საქმე #ბს-1289(გ-24) 6 თებერვალი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე – გ. ა-ე
მოპასუხეები – 1. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია; 2. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მესამე პირები – 1. ა...; 2. საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირი ცეკავშირი
დავის საგანი – სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2024 წლის 29 ივლისს გ. ა-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ადიგენის მაგისტრატ სასამართლოს, მოპასუხეების - ა...სა და საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირის ცეკავშირის, ასევე, მესამე პირის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა, რომ ადიგენის რაიკოოპერატივის გამგეობის 1994 წლის 6 ოქტომბრის სხდომის #2 ოქმი, ადიგენის რაიკოოპერატივის გამგეობის 1994 წლის 2 ნოემბრის სხდომის #3 ოქმი და 1994 წლის 17 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტი (დადებული ადიგენის რაიონული კოოპერატივის გამგეობასა და გ. ა-ეს შორის), აღიარებული ყოფილიყო ადიგენის რაიონის სოფელ ...ში მდებარე ყოფილი მაღაზიის შენობაზე (განაშენიანების ფართი 76 კვ.მ) და მასზე დამაგრებულ 76 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე, ერთი მხრივ, მოსარჩელე გ. ა-ესა და, მეორე მხრივ, რკ ადიგენის რაიონულ სამომხმარებლო კოოპერატივს შორის დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებად, შესაბამისად, გ. ა-ე ცნობილი ყოფილიყო აღნიშნული უძრავი ქონების (ადიგენის რაიონი სოფელ ...ში მდებარე დაზუსტებული საკადასტრო აზომვითი ნახაზით 76 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული ...ის ყოფილი მაღაზიის შენობა-ნაგებობის) მესაკუთრედ.
ადიგენის მაგისტრატი სასამართლოს 2024 წლის 2 აგვისტოს განჩინებით გ. ა-ეის სარჩელი არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში.
მაგისტრატმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს კოსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
მაგისტრატმა სასამართლომ, ასევე, მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. მაგისტრატმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, აღნიშნული ნორმით გარანტირებულია ყოველი პირისათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლება, თუმცა აღნიშნული უფლება არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვებს. კერძოდ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით.
მაგისტრატმა სასამართლომ განმარტა, რომ საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, ყოველ პირს თავისი დარღვეული თუ სადავოდ გამხდარი უფლების დასაცავად შეუძლია მიმართოს სასამართლოს, მაგრამ იგი იმავდროულად ვალდებულია დაიცვას ამავე კოდექსით გათვალისწინებული პირობები, რაც აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს სარჩელის განსახილველად მიღებისა თუ საქმის არსებითი განხილვისათვის.
მაგისტრატმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი ამ ნორმის მოთხოვნათა დაცვით არ იყო წარმოდგენილი. კერძოდ, ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა ადიგენის რაიონის სოფელ ...ში მდებარე დაზუსტებული საკადასტრო აზომვითი ნახაზით 76 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე გ. ა-ეის მესაკუთრედ აღიარება. მაგისტრატი სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელე, ფაქტობრივად, სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემას ითხოვს, რასთან დაკავშირებითაც, მას თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის (2021 წლის 12 ნოემბრის საქმე #2ბ/5104-21) განჩინებით განემარტა, რომ აღნიშნული დავა ადმინისტრაციულ დავათა კატეგორიას განეკუთვნება. ამასთან, სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომ როდესაც „საკითხი ეხება სახელმწიფო ქონების განსახელმწიფოებრიობას, საკუთრებაში კერძო პირისთვის გადაცემას და არა სარგებლობის უფლებას... საქმე განეკუთვნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულ სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 იანვრის #ბს-718-714(გ-17) განჩინება).
სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საქმეების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლი. მოცემული საქმე კი, მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი არ იყო. ამდენად, სასამართლომ მოსარჩელეს განუმარტა, რომ მას სარჩელით ახალციხის რაიონული სასამართლოსათვის უნდა მიემართა.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მოსამართლე სარჩელის (განცხადების) ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს (განცხადებას), თუ საქმე ამ სასამართლოს განსჯადი არ არის. სასამართლომ განმარტა, რომ საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, მოსარჩელეს თავისი დარღვეული თუ სადავოდ გამხდარი უფლების დასაცავად შეუძლია მიმართოს სასამართლოს, თუმცა იგი იმავდროულად ვალდებულია, დაიცვას ამავე კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები, რაც აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს სარჩელის განსახილველად მიღებისა თუ საქმის არსებითი განხილვისათვის.
2024 წლის 1 ნოემბერს გ. ა-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, ასევე, მესამე პირების - ა...სა და საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირის ცეკავშირის მიმართ.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 5 ნოემბრის განჩინებით გ. ა-ეის სარჩელი, მოპასუხეების - ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, ასევე, მესამე პირების - ა...ს, საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირის მიმართ, უძრავ ნივთზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად აღიარების მოთხოვნით, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოებში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა- არარსებობის დადგენა.
ამდენად, რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა არა მარტო საქმეში მონაწილე სუბიექტები (მხარეები), არამედ - დავის საგანი. ამასთან, ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად ეფუძნებოდეს საჯარო-ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებულ სამოქალაქო სამართლებრივ ხელშეკრულებას.
მითითებული ნორმის საფუძველზე, რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების ერთ-ერთი მახასიათებელი არის ის, რომ ხელშეკრულების დადების შედეგად შესაბამისი პირი აღიჭურვება საჯარო- სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით, მაშინ, როდესაც სამოქალაქო ხელშეკრულების დადებისას მხარეები გვევლინებიან წმინდა სამოქალაქო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობის მატარებლებად. ამასთან, რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, კანონიერი ინტერესების დასაკმაყოფილებლად გამოიყენოს კერძო-სამართლებრივი საშუალებები. საჯარო-სამართლებრივი და კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების გამიჯვნისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება არა ხელშეკრულების მონაწილეთა სტატუსს, არამედ - ხელშეკრულების მიზანს. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დეფინიციის (სზაკ-ის 2.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი) ძირითად ელემენტს წარმოადგენს ხელშეკრულების დადება საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. ხელშეკრულების მიზანი მისი შინაარსით განისაზღვრება. ამდენად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების, ხელშეკრულების დადების შედეგად წარმოშობილი უფლება-მოვალეობების შინაარსს.
რაიონული სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით კი განსაზღვრულია უწყებრივად სასამართლოსადმი დაქვემდებარებული სამოქალაქო საქმეების ჩამონათვალი. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.
რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ- სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულად ეფუძნებოდეს საჯარო-ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა, თავისი არსითა და შინაარსით, განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ დავის საგნობრივი განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად, უნდა დადგინდეს სადავო ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე მითითებით, რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად მიჩნევის განმსაზღვრელ ძირითად ელემენტს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზანი. საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზანი კი გულისხმობს არა მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტას, არამედ ძირითადი, უშუალო ფუნქციის განსახორციელებლად ხელშეკრულების დადებას. სხვაგვარად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებულ ნებისმიერ ხელშეკრულებას მიენიჭებოდა ადმინისტრაციული ხელშეკრულების სტატუსი, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება.
რაიონული სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, სარჩელიდან ირკვეოდა, რომ 1994 წლის 6 ოქტომბერს ადიგენის რაიკოოპერატივის გამგეობამ სხდომაზე დაადგინა, რომ მომხდარიყო მის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების პრივატიზება, რომელიც აღარ ფუნქციონირებს. მოსარჩელემ 1994 წლის 17 დეკემბერს გადაიხადა საპრივატიზებო საფასური, რის შემდგომაც მას გადაეცა ქონების მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც, ადიგენის რაიკოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარემ გ. ა-ეს გადასცა სადავო უძრავი ქონება. მხარეთა შორის სტანდარტული ფორმით ნასყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა, რის გამოც, მოსარჩელე ითხოვს ხელშეკრულების დადებულად აღიარებას.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია არა დავის ფორმალური მხარე, არამედ მისი შინაარსი და საფუძვლები. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მხარე მოპასუხეებად უთითებდა ადმინისტრაციულ ორგანოებს - ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიასა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, თუმცა ხელშეკრულება, რომლის აღიარებასაც მხარე ითხოვდა, დადებული იყო კერძო სუბიექტებს - ადიგენის რაიკოოპერატივსა და მოსარჩელეს შორის. შესაბამისად, ხელშეკრულება არ აღჭურავდა კერძო პირს საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობით. ამდენად, ხელშეკრულების მხარეს არ მოუხდენია ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით მინიჭებული საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების გადაცემა, მან მოახდინა კერძო-სამართლებრივი უფლების რეალიზაცია და კერძო პირს გადასცა ქონება. აღსანიშნავია, რომ მოცემული საკითხი ეხება კერძო სამართლის იურიდიული პირის ქონების კერძო პირისათვის გადაცემას და არა სახელმწიფო ქონების განსახელმწიფოებრიობას, საკუთრებაში კერძო პირისთვის გადაცემას, რაც ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან. მხარეთა შორის არსებული სადავო სამართალურთიერთობა უკავშირდება ხელშეკრულებას, რომელიც ადიგენის სამომხმარებლო კოოპერატივის მიერ დადებულ სამოქალაქო-სამართლებრივ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება.
შესაბამისად, რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელშეკრულების დადებულად აღიარებასთან დაკავშირებული დავა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას წარმოადგენს. ამასთან, მოთხოვნა დაფუძნებულია სამოქალაქო სამართლის ნორმებზე. სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კანონმდებლობით მოწესრიგებული ურთიერთობანი.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს სახელშეკრულებო დავების გადაწყვეტის წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო დავების გადაწყვეტა ხდება საერთო სასამართლოებისათვის მიმართვის გზით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
რაიონულმა სასამართლომ, ასევე, მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზე არ იყო ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების საჯარო-სამართლებრივი მიზანი, მხარეთა შორის არსებული სადავო სამართალურთიერთობა უკავშირდებოდა ხელშეკრულებას, რომელიც კერძო სუბიექტებს შორის დადებულ სამოქალაქო-სამართლებრივ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნებოდა. შესაბამისად, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ა-ეის სარჩელი განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას უნდა გადმოგზავნოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ადიგენის მაგისტრატი სასამართლოსა და ახალციხის რაიონული სასამართლოს განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ გ. ა-ეის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ახალციხის რაიონულ სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დებულება „იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს - სასამართლო განხილვა მოხდეს განსჯადობის წესების დაცვით... ამ უფლებით სარგებლობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამართალწარმოება განხორციელდეს განსჯადობის წესების დაცვით, საქმის განხილვა და გადაწყვეტა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომელსაც კონსტიტუციისა და კანონის მიხედვით, შესაბამისი უფლებამოსილება, კომპეტენცია გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის #1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია კანონიერ სასამართლოზე ადამიანის უფლებას სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების შემადგენელ ნაწილად მოიაზრებს (მე-6 მუხ.). კანონიერი სასამართლოს უფლება კი სასამართლოს განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას მოითხოვს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არსებითად სწორად განსაზღვრა მოცემული დავის განსჯადობის საკითხი და მართებულად მიიჩნია საქმე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯად დავად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
საკასაციო სასამართლო, უპირველესად, მიზანშეწონილად მიიჩნევს ადიგენის მაგისტრატ სასამართლოსა და ახალციხის რაიონულ სასამართლოს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის შინაარსის იდენტიფიცირებას. კერძოდ, ადიგენის მაგისტრატმა სასამართლომ, ერთი მხრივ, მიიჩნია, რომ დავა არ მიეკუთვნებოდა მაგისტრატი სასამართლოს განსჯად საქმეთა კატეგორიას, თუმცა, მეორე მხრივ, სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაში აღნიშნა, რომ დავა ადმინისტრაციული წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიას განეკუთვნებოდა. სწორედ აღნიშნულმა მითითებამ განაპირობა ახალციხის რაიონული სასამართლოს მხრიდან სასამართლოთა შორის განსაჯადობაზე დავის ინიცირება, რამდენადაც ახალციხის რაიონული სასამართლოს შეფასებით, დავა თავისი შინაარსით სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს წარმოადგენს. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოთა შორის დავა წარმოშობილია საგნობრივ განსჯადობასთან დაკავშირებით.
თუმცა, უპირველესად, ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ დავის ნებისმიერი შედეგით გადაწყვეტა, ტერიტორიული განსჯადობის თვალსაზრისით, გამორიცხავს სარჩელის განსახილველად ადიგენის მაგისტრატი სასამართლოსათვის დაქვემდებარებას. აღნიშნულს განაპირობებს ის ფაქტი, რომ გ. ა-ეის სარჩელის საფუძველზე წარმოშობილი დავა, თავისი შინაარსით, არ წარმოადგენს არც ადმინისტრაციული და არც სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მაგისტრატი მოსამართლის მიერ განსახილველ საქმეს. უფრო კონკრეტულად, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია მაგისტრატი მოსამართლის მიერ პირველი ინსტანციით განსახილველ ადმინისტრაციულ დავათა ჩამონათვალი. კერძოდ, მითითებული მუხლის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს: ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით; ბ1) სასამართლოში წარდგენილი შესაბამისი ოქმის საფუძველზე, სასამართლოს მიერ განსახილველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით; გ) სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხის თაობაზე; დ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის თაობაზე; ე) საჯარო სამსახურში შრომითი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავასთან დაკავშირებით; ვ) მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე ბრძანების გამოცემის თაობაზე; ზ) შესაბამისი ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის ან პენიტენციური დაწესებულების მიმართვის საფუძველზე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ; თ) „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივი ერთეულის (შემდგომ – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ერთეული) მიმართვის საფუძველზე იმავე კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის თაობაზე; ი) პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანასთან დაკავშირებით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯად სამოქალაქო საქმეთა ჩამონათვალს ადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლი, რომლის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს: ა) ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს; ბ) უდავო და გამარტივებული წარმოების საქმეებს, გარდა შვილად აყვანის, აგრეთვე გამარტივებული წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის და ქონების უპატრონოდ ცნობის საქმეებისა, თუ მოთხოვნის ან ქონების ღირებულება აღემატება 5000 ლარს; გ) საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.
შესაბამისად, საკასაციო პალატის შეფასებით, რამდენადაც გ. ა-ეის სარჩელის საფუძველზე წარმოშობილი დავა, თავისი შინაარსით, არ ექცევა მაგისტრატ მოსამართლეთა განსახილველ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა რიგებში, საკასაციო პალატა დგას მხოლოდ საგნობრივ განსჯადობასთან დაკავშირებით სასამართლოთა შორის წარმოშობილი დავის გადაწყვეტის საჭიროების წინაშე, კერძოდ, საკასაციო პალატამ უნდა განსაზღვროს, საქმე განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული თუ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. თუმცა, საგულისხმოა, რომ დავის ნებისმიერი შედეგით გადაწყვეტა, ტერიტორიული განსჯადობის თვალსაზრისით, განაპირობებს საქმის ახალციხის რაიონული სასამართლოსათვის დაქვემდებარებას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც გ. ა-ეის სარჩელიდან ირკვევა, 1994 წლის 6 ოქტომბერს ადიგენის რაიკოოპერატივის გამგეობამ სხდომაზე (ოქმი #2) დაადგინა მის ბალანსზე რიცხული სოფელ ...ის მაღაზიის პრივატიზების საჭიროება, რამდენადაც აღნიშნული შენობა წლების განმავლობაში აღარ ფუნქციონირებდა და განიცდიდა ნგრევას. შედეგად, დადგენილების დამტკიცება ეთხოვა რაიკოოპერატივის წარმომადგენელთა კრებას, რომელმაც 1994 წლის 2 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი #3) დაამტკიცა ადიგენის რაიოკოოპერატივის 1994 წლის 6 ოქტომბრის #2 სხდომის ოქმის დადგენილება სოფელ ...ის მაღაზიის პრივატიზების თაობაზე. მოსარჩელემ 1994 წლის 17 დეკემბერს გადაიხადა საპრივატიზებო საფასური, რის შემდგომაც, მას გადაეცა ქონების მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც, ადიგენის რაიკოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარემ გ. ა-ეს გადასცა სადავო უძრავი ქონება. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნულ მაღაზიას იგი დღემდე ფლობს და განკარგავს მას, როგორც საკუთარს.
სარჩელითა და მასზე თანდართული მასალებით, ასევე, ირკვევა, რომ 2020 წლის 3 დეკემბერს გ. ა-ემ #... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, წარადგინა მიღება-ჩაბარების აქტი და უძრავი ქონების საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი ნახაზი და მიწის ნაკვეთზე სპორადული რეგისტრაცია მოითხოვა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან რამდენჯერმე იქნა მიღებული სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილება და სხვადასხვა უწყებიდან გამოთხოვილ იქნა გარკვეული დოკუმენტაცია, რომელთა მიღებისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, საჯარო რეესტრმა დაადგინა, რომ განმცხადებლის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ 76 კვ.მ ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე არ იყო წარდგენილი საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. შედეგად, 2021 წლის 26 აპრილის #... გადაწყვეტილებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება. მოსარჩელის მითითებით, მარეგისტრირებელ ორგანოში მას ზეპირსიტყვიერად განუმარტეს, რომ წარსადგენი იყო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აღნიშნული უძრავი ქონების სათანადოდ დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს მისთვის გადაცემულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვება, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მხარეთა შორის სათანადო წესით ნასყიდობის ხელშეკრულება არ გაფორმებულა, მოსარჩელეს ხელი ეშლება საკუთარი უფლების რეალიზებაში. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სწორედ ნასყიდობის ხელშეკრულების არარსებობა იქცა წინამდებარე დავის ინიცირების საფუძვლად, რის გამოც მოსარჩელე ითხოვს ხელშეკრულების დადებულად აღიარებას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ 2024 წლის 29 ივლისს ადიგენის მაგისტრატ სასამართლოში აღძრული სარჩელის ფარგლებში გ. ა-ე მოპასუხეებად მართებულად ასახელებდა ადიგენის რაიონულ სამომხმარებლო კოოპერატივსა და საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივის ცენტრალურ კავშირს ცეკავშირს, ხოლო მესამე პირად უთითებდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს. რაც შეეხება 2024 წლის 1 ნოემბერს ახალციხის რაიონულ სასამართლოში აღძრულ სარჩელს, მასში უკვე გ. ა-ე მოპასუხეებად ასახელებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ხოლო მესამე პირებად ადიგენის რაიონულ სამომხმარებლო კოოპერატივსა და საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივის ცენტრალურ კავშირს ცეკავშირს. თუმცა საკასაციო პალატა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე ითხოვს სწორედ ა...სა და საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივის ცენტრალური კავშირის ცეკავშირის წინამორბედ სუბიექტთან არსებული სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგებას, კერძოდ, მასთან ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად აღიარებას.
ამ თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში წარმოდგენილ სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2021 წლის 24 მარტის #21/29691 წერილზე, რომლითაც დგინდება, რომ „ახალციხის რეგიონულ არქივში დაცული ადიგენის რაისაბჭოს აღმასკომის დოკუმენტებში მოიძებნა 20.08.1954წ. #67 ოქმი, სადაც ნომერ 17 საკითხად განხილულ იქნა რაიკოოპერაციის ...ის მაღაზიისათვის საჭირო ბინის გადაცემა. იქვე ფიქსირდება ჩანაწერი, რომ გადაეცეს სოფ. ...ში სასოფლო კლუბის დასავლეთ მხარეზე არსებული სახლის კედლები, რაიკოოპერაციის ...ის მაღაზიას საჭიროებისათვის, ცალკე გადაწყვეტილება არ იძებნება“. ამავე წერილში მითითებულია, რომ „ადიგენის რაისაბჭოს აღმასკომის 1945-1955წწ. და ადიგენის გამგეობის 1998 წლის დოკუმენტებში ა...ს, ადიგენის რაიკავშირისათვის სოფელ ...ში ყოველდღიური მოხმარების მაღაზიისათვის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ფართის გადაცემის შესახებ სხვა ინფორმაცია არ იძებნება. ადიგენის გამგეობის 2006 წლის დოკუმენტები დაცვაზე არ შემოსულა.“
საკასაციო პალატის განმარტებით, წარმოდგენილი წერილის შინაარსი ცხადყოფს, რომ სადავო უძრავი ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებათა სიიდან ამოირიცხა და კერძო სუბიექტს გადაეცა ჯერ კიდევ 1954 წელს, ადიგენის რაისაბჭოს აღმასკომის დოკუმენტებში არსებული 1954 წლის 20 აგვისტოს #67 ოქმის საფუძველზე. შესაბამისად, სწორედ აღნიშნული პერიოდიდან სადავო უძრავი ქონება აღარ წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას. ამდენად, ზემოაღნიშნული წერილის შინაარსზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 1994 წლის მდგომარეობით, სადავო უძრავი ქონება უკვე რაიკოოპერატივის საკუთრებას წარმოადგენდა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „მეწარმეთა შესახებ“ 28.10.1994წ. საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, მეწარმე სუბიექტები არიან: ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს), კომანდიტური საზოგადოება (კს), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), სააქციო საზოგადოება (სს, კორპორაცია) და კოოპერატივი.
ასევე, იდენტური შინაარსის დათქმას ითვალისწინებს დღეს მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს ინდივიდუალური მეწარმის ან სამეწარმეო საზოგადოების ფორმით. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კოოპერატივი სამეწარმეო საზოგადოებაა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერები, რომლითაც ნათლად დგინდება, რომ კოოპერატივი საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირი ცეკავშირი 2001 წლის 18 ივნისის დადგენილების საფუძველზე (რომელიც, ასევე, წარმოდგენილია საქმეში; იხ. ს.ფ. 113-115), ამავე თარიღიდან მეწარმე სუბიექტად არის რეგისტრირებული კოოპერატივის სამართლებრივი ფორმით. ამავე ამონაწერით დგინდება, რომ ცეკავშირი წარმოადგენს საქართველოს სამომხმარებლო კოოპერაციის ეროვნული ალიანსი ცეკავშირის (რეგ. #4/9-1 29.12.1997წ.) სამართალმემკვიდრეს.
საქმეში, ასევე, წარმოდგენილია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 19 სექტემბრის წერილი, რომლითაც დგინდება, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებით, „ა...“ (ს/ნ ...) რეგისტრირებულია 2006 წლის 20 იანვარს ახალციხის საგადასახადო ინსპექციის მიერ, რომელიც შეიქმნა რაიონულ სამომხმარებლო კოოპერატივად რეგისტრაციის ბაზაზე და რეგისტრირებულ იყო ადიგენის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 26 იანვრის დადგენილებით (რეგისტრაციის #17/6).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი მასალები ცხადყოფს, რომ სუბიექტები, რომლებთან არსებული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადასტურებასაც მოსარჩელე გ. ა-ე ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად აღიარების მოთხოვნით ცდილობს, წარმოადგენენ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს. ამავდროულად, უძრავი ქონება, რომელთან მიმართებითაც მოსარჩელეს წარდგენილი აქვს სასარჩელო მოთხოვნა, განკარგვის მომენტისათვის (1994წ.) და უფრო მეტიც, ჯერ კიდევ 1954 წლიდან ამორიცხული იყო სახელმწიფო საკუთრების რიგებიდან და იმყოფებოდა კოოპერატივის ბალანსზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ახალციხის რაიონული სასამართლოს შეფასებას, რომ რამდენადაც სადავო უძრავი ქონება გ. ა-ემ კერძო სუბიექტისაგან მიიღო, იგი სარჩელით ცდილობს სამოქალაქო ხელშეკრულების, კერძოდ, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად აღიარებას კერძო სამართლის სუბიექტებს შორის წარმოშობილი სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახამად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ: სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.
საკასაციო პალატა მიუთითებს „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის #3 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ახალციხის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ მითითებული დადგენილების საფუძველზე, ახალციხის რაიონულ სასამართლოში არ შექმნილა სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ წინამდებარე დავა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს წარმოადგენს და იგი განსახილველად ახალციხის რაიონულ სასამართლოს უნდა დაექვემდებაროს. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ ახალციხის რაიონულ სასამართლოში არ არსებობს სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები, სარჩელის განსახილველად დაქვემდებარების შემდგომ, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ შიდაუწყებრივად უნდა მიმართოს სათანადო ზომებს გ. ა-ეის სარჩელის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვის უზრუნველსაყოფად.
ამ კუთხით, საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ როგორც ზემოთ აღინიშნა, მართალია, საგნობრივ განსჯადობასთან დაკავშირებით წარმოშობილი მოცემული დავის ნებისმიერი შედეგით გადაწყვეტა სარჩელის განსახილველად ახალციხის რაიონული სასამართლოსათვის დაქვემდებარებას იწვევდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელეს თავდაპირველი მდგომარეობით აღძრული სამოქალაქო სარჩელის წარმოებაში მიღებაზე ადიგენის მაგისტრატი სასამართლოს განჩინებით უარი ეთქვა, მან შეცვალა მოპასუხეთა წრე და ახალციხის რაიონულ სასამართლოში აღძრული ადმინისტრაციული სარჩელის ფარგლებში მოპასუხედ მიუთითა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ხოლო მესამე პირებად კი - ა... და საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირი ცეკავშირი.
შესაბამისად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გ. ა-ეის სარჩელი ამ კუთხით საჭიროებს გამართვას, რამდენადაც დასაზუსტებელი და სამოქალაქო სამართალწარმოებასთან შესაბამისობაშია მოსაყვანი მოპასუხეთა წრე. კერძოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. ა-ეს ადიგენის მაგისტრატ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში მართებულად ჰყავდა დასახელებული როგორც მოპასუხეები, ასევე, მესამე პირები. შესაბამისად, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ამჟამინდელი სარჩელის სამოქალაქო სამართალწარმოებასთან თანხვედრაში მოყვანის მიზნით, უნდა მიიღოს სათანადო ზომები მოსარჩელის მიერ მოპასუხეთა წრის დაზუსტებისათვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ახალციხის რაიონულ სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ა-ეის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ახალციხის რაიონულ სასამართლოს;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა