Facebook Twitter

№ბს-996(კ-23) 19 თებერვალი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გოჩა აბუსერიძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ც. ე-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ც. ე-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 6 თებერვლის №573 სხდომის ოქმი, მიწის ნაკვეთზე ც. ე-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 18 ივლისის №1605 განკარგულება, მიწის ნაკვეთზე ც. ე-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ; გ) დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №...-ის მიმდებარედ, 837 კვ.მ უძრავი ქონების ც. ე-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით ც. ე-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 6 თებერვლის №573 სხდომის ოქმი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 18 ივლისის №1605 განკარგულება და მასვე დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ც. ე-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ც. ე-იმა.

კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი უსწორობის განმაპირობებელ ფაქტორს მოცემულ შემთხვევაში ის გარემოება ქმნის, რომ სარჩელის უარყოფის მიზეზი, რომელიც სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, არ გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობიდან და ეფუძნება მტკიცებულებებად გამოყენებული მონაცემების არასათანადო და არაობიექტური კვლევის შედეგებს.

კასატორის მითითებით, მოსარჩელის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, რომელიც იმავე ზონაში მდებარეობს, კონკრეტულ სუბიექტს ეღიარა საკუთრების უფლება №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე. აღნიშნულის საფუძველი გახდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტით დადგენილი დანაწესი. აღნიშნული საკანონმდებლო ნორმის გათვალისწინებით, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება სახელმწიფო ტყის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც დაკავებულია ფიზიკური პირის ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ და რომლის საკუთრებაში გადაცემა შესაძლებელია სახელმწიფო ტყის მართვის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში სწორედ მითითებული ნორმის გამოყენების შესაძლებლობა არ იქნა სათანადოდ გამოკვლეული ადმინისტრაციული წარმოების დროს. რაც შეეხება სასამართლოს მსჯელობას სადაო მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის არსებობასთან დაკავშირებით, ორთოფოტოს მონაცემები არ გამორიცხავს შენობა-ნაგებობის არსებობის ფაქტს, კერძოდ, თავად ის ფაქტი, რომ სადავო ტერიტორია ტყის ზონაა, გამწვანებიდან გამომდინარე, აეროგადაღების პირობებში შენობა-ნაგებობა შესაძლოა საერთოდ არ გამოჩნდეს აეროფოტოგადაღებაში.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ც. ე-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ც. ე-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2016 წლის 22 აგვისტოს ც. ე-იმა №300666/12 განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომლითაც მოითხოვა ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №...-ის მიმდებარედ მდებარე 868 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. განცხადებას ერთვოდა: პირადობის მოწმობის ასლი, ცნობა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა, ცნობა მესაკუთრის შესახებ, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი ელ. ვერსიასთან ერთად, ორთოფოტო, მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობები (ტ.1, ს.ფ 125-134); ბ) თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 26 იანვრის №07/438-13 წერილით კომისიას ეცნობა, რომ სამსახურმა ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით განიხილა ...ს ქუჩის მიმდებარედ, 868 კვ.მ მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია ლანდშაფტურ-სარეკრეაციო (ლსზ) ზონაში. მასზე გათვალისწინებულია თბილისის ზღვის დროებითი შეზღუდვა (ტ.1, ს.ფ 123); გ) მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების კომისიის ოქმის თანახმად, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მისამართია ქ. თბილისი, ..., ...ს ქუჩის მიმდებარედ (მოსაძებნი ს/კ ...). მიწის ნაკვეთის ფართობი არის 868 კვ.მ. უძრავ ქონებაზე განთავსებულია დამხმარე ნაგებობა 10 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მოქცეულია ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონაში, მასზე ვრცელდება თბილისის ზღვის დროებითი შეზღუდვა. ორთოფოტოები არ აქვს, ასევე არ ჰყავს უშუალოდ მომიჯნავე რეგისტრირებულ ნაკვეთებში მეზობლები (ტ.1, ს.ფ 122); დ) საქმეში წარმოდგენილი ო. ნ-ეის, თ. პ-ის და მ. ს-ეის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადების (დამოწმების თარიღი 2008 წლის 20 თებერვალი) თანახმად, ც. ე-ი 1980 წლიდან სარგებლობს ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №...-ის მიმდებარედ მდებარე მიწის ნაკვეთით (ტ.1, ს.ფ 134); ე) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 6 თებერვლის №573 სხდომის ოქმით (საკითხი №10) დგინდება, რომ ც. ე-ის საკითხი განხილულ იქნა ზეპირი მოსმენით. კომისიამ გადაწყვიტა, რომ ვინაიდან არ დასტურდება მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, ც. ე-ის უარი ეთქვა ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №...-ის მიმდებარედ მდებარე 868 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე (ტ.1, ს.ფ 152-156); ვ) 2021 წლის 28 მაისს ც. ე-იმა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლითაც მოითხოვა ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №...-ის მიმდებარედ 837.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 2 ივლისის №272541 მიმართვით ც. ე-ის განცხადება და საჯარო რეესტრის მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია განსახილველად გადაეგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას (ტ.1, ს.ფ. 81, 14); ზ) ლ. ე-ის, დ. კ-ეის და შ. ხ-ის 2018 წლის 2 ნოემბრის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადების თანახმად, ც. ე-ი ქ. თბილისში, ...ს ქუჩა ...-ის მიმდებარედ მდებარე 837 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობით ფლობს 1980 წლიდან (ტ.1, ს.ფ 114-115); თ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2022 წლის 10 ივნისის №... წერილით კომისიას ეცნობა, რომ სააგენტომ ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით განმეორებით განიხილა ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №...-ის მიმდებარედ, 837 კვ.მ მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის რუკის მიხედვით, მითითებული მიწის ნაკვეთი მოქცეულია სატყეო ზონაში (ტ.1, ს.ფ 74); ი) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 18 ივლისის №1605 განკარგულებით ც. ე-ის უარი ეთქვა ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №...-ის მიმდებარედ, 837 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 6 თებერვლის №573 სხდომის ოქმით კომისიას უკვე ნამსჯელი და მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება, განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. კომისიის მიერ დადგინდა, რომ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ც. ე-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ და არ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება (მტკიცებულებები), რომელიც განაპირობებდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ადმინისტრაციული აქტის გამოცემას. ამასთან, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის რუკის მიხედვით, მოქცეულია სატყეო ზონაში. შესაბამისად, აღნიშნული მიწის ნაკვეთი, მოქმედი კანონმდებლობით არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, არსებობდა ც. ე-ის განცხადების განუხილველად დატოვების და მოთხოვნის დაკმაყოფლებაზე უარის თქმის საფუძველი (ტ.1, ს.ფ. 71-73).

საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს განსაზღვრავს. დასახელებული კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ამავე კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.

ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებულ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესზე“, რომელიც არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების პროცედურებსა და პირობებს. აღნიშნული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი განიმარტება, როგორც სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი. რაც შეეხება მოწმის ჩვენებას, დასახელებული მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტის თაობაზე მოწმის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.

ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი. ამასთან, საკუთრების უფლებით აღიარებას ექვემდებარება მხოლოდ ის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზეც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე განთავსებული იყო შენობა და საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის ამ მიწის ნაკვეთზე მითითებული შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ისევ არის განთავსებული. ასევე, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება ის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელიც დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს.

საგულისხმოა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ჩამონათვალს, რომელზეც საკუთრების უფლება აღიარებას არ ექვემდებარება, კერძოდ, აღნიშნული პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა ტერიტორია, გარდა საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მქონე ტერიტორიებისა. ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე აღიარებას არ ექვემდებარება სახელმწიფო ტყის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც დაკავებულია ფიზიკური პირის ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ, რომლის საკუთრებაში გადაცემა შესაძლებელია სახელმწიფო ტყის მართვის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის შესაბამისად და რომლის ამორიცხვა ხელს არ შეუშლის სახელმწიფო ტყის მართვისა და დაცვის განხორციელებას.

ზემოაღნიშნული კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პირობებთან შესაბამისობა.

„თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა (ლსზ) მოიცავს როგორც წესი თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებს გარეთ არსებულ ბუნებრივი ლანდშაფტის ან ფასეული ხელოვნური ლანდშაფტის ტერიტორიას. ამავე პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სატყეო ზონა არის ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე, რომელიც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ტყეებსა და სატყეო ტერიტორიებს.

საკასაციო პალტა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას საქმეზე დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოების შესახებ, რომ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 26 იანვრის №07/438-13 წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ სამსახურმა ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით განიხილა ...ს ქუჩის მიმდებარედ, 868 კვ.მ მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით, სადავო მიწის ნაკვეთი მოქცეულია ლანდშაფტურ-სარეკრეაციო (ლსზ) ზონაში და მასზე გათვალისწინებულია თბილისის ზღვის დროებითი შეზღუდვა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2022 წლის 10 ივნისის №... წერილით კომისიას ეცნობა, რომ სააგენტომ ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით განმეორებით განიხილა ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №...-ის მიმდებარედ, 837 კვ.მ მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის რუკის მიხედვით, მითითებული მიწის ნაკვეთი მოქცეულია სატყეო ზონაში. საგულისხმოა, რომ მითითებული გარემოებები „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად გამორიცხავდა სადავო მიწის ნაკვეთზე ც. ე-ის საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას.

გარდა ზემოაღნიშნულისა, მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი არ მდებარეობს ც. ე-ის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ. შესაბამისად, არსებითია უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე საცხოვრებელი სახლის (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) არსებობის დადგენა.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება სადავო მიწის ნაკვეთზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე - 2007 წლამდე შენობა-ნაგებობის არსებობის ფაქტი, რაც ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველს ქმნიდა. საგულისხმოა, რომ საქმეში წარმოდგენილი ორთოფოტოები არ ადასტურებს მითითებულ პერიოდში მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის არსებობის ფაქტს. დღევანდელი ტექნოლოგიური შესაძლებლობების გათვალისწინებით, მიწის ნაკვეთზე კონკრეტულ პერიოდში უძრავი ქონების არსებობა-არარსებობის ფაქტის დადგენა ობიექტური რეალობის ამსახველი მტკიცებულებების - ორთოფოტოს (აეროფოტოგადაღების) მეშვეობით არის შესაძლებელი. ამასთან, გარემოებები, რომლებიც შესაძლებელია დადასტურდეს კონკრეტული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურებული და, მით უფრო, უარყოფილი იქნეს სხვა სახის მტკიცებულებით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმე №ბს-698-698(კ-18)).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარის უარი ც. ე-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ც. ე-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება;

3. ც. ე-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 30.10.2023წ. №1698658483 საგადასახადო დავალებით პ. კ-ეის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

გ. აბუსერიძე

ბ. შონია