საქმე #ბს-1275(კს-24) 6 თებერვალი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) : ი. გ-ე და თ. ე-ე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2023 წლის 1 აგვისტოს ი. გ-ემ და თ. ე-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს მათ სასარგებლოდ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2022 წლის 11 ოქტომბრის #ბ.44-442228443 ბრძანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 13 280 ლარის ოდენობით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით ი. გ-ეისა და თ. ე-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა 2022 წლის 11 ოქტომბრის ბრძანებით #ბ.44-442228443 მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება 13 280 ლარის ოდენობით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივარი გასაჩივრებისთვის დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით იქნა სასამართლოში წარდგენილი. ქუთაისის სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების შემცველი გზავნილი გაეგზავნა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას და ზემოაღნიშნული გზავნილი ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელს - თ. ნ-ის ჩაბარდა 2024 წლის 29 აგვისტოს(სფ. 171). სააპელაციო სასამართლოს განმარტებით მოპასუხეს სააპელაციო საჩივრის წარდგენა სასამართლოში შეეძლო 2024 წლის 12 სექტემბრის ჩათლით, ხოლო საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 2024 წლის 26 სექტემბერს გასაჩივრებისათვის დაწესებული 14 დღიანი ვადის დარღვევით.
სააპელაციო პალატის მითითებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია წარმოდგენილი კერძო საჩივრით მიუთითებს, რომ 2024 წლის 26 სექტემბრის ქ. ქუთაისის მერიის სააპელაციო საჩივრის დაგვიანებით წარდგენა განაპირობა ობიექტურმა მიზეზმა, რომელიც სასამართლოს მიერ საპატიოდ უნდა შეფასდეს. კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მერიაში ადმინისტრაციული საქმის წარმოება მიმდინარეობს ელექტრონულად. 2024 წლის 29 აგვისტოს ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გზავნილი, რომელსაც მიენიჭა ელ.ნომერი; ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა ზემოაღნიშნული ელ.დოკუმენტი შემდგომი რეაგირებისთვის დააწერა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცის დაგეგმარების ძეგლთა დაცვისა და სამშენებლო ნებართვების სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს, რომელმაც, თავის მხრივ ზემოაღნიშნული ელ. დოკუმენტი გადააწერა შვებულებაში მყოფ იურისტს - ს. ბ-ის, რომელიც სამუშაოს შეუდგა 2024 წლის 5 სექტემბერს. ს. ბ-ის ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, რომ დოკუმენტი არ გამოუჩნდა განსახილველად. მან მხოლოდ 2024 წლის 26 სექტემბერს ნახა ქმედების მოლოდინში მყოფი განაცხადი, რომელიც პროგრამული ხარვეზის გამო გადავიდა ქმედების მოლოდინში მყოფ განცხადებებში და არ აისახა ახალ განცხადებებში. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, იურისტმა ნახვისთანავე მოამზადა სააპელაციო საჩავრი და იმავე დღეს წარადგინა სასამართლოში.
ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია მიიჩნევს, რომ პროგრამული ხარვეზის გამო დაგვიანებით წარდგენილი სააპელაციო საჩვარი უნდა ჩაითვალოს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ საპატიო მიზეზად; შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ოქტომბრის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმებას და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებაზე ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამასთან, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცის დაგეგმარების ძეგლთა დაცვისა და სამშენებლო ნებართვების სამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით ელექტრონული მმართველობის ერთიან სისტემში 2024 წლის 12 სექტემბერს მათი მხრიდან ხარვეზი არ დაფიქსირებულა, თუმცა მისივე მითითებით, არ გამოირიცხებოდა ლოკალურ დონეზე ხარვეზის არსებობის შესაძლებლობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ნოემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო გზავნილის მხარისთვის ჩაბარების დრო აღინიშნება მის მეორე ეგზემპლარზე და უბრუნდება სასამართლოს. სწორედ აღნიშნული დოკუმენტით დასტურდება გზავნილის მხარისათვის ჩაბარება და შესაბამისად, ამავე დოკუმენტით ხელმძღვანელობს სასამართლო მხარისათვის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების ათვლისას. საქმეში დაცულ მერიისათვის გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელ უკუგზავნილზე ჩაბარების თარიღად მითითებულია 2024 წლის 29 აგვისტო (ს.ფ. 171). ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მითითებულ უკუგზავნილზე განთავსებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო რეკვიზიტი და არ არსებობს მათ სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილი გასაჩივრების 14 დღიანი ვადა ამოიწურა 2024 წლის 12 სექტემბერს 24 საათზე, ხოლო სააპელაციო საჩივრის შედგენისა და სასამართლოსთვის ჩაბარების თარიღად მითითებულია 2024 წლის 26 სექტემბერი (ს.ფ. 172-180), რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად იქნა მიჩნეული გასაჩივრების ვადის დარღვევად და საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად.
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მერიის ელექტრონული საქმისწარმოების სისტემაში სავარაუდო ხარვეზის არსებობის გამო არ გამოუჩნდა შესაბამის პირს, რომელიც იყო ვალდებული მოემზადებინა სააპელაციო საჩივარი. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გარემობა სასამართლოს მიერ უნდა შეფასდეს, როგორც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი, თუმცა საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პოზიციას და მიუთითებს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული ფაქტი ელექტრონულ პროგრამაში სავარაუდო ხარვეზის არსებობის შესახებ სასამართლოს მიერ ვერ შეფასდება როგორც სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საპატიო მიზეზად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია კანონით განსაზღვრული 14-დღიანი ვადის დარღვევით, რაც საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნიდა.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა