. ... (წინა ს.კ. ...) 950 კვ.მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთი.
საქმის მასალებით, კერძოდ, მიწის სააღრიცხვო ბარათით (#24358/2002, 06.09.2002წ.) დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...; 0.095 ჰა;) რეგისტრირებულია ა-ი ზ. ე. ო.-ს საკუთრება. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო სია #1276.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 02.08.2012წ. #... (რეგისტრაციის შესახებ) გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ზ. ა-ის განცხადება და საკადასტრო მონაცემების დაზუსტების შედეგად, უძრავ ნივთს მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი - ..., ფართი 950 კვ.მ (წინა საკადასტრო კოდი - ...), გაიცა ამონაწერი და საკადასტრო გეგმა. უძრავი ნივთის მესაკუთრეების გრაფაში მიეთითა: ზ. ა-ი. საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი: სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო სია #1276.
2012 წლის 23 ოქტომბერს ზ. ა-ისა და დ. ა-ის შორის გაფორმდა ხელშეკრულება ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 950 კვ.მ უძრავ ქონებაზე. შედეგად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 29 ოქტომბრის #... გადაწყვეტილების საფუძველზე, უძრავი ქონება ს.კ. ... (წინა ს.კ. - ...) 950 კვ.მ აღირიცხა დ. ა-ის საკუთრებაში. საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: 23.10.2012წ. ხელშეკრულება.
მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მესამე პირთა სახელზე განხორციელებულ სადავო რეგისტრაციებს საფუძვლად უდევს ძალაში მყოფი სარეგისტრაციო დოკუმენტები. ერთ შემთხვევაში, ეს არის მიწის გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო სია #1276, ხოლო, მეორე შემთხვევაში, ხელშეკრულება. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ამ რეგისტრაციებთან მიმართებით არ იკვეთება ბათილად ცნობის რაიმე საფუძველი და არ არსებობს იმგვარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ აღნიშნული უძრავი ქონების ნაწილი ლ. ა-ას ოჯახის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას მიეკუთვნებოდა.
ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მტკიცებით, მის ოჯახს ერიცხებოდა 4100 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული დადასტურებულია სსიპ ეროვნული არქივის 23.06.2021წ #AA2021007823-05 ცნობით, კერძოდ, მარნეულის რაიონის ...ის სასოფლო საბჭოს სოფელ ...ის 1986-2011წწ. საკომლო წიგნის ჩანაწერით, რომლის მიხედვითაც, კომლის უფროსად ჩაწერილია გი. ა-ა (გარდაიცვალა 26.06.1997წ). კომლის შემადგენლობაში, სხვა პირებთან ერთად, ირიცხებიან: გ. ა-ი (შვილი), ლ. ა-ა (რძალი). 1986 წლის მდგომარეობით, კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება ამავე წელს აგებული 60 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და 1986-91წწ - 0.4 ჰა მიწის ნაკვეთი (1992-2011წწ. მონაცემები არ ფიქსირდება).
საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ მარნეულის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 30.08.2002წ. ცნობა-დახასიათების თანახმად, ა-ი გ.-ის სახელზე, მარნეულის რაიონში, სოფ. ...ში, აღრიცხულია 4100 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ძირითადი ინვენტარიზაციის თარიღი 1991წ.).
ასევე, მარნეულის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 16.09.2002წ. ცნობა-დახასიათების მიხედვით, ა-ი გ.ს სახელზე, მარნეულის რაიონში, სოფ. ...ში, აღრიცხულია 4100 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ძირითადი ინვენტარიზაციის თარიღი - 1991წ.).
ინდივიდუალური საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტის თანახმად, სახლის მფლობელის გრაფაში მითითებულია „ა-ი გ.“; მიწის ნაკვეთის მახასიათებლებში, ფაქტობრივად დაკავებულ მიწის ნაკვეთის გრაფაში, მითითებულია ფართობი - „4100“.
მიწის სააღრიცხვო ბარათის (#24361/2002, 06.09.2002წ.) თანახმად, მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...; 0.064 ჰა) რეგისტრირებულია გ. ა-ის საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო სია #1278.
საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქმის მასალებით დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ლ. ა-ამ საკუთრებაში აღირიცხა სხვადასხვა საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები, კერძოდ: (1) 640 კვ.მ ფართის მქონე ს.კ. ... მიწის ნაკვეთი (წინა საკადასტრო კოდი - ...); (2) 790 კვ.მ ფართის მქონე ს.კ. ... მიწის ნაკვეთი (წინა საკადასტრო კოდი - ...) და 1836 კვ.მ ფართის მქონე ს.კ. ... მიწის ნაკვეთი.
ამასთან, ზემოხსენებული უძრავი ქონებიდან მის მიერ შ. ა-იის სასარგებლოდ გასხვისებულ იქნა 790 კვ.მ ფართის მქონე ს.კ. ... მიწის ნაკვეთი (წინა საკადასტრო კოდი - ...), რომელსაც ეს ქონება აღრიცხული აქვს საკუთრებაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ რამდენადაც უფლებადამდგენი დოკუმენტებით ლ. ა-ას ოჯახს ერიცხებოდა 4100 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლიდანაც მის მიერ გასხვისებულ იქნა 790 კვ.მ მიწა, ლ. ა-ას შესაძლოა გააჩნდეს 3310 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება. თუმცა ნიშანდობლივია, რომ ეს ოდენობა ჩამორჩება იმ ფართს, რომელზეც თავად მოსარჩელე მიუთითებს. დადგენილია, რომ ადგილზე დათვალიერების შედეგად, მოსარჩელის მიერ მითითებული საზღვრების შესაბამისად, იგი მიუთითებს 3508 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფლობის შესახებ. ამასთან, სადავო 351 კვ.მ ფართის მდებარეობას ლ. ა-ა მიუთითებს ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ტერიტორიაზე, ხოლო საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელის საინვენტარიზაციო გეგმის საზღვრები არ უკავშირდება ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის საზღვრებს, მათ შორის, საინვენტარიზაციო გეგმის საზღვრებში მოქცეული არაა სადავო მიწის ნაკვეთი.
შესაბამისად, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის პრეტენზია დაუსაბუთებელია, რამდენადაც განსახილველ შემთხვევაში, არ დგინდება სადავო აქტების უკანონობა და ლ. ა-ას უპირატესი საკუთრების უფლება დასახელებულ ტერიტორიაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ლ. ა-ას საკასაციო საჩივარზე დ. ნ-ის (პ/ნ ...) 18.10.2024წ. #24218516802 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დ. ნ-ის (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს ლ. ა-ას საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. ა-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივნისის განჩინება;
3. დ. ნ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ლ. ა-ას საკასაციო საჩივარზე 18.10.2024წ. #24218516802 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა